დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაკვეთილზე თოხთან ერთად „ჰერი-ჰერი“
გაკვეთილზე თოხთან ერთად „ჰერი-ჰერი“
ავტორი: ლიკა ჩახუნაშვილი
სულ ნანახია 2108
ავტორი:
ლიკა ჩახუნაშვილი
მსგავსი სიახლეები

ყველა მთავრობა მიდის და მოდის, ჩვენი კი ისევ ისე ვართ

 

ძნელია, დღეს ცხოვრობდე მაღალმთიან სოფელში, გადაიდო ფეხი ფეხზე და ითვალო ვარსკვლავები ან ბუზები, როგორც ერთ ჩვენს თავადს სჩვეოდა ერთ დროს. თუმცა, სხვა რა გზაა, როცა სახელმწიფო იმის საშუალებას არ გაძლევს, რომ მიწა დაამუშავო, სარჩო მოიყვანო და ოჯახი გამოკვებო.

 

ბოლნისის რაიონი, დისველი – აჭარული დასახლების სოფელია და აქ 90 ოჯახი ცხოვრობს. დასავლეთ საქართველოდან, ხულოს მაღალმთიანი სოფლიდან, წაბლანიდან აღმოსავლეთში ეს ხალხი მაშინ გადმოასახლეს, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. 1989 წლიდან მოყოლებული, სოფელი განვითარებას აგრძელებს და ცდილობს, მომავალი თაობისთვის უკეთესი პირობები შექმნას.


მედიატურის პროგრამაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს ორგანიზებით შედგა, სოფელი დისველი პირველი მოექცა იმ პრობლემებით, რაც ასე აწუხებს აქ მცხოვრებ მოსახლეობას.

 

გვესაუბრება სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ შაინიძე:


„ჩვენ მიწისძვრის შედეგად დავზარალდით და აქ ჩამოგვასახლეს. პრაქტიკულად, ნახევრად აუშენებელ სახლებში მოგვიწია დაბინავება. მთელი რიგი პრობლემებია, რომელიც ასე აწუხებს აქაურ ხალხს. ხეობა საკმაოდ რთული რელიეფისაა. არ არის სარწყავი არხები, რომ ნათესები მოირწყოს და მოსავალი ნორმალურად ავიღოთ. ამოსასვლელი გზაც ძალიან დაზიანებულია, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დასამუშავებელი მიწა არ აქვს ოჯახების უმეტესობას.

 

იყო მიწები, მაგრამ ინვესტორმა შეისყიდა ეს მიწები და ხალხი კი დარჩა ისე. 100 ჰექტარი მიწა გაიყიდა. 145 ჰექტარია ჩვენს მფლობელობაში, მაგრამ ამდენ ხალხს ეს მიწა ეყოფა? სოფელში არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი. ერთადერთი –  დენის და სასმელი წყლის პრობლემა არ გვაქვს.“


სოფელში საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 120 მოსწავლე სწავლობს. ჩვენი დისველში სტუმრობა გაკვეთილების მიმდინარეობის პერიოდს დაემთხვა. ზარის გამოსვლას დაველოდეთ და ბავშვებიც და მასწავლებლებიც ჩვენს შესახვედრად გამოემართნენ საკლასო ოთახებიდან.


„ძალიან გვიხარია, რომ დაინტერესდით ჩვენი სოფლის ცხოვრებით. მე ამ ბავშვების მასწავლებელი ვარ და ვამაყობ ჩვენი მომავალი თაობით. ბავშვები ოჯახებს თოხნაში ეხმარებიან და გაკვეთილებზე მერე მოდიან. გული მიკვდება, როცა მათ ნაშრომ ხელებს ვუყურებ. იცით, რა ნიჭიერი და განათლებული ბავშვები არიან? ჩვენი სკოლადამთავრებული ბავშვები სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, მაგრამ რად გინდა, დაამთავრეს აგერ ახალგაზდებმა და მობრუნდნენ ისევ სოფელში. მეცოდება, უბრალოდ, ბავშვები. არაა მუსიკა, არაა ცეკვა, არაა სპორტი. 120 ბავშვი 120 ოჯახია ხალხო და ამ მომავალ თაობას ნიადაგი სჭირდება, რათა მომავალი ბევრად კარგი ჰქონდეთ,“ – აღნიშნავს სოფლის სკოლის მასწავლებელი მედეა ჯაფარიძე.

 

 

***

 

 

მადონა შაინიძე სოფელ დისველის მკვიდრია, იგი სამი შვილის დედაა და თვლის, რომ ხელისუფლება ამ დასახლებისთვის ვერასდროს იცლის. „ყველა მთავრობა მიდის და მოდის, ჩვენ კი ისევ ისე ვართ.
სოფლის დაარსებიდან დღემდე მოყოლებული, არ გვაქვს კანალიზაცია. ნაგვის გატანა მოუგვარებელი პრობლემაა.  ყველანაირად ვცდილობთ,  სოფელი სუფთა იყოს. მე სამი შვილის დედა ვარ. ერთი სტუდენტია. ტყავს ვიძრობთ, რომ ბავშვებს უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრებინოთ. აქ ყველას ბანკის ვალი აქვს, ვისაც კი სტუდენტი ჰყავს ოჯახში. წლიდან წლამდე რამდენი სული საქონელი გავყიდოთ, რომ სწავლის გადასახადი გადავიხადოთ?“

 

ქრისტინე ქედელიძე მე-9 კლასის მოსწავლეა. წუხილს გამოთქვამს, რომ სოფელში ბიბლიოთეკა არაა. ის მთელ დროს სწავლას უთმობს და სურს, რომ მომავალში ექიმი გამოვიდეს.


სოფლის პრობლემებით დაინტერესებულები ბოლნისის გამგეობას მივადექით. გამგებელი ადგილზე არ დაგვხვდა. კითხვებზე პასუხის გაცემას კი მოადგილეები და გამგეობის სპეციალისტები შეეცადნენ.


„წელს სოფელ დისველში გათვალისწინებულია სოფლის საძოვრების შემოღობვა. ამ ეტაპზე ეს პროგრამაში ჩაჯდა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, კერძო პირებს მიწა უყიდოს და გადასცეს მათ. საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ მიწა. სოფელ დისველში მიწები ათვისებულია. მოსახლეობამ არ მოინდომა მიწების შესყიდვა, ამის შემდეგ სოფელში შემოვიდა უკრაინელი ინვესტორი და შეისყიდეს ეს მიწა. ეს სადავო საკითხია და უნდა გადაწყდეს სასამართლოს გზით. თუ, რა თქმა უნდა, ინვესტორს მიუძღვის რაიმე დანაშაული. ცუდია, რომ ადგილობრივები ამ საკითხს თავის დროზე სერიოზულად არ მიუდგნენ და უნდოდათ, უსასყიდლოდ ჩაეგდოთ ხელში აღნიშნული ტერიტორია, მაგრამ ეს ასე არ ხდება,“ – განმარტავს ბოლნისის გამგებლის მოადგილე დავით ასპანიძე.

 

მოსახლეობის მიერ წამოჭრილ სხვა პრობლემებზე ასეთი კომენტარი გააკეთა გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ბესო რეხვიაშვილმა:  „მართალია, დისველში არ არის ამბულატორია, მაგრამ მათ ჰყავთ სოფლის ექიმი და ამ ეტაპზე აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება სარწყავი მიწის პრობლემას, როგორც კი გამოჩნდება ბიუჯეტში შესაბამისი თანხები, ამასაც მივხედავთ. დისველში ზღაპრული მიწაა, მოსავლიანი და მათ მიხედვა ნამდვილად სჭირდება. საჩუქრად უნდოდათ იქაურ მოსახლეობას ეს მიწა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ას ჰექტარს იქ ინვესტორი ჰყავს.“

 

 

მასალა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით, მედიატურის ფარგლებში

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია