დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„კეთილი ნებით“ მიღებული წყალი და კანალიზაციას მიერთებული ისტორიული წყარო
„კეთილი ნებით“ მიღებული წყალი და კანალიზაციას მიერთებული ისტორიული წყარო
სულ ნანახია 2325
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი სამოქალაქო აზროვნება +“ აგრძელებს პროექტის - „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ - განხორციელებას.

 

თებერვლის მეორე ნახევარი, მარტი და აპრილი იყო საკმაოდ დატვირთული პერიოდი აქტივობებით. პროექტის გუნდმა გავმართეთ შეხვედრები მუხნარის, უქიმერიონის და ვაკისუბნის ტერიტორიულ ორგანოებში, ვანხორციელებდით ქუთაისში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს და მონაწილეობა მივიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის შეხვედრაში. 10 აპრილს გავმართეთ კონფერენცია „იმერეთის წყალმომარაგება დღეს და ხვალ“, თუმცა კონფერენციაზე გაჟღერებული საკითხები, მისი მსვლელობა და მომავალი პერსპექტივები ცალკე სტატიის თემაა, რომელსაც უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

 

საკმაოდ საინტერსო გამოდგა მუხნარის ტერიტორიულ ორგანოში 21 თებერვალს ჩატარებული შეხვედრა. პროექტის  გუნდმა  მონაწილეებს  გავაცანით  აშშ  საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის  მიზანი და ამოცანები, დასახული  შედეგები, განხორციელებული  და დაგეგმილი  აქტივობები, ასევე გადავეცით  მათ  პროექტის  ფარგლებში  გამოცემული საინფორმაციო ბუკლეტები.

 

შეხვედრის წინ, დღის პირველ ნახევარში, ჩვენ ჩავატარეთ ქუთაისის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი და შეხვედრის პროგრამის შესაბამისად დაგეგმილი გვქონდა ინფორმაციის მიწოდება დამსწრეთათვის. შეხვედრის დროს მოქალაქეებმა გულისტკივილით გვითხრეს, რომ მიესალმებიან ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, თუმცა მათთვის ეს ვერანაირი შვება ვერ იქნება, ვინაიდან მათ აქვთ წყალმომარაგების მხრივ სულ სხვა პრობლემა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

 

მუხნარის მართვის ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება გრაფიკით, დღეში ორი საათი, სოფელ სარბევში არსებული ჭებიდან ტუმბოების საშუალებით, რომელსაც კონტროლს უწევდა ს.ს. „რიონჰესი“. ასევე აღნიშნული ორგანიზაცია კონტროლს უწევდა საკანალიზაციო ქსელის სისტემის გამართულ მუშაობას.

 

ამჟამად ს.ს. „რიონჰესი“ შესყიდული აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, მათ შორის წყალსატუმბი სადგურიც, ხოლო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის შესყიდვაზე მათ უარი განაცხადეს, რის შედეგადაც ის გადავიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. დღეისათვის მომსახურებაზე პასუხისმგებლობა არავის აქვს აღებული, მხოლოდ „ენერგო-პრო ჯორჯიას“  კეთილ ნებაზეა დამოკიდებული მოსახლეობისათვის წყლის მიწოდება. წყალი არ მიეწოდება ახალგაზრდობის გამზირის მე-6 შესახვევს, ახალგაზრდობის გამზირის მე-7 შესახვევის ნაწილს და სადგურ „რიონი“-ს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. საკანალიზაციო სისტემა, წყალსადენის ქსელი და მილსადენი მთლიანად ამორტიზირებულია.

 

აღნიშნულს ემატება ისიც, რომ მ.ტ.ო.-ს ტერიტორიაზე განთავსებული ბიზნეს-სტრუქტურის - სასტუმროს მიერ, წყლის მომარაგების მიზნით (სასტუმროს საკუთრებაში არსებული წყლის ავზების ავსებისათვის) ტუმბოების გამოყენების შედეგად, დანარჩენი მოსახლეობა ვერ ღებულობს წყალს. თვითონ წყლის ხარისხი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და უვარგისია როგორც დასალევად, ასევე ტექნიკური მიზნებისთვისაც. მოსახლეობა იძულებულია, იყიდოს სასმელი წყალი, რაც დამატებით ტვირთად აწვება მათ ოჯახურ ბიუჯეტს.

 

რადგანაც მუხნარის მართვის ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიის  წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი  არ ეკუთვნის არც ქალაქის წყალმომარაგებას და არც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, შესაბამისად, ის ვერცერთხელ ვერ მოხვდა ქალაქის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნუსხაში.

 

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით მოსახლეობას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დროულად მოხდეს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის გადასვლა ქ. ქუთაისის წყალმომარაგების ბალანსზე, რათა მუხნარის ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორია გათვალისწინებული იყოს ქ. ქუთაისის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულ პროგრამაში.

 

აღნიშნულის შესახებ მათ მრავალჯერ მიმართეს ზემოქმედების მქონე ყველა ინსტანციას, მათ შორის მიმდინარე წელს - ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ შოთა მურღულიას, რომელიც დაპირდა მათ საკითხში გარკვევას. ჩვენის მხრივ, დამსწრეებს შევპირდით, რომ აღნიშნულ საკითხს დავაყენებდით მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე.

 

 

27 თებერვალს გავმართედ შეხვედრა ქუთაისის უქიმერიონის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის  მონაწილეების მიერ გამოთქმულ წყალმომარაგების პრობლემებში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

 

· ხდება წყლის დაღვრა ახლადდამონტაჟებული მილების დაზიანების გამო (სავარაუდოდ, წყლის ზედმეტი წნევის გამო), მათი შეკეთება არაფერს იძლევა,  რამდენიმე დღის შემდეგ საჭირო ხდება ხელახალი შეკეთება ან მილის გამოცვლა;

 

· მრავალსართულიან ბინებში დაღვრილი წყალი ავსებს სარდაფებს და საჭიროებს ამოტუმბვას;

 

· ხშირია ზედმეტი სულადობის ან ვალის მიწერის შემთხვევები.

 

ყველა ბენეფიციარს მიეცა შესაბამისი ინფორმაციული და ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები. ზოგიერთი საკითხის გადასაწვეტად (ზედმეტი თანხის დაკისრება წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან) რამდენიმე ბენეფიციარს ვთხოვეთ, შეეგროვებინა მათი გადახდის ქვითრები და შემდგომ  მობრძანებულიყვნენ ჩვენთან ოფისში, რათა დოკუმენტაციის საფუძველზე მოგვეხდინა მათი ვალის წარმოშობის კვლევა.

 

 

14 მარტს მონაწილეობა მივიღეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში. შეხვედრას ესწრებოდა წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების განმხორციელებელი კომპანია „კობრა“-ს, ზედამხედველი კომპანია „ეპტისა“-ს და წყალმომარაგების ქუთაისის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელობა. ძირითადი საკითხი, რომელიც განიხილებოდა შეხვედრაზე, იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მათი ანგარიში და მარტ-აპრილში დაგეგმილი სამუშაოები. ასევე გადაწყდა, რომ აღნიშნული კომპანიები ყოველთვიურად წარმოადგენენ როგორც შესრულებული სამუშაოების ანგარიშს, ასევე მომავალ თვეს დაგეგმილი სამუშაოების განვითარების გრაფიკს.

 

27 მარტს გავმართეთ შეხვედრა ქუთაისის ვაკისუბნის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის  მსვლელობისას გამოთქმულ პრობლემებში გამოვყოფდით შემდეგს - „ბინა დაკეტილია (არავინ ცხოვრობს), შესაბამისი განცხადებით მივმართეთ სერვის-ცენტრს, თუმცა მაინც მოგვდის გადასახადი.“

 

დამსწრეებს განემარტა, რომ, როდესაც წყალმომარაგების გადასახადის აღრიცხვა ხდება სულადობრივი (ფიქსირებული) მეთოდით, თუ ბინა დაკეტილია, აუცილებელია შესაბამისი განცხადებით მიმართვა წყალმომარაგების სერვის-ცენტრში. აღნიშნული განცხადების შეტანიდან ქვითრებში ასახვისათვის სერვის-ცენტრს სჭირდება 1 თვე, თუმცა დაახლოებით 1 წლის შემდეგ ისინი კვლავ არიცხავენ მომხმარებელს წყლის გადასახადს, რადგან, როგორც თვითონ განმარტავენ - „ჩვენ ხომ არ ვიცით, ბინაში კვლავ თუ არ ცხოვრობს ვინმე.“ ამიტომ აუცილებელია ხელახალი განცხადების დაწერა.

 

რაც შეეხება მონიტორინგის ანგარიშებს, ისინი საკმაოდ ვრცელია და დაყოფილია სამ ნაწილად:

 

1. აუზების (რეზერვუარების) მშენებლობა;

 

2. სატუმბე სადგურები;

 

3. მილგაყვანილობის მშენებლობა.

 

წყალმომარაგების პროექტიდან გამომდინარე და მონიტორინგის შედეგად ჩამოვაყალიბეთ შემდეგი შენიშვნები, რომლებიც მივაწოდეთ წყალმომარაგების სერვის-ცენტრს:

 

· პროექტის განხორციელება, თანახმად KOCKS-ის მოცემულობებისა ყველა კომპონენტში, ან მისი შესწორება ოფიციალურად დამკვეთსა და პროექტის ავტორს შორის, ან პროექტის გადაანგარიშება თვით დამკვეთიდან;

 

· შემჩნევების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

 

· განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა რეზერვუარების მშენებლობაზე შესაძლებლად მოკლე ვადაში  შესრულებისათვის, განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისა, სადაც არის, ჯერჯერობით, შესაძლებლობა რამდენიმე სახის სამუშაოთა (სატუმბი სადგურის, მილგაყვანილობის, ელქსელის) პარალელურად შესრულებისა, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, ნაწილობრივ გაშვებულია;

 

· სატუმბე სადგურების ნიშნულებისა და წყლის ატუმბვის სიმაღლეების კორექტირება, რათა თავიდან იქნას აცილებული ტექნიკური შეცდომები, შესაბამისად, ეკონომიკური მონაცემების გადაანგარიშებით;

 

· მაგისტრალური ჩამომშვები მილი გელათის ქუჩაზე ჩადებულია პოლიეთილენის და არა ჭედური თუჯის, როგორც იყო თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული;

 

· არ ხდება აბონენტების დროულად დაერთება ახალ ქსელზე.

 

საგანგაშოა ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ და ისტორიულ ძეგლთან - „ჯავახაძის წყაროსთან“ მიმდებარე ორ შესახვევში არსებული მდგომარეობა. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ კიბულის ქუჩის შესახვევებში არსებული საუკუნის წინანდელი ღვარსადენი გადაკეთებულია საკანალიზაციო არხად და შიგ გამდინარე გადამუშავებული სითხე ღიად მოედინება „ჯავახაძის წყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ძლიერი წვიმის დროს ღვარსადენის ძლიერი ჩარეცხვის გამო წყლის დიდი ნაკადი მოედინება ქუჩაში, რის გამოც გადაადგილება ხდება შეუძლებელი, ქუჩები დაბინძურებულია და გაურკვეველი სითხე შედის მიმდებარე სახლებში, რაც მთავარია - ბინძურდება ისტორიული „ჯავახაძის წყარო“, ქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი და ტურისტული ადგილი. მოსახლეობა თანახმაა, თავის თავზე აიღოს საჭირო სამუშაოების დაფინანსების ნაწილი, თუმცა, ჯერჯერობით, პრობლემა რჩება გადაუჭრელი, დაწყებული საპროექტო სამუშაოთა დაგეგმვიდან.

 

 

 „ახალი სამოქალაქო აზროვნება +

 

სტატია მომზადებულია პროექტის „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ ფარგლებში.

 

ტელ: 24-24-62

 

asa@asa.org.ge

 

This project is funded by the U.S. Embassy Tbilisi. The contents of this publication are those of the Author(s) and do not necessarily represent the views of the Department of State.

 

 

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია