დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი, ბოკერია, წიკლაური, თათუხაშვილის საქმე და სხვა
პრეზიდენტი, ბოკერია, წიკლაური, თათუხაშვილის საქმე და სხვა
სულ ნანახია 2063
ავტორი:

გასული კვირა საკმაოდ დინამიური იყო და ლომის წილი ამ დინამიურობაში ყოფილ ხელისუფლებასა და მთავარ პროკურატურას მიუძღვის. რეზონანსით ნუგზარ წიკლაურის ცემამ და შალვა თათუხაშვილის საქმემ ყველა ფაქტი გადაფარა, მათ შორის პრეზიდენტის პირველი ევროპული ვიზიტი. კვირის ბოლო კი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას დაბარებით დასრულდა.

 

 

„სანამ  ხელისუფლება ამ საქმეს გახსნის, ის არის მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში...“

 

 

გასული კვირა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემით დაიწყო. დეპუტატმა მასზე განხორციელებულ თავდასხმაში მაშინვე ხელისუფლება დაადანაშაულა და მისი ცემის ფაქტი  შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საკითხზე  გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა.

„მე დავასახელე ორი ადამიანი, რომლებიც ამ წამებაში მონაწილეობდნენ და ეს ინფორმაცია მქონდა ოჯახის წევრების მხრიდან. ეს ადამიანები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლები ძნელაშვილი და გურგენ გილაური. მე ვფიქრობ, ამ გვარების დასახელებამ გადააწყვეტინა ხელისუფლებას, ასეთი თავდასხმა მოეწყო ჩემზე... ყველასათვის ცხადია, რომ თათუხაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმე იქნება ცენტრალური საქმე უახლოესი თვეების და შეიძლება, უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც... 

გაგრძელება

 

მე ვფიქრობ, რომ როდესაც პარლამენტის წევრმა ღიად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თათუხაშვილის სიკვდილი დადგა პროკურატურის ქმედებების შედეგად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკვე დროა ასეთი პარლამენტის წევრი იყოს გაჩუმებული და რაკიღა სხვა ვერანაირი საშუალება ვერ მოძებნეს, კორუფციული ბრალდება ვერ წამოაყენეს, ვერ წამოაყენეს სხვა ისეთი ბრალდება, რომელიც წარსულში ჩემს რაიმე ტიპის დანაშაულებას გამოხატავდა, მიიღეს ყველაზე პრიმიტიული, მარტივი, მაგრამ ამავე დროს სასტიკი გადაწყვეტილება, რომ სპეციალური რაზმი დაეხვედრებინათ ჩემთან სახლში და ასე გამსწორებოდნენ, რათა შემდგომში მცოდნოდა, რომ სიმართლის ლაპარაკს შეიძლება მოსდევდეს ჯანმრთელობის დაზიანება და შეიძლება, სიცოცხლის დათმობაც კი,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე ძიება ოფიციალურად დაიწყო და ეს საქმე პირად კონტროლზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც აიყვანა. თუმცა, ჯერჯერობით, დამნაშავეები გამოვლენილნი არ არიან. მანამდე კი, ყოფილი ხელისუფლების მომხრეები მთავარ ეჭვმიტანილად ახალ ხელისუფლებას მიიჩნევენ.

 

„ამ წუთისთვის ცალსახად ვერ ვიტყვით, ვინ სცემა ნუგზარ წიკლაური. სანამ ხელისუფლება ამ საქმეს გახსნის, ის არის მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში. თუ მან ეს საქმე საკმაოდ სწრაფად ვერ გახსნა (თანაც ისე, რომ მისი ვერსია საზოგადოების რაციონალურად მოაზროვნე ნაწილისთვის დამაჯერებელი იყოს), ლეგიტიმურად ჩავთვლით, რომ ეს ცემა მისი ორგანიზებული იყო. ისტორიული პარალელი: ვალერი გელაშვილის ცემა ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ლაქაა „ნაციონალური მოძრაობის“ რეპუტაციაზე. მაგრამ ჩვენ მას ასეთად ვთვლით იმიტომ, რომ ეს საქმე გაუხსნელი დარჩა, თორემ ცემის მეორე დღეს ფორმალურად არავითარი უფლება არ გვქონდა, ეს საზიზღრობა მათთვის დაგვებრალებინა“ - წერს სოციალური ქსელის Facebook-ის საკუთარ გვერდზე ყოფილი განათლების მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია.

 

ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ წიკლაურის ცემა მის ინტერესებში არ შედიოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე „პირველ პრესკლუბში“ უმცირესობის დეპუტატის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ახალი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

 

„ჩემთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ინტენსიურად და საკმაოდ მოკლე ვადებში ჩატარდეს, გამოვლინდნენ დამნაშავეები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, გაირკვეს ყველაფერი ამ საქმესათან დაკავშირებით იყო თუ არა ეს პროვოცირებული, შეიძლება თუ არა სხვა ტიპის საქმესთან ჰქონდეს კავშირი. მესმის, რომ ემოციური ფონია, მაგრამ ოპონენტებს ვურჩევ, ვარაუდებისგან თავი შეიკაონ. ვარაუდები სიკეთეს არ მოუტანს პირველ რიგში, სახელმწიფოს, რომელიც მიდის წინ. სახელმწიფოს ნამდვილად არ ჭირდება ისეთი ფაქტები, როგორიც დღეს მოხდა, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენ ყველანაირ ძალადობაზე, რომელიც ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში, უარი ვთქვით,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

 

შალვა თათუხაშვილის საქმე - „ახალი ხელისუფლების გირგვლიანი?!

 

გასულ კვირაში მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების მასალები გაასაჯაროვა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის მტკიცებით,  მძიმედ დაავადებული შალვა თათუხაშვილი გატაცებული ჰყავდათ რამდენიმე დღის განმავლობაში და მასზე ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, დეტალების გასაჯაროება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა.

 

„აღნიშნულ საქმეზე ბოლო პერიოდში პროკურატურის მისამართით მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან. ყოფილი ხელისუფლება მოტივირებულია ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერი გზებით და მეთოდებით მოახდინოს პროკურატურის დისკრედიტაცია, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და დაეხმაროს ბრალდებულ ბაჩანა და დათა ახალაიებს, რათა გამართლებული იყვნენ წარდგენილ ბრალდებებში“ - განაცხადეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილმა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა მოითხოვა, თუმცა შემდეგ დაცვას გაექცა და ამით მან, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით უარი თქვა დაცვაზე. იმის დასამტკიცებლად, რომ მოწმეზე გამოძიების დროს ზეწოლა არ მიმდინარეობდა, პროკურატურამ, სხვა მასალებთან ერთად, ვიდეოკადრებიც გაასაჯაროა. შალვა თათუხაშვილის საქმეზე მოსმენა გაიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რომელიც დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ მოვლენებს გამოეხმაურა გარდაცვლილის  ოჯახი.

 

„ველოდებოდი და ვხედავ, რომ სახელმწიფო მანქანა ღიად ჩაერთო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში. მათი ეს აქტივობა მიმართულია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ეს ბრძოლა იმდენად გააფთრებულია, რომ „ადამიანთა უფლებების დამცველი“ ბესელია თავგამოდებით იცავს პროკურატურას“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ გენერალმა გოგი თათუხაშვილმა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ                              „აღიარების“ კადრებში ნათლად ჩანს - შალვა, შალვა არ არის არც ფიზიკურად, არც მეტყველებით და არც სიარულის მანერით. ათეულობით ადამიანი ადასტურებდა იგივეს.“

 

 

თათუხაშვილის საქმეს გამოეხმაურა წინა ხელისუფლების დროს დაღუპული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურა არაპროფესიონალურად მოიქცა, თორემ შალვა თათუხაშვილი საგამოძიებო უწყებაში არ უწამებიათ.

 

„მე ვფიქრობ, რომ ის ახალაიას ხალხის მიერაა მოკლული. იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის პროკურატურა არაა, რაც ადეიშვილის დროს იყო. ისინი უფრო ახალაიასკენ უნდა გადაიხარონ“ - განაცხადა რობაქიძემ „პირველის“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, „ამ კაცს მეტი შეფუთვა და შენახვა სჭირდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში ისეთ ადამიანებს ადებდა ხელს, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ       „ქართული ოცნება“ სუსტი იმიტომაა, რომ „ნაციონალებმა“ ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალებს, კომიტეტის სხდომებს უწყობენ და პასუხს აგებინებენ კომიტეტის თავმჯდომარესა და პროკურატურის წარმომადგენლებსაც. ერთი კომიტეტის სხდომა თუ ჩაუტარებია „ნაციონალურ მოძრაობას“ სანდრო  გირგვლიანის, ან რობაქიძის საქმეზე?!“

 

შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მათ დეტალურად ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რაც წინ უძღოდა ამ ტრაგედიას. ნანუაშვილის თქმით, ის განაგრძობს საკითხის შესწავლას, რათა ჰქონდეს სრული სურათი. რაც შეეხება ოჯახის უნდობლობას  გამოძიებისადმი, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუ მოხდება საქმის კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიება სხვა მუხლით დაიწყება, ისინი მზად არიან, მისცენ ჩვენება და ითანამშრომლონ გამოძიებასთან. „დღეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის საქმე აღძრული და სწორედ ამის გამო არის ოჯახი უკმაყოფილო,“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

 

საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი მიიჩნევს, რომ გამოძიება აუცილებლად გასაგრძელებელია. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ  გამოძიება ეფექტური იყო, თუნდაც იმის დასადგენად, სად იყო შალვა თათუხაშვილი 25 თებერვლიდან 18 მარტამდე. ამ პერიოდში რომ გამოძიება არაეფექტური იყო, „მე ვფიქრობ, აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ისინი უბრალოდ ენდნენ შალვას სიტყვებს, თუ ესეც მისი ნებით არის ნათქვამი, რომ გადავიდა ფანჯრიდან, წავიდა და იყო ტყეში. მაგრამ არავინ დაინტერესებულა კონკრეტულად ტყეში სად იყო ან ფანჯრიდან როგორ გადავიდოდა, როცა ყველა ფანჯარას გისოსები აქვს,“ - განაცხადა კოჟორიძემ.

 

 

გიგა ბოკერია - „ცოტა უხერხულიც კი იყო, ასე რომ დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება...

 

დასაკითხთა რიგში უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას ჯერიც დადგა. ის პროკურატურაში უშიშროების საბჭოს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს.

 

„საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს,“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თავად უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დაკითხვაზე მის დაბარებას ხელისუფლების ღრმა კრიზისში ყოფნით ხსნის და მიიჩნევს, რომ ამით გარკვეული თემების გადაფარვა სურთ.


ბოკერიამ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, რომ დაკითხვაზე მისი დაბარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პრემიერ-მინისტრობის დროს ივანიშვილს ეს არაერთხელ საჯაროდ განუცხადებია და დაუანონსებია.

 

„ყველასთვის აშკარაა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება, იქიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, იმ ფონზე, როცა ჩემი თანაგუნდელების მეგობრების ძალიან დიდი ნაწილი ციხეშია ან ბრალი აქვს წაყენებული ან დღე და ღამე დაკითხვაზე დაატარებენ ცოტა უხერხულიც კი იყო, ასე რომ დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება. თუკი რაიმეს შეიძლება, დავუკავშიროთ ეს, მგონია, ეს დაკავშირებულია იმ ღრმა კრიზისთან, რომელშიც დღეს ხელისუფლება და მათი დაკვეთით მოქმედი პროკურატურა და სამართალდამცველი ორგანოები იმყოფებიან. იგივე თათუხაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით და წიკლაურის ცემასთან დაკავშირებით, ახლა ეს დღე როგორც ჩანს სასურველ მომენტად მიიჩნიეს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი თვლიდა და ახლა მისი დაკვეთით მოქმედი პროკურატურაც ასე თვლის, რომ ხარჯები, რომელსაც უშიშროების საბჭო სწევდა, არ იყო მიზნობრივი. „მე როგორც უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი, ვთვლიდი, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებაში არსებული საკითხები და სხვა ასეთი მიმართულებები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, იყო ჩემი მოვალეობა და ხარჯები აბსოლუტურად ადეკვატური იყო. ეს მათთვის არაადეკვატური კი არა კრიმინალადაც კი თვლიან,“ - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

პრეზიდენტი პირველი ევროპული ვიზიტით პოლონეთს ესტუმრა...

 

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ევროპული ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი პირისპირ შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს - ბრონისლავ კომოროვსკის, პრემიერ-მინისტრს - დონალდ ტასკს, ხოლო მეორე დღეს ქალაქ კრაკოვს ესტუმრა და ვაველის სამეფო სასახლე მოინახულა.

 

პირველი ევროპული ვიზიტის დროს პრეზიდენტს პირველი ლედის რანგში მეგობარი ქალი მაკა ჩიჩუა ახლდა, რომელმაც პოლონეთის პირველ ლედისთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა - ანნა კომოროვსკამ და მაკა ჩიჩუამ ვარშავის „დედათა და ბავშვთა ინსტიტუტი“ მოინახულეს,  სადაც მაკა ჩიჩუამ პატარებს საჩუქრებიც გადასცა. კლინიკაში სტუმრობის დროს, მაკა ჩიჩუამ ონკოლოგიური განყოფილებაც მოინახულა, სადაც პატარა პაციენტებს პირადად გაესაუბრა. თითოეული მათგანი მან წიგნებით საქართველოს ხედებით, ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაფორმებული   მაისურებითა  და„ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური გამოცემებით დაასაჩუქრა.

 

„დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მიზანი, რომელსაც პოლონეთი მხარს უჭერს, არის ამბიცია, უმოკლეს დროში მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის კრიზისისა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ფონზე.  მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი თვალსაზრისი აბსოლუტურად ემთხვევა და გვჯერა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დასავლეთის მხრივ საუკეთესო რეაგირებაა რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილ ვითარებაზე. უკრაინაც ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის კანდიდატია. ეს გამოხატავს დასავლეთისა და პოლონეთის მტკიცე გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომაროვსკიმ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს და აღნიშნა, რომ ის და გიორგი მარგველაშვილი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

ცოტნე კეთილაძე 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია