დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საწვავი არის შშმ ბავშვებისთვის, მაგრამ ავტობუსი – არა
საწვავი არის შშმ ბავშვებისთვის, მაგრამ ავტობუსი – არა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 4004
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

სახელმწიფოს არ გააჩნია ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია საქართველოში. ეს ფაქტი კი  მნიშვნელოვნად აფერხებს მათი უფლებების დაცვას - ამას ამბობს როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ.

არ არის დათვლილი არც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების რიცხვი. ერთმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მას ჰყავს 200 ბენეფიციარი, რადგან დანარჩენზე მზრუნველობას ვერ შეძლებს, ასევე „ნაბიჯმა“ (არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა საკითხებზე) გვამცნო, რომ რამდენიმე ასეული ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვია საქართველოში. საქართველოს მასშტაბით, როგორც ციფრები გვამცნობს, ყოველწლიურად იკლებს შშმ პირთა რაოდენობა: 2010 წელს 138 614 პირი ირიცხებოდა, სოციალური მომსახურების სააგენტო 2011 წლის დეკემბერში გვიცხადებდა, რომ 129599 პირი იღებდა პენსიას ინვალიდობის გამო. 2012 წლის იანვარში კი ეს რიცხვი შემცირდა 514 ადამიანით და 129 085 პირი შეადგინა. ბუნებრივია, ისმება კითხვა, ყოველ ერთ თვეში ამდენი შშმ პირი იღუპება თუ ქართული ჯანმრთელობის დაცვა იმ დონეზეა ასული, რომ 30 დღეში 500 ადამიანი გამოაჯანმრთელა?!

როცა საუბარია შშმ პირთა ოდენობაზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფოების უმეტეს ნაწილში შშმ ადამიანთა ხვედრითი წილი 10-15%-ია, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, მხოლოდ 3%-ია. სასურველია, თუ ჩვენი მოსახლეობის ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი იქნება რეალური, მაგრამ მთლიანი მოსახლეობის 3% ნამდვილად არ არის შეზღუდული შესაძლებლობების. როგორ უნდა დათვალოს სახელმწიფომ ასეთი ადამიანები?! ინვალიდობის პენსიით?! სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: „ვის ენიშნება სახელმწიფო პენსია შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო? პენსია შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო ენიშნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს (I ჯგუფი); მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს (II ჯგუფი); ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებს (III ჯგუფი); შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.“

ცალკე საკითხია შშმ პირთა პენსიის დანიშვნისათვის გასავლელი საფეხურები: „პენსიის დანიშვნა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:   განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე, პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად,  სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი; საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად;   მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ინვალიდი ბავშვის შემთხვევაში - ბავშვის დაბადების მოწმობა, ასლთან ერთად.“

 ერთ-ერთი ძირითადი საბუთი, რომელიც იმ რამდენიმე ათეულ ლარს შესძენს შშმ პირს, არის სამედიცინო ექსპერტიზის აქტი, რომლის აღება არც ისე იოლია და ხშირად შეზღუდული უნარის მქონე ადამიანს არ შეუძლია იმ ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევა, რომელიც ამ საქმეს ესაჭიროება.

 ვისაც ერთხელ მაინც უნახავს შშმ ბავშვი, თუ მას აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები (მათ შორის - სმენის, მხედველობის, მოძრაობის და ა.შ.), პენსია არ ჰყოფნის, მუნიციპალური და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ-გაწეული დახმარება არ არის საკმარისი, თავისთავად ისმევა კითხვა: ასეთი ადამიანები ზედმეტები არიან?! პათეტიკური პასუხიც მზადაა: ზედმეტი ადამიანი არ არსებობს! მინახავს, როგორ ტირის დედა, რომელსაც არ აქვს ის 400 ლარი, რომელიც მასაჟების გასაგრძელებლად ესაჭიროება ბავშვს, მაგრამ მუნიციპალიტეტს და სოციალური მომსახურების სამსახურებს არ შეუძლია დადგენილებების თუ დებულებების დარღვევა. ეს ნორმატიული აქტები კი ზოგჯერ 100 ლარამდეა, ზოგჯერ - ცოტა მეტი და მათი მიღების შემდეგ იმედგაცრუება ეუფლება ადამიანს. ეს მოწყალებაა თუ დახმარება?! ალბათ, უფრო მოწყალების ელფერი ადევს ასეთ აქციებს.

 საჩხერის მუნიციპალიტეტში 158 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 23 -ია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ამბობს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამ ბავშვებიდან 20 ჩემთვის უკვე ცნობილია, რადგან უკვე ორჯერ ვეწვიე საქართველოს „ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალს“ და იქ ბენეფიციართა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა. ადრეც ვწერდი ამ საკითხზე, რომ ეს ორგანიზაცია მუნიციპალური დაფინანსებით არსებობს (20 ათასი ლარი გაწერილია ხელფასებზე, ერთჯერად კვებაზე, მასაჟისტის მომსახურებაზე, ფართის ქირაზე...) და გასაოცარი ის გახლავთ, რომ არასდროს ჰქონიათ გრანტი მოგებული (აქედან გამომდინარე - არც შეჭმული)! ორგანიზაციას არც კომპიუტერი და საოფისე კომბაინი ჰქონდა, ეს პრობლემა მოეხსნათ საზოგადოების მხარდაჭერით, თუმცა ახლა ფართია პრობლემა! „ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალი“ ბაღის შენობაშია შეხიზნული და ერთი მცირე ოთახი, რომელიც დამლაგებელს აქვს „ოკუპირებული“, ვერაფრით დაუთმეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს. რა აქვს „მის უდიდებულესობა“ დამლაგებელს იქ შენახული?! აქანდაზი, ტილო, ორი ცოცხი და მორყეული უფუნქციო მაგიდა! არ ვიცნობ დამლაგებელს, მაგრამ კიდეც რომ ვიცნობდე, რატომ უნდა ველაპარაკო მას, როცა ამ დამლაგებელს ჰყავს უფროსი და უფროსმა უნდა უთხრას სათქმელი? ამას ისიც დაემატა, რომ მომლოდინე მშობლები გარეთ გამოყარეს - ბაღის ტერიტორიაზე ნუ ხართო.

ბევრი რამ აკლიათ ამ ბავშვებს, მზრუნველობენ მშობლები, მასწავლებლები, საზოგადოებაც ზედმეტ-ნაკლებად, მაგრამ აუცილებლად სჭირდებათ: საკუთარი ფართი და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება. მენტორული ტონით საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ მომდევნო წელში გაზარდეთ ორჯერ ამათი დაფინანსება, თორემ სულ კაპიკ-კაპიკ მოვითვლი, რაში ხარჯავს მუნიციპალიტეტი ფულს-მეთქი. ფულის და კაპიკების თვლას რა აზრი აქვს, თუ ეს ბავშვები კვლავ ისეთივე დღეში დარჩებიან, როგორშიც ახლა არიან?

 ადრე იყო პრეცენდენტი, როცა ჩემს სოციალური ხასიათის წერილს გამოეხმაურნენ მოქალაქეები, ეგებ ახლა „იავნანას“ ან სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების მესვეურებმა წაიკითხონ და აუხდეთ ოცნება საჩხერელ შშმ ბავშვებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს: ეგებ უყიდონ ადაპტირებული ავტობუსი და შენობა. ამისთვის რამდენიმე ათასი ლარია საჭირო და სოციალური აქცია მასშტაბური უნდა იყოს, ან კიდევ, ვინმე კეთილმა, მდიდარმა უნდა ჩაიყოს ხელი ჯიბეში!

ჰო, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: საჩხერის საკრებულო მზადაა საწვავი გამოყოს ავტობუსისთვის, მაგრამ ეს ავტობუსი ჯერ კიდევ არსად ჩანს...

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია