დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სიკეთის გაკვეთილები
სიკეთის გაკვეთილები
სულ ნანახია 3010
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

როგორ შეასრულა სიტყვა მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ

 

ძნელია, სიტყვიერად გადმოსცე მშობლის მადლიერების გრძნობა, როცა ვინმე მის უნარშეზღუდულ შვილს ეფერება, გვერდით უდგას, ადამიანურ სითბოსა და სიყვარულს აგრძნობინებს, ტკივილსა და სიხარულს გულწრფელად იზიარებს.

 

წინასაარჩევნო კამპანიისას თუ რაიმე დღესასწაულის აღსანიშნავად მობრძანებულ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, ცნობილ სახეებს, პიარს რომ იკეთებენ პრესისა და ტელეკამერების წინ, წარმოდგენაც კი არა აქვთ იმაზე, თუ როგორ განიცდიან მათ არაგულწრფელობას, ყალბ დაპირებასა და ღიმილს ბუნებისაგან დაჩაგრული ჩვენი შვილები.

 

მაგრამ, საბედნიეროდ, ცხოვრებამ, ისეთ ადამიანებსაც შეგვახვედრა, ვისაც გულთან მიაქვს ჩვენი სატკივარი და ცდილობს, შეგვიმსუბუქოს ყოფა, სიხარული და ბედნიერება გვაჩუქოს. ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.

 

ქუთაისში ბევრი იცნობს და-ძმა შორენა და შმაგი ამაღლობლებს, იცნობს მათგან უშურველად გაცემული სიკეთითა და სიქველით. ?50 სამარშრუტო ხაზის მფლობელები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით წლებია, უფასოდ ამგზავრებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ თანმხლებ პირებს და ასევე დასავლეთ საქართველოს ნეირორეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომლებს. ?50 სამარშრუტო ტაქსების სალონებში პირდაპირ გაკეთებულია წარწერები იმის შესახებ, რომ აქ უფასოდ ემსახურებიან ასეთ მგზავრებს.

ყოველ დილით ამ სამარშრუტო ტაქსთაგან ერთ-ერთს, რომელსაც მორიგეობა მოუწევს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 22 ახალგაზრდა ინკლუზიური სწავლების ცენტრში გადმოჰყავს, საღამოთი კი შინ მოაბრუნებს.

 

ასეა მთელი ხუთი წელიწადი!

 

ვინ მოთვლის, რამდენი სიხარული აჩუქეს ინკლუზიური სწავლების ცენტრში ჩვენს შვილებს და-ძმა ამაღლობლებმა სიმარტოვისა და უმოქმედობისათვის განწირულმა ახალგაზრდებმა სწორედ აქ იპოვეს ბედნიერების კერა, იპოვეს თავიანთი შესაძლებლობების რეალიზების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ოცნებების და იმედების ლამაზად გაფერადების ადგილი. ყოველივე კეთილი შემოქმედი კი, თავის თანამშრომლებთან ერთად, უპირველესად, ქალბატონი შორენა ამაღლობელი გახლავთ - ამ ცენტრის დირექტორი.

 

 მისი განუსაზღვრელი სიკეთის მასაზრდოებელი მისივე პატარა ძმისწული - არჩილია. სწორედ აჩიკოზე მზრუნველობამ ასწავლა ქალბატონ შორენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან გულწრფელი, ფაქიზი ურთიერთობა და მათი სურვილების ამოცნობა. მას შემდეგ, რაც კერძო სკოლა „გონის“ დირექტორმა, უკეთილშობილესმა ქალბატონმა, დარეჯან ჩხიროძემ, ინკლუზიური სწავლების ცენტრს უანგაროდ დაუთმო ერთი ოთახი, შორენა ამაღლობელმა მეუფე კალისტრატეს გვერდით დგომით, მისი კურთხევით შეძლო აქაურობა მშობლიურ სახლად ექცია ჩვენი შვილებისათის. 17 წლის ასაკის ზემოთ მყოფი გოგო-ბიჭები, რომლებიც სასკოლო ასაკს უკვე გადაცილებული იყვნენ და პრაქტიკულად, შინ გახლდნენ გამოკეტილნი, ხუთი წელია, უსაზღვრო სიხარულითა და მოლოდინით, ყოველდღიურად მოისწრაფვიან ცენტრისაკენ. მათ აქ, მზრუნველ უფროს მეგობრებთან ერთად, ერთჯერადი კვებაც ხვდებათ და ფრიად სასიამოვნო გარემოც. ფართის სივიწროვის მიუხედავად, ქალბატონმა შორენამ მათთვის არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა, გააცნო საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი, მათ შორის ცნობილი შემოქმედებიც. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით და ქალბატონი შორენას თაოსნობით ცენტრის წევრებმა შემოიარეს საქართველოს კუთხეები, მოილოცეს  მრავალი წმინდა ადგილი.

 

მათთან ხშირად დადიან ეპარქიის წარმომადგენლები, სიყვარულსა და ლოცვა-კურთხევას არ აკლებს თავად მეუფე კალისტრატე. ზაფხულობით კი ქალბატონ შორენას დიდი მზრუნველობით, ჩვენი შვილები მიჰყავს მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ურეკში მამა გიორგის (შალამბერიძის) სახლში, სადაც ბავშვები არაჩვეულებრივად ისვენებენ.

 

ქალბატონ შორენა ამაღლობელს უამრავი ადამიანი უკავშირდება და სთხოვს, ამ 22 ახალგაზრდასთან ერთად მათი შვილები და ახლობლებიც მიიღოს ცენტრში, მათთან გაინაწილოს ის სიხარული და ბედნიერება, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. სამწუხაროდ, ფართის სიმცირის გამო, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ისევე, როგორც დიდი და შორს მიმავალი გეგმების სრულად რეალიზება. ქალბატონ შორენას ბევრჯერ შეჰპირდნენ დახმარებას პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, თუმცა დაპირება დღემდე დაპირებად რჩებოდა.

 

ასე გვეგონა იმ დღესაც, როცა, მოულოდნელად, მართლაც მოხდა სასწაული.

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი შოთა მურღულია, ამ თანამდებობაზე მოსვლიდან მესამე დღესვე, ინკლუზიური სწავლების ცენტრს ესტუმრა, საჩუქრად ტელევიზორიც მოუტანა და ახალგაზრდებს დიდი ყურადღებით გაეცნო. როცა პრობლემების შესახებ შეიტყო, ქალბატონ შორენას დახმარება აღუთქვა.

 

მერე კი...

 

ქალბატონი შორენა ამაღლობელი ასე გვიყვება:

 

- ტელეფონის ნომერი მკითხა ბატონმა შოთამ. კი მივეცი, მაგრამ გულში ოდნავ არ მქონია იმედი, რომ რამეს გაგვიკეთებდა, ფუჭ დაპირებებს ხომ შეჩვეული ვართ! ჰოდა, უცებ ამ დღეებში არ დამირეკა?! არ დავუჯერე, როცა მითხრა, რომ ჩვენი თხოვნა შესრულებულია და გარკვეული წესების დაცვით, სათანადო დოკუმენტაციის მომზადების მერე, ჩვენ საკუთრად გადმოგვეცემა ერთ-ერთი ფართი ავტოქარხნის დასახლებაში, მეტიც ამ შენობას გაგვირემონტებენ. გაოცებულები და აღფრთოვანებულები ვართ! დიდი ზეიმია ჩვენს ცენტრში, ბავშვები მოუთმენლად ელიან, როდის გადავალთ ახალ ბინაში, როგორ მოვეწყობით და ახალი ცხოვრებისაკენ სტარტს ავიღებთ! ბატონი შოთა მურღულიას დიდი თანადგომით, ამიერიდან ფართო შესაძლებლობები გვეძლევა, რომ ბევრი რამ გავაკეთოთ ჩვენი ნიჭიერი, გონიერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივი, იმედებითა და ოცნებებით სავსე გოგო-ბიჭებისათვის!

 

- დიახ, ბედნიერია ქალბატონი შორენა, ბედნიერები არიან ჩვენი შვილებიც და, რა თქმა უნდა, ასევე ბედნიერები ვართ მათი მშობლებიც, რომელთაც კარგად გვესმის, რა მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ამ ბავშვების ინტეგრირება, მათი შინიდან გამოყვანა, ცხოვრების ფერხულში ჩაბმა.

 

დიდი მადლობა ასეთი განსაკუთრებული ადამიანური თანადგომისათვის ბატონ შოთა მურღულიას - სიტყვის კაცს და შესანიშნავ გულისხმიერ პიროვნებას. უფალმა გაგაძლიეროს ბატონო შოთა, ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი, ბევრი კეთილი და მადლიანი საქმეები გეკეთებინოთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისათვის. ქუთაისს მართლაც სჭირდება ასეთი ხელმძღვანელი!

 

სულ ცოტაც და ინკლუზიური სწავლების ცენტრი ავტოქარხნის დასახლებაში არასამთარობო ორგანიზაცია „მადლი 50-50“-ის სტატუსით შეუდგება ფუნქციონირებას. დამფუძნებელი და დირექტორი შორენა ამაღლობელი ცხოვრების ახალ ფურცელს გადაშლის ჩვენი შვილებისათვის...

 

უფალმა შეგაძლებინოთ, ქალბატონო შორენა!

 

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მშობელთა სახელით -

 

თამრიკო ხურციძე,

 

ქრისტინა მაჩიტიძე,

 

 

მარინა ბურჯანაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია