დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ ეწირება 33 წლის ნათელა ასანიძის სიცოცხლე მაცივარს და სარეცხის მანქანას?
რატომ ეწირება 33 წლის ნათელა ასანიძის სიცოცხლე მაცივარს და სარეცხის მანქანას?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2419
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში, სულხან-საბას 83 ნომერში მცხოვრები 33 წლის ნათელა ასანიძე დახმარებას ითხოვს. 33 წლის ასანიძეს ორივე თირკმელი დახურული აქვს და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. 6-სულიან ოჯახს საარსებო მინიმუმიც არ აქვს. საჭირო ოპერაციის ღირებულება კი 80 000 ლარია, ისიც დონორის გარეშე.

 

როგორც ნათელა ასანიძის დედამთილი ივეტა ნამიჭეიშვილი აცხადებს, მის რძალს თირკმლის პრობლემა სამი წლის წინ დაეწყო. მას შემდეგ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.

 

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა  გუბაზ სანიკიძემ კი მხოლოდ იმის შესახებ აცნობა, რომ მის განცხადებას განიხილავდნენ.

 

ოჯახმა დახმარება ვერც ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურისგან მიიღო.

 

„ხუთჯერ მყავდა ავადმყოფი მიყვანილი მერიის სოციალური მომსახურების საამსახურში, მაგრამ ასლარიანი დახმარებაც კი ვერ გაიმეტეს ჩვენთვის. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. დიალიზზეა მიერთებული. ოპერაციას საჭიროებს, მაგრამ არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. მის შვილს კინაღამ ჩააკვდა ხელში. გვეხვეწება, ნუ მომკლავთ, მიშველეთ რამეო, მაგრამ ვერაფერს ვშველით. ჩემმა შვილმა სამუშაოც კი ვერ იშოვა, რომ პურის ფული შემოიტანოს სახლში. საზღვარგარეთ იყო წასული სამუშაოდ და იქაც მოატყუეს. ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა ვიყოთ?“ - განაცხადა ივეტა ნამიჭეიშვილმა.

 

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის, ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებას მისი სამსახურისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი შესაბამის სამსახურს განცხადებით მიმართავს და  ფორმა 100-ს მიიტანს,  ნათელა ასანიძე ყოველთვიურად 100 ლარს და ასევე 100 ლარის მედიკამენტებს მიიღებს.

 

ხელისუფლების მხრიდან ნამიჭეიშვილების მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას აპროტესტებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია. პარტიის წარმომადგენლის, ზვიად წაქაძის განცხადებით, მერიამ პრემიების დარიგებაზე უარი უნდა თქვას და  მსგავს გასაჭირში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს.

 

„მაქვს ინფორმაცია, რომ მერიის თანამშრომლები სააღდგომოდ პრემიებს მიიღებენ, რისი საერთო რაოდენობაც, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარია. ამ დროს კი ამ ქალაქის მოსახლეობა ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ საჯარო მოხელეთა პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას ეწირებიან რიგითი ადამიანები. მოვუწოდებ მერის მოვალეობის შემსრულებელს, უარი თქვას პრემიების გაცემაზე და ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმაროს,“ - განაცხადა ზვიად წაქაძემ.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, 6 -სულიანი ოჯახი, სადაც ორი მცირეწლოვანია სოციალური დახმარებითაც ვერ სარგებლობს. ამის მიზეზი, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრში განუცხადეს,  ოჯახში არსებული მაცივარი და სარეცხის მანქანა გახდა.

 

რამდენად არის აღნიშნული ტექნიკა მიზეზი იმისა, რომ ოჯახმა სოციალური დახმარება ვერ მიიღოს, ამის შესახებ სოციალური მომხახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა ცანავას ვესაუბრეთ.

 

როგორც ცანავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ნამიჭეიშვილების ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წელსაც მიმართა.  განმეორებით მიმართვის  დროს ოჯახის შემოსავალი გაზრდილი იყო.

 

„პირველი მომართვის შემთხვევაში ოჯახის ოთხი წევრიდან არც ერთი  არ სარგებლობდა სპეციალური სტატუსით. რაც შეეხება მეორე მომართვას, ოჯახში არსებული მონაცემებით, სამი წევრი იყო, რომელთაგანაც ერთ-ერთი სარგებლობდა სპეციალური სტატუსით, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას გულისხმობს. ამის გამო აღნიშნული პიროვნება მიმდინარე წლის იანვრიდან ყოველთვიურად 100 ლარს იღებს. შემდგომ ამისა, მეორე მიმართვის დროს გაზრდილი იყო ნამიჭეიშვილების ოჯახის შემოსავალი, თუკი ეს თანხა 2011 წელს თვეში 89 ლარს შეადგენდა, მიმდინარე მონაცემებით 250 ლარი ფიქსირდება, ასევე ამ წლების მანძილზე ოჯახს უფიქსირდება დამატებით ორი თანამედროვე ტიპის, არასაბჭოური წარმოების ხანგრძლივი მოხმარების ნივთი, ესენია: გაზის გამათბობელი და მაცივარი. ამიტომ ოჯახმა ვერ მიიღო დაბალი სარეიტინგო ქულა. იმ შემთხვევაში, თუკი ექნებათ კვლავ მომართვის სურვილი, მათ უნდა წარმოადგინონ ფორმა „ასი“, აგენტი განმეორებით მივა და სარეიტინგო ქულების ხელახალი გამოთვლა მოხდება,“ - განაცხადა ხათუნა ცანავამ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია