დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„იმერეთის წყალმომარაგება დღეს და ხვალ“
„იმერეთის წყალმომარაგება დღეს და ხვალ“
სულ ნანახია 2945
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მიმდინარე წლის 10 აპრილს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჩატარდა კონფერენცია „იმერეთის წყალმომარაგება დღეს და ხვალ“.  მისი ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალი სამოქალაქო აზროვნება +“ და ასოციაცია „ასა“. კონფერენცია გაიმართა პროექტის „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. კონფერენციის მსვლელობაში გამოყენებული იქნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით მოპოვებული მასალა.

 

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი ბიუროების და წყალმომარაგების სერვის-ცენტრების წარმომადგენლებს შორის ინფორმაციათა გაცვლა, დისკუსია და მომავლის ხედვის წარმოდგენა საკუთარი წყალმომარაგების შესახებ. ასევე იმერეთის თერთმეტივე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის წყალმომარაგების საკითხებში ცენტრალური ხელისუფლების ინსტიტუტების მონაწილეობის შესაძლებლობათა განხილვა, საბოლოოდ ჩამოყალიბებული საერთო აზრიდან გამომდინარე დეკლარაციის მიღება, გავრცელება და განხორციელების დაწყება.

 

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის - ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატები, მათი ბიუროები, თვითმმართველობისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის-ცენტრის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

 

სხვადასხვა მიზეზების გამო კონფერენციას ვერ/არ დაესწრნენ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული და ადგილობრივი წყალმომარაგების წარმომადგენლები. ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბატონმა გუბაზ სანიკიძემ, რომელმაც გახსნა კონფერენცია. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია დამატებითი საკოორდინაციო მუშაობა სამთავრობო რგოლებს შორის, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა წყალმომარაგება. მანვე სიამოვნებით აღნიშნა ის დადებითი მოვლენა, რომელსაც წარმოადგენს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციათა საინფორმაციო-სადისკუსიო ჯგუფის ჩამოყალიბება. კონფერენციას უსურვა ნაყოფიერი მუშაობა და სიტყვა გადასცა ბიუროსთან არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ ამირან ვაშაკიძეს.

 

ბატონმა ამირანმა დამსწრეთ გააცნო კონფერენციის მიზანი, მსვლელობის თანმიმდევრობა, დარიგებული ბეჭდვითი მასალისადმი ყურადღების მიპყრობა, როგორც დამატებითი ინფორმაციის სასურველი წყაროსადმი. კონფერენციის პროგრამის შეთანხმების შემდეგ ბატონმა ამირანმა სიტყვა გადასცა ასოციაცია „ასა“-ს თავმჯდომარეს, ბატონ ზაზა ხელაძეს, რომელმაც მიმოიხილა საქართველოში და კონკრეტულად იმერეთში წყალმომარაგების მდგომარეობა.

 

ბატონი ზაზას გამოსვლაში ყურადღება გამახვილებული იქნა შესაძლებლობასა და მისი გამოყენებისადმი დამოკიდებულებაზე, მონოპოლისტური მოპყრობის მანკიერ მხარეებზე, რომელიც ჯერ კიდევ მოგვსდევს წინა ხელისუფლებიდან. მან ასევე აღნიშნა ცენტრალური ხელისუფლების სუსტი ყურადღება წყალმომარაგების დარგისადმი და სამართლებრივი ბაზის არცთუ გამართული შესრულება. ასევე განხილული იქნა წყლისადმი დამოკიდებულება ყველას მხრივ და იგი შეაფასა უარყოფითად შემდეგი მაგალითის მოყვანით - „როგორ შეიძლება საქართველოში 1კუბური მეტრი წყალი ღირდეს 1 კუბურ მეტრ გაზზე ძვირი (გაერთიანებული წყალმომარაგების მაგალითი)“.

შემდეგმა მომხსენებელმა, „ახალი სამოქალაქო აზროვნება +“-ის და პროექტის „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ დირექტორმა, ლაშა ჭელიძემ, განიხილა ქუთაისის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებში საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობები. მან მოიყვანა ის მაგალითები, რომელიც გამოიკვეთა ქუთაისში მიმდინარე პროექტის განხორციელების პერიოდში. ყველა პრობლემულ საკითხს თან ახლდა შესაბამისი ფოტომასალა და შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

მომხსენებელმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება გელათის ქუჩის ბოლოში, „შოთას წყაროს“ გარშემო შექმნილ რთულ სანიტარულ  ვითარებაზე, რომელიც დადასტურდა ლაბორატორიული დასკვნით, ასევე მიმოიხილა ქუთაისის პირობებში არსებული წყალარინების (კანალიზაციის) პრობლემები  და მოსალოდნელი  საფრთხეები.

 

საერთო მიმოხილვის ბოლო გამომსვლელი იყო ბატონი ზაზა ხელაძე, რომელმაც ისაუბრა წყალარინების საკითხებისადმი ყურადღების გამახვილების აუცილებლობაზე. მან წყალარინების პროცესისადმი უყურადღებობა ახსნა იმით, რომ წყალმომარაგების საკითხებში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ ნაკლები ყურადღება ეთმობა წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისას, პარალელურ რეჟიმში ახალი საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის საკითხს. დღევანდელი მდგომარეობით სასმელი წყლის აბონენტთა მხოლოდ 70%-ია უზრუნველყოფილი წყალარინებით. ტელე-ანძის მიმდებარე ტერიტორიის წყალმომარაგების ქსელით უზრუნველყოფა შესაბამისი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის გარეშე აუარესებს საერთო მდგომარეობას და წარმოშობს დამატებით რისკებს.

 

მომხსენებელმა გაამახვილა ყურადღება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან აბონენტებთან კომუნიკაციის პრობლემურ საკითხებზე:

 

· გაურკვეველი ვალების და მათი წარმოშვების მტკიცების ტვირთის აბონენტებზე დაკისრება;

· მრიცხველების დადგმის პროცესში აბონენტების ინტერესების გაუთვალისწინებლობა, თანხების საეჭვოდ გაზრდა.

 

 

 

ყოველივე ეს გვაძლევს უფლებას მივიდეთ შემდეგ დასკვნამდე:

 

· ძალიან სუსტია და შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ხორციელდება კონტროლი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე სახელმწიფოს მხრიდან,  კონკრეტულად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან;   

 

· წარმოქმნილ პრობლემებს ვერ აკონტროლებს ვერც ადგილობრივი თვითმმართველობა;

 

· შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ფაქტობრივად, გვევლინება როგორც ბუნებრივი, ასევე ბიზნეს მონოპოლისტი.

 

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მომხსენებელმა თხოვა მუნიციპალიტეტებიდან გამომსვლელებს, თავისუფლად, ყოველგვარი დაძაბვის და შელამაზების გარეშე გადმოეცათ მათ არეალში წყალმომარაგების მდგომარეობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, შესაბამისი დახასიათებით და მომავლის ხედვით.

 

ზოგადი გამოსვლებიდან და საერთო სახლმწიფო თუ რეგიონული განხილვებიდან მოხდა გადასვლა მუნიციპალური წყალმომარაგების განხილვაზე, რომელიც დაიწყო საჩხერის წყალკანალის დირექტორმა ბატონმა ვეფხია კილაძემ. სასიამოვნო მოსასმენი იყო ის, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში 3007 აბონენტი არის გამრიცხველიანებული და უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანალიზაციო ქსელით, ეს უკანასკნელი კი აღჭურვილია გამწმენდი მექანიკური და ბიოლოგიური მოწყობილობებით.

 

წარმოდგენილი გამოსვლის შემდეგ გამომსვლელებმა საკმაოდ ვრცლად და დაწვრილებით ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან როგორც ყოველდღიურად, ასევე პერიოდულად.

პრობლემების ძირითადი ნაწილი დალაგდა შემდეგნაირად:

 

· კანალიზაციის ქსელის განვითარება საკმაოდ ჩამორჩება წყალმომარაგების ქსელის განვითარებას; 

 

· წყლის მიწოდება ხდება პერიოდულად, ირღვევა შეთანხმებული გრაფიკები, არ ხდება წყლის ხარისხის ჯეროვანი კონტროლი, ხოლო მომხმარებელი იხდის თანხას „სასმელი წყლის“ საფასურად, თანახმად სემეკ-ის ?32 დადგენილებიდან გამომდინარე პრინციპებით - „უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო...“ წყალმომარაგებისათვის;

 

· მომხმარებელი ეგუება ყველაფერს შემდეგი მოტივაციით - „ეს არ გაგვიფუჭდეს და ჯანდაბა ჩვენ თავს...“;

 

· საერთოდ საეჭვოა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ქსელიდან წყლის სამეურნეო დანიშნულებისათვის მოხმარება (ჭიათურა, ბაღდათი, თერჯოლა);

 

· მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების გამოსვლებიდან ნათლად ჩანდა, რომ არცერთ მათგანს არ აქვს ჩამოყალიბებული მომავლის ხედვა აღნიშნული საკითხისადმი, თუმცა მისი არსებობა ყველასათვის მისაღები და სასურველი კომპონენტია.

 

შემდეგმა გამომსვლელმა ისაუბრა სემეკ-ის ღვაწლის შესახებ იმერეთის წყალმომარაგების საკითხებში და ჩამოაყალიბა მათი უწყების მომავლის ხედვა. სამწუხაროდ, კონფერენციის ინიციატორებმა დაინახეს სემეკ-ის როლი წყალმომარაგების კომპანიის ინტერესების დაცვაში და არა ეროვნული თუ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაში.

 

კონფერენციის ბოლო აქცენტს წარმოადგენდა იმერეთის წყალმომარაგების ხანგრძლივვადიანი ხედვის პრინციპების ჩამოყალიბება და შესაბამისი საქმიანობის დაწყება.

 

მომავლის ხედვის ძირითად პრინციპებად წარმოდგენილი იქნა შემდეგი:

 

· წყალმომარაგების დარგის დაყოფა წყლის მომპოვებელ და სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებად, დასახლების დისტრიბუტორზე (დღეს წყალს მოიპოვებს, ტრანსპორტირებას უწევს, სასმელ წყლად გადაამუშავებს და მომხმარებელს აწოდებს ერთი კომპანია);

 

· მომპოვებლის არეალი იქნება საკმაოდ ფართო (რეგიონის ნაწილი, რეგიონი, სახელმწიფო), ხოლო სადისტრიბუციო კომპანიის არეალი კი შეზღუდული (ქალაქი, დაბა, სოფელი);

 

· კონფერენციამ მიიღო დეკლარაციის ძირითადი ნაწილი.

 

კონფერენციის ბოლოს შევსებული იქნა მცირე კითხვარი მისი მსვლელობისა და აქტუალობის შესახებ.

 

 

„ახალი სამოქალაქო აზროვნება +

 

სტატია მომზადებულია პროექტის „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ ფარგლებში.

ტელ: 24-24-62

 asa@asa.org.ge

 

 

This project is funded by the U.S. Embassy Tbilisi. The contents of this publication are those of the Author(s) and do not necessarily represent the views of the Department of State.

 

 პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია