დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ერთი დღე გაღმა ნაპირიდან
ერთი დღე გაღმა ნაპირიდან
ავტორი: ლიკა ჩახუნაშვილი
სულ ნანახია 2515
ავტორი:
ლიკა ჩახუნაშვილი
მსგავსი სიახლეები

ჩვენი ქალები რაიონში ჩასვლას ვერ ასწრებენ და გზაში მშობიარობენ

 

ერისიმედი აზერბაიჯანის  საზღვრისპირა სოფელია, სადაც აჭარიდან ჩასახლებული ეკო-მიგრანტები ცხოვრობენ. 82 ოჯახი აქ 1989 წელს ხულოს რაიონის სოფლებიდან  ჩამოასახლეს და შესაბამისად, ახალ დასახლებას, თემს „ერისიმედი“ უწოდეს.


გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ იქ მედიატურით ჩასულმა ჟურნალისტებმა (ბილაინის აბონენტებმა) სმს-ის სახით ასეთი  შეტყობინება  მიიღეს „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“.

 

სოფელს, რომელსაც ერთ დროს ერისიმედი უწოდეს, გზა დაზიანებული აქვს.  აქ არც სასწრაფო დახმარების მანქანა ადის და არც პენსიის მიმტანი ჰყავს მოხუცებს. პენსიას ისინი წნორში იღებენ და, შესაბამისად,  გზის ფულად 15 ლარს იხდიან.

რა გამოიარა სოფელმა 1989 წლიდან დღემდე? სად აწყდებიან  ისინი ყველაზე  მეტად პრობლემებს და რა არის სოფლის დიდი ტკივილი ბოლო წლებში?

 

გვესაუბრება სოფლის მკვიდრი იური ხოზრევანიძე:

 

„აქ აჭარიდან 1989 წელს ჩამოგვასახლეს. ჩვენს გარდა, ქისტებიც ცხოვრობენ, დაახლოებით, ათი ოჯახია. ჩვენ დღეს კარგი მეზობლები ვართ. პრობლემა კი ისაა, რომ აქ სასწრაფო დახმარების მანქანა არ მოდის. ღვთის მადლით, ბავშვების რაოდენობა იზრდება სოფელში, მაგრამ ქალები ზოგჯერ გზაში მშობიარობენ, ამბულატორია არ გვაქვს. ამასთან ერთად,  პენსიონერები პენსიის ასაღებად წნორში დადიან, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 

დღეს ვის ულხინს, ჩვენ რომ გვილხინდეს, მაგრამ საწუწუნოც არ გვაქვს, მძიმე დღეები გამოვიარეთ და ასე მოვედით აქამდე. აი, იმ ღობეს ხომ ხედავთ? იქ მხოლოდ ოცი მეტრის დაშორებით შეგვიძლია მისვლა. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ტყვიამ სამი წლის წინ  ათი წლის ბიჭი იმსხვერპლა, მათ ტერიტორიაზე გადავიდა საქონლის გადმოსადენად  და მაშინვე ესროლეს. ეს ჩვენი პატარა სოფლისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ბოლო წლებში, რაც კი გვახსოვს. იმის შემდეგ ვითომ ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა ეს ტერიტორია. არც ჩვენ გადავდივართ იქით და არც ისინი გვაწუხებენ. კი ხედავთ, საზღვარს ღობესთან ერთად, ხეებიც ჰყოფს. მოსვლის დღიდან ჩვენი მთავარი პრობლემა, ყველაფერთან ერთად, უწყლობა იყო, მაგრამ საბედნიეროდ, წყალი გაგვიკეთეს. რა ვიცი, რა გითხრათ აბა, ვცხოვრობთ ასე და ჩვენს აჭარასაც არ ვივიწყებთ. კარგია, რომ ზოგჯერ მთავრობას ვახსენდებით და იციან აქ მოსვლა, განსაკუთრებით  – არჩევნების პერიოდში.“

 

პენსიონერი დავით შავაძე იმ დღეს იხსენებს, როცა მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად აქ დასახლდა: „ძალიან გამიჭირდა ხულოს დატოვება, მაგრამ მეწყერმა საშველი არ მოგვცა, რას ვიზამდი. იძულებამ ერთი ქვეყნის „დასალიერიდან“ იმავე ქვეყნის „აღმოსავლიერში“ გადმომისროლა. ცხოვრება გავაგრძელე და კი მხედავთ, ახლა შვილიშვილებით დახუნძლული კაცი ვარ. დედაკაცი შინ არ არის, ის უფრო კარგად მოგიყვებათ, ჩვენ რა რთულ პერიოდში ჩამოვედით აქ. „მხედრიონები“ ხომ გახსოვთ, აი, ის დრო იყო.“

 

სოფელში საჯარო სკოლა მოქმედებს, სადაც 74 მოსწავლე სწავლობს.  ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, რომელიც ახალი აშენებულია. პატარა ეკო-მიგრანტებს სამომავლო გეგმები უკვე აქვთ.  ედუარდ შავაძე 8 წლისაა და ამბობს, რომ მომავალში კარგი ფეხბურთელი გამოვა. „სულ მინდა, რომ ბურთი ხელში მქონდეს, მაგრამ დედას და მამას ხომ უნდა მივეხმარო. ვთოხნი, ვბარავ. ჩემი თოხი მაქვს. აი, დედა ახლა წავიდა მინდორში სამუშაოდ, იოსკა ბიძიას ეხმარება თოხნაში.“

 

ერისიმედელები  მუსლიმანური სარწმუნოების მიმდევრები არიან, სოფელში მოქმედებს მეჩეთი, რომელსაც ჰყავს მოლა.

 

მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სამუშაოებია და სოფელს პატარების ჟრიამული აცოცხლებდა მხოლოდ. უფროსების უმეტესობა კი წელში მოხრილი, თოხით ხელში, მცხუნვარე მზის ქვეშ მიწას სარჩოს „სტყუებდა“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სოფელმა  ერისიმედმა ერის იმედი გაამართლა. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ამ ხალხმა გამოიარა, პრაქტიკულად, საკუთარ სახლში,  აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ერთად ცხოვრობენ, მოუკლეს მოზარდი, მაგრამ ცხოვრებას იმედით აგრძელებენ. ყველაზე მთავარი კი ისაა,  რომ სოფელი ბავშვებითაა სავსე და მათ მზისნაკრავ სახეებს ღიმილი მუდამ დასთამაშებთ.

 

 

მასალა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით, მედიატურის ფარგლებში

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია