დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პუტინის „პირადი“ ოცნება
პუტინის „პირადი“ ოცნება
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1923
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

ევრაზიული კავშირის თემა ამ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა საქართველოში. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ის პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და ამის თაობაზე  არ არის გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა საკითხის შესწავლა მოხდება და, თუკი ქვეყნის ინტერესებისთვის ეს წევრობა სასარგებლო იქნება, - „რატომაც არა?!“ პრემიერის განცხადების შემდეგ ისიც გამოჩნდა, რომ კოალიციაში ამ საკითხზე დისკუსია მიდის, მაგრამ მხოლოდ შიდა კოალიციურ და არა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

მაინც, რა ტიპის ორგანიზაცია იქნება ეს ევრაზიული კავშირი და როგორია ამ იდეის მომავალი - მოგვიწევს თუ არა მსჯელობა ამ საკითხზე საერთოდ?!

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის განუხორციელებელი ოცნებაა.

 

ევრაზიული კავშირი და მისი მომავალი

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევრაზიული კავშირის შექმნა არის ვლადიმერ პუტინის პირადი ოცნება. ინგლისურენოვან გამოცემაში The National interest დაიბეჭდა სტატია სათაურით „როგორ იშლება კრემლის მიერ ჩაფიქრებული ქვიშის კოშკი,“ სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული, საერთოდ, ამ კავშირის შექმნა. სტატიის ავტორები არიან ანტონ ბარბაშინი მოსკოველი ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, და ჰანა თობერნი ვაშინგტონელი ანალიტიკოსი, ევრაზიის საკითხების მკვლევარი. ისინი მიიჩნევენ, რომ „ვლადიმერ პუტინის ოცნება ევრაზიული კავშირის შექმნაზე სულს ღაფავს.“

ავტორები წერენ, რომ რუსეთი სასოწარკვეთილი ცდილობს უკრაინის შენარჩუნებას, რომელიც ევრაზიის კავშირის ყველაზე ძვირფას შენაძენად შეიძლება გადაიქცეს და ყველა ბერკეტს იყენებს ამისათვის - ბოლო თვეებში აქტიურად ამოწმებს უკრაინიდან შესულ ყველა საქონელს. მან აკრძალა უკრაინული შოკოლადის იმპორტი და კიევი გააფრთხილა, რომ ის დაკარგავს „სტრატეგიული პარტნიორის“ სტატუსს და სერიოზული „თავდაცვითი ზომების“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს.

„რუსეთს შესანიშნავად ესმის, რომ თუკი უკრაინა ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მოსკოვს აღარ დარჩება ამ ქვეყნის საბაჟო კავშირის შემადგენლობაში ჩართვის რესურსი, ხოლო კიევისთვის ამით ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია შეუძლებელი გახდება,“ - წერენ სტატიის ავტორები.

ევრაზიის კავშირი, რომლის შექმნასაც ვლადიმერ პუტინი აქტიურად ცდილობს, უნდა იქცეს ორგანიზაციად, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ვლადიმერ პუტინი გეგმავდა „მსურველი“ ქვეყნების გაერთიანებას უკვე მოქმედ საბაჟო კავშირში, რომლის წევრები არიან რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი, ხოლო შემდეგ, ევროპული ინტეგრაციის მსგავსად, მის გარდაქმნას პოლიტიკურ გაერთიანებად. სტატიის ავტორები კი მიიჩნევენ, რომ ეს მოსკოვური პროექტი დასაწყისშივე უმწიფარი და არასრულფასოვანია.

 

ევრაზიული კავშირის ხარვეზები

 

„ჯერ ერთი, ევრაზიის კავშირს არ აქვს ის მძლავრი იდეოლოგია, რომელიც საფუძვლად ედო საბჭოთა პროექტს... მას არ აქვს პასუხი არცერთ იმ მთავარ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს. როგორც ჩანს, ევრაზიული იდეოლოგია პუტინს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ რუსეთის იმპერიული პროექტის და რუსული იდეის პირდაპირი პროექტირება მოახდინოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზე,“ - ნათქვამია სტატიაში.

უფრო მეტიც, სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ რადგან ეს რუსული კონცეფციაა, ევრაზიულ კავშირში ჩაიდება ყველა ის ხარვეზი, რაც დღევანდელ რუსეთშია. ესენია: ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, შერჩევითი მართლმსაჯულება და ტოტალური კორუფცია.

„ევროკავშირთან შედარებით, რუსეთს არ ახასიათებს დადგენილი წესების დაცვა. რაც, მსგავსი გაერთიანების პოტენციურ წევრებში, რომლებიც საკუთარ სუვერენიტეტზე შიშობენ, ბუნებრივია, ეჭვებს წარმოშობს. ხოლო, რაც შეეხება უკრაინას, ეს უბიძგებს მას უფრო სანდო, უსაფრთხო და სრულად ჩამოყალიბებული ალტერნატივებისაკენ. დღეს უკრაინა თავის ეკონომიკურ მომავალს ევროპასთან კავშირში ხედავს. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის მეორე ბოლოში მდებარე ყირგიზეთი შეცდება, თუკი ევრაზიის კავშირში გაწევრიანდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ის დაკარგავს იმ პრივილეგიებს, რაც ჩინეთთან ვაჭრობით აქვს.“

ევრაზიული გეგმის კიდევ ერთი ნაკლია კოლოსალური სხვაობა რუსეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალს შორის - ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოდან, ყაზახეთი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე განვითარებულია, უკვე არის საბაჟო კავშირის წევრი. უზბეკეთი და თურქმენეთი რუსეთთან ინტეგრაციის მიმართ დაინტერესებას არ ამჟღავნებენ. შესაბამისად, რჩება ორი ღარიბი, მაგრამ „მსურველი“ ქვეყანა ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

„ევრაზიული კავშირის შექმნით, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება, აღმოფხვრას დისბალანსი ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში, რის გამოც მოუწევს მსხვილი ფულადი გადარიცხვების განხორციელება მათ ანგარიშებზე, რასაც ბოლო დროს აკეთებს ევროკავშირი... ასეთი გადარიცხვების გამო, სიტუაცია შეიძლება თავად რუსეთში გაუარესდეს, შენელდეს მისი ეკონომიკური ზრდა და მოსკოვს გაუჩნდება უზარმაზარი სოციალური ვალდებულებები. დამატებითი ხარჯების მიმართ ძალიან ნეგატიურად განეწყობა მოსახლეობის ყველაზე კონსერვატიული ნაწილის უმრავლესობაც კი, რომლებსაც საბჭოთა დროზე ნოსტალგია აქვთ,“ - მიიჩნევენ სტატიის ავტორები.

უკრაინის აშკარა დაკარგვისა და ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალური საფრთხეების გათვალისწინებით, რუსეთი საბაჟო კავშირში მხოლოდ დღეს მოქმედ წევრებთან ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად რჩება. მაგრამ, არც პრეზიდენტი ლუკაშენკო და არც პრეზიდენტი ნაზარბაევი, რომლებიც საკუთარ ქვეყნებს ერთი ცხრამეტი, მეორე კი ოცდასამი წელი მართავენ, არ აპირებენ დიდი შრომის ფასად კონცენტრირებული საკუთარი ძალაუფლების მიტანას უცნობი ლევიათანის სამსხვერპლოზე. საღი აზრი მოითხოვს, რომ რუსეთმა უარი თქვას ევრაზიის კავშირის შექმნაზე და შეეგუოს ახალ რეალობას, რომ უკრაინა გამალებით მიისწრაფვის დასავლეთისაკენ, ასევე გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ცენტრალურ აზიაზე დამოკიდებულება ძალიან სახიფათოა რუსეთის შიდა სტაბილურობისათვის.

„ევრაზიული კავშირი პუტინის განუხორციელებელი ოცნებაა. რაც უფრო მალე აღიარებს რუსეთის ლიდერი თავის მარცხს, მით უფრო კარგი იქნება ეს რეგიონის და თავად რუსეთის სტაბილური განვითარებისათვის,“ - წერენ საერთაშორისო ურთიერთობის ანალიტიკოსები.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია