დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გამომგონებლები „ფიზმათიდან“ - ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებულნი თუ ინტერესიანი და შრომისმოყვარე ჩვეულებრივი მოსწავლეები?
გამომგონებლები „ფიზმათიდან“ - ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებულნი თუ ინტერესიანი და შრომისმოყვარე ჩვეულებრივი მოსწავლეები?
სულ ნანახია 3465
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ისინი ჩვეულებრივი ქუთაისელი ბიჭები არიან, უყვართ სპორტი, კომპიუტერული თამაშები, ზოგჯერ გაკვეთილებსაც აცდენენ და არც თუ ისე მაღალი ნიშნები აქვთ სასწავლო საგნებში. სამიოდე წლის წინ პირველად გაიგეს, რომ გამომგონებლობის სწავლა შეიძლება.

 

მაშინ პირველად მივედი „ფიზმათში“ (ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის ?41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში) და სკოლის დირექტორს, ჩემს ძველ ნაცნობს (ჩემმა შვილებმა ეს სკოლა დაამთავრეს) და კოლეგას, ბატონ გენადი მარგველაშვილს შევთავაზე საგამომგონებლო კლუბის გახსნა  სკოლის ბაზაზე. მოვუყევი სხვა სკოლებში მიღწეულ წარმატებებზე (მანამდე ორ სკოლაში იყო ასეთი წრეები და საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღებული გვქონდა 2 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და რამდენიმე ბრინჯაოს მედალი), სწავლების მეთოდებზე, საჭიროებებზე და პერსპექტივებზე. კარგი მმართველია და უყოყმანოდ დამთანხმდა. ჩემი პირობები ასეთი იყო: ვიღებდი ყველა მსურველს მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით და მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ სწავლობდა მოსწავლე. ჩამოვიარეთ კლასები და მოსწავლეებს მოკლედ გავაცანი როგორი იქნებოდა გრაფიკი და რას შეისწავლიდნენ. პირველ სემინარზე, დაახლოებით, 35 ბავშვი მოვიდა. იმედიანი და ანთებული თვალები, ღიმილი და იდუმალების შეგრძნება - „გამომგონებლები უნდა გავხდეთ“, ეს ჩამრჩა მეხსიერებაში იმ დღიდან. სწავლების მეთოდიკიდან გამომდინარე, ამდენი ბავშვის ერთ სემინარზე სწავლება შეუძლებელი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ძალიან მალე ყველაფერი რიგზე იქნებოდა და მართლაც, რამდენიმე სემინარის შემდეგ დარჩა 10-12 ბავშვი. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ძალიან გავრცელებულია ე.წ. „ტელევიზორის სინდრომი“, როცა არაფერს აკეთებ და სიამოვნებას იღებ (ასეა ტელევიზორის ყურებისას). ბავშვები კი ჩვენი განუყოფელი ნაწილია. ბევრს არ მოეწონა, რომ გამომგონებელს ბევრი შრომა და სწავლა სჭირდება და ეს თითქმის არ არის დამოკიდებული ნიჭზე (ან საერთოდ არ არის), როცა არაფერს აკეთებ და ნიჭი შენს მაგივრად იგონებს ფანტასტიკურ მანქანებს და რობოტებს. ზოგი, ალბათ, ფიქრობდა, რომ მე გამოვიგონებდი („... პროფესორია მაინც“),  ისინი ამ გამოგონებებს კონკურსზე გაიტანდნენ და ოქროს მედლები და პრიზები გარანტირებული იქნებოდა. მოკლედ, თუ ყველაფერი მათი გასაკეთებელი, სასწავლი და საშრომი იყო, არ ეგონათ. დარჩნენ ისინი, ვისაც ინტერესი (უდიდესი მამოძრავებელი ძალა კაცობრიობის ცოდნის შეძენისა) სიზარმაცეზე მეტი ჰქონდა და სხვა მიმართულებით დროის  დახარჯვას ეს  ურჩევნოდათ.

 

რა თქმა უნდა, პირველად  მუდმივი ძრავის, ანუ პერპენტუმ მობილეს გამოგონების მცდელობა იყო. ნიკას რამდენიმე იდეა ჰქონდა და ეშმაკური ღიმილით და უპირატესობის გრძნობით გადმოგვცა. აქტიურობდნენ სხვებიც. რამდენიმე სემინარის შემდეგ მიხვდნენ, რომ გამომგონებლობაში ისეთივე წესრიგია, როგორც მათემატიკაში და საჭიროა, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ცოდნა. გაჩნდა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი პირველი წიგნები (გიორგის აინტერესებდა ფიზიკის ფუნდამენტური ცნებების მასის, ძალის და სხვათა ღრმა არსი), პირველი აზრიანი და მიმართული კითხვები ფიზიკის, ქიმიის და სხვა მასწავლებლებისადმი. პირველად დაინახეს, რომ ის ფიზიკური, ქიმიური თუ გეომეტრიული ეფექტები, რომლებსაც ამდენი ხანი სწავლობდნენ, თავისთვის და განყენებულად კი არ არსებობდნენ, არამედ სხვადასხვა გამოგონებებში ხდებოდა მათი გამოყენება.  გაჩნდა პირველი გამოგონებებიც, ჯერ გაუბედავი და ეჭვით სავსე: „მართლა მე გამოვიგონე? მსოფლიოში ჯერ არავის უფიქრია ამაზე?“ არ უნდოდათ დაჯერება. მერე დარწმუნდნენ, რომ ყველაზე დიდი გამომგონებელიც ჩვეულებრივი, მათნაირი ადამიანია. დაუკვირდნენ მეთოდიკას და აღმოაჩინეს, რომ ედისონი სულაც არ ყოფილა უდიდესი მოაზროვნე და მასზე ბევრად ძლიერი გამომგონებელი ნიკოლა ტესლა იყო. ნიკამ ელექტროობის შესწავლა დაიწყო და საკუთარი ხელით აწყობილი პირველი ელექტროსქემებიც გაჩნდა.

 

თავიანთი ხელით ააწყვეს პირველი გამოგონებები, რომლებიც მათ ცხოვრებაში პირველ კონკურსზე უნდა გასულიყო: ენერგოეკონომიური მადუღარა (ნიკა ალავიძე), ჯავშანი (გიორგი ჭელიძე და საბა ფერაძე), ფანტანი (ვახტანგ ეგუტიძე და დავით  ფუტკარაძე), ანკესი (ლევან კურტანიძე).  და აი, რუსთავიც, სადაც 2012 წლის გაზაფხულზე  ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლიმპიადა, რომელზეც გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. სამწუხაროდ, მხოლოდ მეორე ადგილები, სიგელები და... საერთაშორისოზე ვერ გადავედით. უკან დაბრუნებისას გაცხარებული დავა თემაზე: უსამართლობა, გაორმაგებული შრომა, ახალი იდეები და ლეონარდო და ვინჩის კონკურსი. წარმატებამ თვალი ჩაგვიკრა. ბიჭები ნოუთბუქებით, სიგელებით და ღიმილით დაბრუნდნენ. ნიკა ალავიძის „წყალქვეშ სუნთქვის აპარატი“ სერიოზული გამოგონებაა.

 

2013 წელს კი ახალმა იდეებმა, შრომამ და მონდომებამ ახალი დამსახურებული  ჯილდოები მოიტანა. საერთაშორისო ოლიმპიადაზე დავიმსახურეთ ერთი ოქროს (ნიკა ალავიძე, „აქტიური ჯავშანი“, გამოგონებულია  ახალი ტიპის ჯავშანჟილეტი, რომლის მოდელი ნიკამ თავისი ხელით ააწყო),  ერთი ვერცხლის (გიორგი ჭელიძე,  „ავტომობილის სტაბილიზატორი“, ასევე ორიგინალური კონსტრუქცია, დამყარებული გიროსკოპიულ ეფექტზე) და ერთი ბრინჯაოს (დავით ჩხეიძე, „აქტიური ფილტრი“, ეს გამოგონება ნიკასაც ეკუთვნოდა, მაგრამ ამ კონკურსის პირობებით ერთ მონაწილეს ორი გამოგონების წარდგენა არ შეუძლია?!) მედლები.

 

ეს უკვე სერიოზული წარმატება იყო.  ამ წრეში უკვე გვიცნობენ და პატივს გვცემენ, გვიწვევენ სხვადასხვა კონკურსებზე (საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის კონკურსზე საქართველოს ფარგლებში მრავალი ათეული პროექტიდან სულ 7 მომხსენებელი შეირჩა და აქედან 2 ჩვენი კლუბიდან: ნიკა ალავიძე - მეორე ადგილი, ფულადი პრიზი და საუკეთესო პრეზენტატორის წოდება და დავით ჩხეიძე, საუკეთესო ეკოლოგიური პროექტის წოდება და ფულადი პრიზი).

 

ნიკამ გარისკა და „გუგლის“ ოლიმპიადაზე გააგზავნა თავისი ნამუშევარი. სიგელი მივიღეთ (ნიკამ გვიან გაიგო კონკურსის შესახებ და სერიოზული მომზადება ვერ მოასწრო).

 

ამავე წელს გაჩნდა პირველი სამეცნიერო სტატია, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენების შემდეგ (მოხსენება გააკეთა ნიკა ალავიძემ და სახელგანთქმული პროფესორების დიდი მოწონებაც დაიმსახურა) დაიბეჭდა უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების ჟურნალში (მიხეილ კოტიშაძე, ნიკა ალავიძე, ზოგიერთი ფიზიკური ეფექტების გამოყენება ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებში).

 

სწორედ ამ კლუბის წარმატებების გამო ქუთაისის მერიამ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულთა შორის დასაჯილდოებელთა სიაში პირველად შეიყვანა გამომგონებლები და ფულადი ჯილდოები გადასცა მათ. ეს ჯილდოები არ იქნებოდა, რომ არა, ბატონების, ნიკო კაჭკაჭიშვილის და ვაჟა ჯუღელის განათლების საკითხებისადმი სწორი და პროფესიონალური მიდგომა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ათი წლის მანძილზე (სწორედ ამდენი წელია მიმყავს საქართველოში ერთადერთი ამ ტიპის საგამომგონებლო კლუბი) პირველად დამაჯილდოვეს ფულადი პრემიით და მადლობა მითხრეს გაწეული მუშაობისთვის. 

 

2013 წლის ბოლოს ჩატარდა განათლების სამინისტროს ეგიდით მოწყობილი ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“. სამი ნამუშევარი იყო წარდგენილი ჩვენი კლუბიდან. პროექტები: მიკრობზარების აღმომჩენი აპარატი (ნიკა ალავიძე), აქტიური ფილტრი (ნიკა ალავიძე, დავით ჩხეიძე), ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი (დავით ჩხეიძე, გიორგი ჭელიძე). თითოეული ნამუშევარი სერიოზული გამოგონებაა და აქტიურმა ფილტრმა გრან-პრი მოიპოვა. ეს ნამდვილი გამარჯვება იყო. როგორც გრან-პრის მფლობელები ა/წ 10 მაისს მივემგზავრებით აშშ-ს ქალაქ ლოს ანჯელესში, სადაც კორპორაცია ინტელის ეგიდით იმართება ახალგაზრდა გამომგონებელთა მსოფლიო ოლიმპიადა. იგი თავისი მასშტაბით გრანდიოზულია (მთელი მსოფლიოს 5 მილიონი პროექტიდან შეირჩა 1600), ასევე მრავალი და გრანდიოზული პრიზებით (მთავარი პრიზი 75 ათას დოლარიანი სასწავლო გრანტია). არანაკლები ჯილდოა, ალბათ, ლოს ანჟელესში ახალგაზრდა გამომგონებლების ნობელის პრემიის ლაურეატებთან შეხვედრა, რომელსაც ოლიმპიადის ორგანიზატორები აწყობენ.

ზაფხულში კი ნიკა და დათო ორი კვირით ინგლისში გაემგზავრებიან ლონდონის სამეცნიერო სკოლაში გამოცდილების მისაღებად. შესაძლებელია, ამ წლებმა საერთოდ შეცვალოს მათი ცხოვრების ვექტორი. ინგლისის სამეცნიერო სკოლაში კურსის გავლის ბედნიერება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. იქაურობა დუღს პრესტიჟული უნივერსიტეტების აგენტებისგან, რომელთა მოვალეობაა კონტიგენტის მოძიება და მომავალში თავიანთ უნივერსიტეტში სწავლისათვის გადაბირება.

 

ამ სტატიას სკეპტიკოსებიც წაიკითხავენ, ალბათ, და პირველი, რასაც იკითხავენ ისაა, რომ „...კარგით რა, გამოგონება ხომ შემოქმედებაა, შემოქმედების სწავლა კი შეუძლებელია, ეს ნიჭის აღმაფრენაა და ნავარდია გამოუცნობ სივრცეებში. თქვენ რა მართლა გჯერათ, რომ გამომგონებლობის სწავლა ისე შეიძლება, როგორც გეოგრაფიის და მათემატიკის?!“  მეორე კითხვა კი, როგორც წესი, ასეთია: „...და რა საჭიროა ამაზე დროის დაკარგვა სკოლაში? ამას ხომ უნივერსიტეტშიც ასწავლიან თუ ინჟინრობას აირჩევს მოსწავლე, ახლა კი ის საგნები უნდა ისწავლოს, რომელთა ჩაბარებაც ეროვნულ გამოცდებზე მოუწევს.“

 

შევეცდები მოგახსენოთ რამდენიმე ჩემი მოსაზრება ამ საკითხებზე.

 

საქართველო არც თუ ისე მდიდარი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულით. შესაბამისად, შეუძლებელია ნედლეულის იმპორტი. ვფიქრობ, რომ უკვე წარსულს ჩაბარდა „ჩვენ მხოლოდ ღვინო, ჩაი და ბორჯომი გვარჩენს“ ტიპის ილუზიები.  საჭიროა ნედლეულის შემცვლელის მონახვა და მას დიდი ძებნა არ სჭირდება - ეს ინტელექტია. მაგრამ ინტელექტს სჭირდება განვითარება, ანუ საჭიროა, ვისწავლოთ ძლიერი აზროვნება. ძლიერად მოაზროვნე ადამიანების რაოდენობაზეა დამოკიდებული ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება ქვეყანაში.

 

საქართველოში განათლების სისტემის არსებით ნაკლს წარმოადგენს ის, რომ მომავალ ინჟინრებს, ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს და სხვათ არ შეუძლიათ დასვან და გადაწყვიტონ პრინციპულად ახალი ამოცანები გამოგონების დონეზე. არ შეუძლიათ იმიტომ, რომ ამას მათ არავინ არ ასწავლის, არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში. ამჟამად მოქმედ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი, ძირითადად, აგებულია ისეთი თეორიული პრაქტიკული ამოცანების ამოხსნაზე, რომელთათვისაც უკვე არსებობს მზა პირობა, ამოხსნის მეთოდი მკაცრი ალგორითმის სახით, არსებობს ამ მეთოდით ამოხსნილი მსგავსი ამოცანები, ხოლო პედაგოგმა (ხშირად კი მოსწავლემაც) წინასწარ იცის პასუხი. ასეთი ამოცანების ამოხსნა დამღლელ მუშაობად იქცევა მოსწავლისათვის, რადგანაც მას არ მოეთხოვება ღრმა შემოქმედებითი აზროვნება და  ამოცანის ამოხსნით ვერ განიცდის  შემოქმედებით სიხარულს, რომელიც უძლიერესი კატალიზატორია სწავლის პროცესით მოსწავლის დასაინტერესებლად.

 

რასაკვირველია, მომავალმა სპეციალისტმა კარგად უნდა იცოდეს სტანდარტული მეთოდების გამოყენება სტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად, მაგრამ იგი აგრეთვე უნდა დაეუფლოს ცოდნას ისეთი შემოქმედებითი ამოცანების გადასაწყვეტად, რომელთათვისაც არ არსებობს მზა პირობა, უცნობია ამოხსნის მეთოდი, არ არის მსგავსი მაგალითები, ხოლო პედაგოგმა წინასწარ არ იცის პასუხი, რომელსაც შეიძლება რამდენიმე პასუხი ჰქონდეს.

 

ნებისმიერი ტექნოლოგია ოდესღაც და სადღაც იბადება, იგონებენ გამომგონებლები. ახალ იდეებს, რომლებზეც დამოკიდებულია მსოფლიოს პროგრესი, ყველაზე აქტიურად სწორედ ისინი აწარმოებენ. როგორ მუშაობს „იდეათა წარმოება?“ არსებობს თუ არა ისეთი თეორია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება გამომგონებლობის სწავლა, შემოქმედებითი ამოცანების ამოხსნა?

 

 დიახ, ასეთი პარადოქსული მეცნიერება არსებობს და მას „საგამომგონებლო ამოცანების ამოხსნის თეორია“ ეწოდება. მისი ავტორია აწ განსვენებული ინჟინერი, გამომგონებელი და მწერალი-ფანტასტი ჰენრიხ ალტშულერი. სხვადასხვა ქვეყნებში (რუსეთი, აშშ, იაპონია, გერმანია, შვედეთი, უკრაინა, ბელორუსი და სხვა) ამ თეორიის სწავლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კურსანტებში მკვეთრად იზრდება შემოქმედებითი პოტენციალი სემინარების პირველი თვიდანვე. ამასთან სემინარებს ესწრებოდნენ არა მარტო მეცნიერები, ინჟინრები და სტუდენტები, არამედ მასწავლებლები, ექიმები, ლიტერატორები, ეკონომისტები და სხვა. თითოეული მათგანი პოულობდა მისთვის საინტერესო მხარეს და წყვეტდა საგამომგონებლო ამოცანებს არა მარტო თავისი სპეციალობით.

 

საჯარო სკოლებში და უნივერსიტეტებში შექმნილ „საგამომგონებლო ამოცანების ამოხსნის თეორიაზე“ დაფუძნებულ საგამომგონებლო წრეებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი არა მარტო ფრიადოსნები, არამედ - საშუალო და ცუდი მოსწრების მქონე მოსწავლეები და სტუდენტები.

 

ზემოთ თქმული დადასტურებულია ჩემი 10-წლიანი პრაქტიკით. სამ საჯარო სკოლაში და უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული კლუბის წევრები თავდავიწყებით ებმებოდნენ შრომაში, დამატებით სწავლობდნენ და სწავლობენ საგნებს, რომლებიც მათი პროგრამით გათვალისწინებული არ იყო და არავინ ავალებდათ. სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს ფიზიკის და ქიმიის შესწავლა, რადგანაც დაინახეს თუ რაში სჭირდებოდათ მათ ეს საგნები. მუდმივად არ ჰყოფნით გამოყოფილი დრო და ითხოვენ, რომ სემინარი გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს და ყველაფერ ამას აკეთებენ არა მარტო კარგი აკადემიური მოსწრების, არამედ საშუალო და საკმაოდ ცუდი მოსწრების მოსწავლეებიც.

ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ მაინც გაცემულია კითხვებზე პასუხი.

 

ახლა კი წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს ისტორიაში პირველ დელეგაციას ახალგაზრდა გამომგონებელთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელთა მგზავრობის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ქუთაისის მერიამ.

 

წინ კიდევ დიდი გზა, დიდი შრომა და მრავალი დამსახურებული  გამარჯვებაა.

 

P.S. ამ სტატიის დაბეჭდვამდე  ჩატარდა IYIPO-ს საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობდა 36 ქვეყნის პროექტი, სულ 120 გამოგონება. ამ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ნიკა ალავიძემ, ქრისტინე ღინტიბიძემ და მერი თორთლაძემ. სპეციალური პრიზი მოიპოვა საქპატენტიდან (ipad) ნიკა ალავიძემ. ამავე ოლიმპიადიაზე ვერცხლის მედლები მიიღეს ირაკლი ფოფხაძემ, გიორგი ჭელიძემ, ლუკა ლომთაძემ, დათო კახიანმა და დათო ჩხეიძემ.

 

მეორე დღეს ჩატარდა ევროკავშირის საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკური ტური. გამარჯვებულები: ნიკა ალავიძე, დავით ჩხეიძე, გიორგი ჭელიძე.

 

ამ ოლიმპიადის დასკვნითი ტური ჩატარდება პოლონეთში (ვარშავა), სექტემბრის თვეში. მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ქვეყანა და მათ შორის ჩვენი გამარჯვებულები.

 

მართალია, ჩემს წრეში არ დადიოდა, მაგრამ მსგავს ტურნირებზე მრავალჯერ გაიმარჯვა „ფიზმათის“ მე-10 კლასის მოსწავლე ქრისტინე ღინტიბიძემ. ვფიქრობ, სკოლა მას ცალკე სტატიას მიუძღვნის.

 

მიხეილ კოტიშაძე

 

 

საგამომგონებლო კლუბის ხელმძღვანელი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კომპიუტერული  ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია