დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თემურ გოგოხია: „მოსამართლის უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია“
თემურ გოგოხია: „მოსამართლის უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია“
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 3092
ავტორი:
ნატო გუბელაძე
მსგავსი სიახლეები

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და ნაფიცი მსაჯულები - ეს სასამართლო რეფორმის ის ახალი თემებია, რომლებიც ყველაზე ბოლოს განხორციელდა სასამართლო სისტემაში. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თავიდან მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვრცელდებოდა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან კი ქუთაისშიც ამოქმედდა და ერთი საქმის განხილვაც შედგა.

 

 როგორი ასახვა ჰპოვა რეფორმამ ქუთაისის სასამართლოში, რა სიახლეები დაინერგა, რამდენად  წარმატებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის ნაფიც მსაჯულთა პირველი საქმე, ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ თემურ გოგოხიას.

 

პროლოგის ნაცვლად

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პროფესიული კარიერა სასამართლო სისტემაში დაიწყო 2000 წელს, როდესაც დაამთავრა სახელმწიფო აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი. იმავე წელს საზოგადოებრივ საწყისებზე დაიწყო საქმიანობა თბილისის საოლქო სასამართლოში (ახლანდელი სააპელაციო სასამართლო). სხვადასხვა დროს ბატონი თემურ გოგოხია იყო მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი. შემდეგ საქმიანობა გააგრძელა საქართველოს პროკურატურის სისტემაში და დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, 2008 წელს დაინიშნა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ. 2010 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იყო ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარე,  2013 წლის 1 იანვრიდან კი არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

 

თავმჯდომარის განმარტებით, სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო თბილისის და ბათუმის სასამართლოსთან ერთად, ერთ-ერთი უმსხვილესია საქართველოში. იგულისხმება საქმეების სიმრავლე, მოსამართლეთა რაოდენობა. არის სამი კოლეგია - ადმინისტრაციული, სამოქალაქო საქმეთა  და სისხლის საქმეთა კოლეგია.  ქუთაისში 10 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას, მათ შორის - ერთი მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც წყალტუბოშია.

 

თემურ გოგოხია აღნიშნავს, რომ კოლეგიები თანაბრად არის დატვირტული, თუმცა საქმეები იმატებს და  ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლოსადმი ნდობაც იზრდება. სისხლის სამართლის მოსამართლეებს, დაახლოებით,  50-მდე საქმე აქვთ წარმოებაში, სამოქალაქო კოლეგიისას - 100-120 საქმე, ხოლო ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეებს - 80-დან 100-მდე საქმე თითოეულს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე სიამაყით აღნიშნავს, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ („საია“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“) ჩატარებულ კვლევებში ქუთაისის სასამართლოს ყოველთვის კარგი მაჩვენებლები აქვს ნდობისა და მომსახურების ხარისხის კუთხით.

 

 

დიალოგი

 

- ბატონო თემურ, რა ეტაპზე არის ამჟამად სასამართლოს რეფორმის პროცესი და როგორ აისახა ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოზე?

 

- მოგეხსენებათ, რომ სასამართლო რეფორმა დაიწყო 2006 წლიდან და საკმაოდ წარმატებულად გრძელდება დღემდე. პირადად ვარ მონაწილე ამ პროცესების და ვიცი, როგორი იყო სასამართლო, რა პრობლემები იყო და რა შედეგები მივიღეთ. 2006 წელს ყველაზე მთავარი რაც მოხდა, ეს იყო  რაიონული დიდი სასამართლოების გამსხვილების პროცესი და მაგისტრატის სასამართლოების ჩამოყალიბება. მთელი საქართველოს მაშტაბით მოწესრიგდა შესაბამისი ინფრასტრუქტრურა, აშენდა ახალი შენობები,  განახლდა და გარემონტდა ძველი. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო სისტემის მუშაობისათვის ძალიან კარგი პირობები შეიქმნა.

 

- თქვენ ახსენეთ მაგისტრატი სასამართლოები. რა ტიპის სასამართლოებია ესენი და რა ფუნქციებს ასრულებენ?

 

- მაგალითად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში შედის ტყიბულის, ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მაგისტრატი სასამართლოები, რომლებიც მხოლოდ მათ განსჯად საქმეებს განიხილავენ. ესენია: წვრილმანი სამართალდარღვევები, აღკვეთის ღონისძიებები თუ სამოქალაქო დავები 2000 ლარამდე. სხვა ტიპის საქმეები უკვე არის  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსახილველი.

 

ქუთაისის სასამართლოში არის სამი კოლეგია - სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიები. საქმეების განხილვაც მოსამართლეების მიერ ამ  კოლეგიების მიხედვით ხდება. ისევე, როგორც სხვაგან, ქუთაისშიც მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა,  გაკეთდა სხდომის დარბაზი ნაფიც მსაჯულთათვის, სათათბირო ოთახები.

სხვა მხრივ, განხორციელდა საერთო სახის ცვლილებები  საკანონმდებლო დონეზე, რაც  ჩეულებრივად, საერთოა როგორც სხვა სასამართლოებისთვის, ისე ქუთაისის სასამართლოსთვის.

 

რეფორმის ფარგლებში  ასევე დაინერგა ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა - ნებისმიერი საქმე, რომელიც შემოდის სასამართლოში, ხდება მისი ელექტრონული ვერსიის ატვირთვა კანცელარიაში.

 

- აქ რა ტიპის ელექტრონულ წარმოებაზეა საუბარი - შიდა საქმის წარმოებაზე, თუ მოქალაქეს შეუძლია სარჩელი ელექტრონულად გადმოგიგზავნოთ და არ არის საჭირო კანცელარიაში მოსვლა და ჩაბარება?

 

- აქ არის საუბარი თვითონ სასამართლოს შიგნით ელექტრონულ საქმის წარმოებაზე. სასამართლო პროცესიც რომ ტარდება, მიმდინარეობს აუდიო ჩაწერა - თუ ადრე ოქმები ხელით  იწერებოდა, ახლა  ყველაფერი არის ელექტრონული სახით - საქმის მასალები ატვირთულია და თვითონ  მოსამართლეც  პროგრამაში მუშაობს.

 

 რაც შეეხება მოქალაქეების სახლიდან გაუსვლელად სარჩელის შემოტანას, ამ ინოვაციურ საკითხთან დაკავშირებით ვიცი, რომ  მიმდინარეობს მუშაობა.

 

გეტყვით კიდევ  ერთ სიახლეს,  რომელიც 2014 წლის მარტიდან ამოქმედდა:  მიმდინარეობს იურიდიული პირების ჩართვა სპეციალურ სისტემაში. ვინც პირველი ჩაერთო ამ სისტემაში, არიან ბანკები. მათ უკვე შეუძლიათ,  სამუშაო ადგილიდან ელექტრონულად შემოიტანონ სასამართლოში სარჩელი. ანუ  აღარ არის საჭირო მხარის ფიზიკურად მოსვლა სასამართლოში. საქმეს ენიჭება უნიკალური კოდი და  ამ კოდის მეშვეობით მხარეს შეუძლია,  ოფისიდან გაუსვლელად ნახოს თავის  საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. როგორც ვიცი, უკვე მიდის მუშაობა საადვოკატო ბიუროებთან, რომ ისინიც ჩაერთონ ამ სისტემაში. ნელ-ნელა ეს მომსახურება ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორი.  ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლო სისტემისთვის.

 

- ბატონო თემურ,  რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.  როგორც ცნობილია, ქუთაისის სასამართლოში უკვე ჩატარდა ერთი პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით...

 

- პირველად ნაფი მსაჯულთა ინსტიტუტის  განსჯადობა ვრცელდებოდა მხოლოდ გარკვეულ მუხლებზე და  მხოლოდ თბილისის სასამართლოში.  2012 წლის 1 ოქტომბრიდან უკვე ამოქმედდა და ქუთაისის სასამართლოს განსჯადიც გახდა  ნაფიც  მსაჯულთა საქმეები. სანამ აქამდე მივიდოდით,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამსახურებით,   ძალიან ბევრი ტრენინგი და სემინარი გავიარეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, უცხოეთში წასვლის და იქაური პრაქტიკის გაცნობის ჩათვლით, რის გამოც  ქუთაისის სასამართლო ამ ცვლილებას კარგად მომზადებული შეხვდა.

 

შარშან ჩვენ დავასრულეთ პირველი საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით და უნდა აღინიშნოს  ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ მართლაც წარმატებულად გავართვით  თავი  ტექნიკური თვალსაზრისით ამ ისტორიულ პროცესს. ამჟამად წარმოებაში გვაქვს მეორე საქმე და მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. კანონით, როდესაც შერჩევის პროცედურა დამთავრდება და შეირჩევიან ნაფიცი მსაჯულები, ისინი უწყვეტად მონაწილეობენ პროცესში. ასევე არსებობენ სათადარიგო მსაჯულები.

 

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოება უფრო მკაცრია სასჯელში თუ მოსამართლე? მაგალითად, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. რატომ იყო უკეთესი ბრალდებულისთვის, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს მისი საქმე. მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა?

 

- მე გამიჭირდება კონკრეტული მაგალითიდან  გამომდინარე შევაფასო და ვივარაუდო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე, თუმცა ეს გადაწყვეტილება არის კანონიერი, რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს საზოგადოების ნაწილმა, რომელიც უშუალოდ არის ჩართული მართლმსაჯულების განხორციელებაში. ბრალდებულს მოუსმინეს ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, მათ მოისმინეს მეორე მხარის არგუმენტებიც,  ანუ მოსამართლე არ ერევა ამ პროცესში - მოქალაქეებმა თვითონ განსაჯეს, თვითონ გადაწყვიტეს, ამ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული თუ არ ჩაიდინა. 

 

- ბატონო თემურ, რეფორმის ფარგლებში საუბარი მიმდიანრეობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე, თუმცა მანამდე არის საუბარი, რომ გარკვეული გამოსაცდელი სამწლიანი ვადა მიეცემათ მოსამართლეებს. თქვენ როგორც სასამართლოს თავმჯდომარე, მაინტერესებს, როგორ უყურებთ ამ საკითხს?

 

- ახალი კონსტიტუციით ამოქმედებულია ის ნორმა, რომ მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ,თუმცა შემდეგ უკვე დამატებით პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომ მოსამართლეს დაუწესდეს წინასწარი სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და სამი წლის გასვლის შემდეგ, თუ ის დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შემდგომ ინიშნება უვადოდ. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც  პირადად მე, ისე მოსამართლეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ დაუშვებელია გამოსაცდელი ვადის დაწესება. მოსამართლეს, რომელმაც 10-წლიანი ვადა ამოწურა, და  სურვილი აქვს ხელმეორედ გახდეს მოსამართლე, მასაც  ეს სამწლიანი ვადა დაუწესდება. წარმოიდგინეთ, პიროვნება ათი წელი მოსამართლედ მუშაობს, არ დაურღვევია ეთიკის ნორმები, როგორ შეიძლება მას კიდევ მოსთხოვო გამოსაცდელი ვადა, ან რა უნდა იყოს ისეთი, რაშიც უნდა გამოსცადო.

 

- თუ არის დაკონკრეტებული რას ნიშნავს ეს გამოსაცდელი ვადა?!

 

- არ არის დაკონკრეტებული. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ დაზუსტდეს, რა კრიტერიუმებზეა საუბარი და ასე შემდეგ, თუმცა ის ნორმა, რასაც ჰქვია მოსამართლის უვადოდ გამწესება, ეს არის უმთავრესი მოსამართლის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ მოსამართლე იფიქრებს საქმეზე და არა იმაზე, როდის გაუვა ვადა, ვინ შეამოწმებს მას ამ სამი წლის განმავლობაში და ა.შ.

 

- ანუ, ეს უვადოდ გამწესება არის იმისთვის, რათა გარკვეული ზეწოლებისგან დაიცვას მოსამართლე.  მივდივართ მაინც იქამდე, რომ რაღაც ზეწოლა ან ზეწოლის  მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იქნება?

 

- ნებისმიერ ქვეყანაში (არც საქართველოა გამონაკლისი), ხელისუფლების მაღალჩინოსანი იქნება ეს, თუ სხვა წარმომადგენელი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შეიძლება, რაღაც მცდელობა ჰქონდეს, რომ სასამართლოზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების უზრუნველყოფისათვის არსებობს კომუნიკაციის წესი და კანონით ისჯება ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლესთან, კომუნიკაციის დამყარებაც კი მოსამართლესთან უკვე კანონით არის აკრძალული და ამის ბერკეტი სასამართლოს გააჩნია. გულწრფელად გეტყვით, ჩემი მოსამართლეობის პერიოდში, არც მე და  არც ჩემს კოლეგებს ზეწოლის ფაქტები არ გვქონია. მე ვფიქრობ, რომ ამას ვერც ვერავინ გაბედავს და არც ექნება ვინმეს სურვილი. სასამართლოს სისტემა და ნებისმიერი მოსამართლე არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ზეწოლის საშუალება არავის არ მისცეს, ვერც ვერავინ გაუბედავს მოსამართლეს, ყოველ შემთხვევაში, მე არ მეგულება ჩვენს სისტემაში მოსამართლე, რომელზეც შეიძლებოდეს, რაიმე სახის ზეწოლის მოხდენა ამა თუ იმ ფორმით. თუ ვინმეს ამის მცდელობა ექნება, საკადრის პასუხსაც მიიღებს. ამისი საკმაოდ ბევრი ბერკეტი არსებობს.

 

 

 

პროექტს ახორციელებს შპს „ბესთკომპფანი ჯორჯია“

 

 

ელფოსტა: bestcompany_z@yahoo.com

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია