დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა შეიცვალა სასამართლო ხელისუფლებაში
რა შეიცვალა სასამართლო ხელისუფლებაში
ავტორი: ცოტნე კეთილაძე
სულ ნანახია 1751
ავტორი:
ცოტნე კეთილაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 16 აპრილს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სასამართლო საქმეთა მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა. საია მონიტორინგს უწევდა თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღემდე მონიტორინგის ოთხი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა  2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს.

 

საია აღნიშნულ მონიტორინგს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის მეშვეობით. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საია-ს ახალი ანგარიში მოიცავს  2013 წლის ივლისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, შემდეგი მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოვლინდა:

 

ცალკეულ საკითხებთან მიმართებით, გაგრძელდა სასამართლოების პრაქტიკის გაუმჯობესების ტენდენცია როგორც გახმაურებულ, ისე ტიპურ შემთხვევებში. მართალია, პროცენტულად გაიზარდა იმ ბრალდებულთა რაოდენობა, ვისაც პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვნად შემცირდა გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიების შესახებ.

 

მოსამართლეები კვლავ არ იყენებენ თავიანთ დისკრეციას - გაათავისუფლონ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე ან შეუფარდონ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება. ნაცვლად ამისა, თითქმის ყველა საქმეში გამოყენებულია პატიმრობა ან გირაო. იყო მხოლოდ სამი გამონაკლისი: 1 - პირადი თავდებობა, 1 - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, 1 შემთხვევაში კი - ბრალდებული სასამართლომ დატოვა აღკვეთის ღონისძიების  გარეშე. ამ სამი შემთხვევიდან, არც ერთი იყო გახმაურებული საქმე.

 

 ჯერ კიდევ დაუსაბუთებელი რჩება პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შესახებ - მეტწილად გირაოს ნაწილში. პოზიტიურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სასამართლო ხშირად თავად ცდილობს ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გამორკვევას. სასამართლო, ჩვეულებრივ, ავტომატურად აღარ აკმაყოფილებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის შესახებ, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები უფრო დასაბუთებული გახდა.

 მონიტორინგის მთელი პერიოდის მანძილზე (2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით) პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ წინა სასამართლო განხილვის ეტაპზე შეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, სასამართლოები კვლავ არ აძლევდნენ საზოგადოებას საშუალებას, დასწრებოდნენ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებს.

 

ამასთან, მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად, სასამართლოებმა ვერ შეძლეს, წინასწარ გამოექვეყნებინათ ინფორმაცია პირველი წარდგენის სხდომების შესახებ. ინფორმაცია წინასწარ არ გამოქვეყნებულა აგრეთვე დანარჩენი საქმეების ერთ მეოთხედში. სასამართლოები, როგორც წესი, აკმაყოფილებდნენ პროკურატურის შუამდგომლობას მტკიცებულებების წარდგენის შესახებ. დაცვა, ძირითადად, თავს იკავებდა როგორც საკუთარი მტკიცებულების წარდგენის, ისე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნისაგან (თუმცა, დაცვა მეტად აქტიური იყო გახმაურებულ საქმეებში).

 

ჩხრეკისა და ამოღების შესახებ 38 სხდომიდან, რომელთა მონიტორინგსაც საია ახორციელებდა, მხოლოდ ორ შემთხვევაში გასცა სასამართლომ წინასწარი ნებართვა ჩხრეკის ჩატარების შესახებ. დანარჩენ 36 შემთხვევაში, ჩატარებული ჩხრეკა დააკანონა სასამართლომ, როგორც გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ღონისძიება. ეს ბადებს  ეჭვს, რომ  სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო არ ასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებას - თუ ჩხრეკა და ამოღება არ ემყარება გადაუდებელ აუცილებლობას, არ უნდა ჩატარდეს, ანდა შემდეგ დაკანონდეს.

საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლო რჩებოდა მხოლოდ პასიურ როლში და ავტომატურად ამტკიცებდა პრაქტიკულად ყველა საპროცესო შეთანხმებას. თუმცა, კიდევ უფრო შემცირდა იმ საპროცესო შეთანხმებების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ჯარიმას აკისრებდა. შემცირდა ჯარიმის საშუალო ოდენობაც. გარდა ამისა, კვლავ პრობლემად რჩება სასამართლო პროცესების დროულად დაწყება. საია-ს მონიტორინგის თანახმად, პროცესზე ხშირად მოსამართლეები აგვიანებდნენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია