დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ბიგვავა: „არავის თითი თითზე არ დაუკარებია სამეგრელოში სიტუაციის გამოსასწორებლად“
ზურაბ ბიგვავა: „არავის თითი თითზე არ დაუკარებია სამეგრელოში სიტუაციის გამოსასწორებლად“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2637
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

როგორი იქნება საპრეზიდენტო შედეგები? ამაზე პროგნოზის სხვადასხვა ვერსია არსებობს. „პლასტილინის კაცზე“, „ფქვილის პრინცესაზე“, „ვი დიქტეიტესა“ თუ სხვა კანდიდატებზე იმდენად არ ღელავს ხალხი, რამდენადაც - საარჩევნო კომისიებში ისეთი ხალხის შეყვანაზე, რომლებიც ცნობილი იყვნენ მოსყიდვითა და გაყალბებებით. ამბობენ, რომ, ამ მხრივ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს შორის სამეგრელო ყოველთვის ლიდერობდა. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელოში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა. წაგების მიზეზებსა და სამეგრელოში არსებულ სიტუაციებზე „პოსტსკრიპტუმს“ ზურაბ ბიგვავა ესაუბრა. ის „ქართული ოცნების“ მარტვილის შტაბს ხელმძღვანელობდა...

 

- ბატონო ზურაბ, თქვენ კარგად იცნობთ იმ სიტუაციას, რომელიც საარჩევნო თვალსაზრისით იყო 2012 წლის წინ სამეგრელოში. გაიხსენეთ ეს პერიოდი და ახსენით, რატომ ჰქონდა ცუდი შედეგები იქ   „ქართულ ოცნებას?“

- ამას აქვს, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები. სამეგრელოს დამონება და გადაგვარება სააკაშვილის რეჟიმიდან არ დაწყებულა. სამეგრელოს დამონება, გაუპატიურება, გადაწვა და დაჩოქება დაიწყო 1992 წლიდან მხედრიონის მიერ. რაც ვერ გაანადგურა შევარდნაძის რეჟიმმა, მისი განადგურება განაგრძო სააკაშვილმა ახალაიების, ქარდავების, კოდუების... და გოროზიების ხელით. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, აყვავებული სამეგრელო, რომელიც წარმოადგენდა სატრანზიტო-საკურორტო ზონას, ჩაკეტილი ჩიხი გახდა. სამეგრელოში არ მუშაობს არცერთი ფაბრიკა-ქარხანა. აქ ყველაზე დიდია უმუშევრობა სხვა რეგიონებთან შედარებით. სამეგრელო გახდა ახალაიების გუბერნია. მათ გავლენას კი იცავდა პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბოლოს - თავდაცვის სამინისტრო თავისი სამხედრო პოლიციით. ვინც ხმას ამოიღებდა, მას ელოდა უსასტიკესი ბედი ოჯახის წევრებთან ერთად, სიცოცხლის დაკარგვაც კი. ამან გამოიწვია ის, რომ სამეგრელო დატოვა ყველამ, ვინც არ შეეგუა ამ რეჟიმების პარპაშს. სამეგრელოში, ძირითადად, დარჩნენ მხოლოდ მოხუცები, ბავშვები  და ის ფენა, რომელსაც ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, დაეტოვებინა სახლ-კარი. უმეტესობა გადაიხვეწა რუსეთში, თურქეთში, ევროპაში და დანარჩენმა მიაშურა თავკომბალა თბილისს. საჯარო სამსახურში კი ასაქმებდნენ მხოლოდ იდეურად მხედრიონის, შევარდნაძის   და  ბოლოს „ნაციონალების“ მხარდამჭერებს. ის ხალხი კი, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას უჭერდა მხარს და ეროვნული იდეების მიმდევრები არიან, უგულებელყოფილნი იყვნენ ყველა ხელისუფლების მიერ და უგულებელყოფილნი არიან დღესაც. ამას დაემატა ის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ არ იყო სწორად შერჩეული მაჟორიტარობის კანდიდატები. მათ არ ჩაუტარებიათ არავითარი სოციოლოგიური კვლევა, ან პრაიმერიზი. „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ თბილისიდან დანიშნა  მაჟორიტარობის კანდიდატები თვალდახუჭულად. მათ, რატომღაც, ჰგონიათ, რომ თბილისიდან უკეთესად ჩანს ადგილობრივი პრობლემები და კეთილდღეობა. ბატონი ბიძინას ავტორიტეტი არ აღმოჩნდა საკმარისი არჩევნების მოსაგებად ზუსტად ამ მიზეზების გამო. ამას, რა თქმა უნდა, დაემატა არჩევნების გაყალბება, რომლის გამოძიებასაც გვპირდებოდა „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს დაპირება გადაჰყვა კოჰაბიტაციას.

- როგორ პროგნოზს გააკეთებდით საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ძირფესვიანად არ შეცვალა თავისი მიდგომა ამომრჩევლებისადმი, მისი კანდიდატი შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს სამეგრელოში. დღეის მდგომარეობით, ალბათ, პირველზე გავა ბურჯანაძე, მეორეზე - ბაქრაძე, და მესამეზე - მარგველაშვილი. აი, სანამდის მიიყვანა  კოჰაბიტაციამ „ქართული ოცნება“.

 რაც შეეხება კრიზისიდან გამოსავალს, მე ამას ვხედავ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. ოღონდ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის ფონზე. ივანიშვილის გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოიწვევს სახელისუფლებლო ქაოსს, რომელსაც შეიძლება „ქართული ოცნება“ გადაჰყვეს. დარწმუნებული ვარ, „რესპუბლიკური პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან მოლაპარაკებას ხელისუფლების შემდგომი გადანაწილებისთვის. მათთვის საფრთხის  შემცვლელია ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლა. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდება. ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ვერაფერს გადაწყვეტს პარლამენტის გარეშე. ამიტომ მთავარია, ვინ იქნება პარლამენტში და არა - ვინ იქნება პრეზიდენტი.

ვისაც დღეს პატივს ვცემ „ქართულ ოცნებაში“, დარჩა ორი ადამიანი: ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ჯერჯერობით, ჩემს ადგილს  ვხედავ კოჰაბიტაციასთან და „ქართული ოცნების“ სიმსივნის წამონაზარდთან ბრძოლაში.

- როცა მარტვილის ,,ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდით, ბუნებრივია, საარჩევნო ოლქის ბევრ დეტალს აკვირდებოდით. მაშინ საოლქოს წარმომადგენელი 6 კომისიის წევრს ნიშნავდა არა იმდენად ოლქი, არამედ - მმართველი პარტია, ახლა გვაქვს სხვა მდგომარეობა?

- როცა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები იყო, მაშინ  13 კომისიის წევრიდან 2 იყო „ქართული ოცნების“, დანარჩენი  11,  ფაქტობრივად,           „ნაციონალური მოძრაობის“.   ამ    არჩევნების დროს დიდი როლი შეასრულა დამკვირვებლების ინსტიტუტმა და ვიდეო-კამერების დამონტაჟებამ საარჩევნო უბნებზე. ეს იყო უფრო მასშტაბური გაყალბებისგან ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი. დღეს კი საარჩევნო უბნებზე გვაქვს ასეთი მოცემულობა: 13 კომისიის წევრიდან 6 არის კოალიცია ,,ქართული ოცნების“, 1 - „ნაციონალური მოძრაობის“ და 6 ნიშნავს ცესკო(საოლქო საარჩევნო კომისია). მარტვილის რაიონში ამ 6 წევრის დანიშვნა მოხდა „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გარიგებით (3-3 წევრი). გამოდის, რომ „ოცნებას“ჰყავს 9 წევრი და 4 - „ნაციონალებს“.  ეს კი ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია.  წინააღმდეგი ვარ ყველანაირი საარჩევნო გარიგების, როგორც „ნაციონალებთან“, ასევე ნებისმიერ პარტიებს შორის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლოს ხელისუფლებამ არჩევნებისადმი პატივისცემა. თუ გინდათ, რომ ენდონ არჩევნებს და პატივი სცენ, ის არ უნდა გააყალბო.

- თუ შეგიძლიათ, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით  სამეგრელოს მოსახლეობის განწყობის შესახებ გვითხრათ...

- სამეგრელოს მოსახლეობა არის იმედგაცრუებული. არ აღმოჩნდა საკმარისი უფასო ხვნა-თესვა, სასუქების დარიგება, უფასო დაზღვევა, უფასო ბაგა-ბაღი, ციხეებში ადამიანური მოპყრობა და პიროვნების თავისუფლება. არ აღმოჩნდა და რატომ? იმიტომ, რომ ნდობა ბიძინა ივანიშვილის პიროვნებისადმი იყო უფრო დიდი და მოლოდინებით სავსე. ამას ხელი შეუწყო უდავოდ ბევრმა დაპირებამ. დაპირებების ზუსტად ის ნაწილი ვერ შესრულდა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრებისეულ მოთხოვნილებას და კეთილდღეობას. პირველი და ყველაზე მთავარი: ამ ხალხმა ვერ შეამჩნია სამართლიანობის აღდგენის მცდელობაც კი. ვინც მათ ჩაგრავდა, ამცირებდა და დასცინოდა, დღესაც პირში უცინის და დასცინის. ღირსებაშელახულმა სამეგრელომ ვერ აღიდგინა ღირსება. ბევრს ჰგონია, რომ სამეგრელომ სირცხვილი ნახა საპარლამენტო არჩევნებში და მას დასცინოდნენ კიდეც. არავის მოსვლია აზრად 21-წლიანი  ნგრევების და დამონების შემდეგ სამეგრელოს რეგიონისგან სხვა შედეგი მიეღო.  არავის თითი-თითზე არ დაუკარებია სამეგრელოში ამ 11 თვის განმავლობაში სიტუაციის შესაცვლელად. სამეგრელომ, პირიქით, ნახა ის, რომ თურმე მთავარი ბრძოლა კი არ არის, არამედ, მთავარია, გყავდეს ნაცნობები ზემოთ, ხელისუფლებაში და სადაც არ უნდა იდგე, არაფერი გემუქრება, ხოლო თუ უპატრონო ხარ, შენი დამსახურება, ნიჭი და პროფესიონალიზმი შეგიძლია გაატანო ენგურს, რომ ჩარეცხოს შავ ზღვაში. სამეგრელომ ვერ ნახა ის დაპირება, სადაც სამეგრელო აფხაზებისთვის მიმზიდველი უნდა გამხდარიყო ეკონომიურად. პირიქით, სამეგრელო უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა. განსაკუთრებით, „ნაციონალების“ წინააღმდეგ ვინც იბრძოდნენ, მათი ღირსება კიდევ ერთხელ საგანელიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ შელახა. მათ უთხრეს: თქვენ ვერ მოიგეთ არჩევნები და არ   ხართ  „ქართული ოცნების“ სრულფასოვანი წევრებიო. ეს გულანთებული ხალხი  დატოვეს  „ნაციონალების“ დასაცინად. „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალებით გაჭედა გამარჯვებული პარტია, რომლის გამარჯვებაც იმ გმირებმა მოიტანეს, ვინც „ოცნებამ“ ქუჩაში გაყარა. გაყარა, როგორც კეთროვნები. არ ახალია, რომ რევოლუცია ჭამს თავის გმირებს, მაგრამ ამ გმირებისგან რატომ უნდა ითხოვდე სიყვარულს, ერთგულებას და პატივისცემას? ამ გმირებს უფროსად უნიშნავ ადამიანს, რომელიც ახლოსაც  არ  გაკარებია „ოცნების“ შტაბს არჩევნებამდე და მხოლოდ იმიტომ ნიშნავ, რომ შენი მეგობარია, შენთან რაგბი უთამაშია, ან შენი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორია და მნიშვნელობა არა აქვს, ის „ნაციონალების“ შემსრულებელი იყო, თუ დამკვეთი.  ასევე იქნა დაშვებული დიდი შეცდომა, როცა მაღალი ეშელონების ჩინოვნიკებმა დაიწყეს სამართლიანობის აღდგენა თავიანთი პირადი საქმეებიდან, ხოლო უბრალო მომაკვდავი ადამიანების ჩამოდეს თაროზე.

- ბოლო კითხვა:  დავით საგანელიძეს ხშირად საყვედურობენ მედიასა და სოციალურ ქსელებში. თქვენც გაქვთ, ალბათ, მის მიმართ პრეტენზიები, სხვაგვარად საგანელიძის კრიტიკის საგანი ვერ გახდებოდით...

- როდესაც დავით საგანელიძემ დატოვა „მემარჯვენეები“ და შემოუერთდა „ქართულ ოცნებას“,  პირადად გამიხარდა.  ჯერ ერთი, „მემარჯვენეები“,    „ლეიბორისტებთან“    და  „მრეწველებთან“ ერთად, განთქმული არიან არჩევნების გაყიდვით და თუ ამ კაცმა შეიგნო ის, რომ დროა, დატოვოს სავაჭრო-საზავო პარტია იმისდა მიუხედავად, რომ თვითონ იყო ერთ-ერთი ლიდერი, კარგის მეტი არაფერი მიგრძვნია მის მიმართ. საგანელიძემ მოახერხა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე ყოფილიყო ერთ-ერთი მისაღები ფიგურა და მას ივანიშვილმა ჩააბარა საარჩევნო შტაბი, ხოლო შემდგომ - უმრავლესობის ლიდერობა. რაშიც, როგორც მე ვიცი, ბატონმა გია ხუხაშვილმაც ითამაშა დიდი როლი. რაში ვდებ მას ბრალს და რატომ საყვედურობენ სხვები? ბატონი დავით საგანელიძე, როგორც კი გაიმყარა პოზიციები „ქართულ ოცნებაში“, შეეცადა, სადაც კი მიუწვდებოდა ხელი, ყველგან დაეკომპლექტებინა თავისი კადრებით  -  დაწყებული „მემარჯვენეებით“, ნაცნობ-ნათესავებით და ,,ნაციონალებითაც“ კი. მან გვერდზე გასწია ის ადამიანები, ვინც 1 ოქტომბრის გამარჯვება მოიტანა. ის ადამიანები, ვინც უანგაროდ, თავიანთი ოჯახის ყოფნა-არყოფნის ფასად, იბრძოდნენ „ნაციონალების“ წინააღმდეგ, აღმოჩნდა ყველა ქუჩაში, ხოლო ადამიანები, ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ, ან სრულიად კომფორტულად გრძნობდნენ თავს „ნაციონალებთან“ - დაასაქმეს. საგანელიძემ მოინდომა „ქართულ ოცნებაში“ თავისი მმართველი გუნდის შექმნა, რომელიც მხოლოდ პირადად მას დაემორჩილებოდა. გამგებლები, თუ, ვინც გინდათ,  უიმისოდ არ ინიშნება. ის, რომ მათ აქვთ ექვსეულის ფორმატი, მოჩვენებითია, თუმცა, აქ ყველა კოალიციაში შემავალი პარტია ცდილობს თავისი კაცი „შეტენოს“, ხოლო პროფესიონალიზმის ინსტიტუტი არ მუშაობს. უბრალოდ, ყველა ცდილობს ვიწრო პარტიული ინტერესიდან გამომდინარე დაითრიოს რაც შეიძლება მეტი სავარძელი.

მან სამეგრელოში პარტიულ თანამდებობებზე დანიშნა ყოფილი მხედრიონელები. ის ეწინააღმდეგება ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების დანიშვნას. უფრო სწორად, ებრძვის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს და ცდილობს მხედრიონის რეანიმაციას სამეგრელოში. ასევე  დავით  საგანელიძემ  დაიწყო  დიდი   ბიზნესების   ლობირება. ის თვითონაც გამოცდილი ბიზნესმენია. ერთ დროს საქართველოში მხოლოდ საგანელიძის შაქარი იყიდებოდა, ასევე დიდ ფულს იღებდა საარჩევნო კომისიებში. მაგალითად, მარტვილში ვინც „მემარჯვენეებიდან“ იყო, ყველა პირწავარდნილი ,,ნაციონალი“ გახდა შემდგომში. ასე, რომ მან კარგად იცის, რას ნიშნავს ბიზნესის ლობირება და რაა მისი ფასი.

დავით საგანელიძე ისე გაკადნიერდა, რომ როცა მიდიხარ მასთან შეხვედრაზე, ის ხალხს ისე იღებს, როგორც მეცხრამეტე საუკუნის ბატონი - ყმას, ან ფარაონი - მონას. რისი მნახველი მეც გახლავართ.  ყოველივე ამან გამოიწვია საგანელიძის პიროვნებისადმი  პროტესტი და ეს პროტესტი გამოიხატა მისი ფიტულის დაწვაში. რატომ მაინცდამანც ფიტულის დაწვა? ჩვენ გვინდოდა, მიგვექცია ბატონ ბიძინა ივანიშვილის ყურადღება მისი ლიდერებისადმი და, ვფიქრობ, ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ივანიშვილმა იცის, თუ რა ჩიტი ჰყავს უმრავლესობის ლიდერად.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია