დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მსოფლიო რუსეთის ფერხთქვეშ, თუ პირიქით?
მსოფლიო რუსეთის ფერხთქვეშ, თუ პირიქით?
ავტორი: ცოტნე კეთილაძე
სულ ნანახია 1977
ავტორი:
ცოტნე კეთილაძე

აშშ-ის  სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკის  შესაცვლელად სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რათა დასავლეთის შემდგომ სანქციებს გაექცეს.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აშკარად არღვევს საერთაშორისო ნორმებს, მის მიმართ სანქციების დაწესებაში და სიმკაცრის ხარისხში საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანი არ აღმოჩნდა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საერთაშორისო ნორმები ხშირად მოდის კონფლიქტში ქვეყნების ნაციონალურ ინტერესებთან?!

 

„კურსის ცვლილებისთვის ფანჯარა იხურება, პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთმა არჩევანი უნდა გააკეთონ. თუ რუსეთი დეესკალაციის გზას, ჩვენ ამას ყველა დიდი კმაყოფილებით შევხვდებით, მაგრამ თუ რუსეთი ამას არ გააკეთებს, მსოფლიო გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთს ასეთი ქმედებები ძვირად დაუჯდეს“ - განაცხადა კერიმ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთს არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რათა უკრაინაში, ჟენევაში 17 აპრილს მიღწეული შეთანხმების თანახმად, სიტუაცია დაწყნარებულიყო. უკრაინამ კი თავის მხრივ, სიტყვა შეასრულა და კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს. ჟენევის შეთანხმება, რომელიც უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციას ითვალისწინებს, 17 აპრილს გაფორმდა რუსეთს, უკრაინას, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. მაგრამ, ჯერჯერობით, შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.

 

ამასთან, ჯონ კერი რუსულ მხარეს უკრაინაში დემოკრატიული პროცესის აქტიურ საბოტაჟში ადანაშაულებს, რუს ჩინოვნიკებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კი პროპაგანდის წარმოებაში, რომელიც უკრაინაში სეპარატისტული განწყობების გაძლიერებისკენაა მიმართული. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი სიტუაციის დესტაბილიზაციაში აქტიურ როლს ასრულებს და აღნიშნავს, რომ ამის მტკიცებულება ამერიკულ დაზვერვას აქვს.

 

უკრაინაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა სეულში ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი. ბარაკ ობამას თქმით, ჟენევაში შეთანხმების გაფორმების შემდეგ უკრაინის მთავრობა პირობებს ასრულებს - შემოიღო კანონმდებლობა, რომელიც ამნისტიას ანიჭებს მათ, ვინც განიარაღდება და დატოვებს სამთავრობო შენობებს, დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რომელიც ყველა უკრაინელისთვის ითვალისწინებს უფლებებს.  ობამას თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, შეთანხმების პირობების შესრულების თვალსაზრისით რუსეთი პასიურობს - არ აკეთებს მკაფიო განცხადებებს, არ გმობს პრო-რუსულად განწყობილ გასამხედროებულ ძალებს და თავის გავლენას არ იყენებს კრიზისის დეესკალაციის მიზნით. ობამას თქმით, დღეს საღამოს ის ევროპის რამდენიმე ლიდერთან გამართავს კონსულტაციებს:

 

„მნიშვნელოვანია შეიქმნას საფუძველი, რომ თუ ესკალაცია კიდევ უფრო მოიმატებს და რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო შეჭრა განხორციელდება (ევროპელი ლიდერები) მზად იქნებიან სანქციების დასაწესებლად რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორებისთვის, რასაც კიდევ უფრო ფართო შედეგები ექნება.“

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა თვლის, რომ  რუსეთმა დაარღვია შეთახმებული ნორმების მთელი სისტემა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობები განსაზღვრა. მისივე თქმით, ის ვერ იხსენებს ფაქტს, რომ ამერიკას რუსეთი ასე მკაცრად დაესაჯოს:

 

„აშშ რუსეთს უფრო მეტ და მკაცრ სანქციებს დაუწესებს, თუ პრეზიდენტი პუტინი რუს სამხედროებს რუსეთისა და უკრაინის სასაზღვრო ზოლიდან არ გამოიყვანს და  აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს არ შეწყვეტს. მე ვერ ვიხსენებ, რომ ვაშინგტონს რუსეთი თავისი მიუღებელი ქმედებების გამო ასე მკაცრად დაესაჯოს. თუმცა, ამჯერად, რუსეთმა  დაარღვია შეთანხმებული ნორმებისა და წესების მთელი სისტემა, რომელმაც განსაზღვრა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობები“ - განუცხადა „პირWელს“ მეთიუ ბრაიზამ.

 

21-ე საუკუნის დიდი საერთაშორისო დაძაბულობა...

 

„რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დასავლური დემოკრატიები გააერთიანა, მინიმუმ ისეთი საკითხის ირგვლივ, როგორიცაა რუსეთის  ქმედებების  დაგმობა. თუმცა, მომავალში, როგორც ეს მოსალოდნელია, სხვადასხვა ქვეყნების რეაქცია სხვადასხვაგვარი იქნება და სწორედ ეს გახდება მაცნე 21-ე სუკუნის დიდი საერთაშორისო დაძაბულობისა, რასაც წარმოადგენს კონფლიქტი საერთაშორისო ნორმებსა და ნაციონალურ ინტერესებს შორის“ წერს ფარიდ ზაქარია გამოცემა The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „კონფლიქტი საერთაშორისო ნორმებსა და ნაციონალურ ინტერესებს შორის.“

 

სტატიის ავტორს ამ კონფლიქტის მაგალითად მოჰყავს ინდოეთი - მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დემოკრატია და აღნიშნავს, რომ ნიუ-დელი მთლიანობაში დუმდა უკრაინის მოვლენებზე თებერვალსა და მარტის დასაწყისში, უარს ამბობდა რა რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციის მხარდაჭერაზე. ქვეყნის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების დარგში განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში „ლეგიტიმური“ ინტერესები აქვს. პასუხად, ვლადიმერ პუტინმა დაურეკა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს და მადლობა გადაუხადა.

 

„ინდოეთის რეაქცია რუსეთთან მისი მჭიდრო კავშირებით აიხსნება. 2009-2013 წლებში რუსეთის იარაღის ექსპორტის 38% ინდოეთზე მოდიოდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის წილი (და სამჯერ აღემატება რუსული იარაღის მომდევნო უმსხვილესი იმპორტიორის, ჩინეთის მაჩვენებლებს)“ - წერია სტატიაში.

 

„უფრო საინტერესოა პლანეტაზე ყველაზე პროამერიკული ერის, ისრაელის რეაქცია.

 

ისრაელმა, რომელიც ჩვეულებრივ მხარს უჭერს აშშ-ის თითქმის ყველა საგარეოპოლიტიკურ ინიციატივას, უკრაინის საკითხზე განსხვავებული პოზიცია დაიკავა“ - აღნიშნავს ფარიდ ზაქარია.

 

როგორც სტატიაში წერია, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიანჰუ უჩვეულოდ ფრთხილი იყო, როდესაც განაცხადა: „იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინაში სიტუაცია მშვიდობიანად და სწრაფად მოგვარდება, თუმცა ჩვენ საკუთარი საქმეებიც მრავლად გვაქვს“. საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა უფრო მკაფიო განცხადება გააკეთა, ერთნაირად დაახასიათა რა რუსეთიც და ამერიკაც. „ჩვენ კარგი და სანდო ურთიერთობა გვაქვს რუსებთანაც და ამერიკელებთანაც, ასევე ორივე ამ  ქვეყანასთან  მუშაობის ძალიან დადებითი გამოცდილება. ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა ჩაებას ამაში ისრაელი“ - თქვა მან.


კერძო საუბარში ისრაელელმა ჩინოვნიკებმა თქვეს, რომ მათ რუსეთთან გაუცხოება არ უნდათ, რადგან მოსკოვი სჭირდებათ მილიონობით საფრთხესთან, დიდწილად ირანთან ბრძოლისათვის, ასევე იმ საფრთხეებთან გამკლავებისათვის, რომელიც ჩნდება ხოლმე სირიის სამოქალაქო ომის გამო. თუმცა, ბევრის აზრით, ისრაელს შეუძლია მოსკოვთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება, იმ ასობით ათას რუს ებრაელთან კავშირების წყალობით, რომლებიც დღეს ისრაელში ცხოვრობენ და იქ პოლიტიკური ძალაც აქვთ. ამ კვირაში, ბრუკლინში ლიბერმანმა თქვა, რომ ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი რუსულენოვანი იქნება (როდესაც ლიბერმანი პუტინს ან საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ხვდება, ისინი რუსულ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ლიბერმანის მშობლიური ენაა).

 

ჩინეთს, რაც შეიძლება ნაკლებად გასაკვირიცაა, ასევე არ სურდა რუსეთის კრიტიკა და მის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა. თუმცა, მისი პოზიცია უფრო დახვეწილია. ქვეყანა არ იწონებს რუსეთის ქმედებებს და ხაზს უსვამს იმას, რომ მხარს უჭერს „უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.

 

„სამივე შემთხვევაში შეიძლება იდავო იმაზე, რომ ქვეყნებს ეშლებათ ის, თუ კონკრეტულად რა არის მათი ნამდვილი ნაციონალური ინტერესი: რუსეთს ჩინეთთან გრძელი საერთო საზღვარი აქვს, ამიტომ პეკინს არ აწყობს მხარი დაუჭიროს მოსკოვის მცდელობას, შეცვალოს საზღვრები ძალის მეშვეობით. ისრაელის მხრიდან სიბრიყვე იქნებოდა, კრემლთან ალიანსის ბუნდოვანი ილუზიების გამო, საფრთხე შეექმნა თავისი ურთიერთობისათვის ყველაზე ახლო მოკავშირესთან. ის, რომ ლიბერმანმა რუსული ენა იცის, ხელი ვერ შეუშალა ირანის, სირიის და „ჰეზბოლას“ მოძრაობის (სირიის გავლით) რუსული იარაღით მომარაგებას.

 

თუმცა, ყველა ამ ცალკეულ საკითხზე მაღლა დგას მთავარი რამ: სურთ თუ არა ამ ქვეყნებს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, რომელიც მხოლოდ ეროვნული ინტერესების თამაშით იმართება:

 

1945 წლიდან სულ უფრო მეტი ძალისხმევა იხარჯება საერთაშორისო ნორმების გაფართოებისაკენ, მაგალითად, ისეთი კანონების შექმნისაკენ, რომლის მიზანიც ტერიტორიების ძალისმიერი დაპყრობის პრევენციაა. ამ ნორმებს ყოველთვის არ ითვალისწინებენ, თუმცა, მან, წარსულთან   შედარებით,   ხელი     შეუწყო უფრო მშვიდობიანი და აყვავებული თანამეგობრობის შექმნას. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში (იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევიან ახალი განვითარებადი ქვეყნები) ეს ნორმები ან განმტკიცდება, ან გაქრება. სწორედ ეს გახდება 21-ე საუკუნეში ომის და მშვიდობის განმსაზღვრელი ფაქტორი“ - წერს ფარიდ ზაქარია The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია