საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ბრალდებული შეურაცხადობის შემთხვევაში, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაექვემდებარება
ბრალდებული შეურაცხადობის შემთხვევაში, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაექვემდებარება
სულ ნანახია 1043
ავტორი:

პირის შეურაცხადობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხები ახლებურად დარეგულირდება. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში „იძულებითი მკურნალობის“ წესი ბრუნდება, რაც კანონიდან რამდენიმე წლის წინ ამოიღეს.

 

კერძოდ, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, სასამართლო მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას წყვეტს და პირს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას უნიშნავს.

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და მასთან ერთად, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია. პროექტი დეპუტატებმა დიმიტრი ხუნდაძემ და მირიან წიკლაურმა მოამზადეს.

 

სადღეისოდ, ბრალდებულის შეურაცხადობის შემთხვევაში, მისი მკურნალობა ე.წ. არანებაყოფილობითი მკურნალობისათვის დადგენილი წესით - მკურნალობის 6-თვიანი ვადის ფარგლებში ხორციელდება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს წარმოადგენს პრობლემას როგორც მოსამართლეებისთვის, ასევე ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის. ამასთან, მთელ მსოფლიოში მიღებულია, რომ ასეთი პაციენტების მკურნალობის ხანგრძლივობა, აგრესიის ხარისხის შესამცირებლად, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება.

 

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ბრალდებულს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ენიშნება, თუ მას ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე. კიდევ ერთი კრიტერიუმი არის, თუ პირის ფსიქიკური აშლილობა განაპირობებს საკუთარი თავის ან სხვა პირისთვის საზიანო, მუქარის შემცველი ან ძალადობის შემცველი ქცევის რისკს.


კანონპროექტი ადგენს ნორმას, რომ პირი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელშიც უზრუნველყოფილია უსაფრთხოების პირობები და დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაბამისი პროგრამები.


ასევე დგინდება ვალდებულება, რომლის მიხედვით ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრთა კომისია ვალდებულია სტაციონარში მოთავსებიდან ყოველ სამ თვეში ერთხელ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის მიმართ მკურნალობის შეწყვეტის საკითხი შეაფასოს. თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მორიგი ან ვადამდელი შემოწმებისას დაასკვნის, რომ მკურნალობის საფუძვლები აღმოიფხვრა, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დასკვნის მიღებისთანავე მიმართოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს - დასკვნის დადასტურების ან უარყოფის მოთხოვნით. ბიუროს მიერ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის დადასტურება არის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაწერის საფუძველი, ხოლო უარყოფა - იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საფუძველი.

 

პროექტის თანახმად, პირი გაწერის შემდეგ ვალდებულია აღრიცხვაზე დადგეს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უახლოეს ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

 

რაც შეეხება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს „სისხლის სამართლის კოდექსით“ განსაზღვრული ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 2 წელს, მძიმე დანაშაულისთვის - 4 წელს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - 10 წელს.

 

ვადის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და მისი მხრიდან საკუთარი თავისი ან სხვა პირისთვის საზიანო, მუქარის შემცველი ან ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომლის შეფასებაც მოცემულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში ბრალდებულის შეურაცხადობის თაობაზე.

 

ამასთანავე, განჩინებაში მიეთითება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი მკურნალობის დადგენილი საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.

 

 

„ინტერპრესნიუსი“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია