საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„კობრამ“ ქუთაისის წყალმომარაგების მოსაწესრიგებლად თუჯის მილების ფულით პოლიეთილენის მილები შეიძინა
„კობრამ“ ქუთაისის წყალმომარაგების მოსაწესრიგებლად თუჯის მილების ფულით პოლიეთილენის მილები შეიძინა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 3340
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

გელათის ქუჩის მოსახლეობას 24-საათიან წყალმომარაგებაზე ოცნება კიდევ დიდხანს მოუწევს

 

ქუთაისში წყალმომარაგების მოსაწესრიგებელად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. გადათხრილია ქუჩები და არხებს მილების ჩასაყრელად ამზადებენ. თუმცა, აღნიშნული სამუშაოების დროში გაწელვასთან ერთად,  გამოიკვეთა მთელი რიგი  დარღვევები, რაც უბრალო მოსახლეობისთვის, როგორც მომხმარებელისთვისაც, ადვილად შესამჩნევია. კონკრეტულად, გელათის ქუჩის რეაბილიტაცია საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ „წარმატებით“ და „უნაკლოდ“ მიმდინარეობს ზრუნვა ქალაქის მოსახლეობისათვის უწყვეტი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, კონტრაქტორ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში სასმელი წყლის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 59,5 მილიონი ლარია. ტენდერში გაიმარჯვა ესპანურმა კომპანიამ, Cobra Instalaciones y Servisios SA („კობრა ინსტალაციონეს ი სერვისიოს“). აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 პროექტით დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად  კონკრეტულად ქუთაისისათვის  26.422.935 ლარია გამოყოფილი და სამუშაოების დასრულების შემდეგ, 14.000 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს, ხოლო 36,000 ოჯახს - გაუმჯობესებული წყალმომარაგება.

 

აღნიშნული პროექტი 2013 წლის 16 სექტემბერს დაიწყო და 2016 წლის მარტის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროექტის დასრულების თარიღმა გადაიწია და იგი 2017 წელს მიიღებს საბოლოო სახეს. პროექტს კომპანია  „კობრა“ ახორციელებს, ხოლო უშუალო ზედამხედველობა კომპანია „ებტისა“-ს ევალება.

 

ქუთაისში პროექტი ითვალისწინებს: წყლის რეზერვუარების და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციასა და მშენებლობას; მაგისტრალური სადგურის ხაზებისა და შიდა ქსელის, ჯამური 52კმ მშენებლობას; მაღალსართულიან კორპუსებში 40.000 კერძო აბონენტის გამრიცხველიანებას და დგარებისა და მწოლანების რეაბილიტაციას; ახალი ქსელების მოწყობას...

 

„ახალი სამოქალაქო აზროვნება +“ ახორციელებს პროექტს: „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“. ისინი აქტიურად ახორციელებენ პროექტების საზოგადოებრივ მონიტორინგს. ერთ-ერთი ასეთი მონიტორინგის დროს კი, ქუთაისში, გელათის ქუჩაზე  დარღვევა აღმოჩნდა. კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე  მაგისტრალური ჩამომშვები მილი უკვე ჩადებულია, მაგრამ, არა ჭედური თუჯისგან დამზადებული, როგორც  თავდაპირველი პროექტით იყო გათვალისწინებული, არამედ - პოლიეთილენისგან.

 

საქართველოს იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია „ასა“-ს თავმჯდომარის, ზაზა ხელაძის განცხადებით, ზოგადად, დარღვევებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებელი სამუშაოები:

 

„გელათის ქუჩაზე, თუჯის ნაცვლად, პოლიეთილენის მილებს აწყობენ, რაც არავინ იცის, რა დროს გასკდება. ვის არ ვკითხეთ, რატომ შეიცვალა პროექტში გათვალისწინებული თუჯის მილები, თუმცა პასუხს არავინ არ გვაძლევს, ეს თქვენ არ გეხებათო ამბობენ. გარდა მაგისა, ხდება წყლის დარღვევით მიწოდება ახალდამონტაჟებული მილების დაზიანების გამო, უამრავ ტექნიკურ შეცდომას უშვებენ განმახორციელებლები და,  საბოლოოდ, მოსახლეობა დაზარალდება,“ - აცხადებს ზაზა ხელაძე.

 

 გელათის ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო კი ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:   გელათის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო 2013 წლის სექტემბერში და უნდა დასრულდეს 2014 წლის აგვისტოს ბოლოს. პროექტის ავტორია საერთაშორისო საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია „კობრა“.

 

პროექტის ფარგლებში, გელათის ქუჩაზე დაგეგმილია 4 500 გრძივი მეტრის მაგისტრალური ქსელის მშენებლობა (პოლიეთილენის მილები PN 16 ატმოსფეროს). აქ გათვალისწინებულია, როგორც ძველი წყალგაყვანილობის მილების (იმ მოსახლეობაში ვინც წყალმომარაგებით სარგებლობს) რეაბილიტაცია, ასევე ახალი ქსელის მშენებლობა (მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, სადაც წყლის მილები არ არსებობდა). აგრეთვე, ტელეანძაზე დაგეგმილია 1000 მ3 მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში არ დასრულდება. იგი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე 3 ახალი (2x3,500 მ³ და 1x3,000 მ3), თეთრამიწის 2 ახალი (2x2,000 მ³) რეზერვუარისა და  კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ რეზერვუართან  განახლებული სატუმბი სადგურის მშენებლობის  პარალელურად აშენდება.

 

ასევე, წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება არ გულისხმობს მოსახლეობის მყისიერ 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადაყვანას, როგორც ეს იდეაში იყო გათვალისწინებული. ამისათვის საჭიროა რეზერვუარების არსებობა. ანუ, გელათის ქუჩის მოსახლეობა 24-საათიან მიწოდების რეჟიმზე მხოლოდ მას შემდეგ გადავა, როდესაც ყველა რეზერვუარი იქნება აშენებული.

 

რაც შეეხება მილებს, გაერთიანებული წყალმომარაგების განცხადებით, მართალია, პროექტის საწყის ნაწილში გელათის ქუჩის წყალგაყვანილობის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია გათვალისწინებული იყო თუჯის მილებით. თუმცა, ახლომდებარე ქვეყნებში იმ პერიოდისთვის ვერ მოიძებნა თუჯის მილები. არადა, ლოდინი სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურებას გამოიწვევდა. სამშენებლო კომპანია „კობრამ“ წყალმომარაგების კომპანიასთან შეთანხმებით შეიძინა 20 ატმოსფერო წნევის ექვივალენტის პოლიეთილენის მილები, რაც გელათის ქუჩის წყალგაყვანილობის სისტემის ტექნიკურ პირობებს აკმაყოფილებს.

 

თუმცა, ადგილზე მისულებმა დავაფიქსირეთ, რომ გელათის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევში (რიონის ქუჩა) დასაწყობებული რამდენიმე თუჯის მილი აღმოვაჩინეთ. მაშინ, როცა წყალმომარაგების კომპანია ამტკიცებს, რომ თუჯის მილები ახლომდებარე ქვეყნებში ვერ იშოვეს.

 

ჩვენ, ბუნებრივია, კომპანია „კობრასთანაც“ გვსურდა აღნიშნული პროექტის დეტალებზე საუბარი, თუნდაც იმის გარკვევა, რა ჯდებოდა პროექტით თუჯის მილები და რა დაჯდა პოლიეთილენის მილები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის „კობრასთან“ დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამიტომ თავს შევიკავებთ დამატებითი კომენტარისა თუ ანალიზისგან და სამომავლოდ, შევეცდებით, „კობრას“ ახსნა-განმარტებებიც მოგაწოდოთ მიმდინარე სამუშაოებთან და ფინანსურ მიმოქცევასთან დაკავშირებით.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია