დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ტრადიციები და ევროპა“ - ვის როგორ ესმის ანტიდისკრიმინაციული კანონი?
„ტრადიციები და ევროპა“ - ვის როგორ ესმის ანტიდისკრიმინაციული კანონი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1860
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

დეპუტატები, სასულიერო პირები და საზოგადოება კანონის გარშემო

 

ქვეყნის პირველი ანტიდისკრიმინაციული კანონი დაპირისპირების მიზეზი გახდა. კანონპროექტის შეგნებულმა თუ გაუაზრებელმა გაგებამ სასულიერო პირების და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. პარლამენტში დაწყებულმა დაპირისპირებამ საკანონმდებლო ეზოში ხმაურიანი აქციით გადაინაცვლა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმასა და საფუძველს განსაზღვრავს და  საქართველოში ყველა სახის დისკრიმინაციას კრძალავს. ამ კანონპროექტის კანონად ქცევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და წინაპირობაა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროგრამის განსახორციელებლად.

 

ამავდროულად, 1 მაისს პარლამეტთან შეკრებილი საზოგადოება აცხადებდა, რომ ევროპა, საიდანაც გარყვნილობა შემოდის, არ სჭირდებათ.

 

„აკრძალეთ უხამსი სერიალები და საიტები“, „ნუ ახდენთ ეკლესიის დისკრიმინაციას“, „ჩვენ ქართველები ვართ“, „არ გვინდა ტრადიციებზე გაცვლილი მაპი“  აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. სასულიერო პირები კი წმინდა წიგნიდან კითხულობდნენ ამონარიდებს.

 

„ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ და ჩვენთვის მამათმავლობა მიუღებელია, ვერავის მივცემთ უფლებას, შეურაცხყოს ჩვენი ტრადიციები. ხელისუფლებამ დაივიწყა კონკორდატი და თავის შეხედულებებით წყვეტს ყველაფერს. 

 

ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად“ - აცხადებდნენ სასულიერო პირები.

 

მრევლი კი პარლამენტის პარალიზებით იმუქრებოდა.

 

„ჩვენ არ გვინდა ევროპა, საიდანაც მოდის გარყვნილება. მაგათ უნდათ კაცების ერთად სიარული დააკანონონ. ეკა ბესელია ამ კანონს რომ იცავს, ჯერ თავის ბიჭი დააქორწინოს ბიჭზე, მიიღოს რძლად და ამის მერე ისაუბროს კანონზე. 17 მაისი ახლოვდება და ამიტომ უნდათ ამ კანონის მიღება. თუკი პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, ჩვენ გადავკეტავთ პარლამენტის მისასვლელებს და არავის შიგნით არ შევუშვებთ - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები, ზოგის ინფორმირებულება კი შორს მიდიოდა და აღნიშნავდნენ, რომ პარლამენტს კანონი უკვე მიღებული აქვს და არჩევნების ჩატარებას ელოდება.


აქციაზე ტრადიციების და მომავალი კეთილდღეობის დასაცავად ჰყავდათ მიყვანილი 8 თვის ნიკუშა, რომელიც ჯერ კიდევ დედის ხელში მყოფი, გაკვირვებული თვალებით იდგა მომავალი საქართველოს სადარაჯოზე.

 

კანონპროექტის პირვანდელი ვერსია ახალი კანონის განხორციელების მექანიზმად ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას ისახავდა, რაც დისკრიმინაციის შემთხვევების გამოძიებას, კონკრეტული შემთხვევების სისხლის სამართლებრივ შესწავლას და პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს. რომლის თავდაპირველი ვერსია, როგორც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.


სასულიერო პირების და საზოგადოების უკმაყოფილების შედეგად საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, კანონპროექტში ცვლილებები შეეტანა. ცვლილებების გამო თავდაპირველი ვერსია შეიცვალა და მნიშვნელოვნად შეამცირა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად შესრულების შესაძლებლობა.

 

ანტიდისკრიმინაციული კანონი 1 მაისს პარლამენტსა და პარლამენტს გარეთ აქტიურად განიხილებოდა. მიუხედავად არსებული უკმაყოფილებისა, პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით, 112 მომხრით, დაამტკიცა.

 

2 მაისს კი დეპუტატებმა კანონი მესამე მოსმენით (104 მომხრე, ერთი მოწინააღმდეგე) მიიღეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია