დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები და მათი ნაშრომები
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები და მათი ნაშრომები
სულ ნანახია 4469
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ქართული ენის დღეს მიეძღვნა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარებული ლიტერატურული კონკურსი. მასში მონაწილეობდნენ როგორც ქუთაისელი პროფესიონალი მწერლები, ასევე ახალგაზრდა ავტორები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

 

ესეი, მოთხრობა, ნოველა, პუბლიცისტური წერილი - ასეთი ჟანრობრივი მიმართულებით, ორი საათის განმავლობაში მუშაობდნენ კონკურსის მონაწილეები, რომელთაც თავიანთი ნაწარმოებები ჟიურისათვის ფსევდონიმებით უნდა წარედგინათ. შეფასება ათბალიანი სისტემით ხდებოდა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მწერლები - ავთანდილ ყურაშვილი (თავმჯდომარე), თემურ ამყოლაძე, ელგუჯა თავბერიძე, გიზო თავაძე, ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელი ნიკო კაჭკაჭიშვილი, ჟურნალისტები - ნანული ცხვედიანი და ნინო ძოწენიძე, 20 ავტორის ნაწარმოები განიხილა.

 

პირველი ადგილი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის საფუძველზე მწერალ ცირა ყურაშვილს მიენიჭა; მეორე ადგილზე მწერალი გია ხოფერია და ჟურნალისტი ლელა თოლორდავა გავიდნენ, მესამეზე - მწერალი ბელა უჩაძე. ნომინაციაში - „ორიგინალური ნაშრომი“ ჟურნალისტმა ნათია ჩუბინიძემ გაიმარჯვა, ხოლო   „კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის“ ნომინაციაში - აფხაზეთის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კურტანიძემ.

 

სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზ ჩოგოვაძემ და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ გამარჯვებულ ავტორებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. კონკურსის ყველა მონაწილე სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდა.

 

გაზეთი „P.S.“ გთავაზობთ გამარჯვებულ ნაწარმოებებს.

 

 

 

   

ცირა ყურაშვილი


განსაცხრომელი ადგილი

 

არ ვიცი, რამდენი წლის ვარ, იქნებ ნორჩი, იქნებ ხანდაზმული, მაგრამ ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიგრძვნია მშობლიური ენის მიმართ ის, რასაც ამ ბოლო წლებში ვგრძნობ - ტკივილი ენის გამოფიტვის გამო. რევმატიზმივით იცის ჩაფრენა ამ ტკივილმა - ჩაგაფრინდება და გღრღნის. მთელ სხეულს  მოიარს და სანამ თავს არ ამოიჭამს, არ მოგეშვება. იფიტება, ცარიელდება, ღარიბდება მშობლიური ენა და ქარიშხლიანი პერიოდებიდან აპოკალიფსურ ხანაში შედის. როდის იყო, ჩვენს  ენას ულხინდა, მაგრამ ასეთი შეტევა - ყოველი მხრიდან, ალბათ, არ ახსოვს ჩვენი ენის ისტორიას. უტევს ყველა და ყველაფერი: პოეტი თუ არაპოეტი, პარლამენტარი, თუ ჟურნალისტი. უტევს მისივე ქვედინებები: სკაბრეზი,  ჟარგონი, ბარბარიზმი და ნაცვლად ენის ბუნების გამდიდრებისა, წალეკვით ემუქრება მას. ემუქრება ყველაფერი, რაც დროის აჩქარებული სულით აღბეჭდილა, რაც მოსწრებაზე, მიკუთვნებაზეა. აჰა, და მოასწროს წაჰგლიჯოს ენას ეგერ-აგერ რაღაც და ასე დანაკუწებული მიართვას მომხმარებელს. დიახ, ჩვენ მომხმარებლები ვართ, რომლებიც გაუაზრებლად ვიტაცებთ ამ ნაკუწებს და გვავიწყდება, რომ ის ჩვენი ჩვილობის საფენია, რომელშიც ვეხვიეთ, სრულწლოვნობისას შესამოსელი კვართია, დროშაა სიცოცხლის, ერთადერთობის და ერთიანობის ნიშნად აღმართული.

 

ამას წინათ, მგზავრობისას, ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი ამომივარდა. სადაც მივდივარ-მოვდივარ, თან დამაქვს. რა ვთქვა? მხარი რომ გაგიუქმდება, პარალიზებული რომ გაქვს ცალი მხარე, ისეთი განცდა მაქვს. არადა, რა კარგი გრძნობაა, გადაშლი - თვალს გააყოლებ და ტკბები: ვთქვათ სიტყვა „ბუდნა“. ეს სიტყვა ხომ დათესვას ნიშნავს, მაგრამ სულ სხვაგვარ დათესვას, - პატარა ორმოებს რომ გაუმზადებ დასათეს, ვთქვათ, კარტოფილს, დაჭრი, ჩაყრი, მიწას შემოუბუდნი, მერე ზემოდან გადაითვლი და კმაყოფილი იტყვი: ამდენი და ამდენი ბუდნაა:) ასეთი გამომსახველი, ასეთი მრავალმნიშვნელიანი სიტყვები როგორ თანდათან შორეულდებიან ჩვენგან. როგორ იკარგებიან ათობით და ასობით. ერთ-ერთ ფოლიანტში ათობით (იქნებ ასიც) გვარი დავითვალე, რომლებიც აღარ არსებობს. არსად მომიკრავს ყური, ულამაზესი ქართული გვარები, ერთი - სახასიათო გვარი ახლაც მახსოვს - გოჭიკუდაშვილი. ადგილთა სახელწოდებები, ულამაზესები, პოეტურები: დედაღვთისას შევაკება, მარიამწყარო... სახასიათოები: შავღელა, საირხვე (იხვების ღელე), წეწიების უბანი (მოჩხუბართა უბანი), პეტრიეს ხარის ნაჭერი (მიწის მცირე ნაკვეთი).

 

ვინ საოცარი ხალხი იყო ეს ჩვენი წინაპრები, რა სულიდან ამოჰქონდა ასეთი გამომსახველი სახელები, როგორ ამდიდრებდა და ალამაზებდა ენას?! დღეს რა დაგვემართა, რა ბინდმა გადაგვიარა ტვინზე, რამ შეგვიკრა ხელები, იმას მაინც ვეცადოთ, შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს, ზედმეტად აღარ დავანაგვიანოთ. წყალს არ გვთხოვს და პურს, მაინც არაფრის გამმეტებლები ვართ ჩვენი ენისთვის.

 

ამას წინათ ერთმა ახალგაზრდა ნეოლიბერალმა მწერალმა მეორე მწერლის რომანიდან ბილწი ადგილი წაიკითხა. კითხვა პარლამენტის სხდომათა დარბაზში თვითნებურად მოაწყო. კითხულობდა შთაგონებით, ერთგვარი მოწიწებით და საკმაო ღირსების გრძნობით. თუ გეღიმება - გაიღიმებ, მაგრამ მშობლიური ენა მართლა დროშა ხომ არ არის - ბილწი ბაგით შეეხო, ტანზე შემოიხვიო, ან თითზე დაიხვიო. მშობლიური ენა ქვაკუთხედია. კუთხის ლოდია, და ვაი, მას, ვისაც დაეცემა, შემუსვრა, განქრევა არ ასცდება. ამ ლოდს ჩვენს მოკლე ისტორიულ წარსულში პროლეტკულტმა წამოჰკრა ფეხი და დავიწყების მორევში გადაიჩეხა. ის ყველას შემუსრავს, ვინც მის სიდიადეს ბილწი ბაგით წაეპოტინება, უხამს მზერას მიმართავს.

 

ჩვენი ენა ბინძურდება კატასტროფულად, ტყუილი იმედია, ამას არაფერი ეშველება - როგორც გარემომცველი ბუნება, სამყარო, ყველაფერი შედის აპოკალიფსურ ხანაში. მაგრამ, როცა ჟანგბადი გაკლია, სტოვებ ერთფეროვან გარემოს და ბუნებას შეემყუდროვები. ჩვენი ენაც ასეთი შესამყუდროებელი ადგილია. იქ ბუნება სავსეა ჟანგბადით და რა დაშავდება, თუ ვიტყვი, რომ მშობლიური ენა ჩემი განსაცხრომელი ადგილია?!

 

ცირა ყურაშვილი

(I ადგილი)

 

 

   

გია ხოფერია

 

ჩემი მეორე - მზეა

 

- გამგჯარხარ, გადღლეზიხარ, მეტი არ ჩაოხრებულხარ, შენ მომინელე და მომსპე, ერთხელ მაინც დახუჭე თვალი და მეისვენე, ამისთანა ოხრის ტილი რა გამიჩნდი, რაც შემიძლია გიმღერი და გიმღერი ივნანას ქართულ ენაზე, ივნანუმ, ვარდონანუმ, გიმღერი და გიმღერი! მეტი არც ხმა მაქვს და არც ძალა, გამიშრა ყელი.

 

ძალიან ეშმაკურად აყვლიპინებდა თვალებს დასავაჟკაცებელი ბალღი, თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული ნივთიერი გესტაპოსგან, არტახებს რომ ვეძახით, სწორედ იმათგან, თორემ უფრო მეტად გამოავლენდა დედის მიმართ ახვანცალებით პროტესტს.

 

ფიქრით კი არც თუ მხიარულად ფიქრობდა:

 

„მაგი რომ ქართულია, მოგრჩება ნახევარი! გასადღლეზი და გასასკდომი უნდა მიწოდო აკვანში ჩაგვრიტებულ პირმშოს?! მე ვარ ოხრის ტილი?! ყველაფერს ვიმახსოვრებ, ყველაფერი იწერება ამ პატარა თავში და რომ წამოვიზრდები, განახებ სეირს!“

 

- ა, კიდო, რა გატირებს, ბიჭო, შენ გადაგიშენდა გამკეთებელი! შენი ჩასახვის გულობიზა კინაღამ სული გამაცხებია მამაშენმა!

 

„ძალიან არაეთიკური ხარ, დედიკო! ასე უნდა ელაპარაკო უთინთილოს? მაგასაც ვიმახსოვრებ, მაგიც იწერება ჩემს მაგნიტოფონში, ავადმყოფი ძროხის რძეს რომ მასმევ, არ მაკმარე და მეუწმაწურები კიდეც?კარგი სიტყვა გლახად ნათქვამი წამლავს და შხამავს ორგანიზმს და შენი როყიოობა როგორი მოსანებელი-მოსარჩენია.“

 

(იქნებ ფიქრობს რომელიმე, თუნდაც გამოცდილი დედა, რომ აკვნის ბავშვის ტვინი, დღევანდელი უცხვირპირო გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ჩემგან ზეწოლას განიცდის. არაა ეს ასე გამოცდილო! შეცვალე ფიქრი)

 

ბავშვი კიდევ უფრო მიეძალა თავის გაკრიალებულ გონებას და ერთხელაც უხმოდ მიაძახა დედას:

 

„დედიკო, ცოტა ხნით მზე შემოუშვი ჩემს გულში! კარგი და თბილი სიტყვებია მზე.“

 

აკვანს რომ დაცილდა, გაბაკუნდა, გააცოცხლა და გაანათა სახლი, მოფერებით კი ეფერებოდნენ აქა-იქ, ზოგჯერ, ვითომ-ვითომ, მაგრამ მამა რომ მობრძანდებოდა საღამოობით გალეშილი და ზარბაზანივით იცლებოდა, დედა ორმაგ ზარბაზნად გადაიქცეოდა და ლოგინის ქვეშ შემძვრალს ესმოდა:

 

მამა - შენი მკვდარი და ცოცხალი, შენი გამომცემელი, დედა, მამა, ჯიში, მახინჯო, დაფეხვილო!

 

დედა - ნაგვის კასრო, მყრალო ლოთო, ამ ღამესვე დაგადობიებ მაგ მაიმუნის თავს ჯრიკზე და დაგჩეხავ. ვინც შენთან დაწვეს აწი, მართლა გოუწყდეს პატრონი, ერთი ბოვში გაგიჟღინტე და მეტს ვერ ეღირსები!

 

ბავშვი კანკალებს საწოლის ქვეშ. კარგახანს კანკალებს და აღვარღვალებს ცრემლებს. ზარბაზნები არადა არ დუმდებიან, არ ელევათ მწარე ქართული...

 

მხოლოდ ერთხელ მიეალერსა მეზობელი: რა კარგი თვალები აქვს ამ ბაღანას! გულიც თბილი ექნება, მაგრამ ამათ ხელში, ამათ ყოველდღიურ წყევლა-გინებასა და ოხრობაში ვინ გაძლებს?!

 

წლების შემდეგ:

 

- შენ ძმაო, ჩემი დედა... მაგრად მიქარავ! ან მომიტან მაყუთს, ან „ბოზის შვილი ვიყო, დაგჩეხავ, ჩემთან დვიჟენიები არ შეგეშალოს!..

 

არავის ზოგავდა, არც მას ზოგავდნენ...

 

მარტო რომ რჩებოდა, ადრინდელი ბავშვურობით  არა,  მაგრამ  გულაჩუყებით მაინც ტიროდა. სრულად რომ ჩამოეცრემლებოდა ლოყები, სარკესთან დადგებოდა, ხელებს აღაპყრობდა და იმას, სარკის იქით რომ ჩანდა, სლუკუნით ეუბნებოდა:


- შენ ვიცი, სუფთა რომ ხარ, ყოველთვის მენატრები, ყოველთვის მინდა შენთან ვიყო, მაგრამ რა ვქნა, რაც დედაჩემიდან გამოსხლტი, ამ დასაქცევ სახლში, მის მერე ერთი მშობლისგანაც და მეორესგანაც ჭუჭყისა და ტალახის მეტი არაფერი წამოსულა ჩემსკენ. მათი ყოველი სიტყვა, ყოველი ლანძღვა-თითხვნა სხეულზე მაქვს შემოხვეული და მჭამს, მღრღნის, გველივით მიძვრება გულსა და გონებაში. მაგნიტივით მიმიკრა იმათმა ლექსიკონმა, გამათახსირა. მეც დამიჟანგა ენა.


მოფერებასა და სითბოს, ალბათ, სულ სხვა სიტყვები მოჰყვება. ბალღობაშიც არ განვიცდიდი ამგვარი სიტყვების მზეს და მიტომ ვარ ჩაბნელებული. ქუჩაშიც, სადაც არც თუ ცოტაა ჩემისთანები, უფრო დავიჟანგე.

 

შენ ხარ ჩემი მეორე სიცოცხლე, ნუ გიკვირს, შენ მართლა ცოცხალი ხარ, ა, ხომ ხედავ,  ხელითაც გეხები, ჩემს ხელისგულზე მაქვს მოდებული შენი ხელისგული. შენ ისეთი ქართული იცი, ცეცხლს რომ მოუკიდებს ადამიანს, თავის თავსაც შეაყვარებს და სხვისასაც. შენი ქართული ლორწოდ კი არ გაიშარდება მიწაზე, არამედ, ნებიერ თესლს ამოიყვანს, უფსკრულის პირას მდგარს შემოაბრუნებ. შენ ჩიტების, ყვავილების, წყლის, ჰაერის ქართული იცი, შენ მზე ხარ, უკვდავი მზე, ჩემისთანა წამხდარსაც რომ ჩაუგულიანდები და გადაშლის მის შავხავსიანობას.

 

შენ კიდევ რა ხარ, იცი?

 

აუ, მართლა ბევრი რაიმე ხარ, რომელიც არასოდეს გამოილევა.

 

შორიდან ზარის ხმა მოისმა, ერთ ხმას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. აზარდა იქაურობა.

 

- მე აწი არასდროს გამოვჩნდები! - თქვა სარკის წინ მდგარმა.

 

- ძალიანაც რომ მოინდომო, ამას ვერ იზამ! - სარკის შიგნით მდგარმა თქვა.

 

- მე შენ გინახავდი!

 

- კარგადაც მოიქეცი, თუმცა, უშენოდაც ვიქნებოდი შენახული.

 

- აბა, ჰე!

 

- გამოვიდე?

 

- გამოდი, ჩემამდეც აღწევს ზარების ხმა...

 

მზე მართლაც უშურველად ანათებდა იმ დღეს, მაგრამ განსაკუთრებით ქალაქის ბულვარს ეფინებოდა თვალისმომჭრელი სინათლე.

 

ისხდნენ დედები, მამები, ძმები, მეგობრები, შეყვარებულები, გუშინდელი დაუბრებულები, მეზობლები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები... ისხდნენ და ერთმანეთს აოცებდნენ თავიანთი მეორე მზეთი.

 

გია ხოფერია

(II ადგილი)

 

 

 

   

ლელა თოლორდავა

 

ფემბე

 

ჩვენი შეხვედრის შანსი ნოლის ტოლი იქნებოდა, თხოვნაზე უარი რომ მეთქვა ჩვენი თურქი მასპინძლისათვის...

 

ახლა კი, კურორტ „ოილატში“, სასტუმროში, 313 ნომერ ოთახში დაბინავებულ მე და ჩემს გოგონას დილაუთენია მოლას ლოცვის ხმა თუ გვაღვიძებს, სულაც არ ვბრაზდებით...

 

გოგირდის აბანოში მიმავალთ, პირველი შავებში ჩაცმული ქალბატონი გვხვდება და ზღურბლზე გადაბიჯების საშველს მანამდე არ გვაძლევს, ვიდრე მასთან ერთად ჩაის არ მივირთმევთ...

 

ძველი ქართულით მოსაუბრე ქალბატონი, 85 წლის ფემბე გახლავთ. გასული საუკუნის დასაწყისში გადასახლებულა მისი მშობლები „გურჯისტანიდან“ „ოილატში“... „ლაპარიკი ვიცი, წიგნი არაო“ - მითხრა...

 

ერთი კვირის განმავლობაში დავმეგობრდით მე და „ფემბე ქალბატონი“, მეც „ქალბატონობით“ მომმართავდა...

 

შვიდი დღეა, ვყვები საქართველოს ისტორიას, ძველს თუ ახალს... შვიდი დღეა, ვსვამ ზომაზე მეტ თურქულ ჩაის და ვგრძნობ, რომ კოფეინით თრობამდე ცოტაღა მიკლია... შვიდი დღეა, ჩემი ანცი ქალიშვილი ფემბეს ზურგს უკან იმალება და წ

ასვლას მანიშნებს...

 

ფემბე კი ბრუნდება წარსულში და მიყვება ამბებს, გურჯისტანის მონატრებაში დამუნჯებული ნენეის ამბებს... სიკვდილის წინ სიზმრად ნანახ გურჯისტანზე და ხის კოვზზე, ბათომიდან რომ წამოიღო საქართველოს  მოსაგონრად...

 

„ლამაზი ლაპარაკობა იციო,“ - შემაქო... წიგნები მომიყევიო... მეც წავუკითხე ლექსები, რაც კი მახსოვდა ყველა... ტიროდა ფემბე და თავსაფრის კუთხით იწმენდდა ცრემლებს...

 

მერე ხალათის ჯიბიდან ფოტოსურათი ამოიღო, მომაწოდა და მითხრა „ჩემი სახელი დამიწერეო ქართულად“...

 

დავხედე ახალგაზრდა ფემბეს სურათს და შავ-თეთრ ფოტოშიც კი დავინახე მისი ზღვისფერი თვალები, საოცრად მეტყველი და სევდიანი...
ფოტო გადმოვაბრუნე და ადმინისტრატორის ნანათხოვარი კალმით, ლამაზი ქართული ასოებით დავწერე „ფემბე“...

 

გულში ჩაიკრა ფემბემ ფოტო და მითხრა - „სუდარის ჯიბეში უნდა ჩავიდო ეს სურათი, ჩემი ქმარი ვერ მიცნობს ამფერსო“... „ჩემ წინაპრებს ვაჩვენებ შენს დაწერილ ჩემს სახელსო“...

 

ფემბეს ამ ნათქვამზე მაშინ გამეღიმა, ახლა კი, წლების მერე, როცა ვიცი, რომ ფემბე გარდაცვლილია, სევდიან მოგონებად მექცა ეს ამბავი...

 

ჩემი დაწერილი „ფემბე“ ახლა თურქეთის მიწაში იშლება, ალბათ...

 

ჩემი ფემბე...

 

ჩემი დაწერილი „ფემბე“...

 

 

ლელა თოლორდავა

 

(II ადგილი)

 

 

   

ბელა უჩაძე


ქართული ენა

 

ჩემი მარტოობა ბაბილონში დაიწყო. სამყარო მაშინ ახალგაზრდა იყო. შენ და სამყარო თანატოლები ხართ. Aი  წმწ! „პირველად იყო სიტყვა...“ ის სიტყვა შენ იყავი, სიტყვა-ღმერთი და როცა აღარ ისმოდი, ჩემი მარტოობაც დაიწყო ბაბილონში.


ფოთოლცვენისას შემოდგომისფერთვალებიანი პატრიარქის აღალს დავემგზავრე, დასალიერისკენ მივიწევდით ორი მდინარის შუა, შორს მთების სამკუთხედები ტყდებოდნენ და მზეც ცხრებოდა ჩვენს თავზე. აქლემების ზანზალაკები ამოვაქოლინე და სიჩუმის გამეფებაზე დავიწყე ოცნება, იმ სიჩუმის გამეფებაზე, რომლის წიაღში ოდესმე, ალბათ, გაგიგონებდი შენ. ერთ დღეს, უნაგირზე ჩაძინებულს, მესიზმრა ჩემი თიხის ფირფიტების საცავის აღმოსავლეთი კედელი სახურავის ქვებს დაეტანა და თიხის ფირფიტები ყვითელ მტვრად და ფერფლად ქცეულიყო. დავდიოდი ამ ფერფლში. სიზმარში ძალზე უბედური ვიყავი, ქვის ჩამოქცეულ სახურავიდან მოჯარულ მთებს ვხედავდი და შველას ვთხოვდი. მთები ახლოს მოსულიყვნენ და გაგიგონე „შენ“ - პირველყოფილი დილა, მზე სმენიდან სისხლში შეტანა არ დამცალდა - გავიღვიძე.

 

მეორე დილით ცასშეეტყო,  შემოდგომას სასიკვდილოდ უთქვამდა  გული.  როცა  დელტადან გავედით და ზღვას გვერდი ვუქციეთ, ქარავანს გამოვეყევი, მზის ბოლო სხივებს გავეკიდე და თორმეტი დღე-ღამის მერე თეთრ-მწვანე მთების გადაღმა გაშენებული პატარა ქვისფერი ქალაქის გალავანთან მივედი. გასავათებული და ბედნიერი სისხლით ვგრძნობდი მოახლოებას. ცხენები გავუშვი, მონები გავათავისუფლე და ყველაფერი, რაც მებადა, გალავანთან მოსეულ მათხოვრებს დავურიგე. ისინი ყველა სულიერზე მეტად მეყვარებიან არსებობის ყველა შესაძლო განსხეულებაში, უსასრულო კოსმოსების ყველა განმეორებაში,  მაშინაც კი, როცა შენ ისევ აღარ მეხსომები (ვაითუ, ეს მოხდეს!). მეყვარება ეს ბინძური, ჩამოფლეთილი ბრბო. არ მეცოდინება, თუ რატომ... ეს სხვაგან, სხვათა ზეობის ჟამს...

 

მათ მომცეს „შენ“. იმ ღამით, მათი მადლობის სიტყვები „შენ“ იყავი, ღმერთი, ხმა... იმ ღამით ბედნიერმა დავიძინე მათ გვერდით ქვებზე და ჩემი სიზმარი პირველად, ათასი წლის მანძილზე, ხმიანი იყო, ხმამ დაივანა სისხლში - „შენ“. მე მივხვდი, შემეძლო უხმო თიხისთვის შენი სულის შთაბერვა, თიხაზე შენი დატევა, მივხვდი ამ ღამიდან მოყოლებული თიხის ფირფიტების ყველა საცავი ერთიმეორის მიყოლებით დაიქცეოდა  ჩემს სიზმრებში. იმ ღამის შემდეგ აქ ვარ და გისმენ უსასრულობის თეთრი და შავი საუკუნეების მონაცვლეობაში შენ სულ ხარ და მარადიულად ჰგიებ. რამდენიმე საუკუნეა, გადავწყვიტე, აღარ ვიყო და ჩემი ურიცხვი სიზმრების უსასრულობა მას დავუტოვო, ვინც სისხლით გიგრძნობს ჩემს სიზმრედში შენზე დარდი, მონატრება და შიში დევს, ჩემი მარტოობა ბაბილონში დაიწყო, როცა არ მყავდი. ახლა მის ხმაში მიცანი, ამ ქვისფერ ქალაქში რომ ივსება „შენით“, სისხლში რომ გისახლებს და მაინც რომ გეძებს მწუხრის უსასრულობაში.

 

ბელა უჩაძე

(III ადგილი)

 


 

   

ნათია ჩუბინიძე


ქუდია თუ ბოხოხია?!

 

22-ე საუკუნე... მუზეუმის სხვენი, გაზაფხულია, მზემ სხივი შეანათა სხვენის ბოლო თაროზე, მტვრის ნაწილაკების  მოძრაობა და ორი ქუდი შესამჩნევი გახადა.

მზემ და აპრილმა დაცრეცილ ქუდებს თვალი აახელინა და აალაპარაკა:

 

კეპი - გღვიძავს?

 

ბოხოხი - დიახ!

 

კეპი - რა კარგი ამინდია. კი გავიდოდა კაცი სასეირნოდ, ან სადმე აქციაზე.

 

ბოხოხი - ახლა ვინ დაგვიხურავს, ეს მაშინ იყო საუკუნის წინ...

 

საუკუნის წინ... 21-ე საუკუნე... აქციაზე. შემდეგი ფრაზების კორიანტელი, გადადექი, გადადექი, ვითხოვთ, დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები. მასაში ორი ახალგაზრდა დროშას აფრიალებს, გულზე ხელს იბრახუნებს, სამშობლო, ევროპა, ამერიკა, ნატო, თავისუფლება, წარსული, აწმყო... გუგუნებს მასა, ტაშის გრიალი, გამხეცებული კივილი. დროშის მოფრიალე გვერდიგვერდ მდგომი ახალგაზრდებიდან ერთს კეპი ახურავს, მეორე ბოხოხით უმტკიცებს ერს პატრიოტობას და იწყება ქუდებს შორის პირველი დიალოგიც:

 

ბოხოხი - ეს ხალხი სხვა ენაზე ლაპარაკობს, ამიტომაცაა პრობლემა, ამიტომაც არ ესმით ერთმანეთის.

 

კეპი - ცნობიერებებს ენა ვერაფერს უშველის.

 

ბოხოხი - რა ჯანდაბაა ამდენი უცენზურო სიტყვები?

 

კეპი - იმ უცენზურო სიტყვებს ტაში დაუკრა მასამ, ვერ ხედავ?!

 

ბოხოხი - თუ არ შეიგინე, კაცი არა ხარ?!

 

კეპი - ვინ ხართ, თქვენ, ქართველები? რას მანიპულირებთ ამ წარსულით, რა ისტორია გაქვთ ასეთი? ან ეს რა არის „ენა, მამული, სარწმუნოება.“ მითხარი ერთი, თუ ასე მნიშვნელოვანია ეს სიტყვები თქვენთვის, რით ვერ გაითავისეთ აქამდე? სულ ამას როგორ ახსენებთ ერთმანეთს.

 

ბოხოხი - თუ შენ წარსული არ გაქვს, არც მომავალი გექნება. ჩვენი წარსული ღირსება, გმირობა, თავდადება, პატრიოტიზმი, თავისუფლება და პატივისცემაა... ენა ერებს აყალიბებს? ბრიყვი ხარ შენ და არაფერი გესმის...

 

კეპი - ბრიყვები თქვენ ხართ, ლოზუნგებსაც ჟარგონებად წერთ. სათქმელს ქართულად არ ამბობთ და მერე იძახით, ერთმანეთის აღარ გვესმისო. სილას ისე გააწნით ერთმანეთს, თქვენი ქრისტიანობა სულ აღარ გახსოვთ. „მამულს“ შემოფლეთილი ტერიტორიებად გაჰკივით.

 

ბოხოხი - გისმენ და ვეღარ ვხვდები, რა ჯანდაბა დაგვემართა. ყველა თავის ენაზე ამბობს სათქმელს, ან იქნებ, სათქმელიც აღარ დაგვრჩა.  მოკლე   ტექსტური   შეტყობინებებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა ამ სიბრიყვემდე.

კეპი - 21-ე საუკუნეა, ერები  „სმს“-ებით ესაუბრება ერთმანეთს,  „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“ - თქვენ არ იძახდით?

 

ბოხოხი - შენისთანა ცნობიერებებით არყევენ დაწყობილ საზოგადოებებს. გარყვნილება და ამპარტავნობა აღარ გვალაპარაკებს ქართულად. აღერილი ტვინები ქმნიან უპერსპექტივო მომავალს. ყველაფერზე პირდაღებულ ადამიანებს უცივდებათ სწორედ სამეტყველო ორგანოები. კბილებს ენაზე რომ აღარ აჭერენ, ეს არის პრობლემა.

 

კეპი - ამის რომ აღარავის ეშინია და რცხვენია, ეს გაწუხებს, შენისთანა ორი კაცი რომ ფიქრობს ასე, ამან გაგაბოროტა, მეტყველების უნარი დაგაკარგვინა და ვეღარ ლაპარაკობ დალაგებულად, ბოხოხო...

 

ბოხოხი - გავა დრო და ჩვენ ისევ გავმართავთ დიალოგს და მაშინ ორთავე შევთანხმდებით ერთ რამეზე: ენა ერებს აყალიბებს, სულერთი არ არის ერთ ენაზე, ქართულად ლაპარაკი გადარჩენისთვის.

 

კეპი - წლ...

 

გავიდა დრო... 22-ე საუკუნე... მუზეუმის სხვენზე, ქუდია თუ ბოხოხია?..

 

კეპი - გახსოვს, საუკუნის წინ რას იძახდი?

 

ბოხოხი - გაიხედე გარეთ, ადამიანები რა მშვიდად მოძრაობენ ქუჩებში, აღარც აქციებია, აღარც გზებია გადაკეტილი.

 

კეპი - ჟესტების ენაში სათქმელი ბევრი არაფერია.

 

ბოხოხი - იმ პატარა ბიჭს გახედე, ქართველია... გადავრჩით, ყური უგდე ლექსის სათქმელად ემზადება, რა ვაჟკაცურად დგას, „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ...“

 

კეპი - „ნამასტე...“

 

ბოხოხი - „ნამასტე...“


ნათია ჩუბინიძე

(ნომინაცია „ორიგინალური ნაშრომი“)

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია