დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„გველეშაპი ქვია თუ კობრა, სამუშაოები ვერა და ვერ დაასრულა“
„გველეშაპი ქვია თუ კობრა, სამუშაოები ვერა და ვერ დაასრულა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2306
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

უყურადღებოდ მიტოვებული ქუთაისელები შველას ითხოვენ

 

ქუთაისში, ბათუმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა, რაც ადგილობრივების უკმყოფილებას იწვევს. ქუჩის რეაბილიტაციას 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული ესპანური ორგანიზაცია  „კობრა“ აწარმოებს.


მიუხედავად იმისა, რომ „კობრამ“ სამუშაოები აღნიშნულ ქუჩაზე 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო, წყლის მილების გაყვანა მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში დაასრულა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ბათუმის ქუჩა მთლიანად გადათხრილია. მოსახლეობას გადაადგილება, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით უჭირს.

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჯერ წყალმომარაგების, შემდეგ კი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიებმა, არამარტო გზა, არამედ ეზოებში შესასვლელები, ღობეები, დენის და ტელეფონის ბოძებიც დააზიანეს.

 

გადათხრილი გზის გამო ბათუმის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ვერ მიდის. უკვე თვეებია, რაც აღნიშნულ ქუჩაზე  დასუფთავების მანქანებიც აღარ დადიან, რის გამოც მოსახლეობას ნაგვის ხელით გატანა უხდება.

 

დათო კაპანაძე, ადგილობრივი: „აგერ უკვე ხუთ თვეზე მეტია, ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით, არავინ ჩვენი პატრონი არაა. გველეშაპი ქვია თუ კობრა, სამუშაოები ვერა და ვერ დაასრულა. გადათხარეს მთელი ქუჩა და დატოვეს. ღობეები დაამტვრიეს, ბოძებს მიწა გამოაცალეს და მალე თავზე წამოგვემხობა. ქუჩაში ვერ გამოვსულვართ. მივაკითხეთ კეთილმოწყობის სამსახურს, მაგრამ რად გინდა, ყურადღებას არავინ გვაქცევს.“

 

ლიანა გელაშვილი, ადგილობრივი: „რაც ეს სამუშაოები დაიწყო, იმის მერე ჩვენი საშველი არ არის, ისევ ძველი მდგომარეობა ჯობდა, მგონი. წყალმომარაგების კომპანიაში პასუხსაც არავინ გვცემს, გვეუბნებიან, თბილისს უნდა დაუკავშირდეთო. დახეთქილია წყლის „სოჩიკები“ და წყალი სახლში გადმოდის, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ვისაც არ მივაკითხეთ, ყველა იძახის, რომ მათი საქმე არაა, ვინმემ ხომ უნდა გვითხრას, როდის მოგვარდება ეს პრობლემა? ჩვენით გავაკეთეთ მილები, მოვიდა ტრაქტორი და, გაკეთების მაგივრად, ესეც დაგვიმტვრია, ტრაქტორისტი ისე დადიოდა, არავინ მოყვებოდა, რომ ეთქვა, სად გადიოდა წყლის მილი და სად კანალიზაციის, დადიოდა ასე უპატრონოდ და ამტვრევდა ყველაფერს.“

 

გოჩა კალმახელიძე, ადგილობრივი:   „სასწრაფო ვერ გამოგვიძახებია, რადგან ვერ შემოდიან, ტაქსზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ნაგვის მანქანაც აღარ დადის, გავივსეთ ნაგვით და სიბინძურით, ხელით ვეზიდებით ნაგავს მეორე ქუჩამდე. სახლში შესასვლელიც არ დაგვიტოვეს, დავხტივართ აქეთ-იქეთ. წვიმიან ამინდში კი საერთოდ შეუძლებელია გავლა. კანალიზაციის მილები დაამტვრიეს და ფეკალური მასები ქუჩაში გადმოდის, დაახლოებით, ნახევარი წელიწადია, ასეთ მდგომარეობაში ვართ“.

 

ბათუმის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „mgm“ ახორციელებს. კომპანია 354 000 ლარიან სატენდერო წინადადებას 283 000 ლარად აწარმოებს.

 

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ადასტურებს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მიმდინარე სამუშაოების დროში გახანგრძლივებას „კობრას“ მიერ ვალდებულებების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობით ხსნის.

 

„მე თვითონ ვიყავი ბათუმის ქუჩაზე და სიტუაციას ადგილზე გავეცანი. მართლაც მძიმე მდგომარეობაა და დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს, მაგრამ იმის გამო, რომ ორგანიზაცია „კობრამ“ სამუშაოები დანიშნულ დროს ვერ დაასრულა, იძულებული ვიყავით, ჩვენც შეგვეჩერებინა მუშაობა. ბოლოს მოვთხოვეთ კომპანიას შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებდით გზის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს და მათ თავიდან მოუხდებოდათ გზის გადათხრა. ქუჩაზე სხვადასხვა სახის პრობლემები იყო, მაგრამ „კობრამ“ მუშაობა უკვე დაასრულა. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო სამუშაოები. ასევე იყო სხვადასხვა სახის პრობლემები სანიაღვრე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. ველოდებით გამოდარებას, რადგან შეუძლებელია წვიმაში მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება და ბეტონის დაგება. ამიტომ ველოდებით კარგ ამინდს. მიწა უნდა მოიჭრას, 6-სანტიმეტრიანი ღორღის ფენა უნდა დაეგოს, შემდგომ ამისა კი 16-სანტიმეტრიანი ბეტონის საფარი გაკეთდეს. კომპანიას სახელშეკრულებო პირობებით სამუშაოს დასასრულებლად ორთვიანი ვადა აქვს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მაისის თვის მეორე ნახევარში ბათუმის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებული იქნება,“ - განაცხადა მალხაზ ბასილაძემ. ბათუმის ქუჩის მცხოვრებთა განცხადების მიუხედავად, ბასილაძემ არ დაადასტურა, რომ ადგილობრივები აღნიშნული პრობლემის გამო მასთან იმყოფებოდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია