ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 14 აპრილს საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში არსებობენ მითები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შედეგად, პრობლემები შეექმნებათ ქართველ ფერმერებს, გაძვირდება საკვები, დაკანონდება ჰომოსექსუალთა კავშირი და ა.შ. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიიჩნევს, რომ ფაქტების დამახინჯება და მითების გავრცელება შეგნებულად ხდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან“ ?DCFTA% დაკავშირებით 40-მდე მცდარი და დამახინჯებული შეხედულება დათვალა. როგორც ჩანს, ევროპელი პარტნიორებისათვის ეს საკმაოდ შემაშფოთებელი ნიშანი აღმოჩნდა და წარმომადგენლობამ გადაწყვიტა, ამომწურავი და ვრცელი განმარტებები გაეკეთებინა ამ მითებთან დაკავშირებით. გთავაზობთ, ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან მითებს და ევროკავშირის არგუმენტებს, ფაქტის მითითებით. ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ განმარტებებით, შეეცადა ეჩვენებინა, თუ როგორ ხდება რეალური ფაქტების დამახინჯება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
მითი: „ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის.“
ფაქტი: ნამდვილად არ არის ასე. ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღვწის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის, ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველანაირად მხარს უჭერს და ხოტბას ასხამს მრავალფეროვნებას; ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაში.“ ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს. და ჩვენ გვჯერა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ამ ფასეულობათა დაცვას.
მითი: „ასოცირების შესახებ შეთანხმება აიძულებს საქართველოს, დააკანონოს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება.“
ფაქტი: არა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი არ მოეთხოვებათ ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონება, რამდენიმე მათგანი კი საერთოდ არ აღიარებს ამგვარ ქორწინებას.
მითი: „ევროკავშირი აიძულებს საქართველოს, შემოიღოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელიც გზას გაუკაფავს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინებას.“
ფაქტი: სულაც არა! საქართველო ახორციელებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მის მოქალაქეებს დისკრიმინაციისგან დაიცავს. ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რომელიც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნას ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად. დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა უბრალოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის მიმართ თანასწორ მოპყრობას, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც უმცირესობებს განეკუთვნებიან. ასეთი კანონმდებლობა იცავს მოქალაქეთა არსებულ უფლებებს, მაგალითად, მოქალაქეთა უფლებას, მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე.
მითი: „ასოცირების შესახებ შეთანხმება კიდევ უფრო გაართულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და შესაძლოა, მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს სეპარატისტულ რეგიონებში.“
ფაქტი: შეთანხმება არანაირად არ აქეზებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტაბილურობას და თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო, სადაც მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება გამეფებული, რუსეთის ინტერესებშიც არის. ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, ისარგებლებს იმ უპირატესობებით, რომლებსაც მოიტანს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წყალობით ამაღლებული ცხოვრების დონე.
მითი: „ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების, მათ შორის სომხური და აზერბაიჯანული წარმომავლობის უმცირესობების - იზოლირება და მიგვიყვანოს სეპარატიზმისკენ მიმართულ მცდელობებთან.“
ფაქტი: შეთანხმება აქტიურად უჭერს მხარს დისკრიმინაციის არარსებობას და მაქსიმალურად უწყობს ხელს უმცირესობათა დაცვას. იგი აღიარებს უმცირესობების მნიშვნელოვან როლს ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავების საქმეში. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ცხოვრების დონის ამაღლების წყალობით ასოცირების შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნულ ერთიანობაში.
მითი: „ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს.“
ფაქტი: ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი. 2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა გამოხატა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა.
მითი: „შეთანხმების ხელმოწერა ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას.“
ფაქტი: პირიქით, საქართველო რეალურ სარგებელს მიიღებს ვაჭრობის სფეროში წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების და ევროკავშირის ბაზრის - მსოფლიოში უდიდესი ბაზრის - მისაწვდომობის გაადვილების შედეგად. შეთანხმება საქართველოს ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, წამოეწიოს ევროკავშირს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით და ამის შედეგად დროთა განმავლობაში დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში. ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს არა მარტო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობაში, არამედ, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების მსოფლიო მასშტაბით აღიარების წყალობით, საქართველოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაშიც. აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება ქართველ მომხმარებლებს ბევრად დიდი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას და საქართველოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. ყველაზე სენსიტიური სექტორები სარგებელს ნახავენ ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდების წყალობით, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქართველოს ეკონომიკის დაუბრკოლებელ ადაპტაციას.
მითი: „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგად მხოლოდ ევროკავშირი მიიღებს სარგებელს. საქართველო დაკარგავს სამუშაო ადგილებს, კომპანიებსა და ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ ევროპაში წავლენ.“
ფაქტი: არ არის ასე. შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო ჩარჩოს საქართველოს წარმოების სტიმულირებისთვის, ბიზნესის გაძლიერებისთვის და დასაქმების ზრდისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. შეთანხმება ითვალისწინებს რიგ დაუყოვნებელ სარგებელს საქართველოსთვის, რაიმე რეფორმების პროცესის გარეშე: 1) ევროკავშირი გააუქმებს ყველა საიმპორტო მოსაკრებელს ქართულ იმპორტზე იმ დღიდან, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ძალაში შევა. ამ გადაწყვეტილების წყალობით საქართველოს ექსპორტი დაუყოვნებელ სარგებელს მიიღებს. 2) ასევე დაუყოვნებელი სარგებელი შეიძლება მიიღონ კომპანიებმაც ევროკავშირში ან საქართველოში დაფუძნების უფრო მარტივი პირობების შემოღების წყალობით. ეს გაზრდის ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. 3) კომპანიები შეძლებენ მომსახურების უფრო ფართო მასშტაბით გაწევას, ვიდრე ადრე, რაც ასევე გააფართოებს მათ საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.
მითი: „ქართველი ფერმერები დაზარალდებიან რეფორმების შედეგად.“
ფაქტი: საქართველოს სოფლის მეურნეობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ საჭიროა მისი მოდერნიზება. საჭიროა მისი უფრო ეფექტიანად წარმოება, მას ესაჭიროება ინვესტიციები და სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების მეტი პროფესიონალიზმი და თანამედროვე უნარები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას. მაგრამ ნებისმიერი რესტრუქტურიზაცია გულისხმობს, რომ ზოგიერთი ფერმერისთვის შეიძლება აღარ იყოს მომგებიანი ფერმერული საქმიანობა და მათთვის შესაძლოა უმჯობესი იყოს გადამზადება და სამუშაოს შეცვლა. ასეთ მოქალაქეებს დასჭირდებათ ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ამ თვალსაზრისით შესატყვისი პროექტების შემუშავებაში. ასე მოხდა ბევრ ქვეყანაში, რომელთაც გადაწყვიტეს, გაეუმჯობესებინათ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო სექტორი, რათა მას მეტი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკაში.
მითი: „ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შედეგად საკვები გაძვირდება.“
ფაქტი: არ არსებობს პირდაპირი კავშირი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესა და საკვების ფასების ზრდას შორის - ეს ფასები შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიც არის მარცვლეულის ცუდი მოსავალი უამინდობის ან დაავადების გამო რომელიმე კონკრეტულ წელს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აუცილებელი რეფორმები, განსაკუთრებით კი რეფორმები სურსათის უვნებლობის სფეროში, მიზნად ისახავს უპირველეს ყოვლისა მომხმარებლებისათვის საკვები პროდუქტების აუცილებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს, რომ ზოგადად უნდა გაუმჯობესდეს ის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული პირობები, რომლებშიც საკვები მზადდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხარჯები, რომლებიც მწარმოებლებმა შეიძლება მომხმარებლებს დააკისრონ; თუმცა ეს შედეგად მოიტანს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ნაკლებ ხარჯებს ჯანდაცვაზე. გარდა ამისა, დამოუკიდებელი კვლევის შედეგების თანახმად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცებ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ხელფასებზე.
მითი: „ევროკავშირი გააგრძელებს თავისი სასოფლო-სამეურნეო ბაზრის დაცვას, მაშინ როდესაც საქართველო სრულად გახსნის თავისას.“
ფაქტი: ევროკავშირი და საქართველო ერთდროულად და სრულად გახსნიან თავიანთ ბაზრებს. ევროკავშირი არ დააწესებს საქართველოსთვის არავითარ რაოდენობრივ შეზღუდვას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ძალაში დარჩება ვაჭრობის მოცულობის მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონელი მართლაც საქართველოშია ნაწარმოები და არ არის იმის რისკი, რომ სხვა ქვეყნის პროდუქცია ევროკავშირში ისე შეაღწევს, თითქოს საქართველოშია ნაწარმოები.
მითი: „ევროკავშირიდან შემოსული იმპორტი ქართულ კომპანიებს ბაზრიდან გააძევებს.“
ფაქტი: მას, ვინც ამას აბმობს, ავიწყდება, რომ ხშირად, წარმოების გასაგრძელებლად ბიზნესს დახმარება უცხოეთიდან სჭირდება და რომ ევროკავშირიდან საქართველოში შემოსული საქონლის ნაირსახეობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულისა. მაგალითად, დღეისათვის, მანქანა-დანადგარებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ევროკავშირიდან იმპორტი უკვე წელიწადში €346 მლნ-ს შეადგენს (2012 წლის მონაცემებით). ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, განმტიცდება, რადგან საქართველოს თანამედროვე ტექნიკა ესაჭიროება (არამარტო ევროკავშირიდან) იმისთვის, რომ მოხდეს მისი სოფლის მეურნეობისა და წარმოების მოდერნიზება. ასე რომ, გლობალიზებულ ეკონომიკაში, რომლის ნაწილი, რასაკვირველია, საქართველოც არის, არ არის ასეთი მკაცრი, შავ-თეთრი დაყოფა იმპორტსა და ექსპორტს შორის.