საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ვინ როგორი სიებით და პროგრამით იბრძოლებს ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?
ვინ როგორი სიებით და პროგრამით იბრძოლებს ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1724
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

რა დარღვევები და ხარვეზები ფიქსირდება წინასაარჩევნოდ?

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 49 დღეა დარჩენილი. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ მთავრობებს 15 ივნისს აირჩევენ.

 

 

ქუთაისში წინასაარჩევნო გარემო ნელ-ნელა იკრებს ძალებს. ქალაქში არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, შეფარვით თუ ღიად, უკვე დაიწყეს საარჩევნო მარათონი, თუმცა ამ დროისთვის საარჩევნო გარემოს შეფასებასა და სამომავლო გეგმებზე საუბარი უჭირთ.

 

არჩევნებიდან გამომდინარე, საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები თითქმის იდენტურია: ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა და განათლება - ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებასაც ჰპირდებიან ქუთაისელებს და რომელთა უხვი დარიგებითაც აპირებენ ქუთაისელთა ხმების მოპოვებას.

 

რა გეგმები აქვთ საარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს, როგორია მათი სიები და რა ხარვეზებზე საუბრობენ - ამ დროისთვის გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა და შევეცდებით, არსებული წინასაარჩევნო გარემო წარმოგიდგინოთ.

 

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ აღნიშნა, რომ ვიდრე პრემიერ-მინისტრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მერების კანდიდატებს არ დაასახელებს, მას საარჩევნო სიებზე საუბარი არ სურს. მისივე განცხადებით, ის ჯერ მოვალეობის შემსრულებელია და არაა გამორიცხული, მერობის კანდიდატმა შტაბის უფროსად ის საერთოდ არ განიხილოს.

 

ამ დროისთვის საარჩევნო სიებზე საუბარი უჭირთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის შტაბშიც. ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის,  გია უკლებას განცხადებით, ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მათი პარტიის ლიდერებზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება: პარტიის გენერალური მდივანი დაპატიმრებულია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ასევე არის პრობლემები სამართალდამცავთა ზეწოლის მხრივ.  მიუხედავად ამისა, საარჩევნოდ მუშაობას დიდი გეგმებით აგრძელებენ.

 

„მიუხედავად არსებული პრობლემებისა ვთვლით, რომ ეს არჩევნები ჩვენთვის წარმატებული იქნება და გავაუმჯობესებთ იმ შედეგს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გვქონდა. ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის. ჯერ სიებზე საუბარი ადრეა, დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენი მიზანია, საკრებულოში პროგრამა მაქსიმუმით მოვიდეთ. კანდიდატებს რაც შეეხება, მიმდინარეობს კონსულტაციები, ჯერ მზად არ ვართ, მალე იქნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, სადაც გავახმაურებთ მერობის და ასევე მაჟორიტარობის კანდიდატთა ვინაობას,“ - განაცხადა გია უკლებამ.

 

უკლება არ გამორიცხავს, მერობის კანდიდატი უკვე გაჟღერებულ კანდიდატთაგან (გია თევდორაძე,  ამირან ძოწენიძე და თემურ ცამციშვილი) ერთ-ერთი იყოს.

 

„გამორიცხული არაფერია, თუმცა გიდასტურებთ, რომ კანდიდატების რაოდენობა ბევრად მეტია და როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართულ ოცნებაზე“ ბევრად უკეთესები გვეყოლება“.

 

რაც შეეხება კითხვას, ამჟამინდელი საკრებულოს „ნაციონალი“ წევრები მოხვდებიან თუ არა კანდიდატთა სიაში, პასუხობს, რომ არა მომხრე საკრებულო ასაკის მიხედვით დაკომპლექტდეს და კანდიდატები  წარსულის დამსახურებით შეირჩნენ, „ნაციონალების“ მთავარი არგუმენტი კანდიდატების შერჩევისას იქნება: „ვინ არის დღეს უკეთესი?“

 

გია უკლება  საარჩევნო სიებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მათი მისამართით გამოთქმულ  ბრალდებასაც ეხმიანება. მისი თქმით, ეს განცხადება საღ აზრს არის მოკლებული, რადგან არარსებული მისამართები და არარსებული გვარები სიებში არასოდეს ყოფილა. ამასთან ერთად არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი სიებით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები. მეორე არგუმენტით კი - დღეს იუსტიციის სამინისტროს მართავს „ქართული ოცნება“ და საარჩევნო სიები მოდის საჯარო რეესტრიდან, ამიტომ თუკი არსებობდა ხარვეზები, მთავრობას შეეძლო, ორი წლის განმავლობაში გამოესწორებინა.

 

მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ მათი მთავარი კონკურენტია, ვინაიდან ის მმართველ გუნდს წარმოადგენს. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ამოცანად სწორედ მმართველი გუნდის არჩევნების გზით დამარცხება რჩება.

 

უკლება ასევე ვერ გვპასუხობს, იქნება თუ არა ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ქუთაისის საკრებულოში დიდი რაოდენობით მოსვლას გეგმავს გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ბლოკში შემავალი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია მთავარ „კოზირად“ მთელი წლის განმავლობაში მათ აქტიურობას ასახელებს.

 

„სამწუხაროდ, საზოგადოება ინერტულად არის განწყობილი და არჩევნებზე დაბალი აქტიურობა იქნება, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს იმ ქუთაისელების, რომელთაც ამ ხნის მანძილზე არაერთი პრობლემა გავუჟღერეთ და მოვუგვარეთ, ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც აქტიურობდა,“ - აღნიშნავს გოგი წულაია.

 

წულაია ამ დროისთვის მთავარ დარღვევად საარჩევნო სიებს მიიჩნევს.

 

გოგი წულაია: „2004 წელს, როდესაც მიშა მოდიოდა, მას ეშინოდა შევარდნაძის რევანშის, ამიტომ  სასწრაფოდ მოახდინა სიების გადახალისება და მაშინ ქუთაისის მასშტაბით 110 000 ამომრჩეველი დააფიქსირეს. არა მგონია, მის მერე ქუთაისელები გადარეულიყვნენ ბავშვების კეთებით და ამომრჩეველთა რაოდენობა გამხდარიყო 155 000, ეს არის გაბერილი სია და ახალმა ხელისუფლებამაც კი არ მოაწესრიგა ეს პრობლემა. არარსებული მისამართები და არარსებული ამომრჩევლები არიან, რითაც კვლავ „ნაციონალები“ისარგებლებენ, რადგან მათი აქტივისტები იყვნენ ამ უბნებზე რეგისტრირებულნი.  ასევე გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრობირებული მეთოდის გაყალბება, როდესაც წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის კოორდინატორები ბინებში და  უბნებში დადიან, იწერენ პრობლემებს და მათ მოგვარებას ჰპირდებიან. კარგია, რომ ადამიანებს პრობლემებს უწყვეტენ, მაგრამ ეს  არჩევნების დროს მოსყიდვის მიზნით არ უნდა ხდებოდეს და მერია თავად უნდა წყვეტდეს ასეთ საკითხებს პარტიის დავალების გარეშე. მერიიდან პასუხს ვითხოვთ, რამდენით გაიზარდა ხელშეკრულებით აყვანილ ადამიანთა სია, დარწმუნებული ვარ, კატასტროფულად დიდია ეს მაჩვენებელი, რაც კეთდება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის“.

 

გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციაში ეძებენ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან წინა ხელისუფლებასთან კავშირში, იქნებიან ღირსეულნი,  წარმატებულნი და პროფესიონალები. როგორც წულაია ხუმრობს, ფაქტობრივად, დიმიტრი გელოვანებს ეძებენ. მიაჩნია, რომ ქუთაისში ბევრი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს, თუმცა  ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლა აშინებთ.

 

ახლადშექმნილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ბლოკს ქუთაისის ათივე ოლქში ეყოლება კანდიდატი. ამ დრომდე მხოლოდ სამი ოლქის კანდიდატის ვინაობაა გარკვეული. ავტომშენებლის ოლქში თავად გოგი წულაია იყრის კენჭს, ავანგარდი-პასილოკის ოლქში - ზვიად წაქაძე, ქალაქმუზეუმში კი - პოეტი ლია გვენეტაძე.

 

წულაიას თავისი მოსაზრება აქვს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით: „არაა აუცილებელი, ქუთაისში დაბადებული იყოს, სულით უნდა იყოს ქუთაისელი და საქმის მკეთებელი. საკუთარი თავი კი არ უნდა უყვარდეს ქუთაისში, არამედ ქუთაისი უნდა უყვარდეს თავის თავში. ჩვენ გვეყოლება ასეთი კანდიდატი, საკრებულოში უმრავლესობით მოვალთ და ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ქალაქში. პირველ რიგში კი, არასაჭირო პრემიებს ავკრძალავთ“.

 

პროგრამა მაქსიმუმზე საუბრობენ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაში. იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით, სიებზე საუბარი ნაადრევია, რადგან კანდიდატებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და კარგებიდან საუკეთესოებისთვის ამზადებენ მანდატს.

 

„ჯერ ვერ გეტყვით კანდიდატების ვინაობას, მაგრამ შემიძლია პროცენტულად გითხრათ, დაახლოებით, 70% გვაქვს გარკვეული, დანარჩენს ვაზუსტებთ, ათივე ოლქში გვეყოლება კანდიდატი და ვგეგმავთ, უმრავლესობით მოვიდეთ საკრებულოში. რაიმე ხარვეზებზე ვერ ვისაუბრებთ, ვიმედოვნებ, რომ მსგავსად სხვა არჩევნებისა, კარუსელი და მსგავსი დარღვევები არ დაფიქსირდება. ვთვლი, რომ საარჩევნო სიაც მაქსიმალურად დახვეწილია,“ - აღნიშნა დავით წიტაიშვილმა.

 

წიტაიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ არაა გამორიცხული, მათი სახელით ქუთაისის მერობისთვის ქალაქის ყოფილმა თავმა და იმერეთის გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა იბრძოლოს.

 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ქუთაისის შტაბშიც აღნიშნავენ, რომ ყველა მეტოქეს აფასებენ, თუმცა სახელმწიფო რესურსის წვდომისგან გამომდინარე, მთავარ კონკურენტად „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ, რის გამოც სხვა პარტიები არათანაბარ პირობებში რჩებიან.

 

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ბრძოლას აპირებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც“, როგორც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ციცი ჯინჯიხაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შტაბის გახსნამდე საარჩევნო კანდიდატთა სიებსა და საარჩევნო პროგრამაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

 

 

***

 

პოლიტიკურ პარტიებს ცესკო-ში სიების შეტანა 15 მაისამდე შეუძლიათ.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმით არის გამორჩეული, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, 12 თვითმმართველი ქალაქია, სადაც მერს პირდაპირი წესით აირჩევენ.

 

ნუგზარ ფალიანის შემდეგ ქუთაისსაც პირველად ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული მერი, რომელიც პოსტს, საკრებულოს დეპუტატების მსგავსად, მხოლოდ სამი წლით, 2017 წლამდე დაიკავებს.

 

ქუთაისში წელს, 127 უბნის ნაცვლად, მხოლოდ 123  უბანი იმუშავებს. როგორც ქალაქის №59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აღნიშნავს, საარჩევნო უბნების შემცირება საარჩევნო სიებიდან უმისამართოების ამოღებამ განაპირობა. №74 და №75 უბნები კი გაერთიანდა, ამასთან ერთად კოპიტნარის დევნილთა დასახლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გადაეცა.

 

შესაძლოა, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების და დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ფოტოებიც იყოს, რითაც მათი იდენტურობა დადასტურდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია