დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„არაპროდუქტიული, ხმაურიანი და ცვლილებებით გამორჩეული“ - როგორ აფასებენ ქუთაისის საკრებულოს 4 წლიან მუშაობას
„არაპროდუქტიული, ხმაურიანი და ცვლილებებით გამორჩეული“ - როგორ აფასებენ ქუთაისის საკრებულოს 4 წლიან მუშაობას
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1851
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

15 ივნისს ქვეყანა ადგილობრივ ხელისუფლებას ირჩევს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12 ქალაქის მერს და 72 მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევენ.

 

მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად, ქუთაისშიც ახალი საკრებულო დაკომპლექტდება, თუმცა იქამდე საკრებულო ძველი შემადგენლობით ბოლო სხდომებს მართავს.

 

ქუთაისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დაგეგმილი მხოლოდ ერთი სხდომა აქვს ჩანიშნული. დეპუტატები მუშაობას აჯამებენ, ნაწილი ახალ საკრებულოში მოსახვედრად საარჩევნო მარათონში ჩართვას, ნაწილი კი, ახალი სფეროს მორგებას ცდილობს.

 

„არაპროდუქტიული, ცვლილებებით გამორჩერული და წარუმატებელი“ასეთ შეფასებებს აძლევენ დეპუტატები ქუთაისის 2010 წლის მოწვევის საკრებულოს. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ საკრებულომ გამოწვევებს გაუძლო, ოპოზიცია კი თვლის, რომ საკრებულო ფორმალური და მართვადი გახდა.

 

მამუკა მღვდელაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე: „ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოში ბევრი რამ მოხდა. მოხდა ცვლილება, რომელსაც ელოდა მთელი ქვეყანა და ეს ცვლილება ჩვენს საკრებულოზე აისახა. არაპროდუქტიული, ცვლილებებით და აყალმაყალით გამორჩეული იყო მეოთხე მოწვევის საკრებულო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საკრებულოს უუნარობის გამო არცერთი პროექტი არ ჩავარდნილა, ჩვენ შევძელით და ყველა გამოწვევას გავუძელით, შევძელით სიტუაციის დასტაბილურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში მინიმუმ სამი პარტია იქნება წარმოდგენილი.“

 

ვიტალი ბოჭორიშვილი, საკრებულოს წევრი: „ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ცვლილებები საკრებულოშიც გამოიწვია. ქალაქის განვითარება მეტად ხდება. საკრებულოს 4-წლიან მუშაობას დადებითად შევაფასებდი. რაც შეეხება ახალ საკრებულოს, ალბათ, 3-4 პარტია მოხვდება.“


საკრებულოს უმრავლესობისგან განსხვავებით, საკრებულოს ოთხწლიან მუშაობას ორ ეტაპად ყოფენ უმცირესობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია გოქაძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ მიუღებელი თამაშის წესები დაამტკიცა, რის შედეგსაც აუცილებლად მოიმკის ვანო და ბაჩო.

 

გია გოქაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“: „საკრებულოს მონაწილეობა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. 2012 წლის არჩევნებამდე, როდესაც ბევრი რამ ხდებოდა ქალაქში და მეორე - არჩევნების შემდეგ პერიოდი.  „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობაში  გადატრიალება მოახდინა. მოიყვანა პარტიული ელიტა.  საკრებულომ ვერ გაუძლო ზეწოლას,  დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“, დარჩა 5 კაცი.  ეს იყო ცუდი როგორც ჩვენთვის, ასევე ქალაქისთვის, რადგან ხალხმა ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ კი ვერ შეძლეს ამ ხმის დაცვა. მთავრობამ მიუღებელი თამაშის წესები დაამტკიცა, ზეწოლით და მუქარით შეძლეს დეპუტატების გადაბირება, რის შედეგსაც მმართველი გუნდი აუცილებლად მიიღებს. გამოჩნდა, რომ ადამიანები ხელისუფლებაში არა მსოფლმხედველობით, არამედ იმის მიხედვით მოდიან, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ კარგად არ დაასრულებს, მათ ჰგონიათ, რომ ამ არჩევნებს მოიგებენ. მათი მერობის კანდიდატი შოთა მურღულია თავისი განცხადებებით არაადეკვატურია, ამიტომ სჯობს ცოტა ილაპარაკოს და საქმე აკეთოს. თუკი მან გაიმარჯვა, სამწელიწადნახევარი ქალაქში მარტივი სიტუაცია არ იქნება.“

 

ოთხი წლის განმავლობაში საკრებულომ ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ თავმჯდომარის პოსტი  „ღირსეულად“ დატოვა ამირან ხვადაგიანმა და ბოტანიკური ბაღის დირექტორის სავარძელში გადაინაცვლა. მისი ადგილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ „გაპატრიოტებულმა“ მდივანმა თამაზ მარგველაშვილმა დაიკავა.

 

თუმცა, მარგველაშვილის გარშემო მოვლენები ამით არ დასრულებულა. საკრებულოს თავმჯდომარემ ყველასგან მოულოდნელად ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ შოთა მურღულიას უფლებამოსილება შეუჩერა, რასაც ქუთაისელთა აქციები მოჰყვა, შედეგად მარგველაშვილი სახლში, მურღულია კი მერის კაბინეტში დაბრუნდა. 2010 წლის მოწვევის საკრებულო კი მუშაობას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლით ასრულებს.

 

საკრებულო დეპუტატების მხრიდან პოლიტიკურ ვექტორზე ადგილმონაცვლეობითაც გამოირჩეოდა. დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ „პატრიოტთა ალიანსში“, „ალიანსიდან“ კი „ქართულ ოცნებაში“ ინაცვლებდნენ.

 

რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, საკრებულო ამ მხრივ ნამდვილად არ გამოირჩეოდა, 24 წევრიან საკრებულოში მხოლოდ 2 ქალი დეპუტატია წარმოდგენილი, რომლებიც აქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ.

 

საკრებულოს დეპუტატთაგან იყვნენ ისეთებიც, „მთელი წლის განმავლობაში ხმა რომ არ ამოუღიათ“ და მხოლოდ პარტიული ნიშნის მიხედვით უჭერდნენ მხარს წარმოდგენილ საკითხებს.

 

განსხვავებით გენდერული ბალანსისა, ასაკობრივი ბალანსი ნამდვილად დაცული იყო.

 

პარტიები საარჩევნო სიებს ადგენენ, ჯერ უცნობია, მოხვდებიან თუ არა სიებში საკრებულოს მოქმედი დეპუტატები, რამდენად იქნება დაცული გენდერული ბალანსი, რამდენი ძველი და ახალი სახე მოირგებს დეპუტატის მანდატს, ახალი მოწვევის საკრებულოში კვლავ წარმოადგენენ თუ არა ბანერს - „თავისუფლება ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას“.

 

როგორც პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, დეპუტატობისთვის ზოგი ნაცნობ და ახალ სახეებს, ზოგი კი - „დიმიტრი გელოვანს“ ამზადებს.

 

 როგორ გაამართლებს და რა შედეგებს მოუტანს ქუთაისს მეხუთე მოწვევის საკრებულო, ამის შესახებ ქუთაისელები 2017 წელს ისაუბრებენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია