დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს პარლამენტს
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს პარლამენტს
სულ ნანახია 1498
ავტორი:

საქართველოს 65-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ ხელი მოაწერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას პარლამენტის მიმართ, რომლის მთავარი მოთხოვნაა, რომ გაითვალისწინოს საკრებულოების, მაჟორიტარი დეპუტატების, განსაკუთრებით, გორისა და ახალციხის საკრებულოების პოზიცია და მთავრობას ამ მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის დამატებითი განხილვა და შესაბამისი წინადადების წარდგენა მოსთხოვოს.

 

ამ მოთხოვნას ჩვენმა მედიაორგანიზაციამაც მოაწერა ხელი. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს სრულად: „2013 წელს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ხელისუფლებამ გამოაცხადა თვითმმართველობის ახალი რეფორმის დაწყება. რეფორმის მიზანი იყო დანგრეულიყო ის სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც თვითმმართველობის ფასადის მიღმა წინა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, ამ მიზნით ჩადებული ყველა რეფორმისტული დებულება ნიველირებულ იქნა კანონპროექტის სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებისას გასული წლის დეკემბერში, კერძოდ:

 

თბილისში აღარ განხორციელდა საუბნო საბჭოების არჩევნების მეშვეობით დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს დეცენტრალიზაცია;

 

არ დაკანონდა კოდექსის თავდაპირველ პროექტში ასახული ინიციატივა, რომლის თანახმადაც სოფლების დონეზე უნდა შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭოები, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი;

 

გუბერნატორი, კვლავინდებურად, არ არის ანგარიშვალდებული ადგილზე არჩევითი ინსტიტუტების წინაშე;

 

მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესის შემოღების მიუხედავად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიტოვა მათზე პოლიტიკური ზემოქმედების - საკრებულოს მეშვეობით გადაყენების მექანიზმი;

 

ნაცვლად 18 მსხვილი ქალაქისა, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ 7 სამხარეო ცენტრს მიენიჭა.

 

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კვლავინდებურად აცხადებს, რომ ეს არის „უპრეცედენტო მასშტაბის“ თვითმმართველობის რეფორმა.

 

წინგადადგმული ნაბიჯი და სიახლე, შესაძლოა, ყოფილიყო თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ 7 მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ოპტიმიზაცია. 2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ოპტიმიზაციის ვარიანტები. ჩვენ, ხელისუფლებას წარვუდგინეთ წინადადებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიებზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას და ეს წინადადებები სწორედ მოსახლეობასთან, რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა.


27-28 მარტს საკრებულოებში თითქმის ერთდროულად ჩატარდა ამ საკითხის განხილვა. გორისა და ახალციხის საკრებულოებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის შექმნას. სამწუხაროდ, 28 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე არ განხილულა რაიმე ალტერნატივა, გარდა ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის დაკანონებისა.

 

სამთავრობო კომისიის მუშაობა გაუმჭვირვალედ და მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა, კომისიამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობასთან კონსულტაციები, გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო გათვალისწინებული საკრებულოების და საზოგადოების აზრი.

 

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება კანონის სულისკვეთებას, საზოგადოების განწყობებს, თვითონ მთავრობის მიერ დეკლარირებულ დეცენტრალიზაციის პრინციპებს. არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტიც, რომ მსხვილი მუნიციპალიტეტების შენარჩუნება, მთლიანად რეფორმის ჩაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს და საბოლოოდ დავკარგოთ ის მცირე მიღწევები, რომლებიც ამ რეფორმას შეიძლება მოჰყვეს.

 

მოვუწოდებთ პარლამენტს, გაითვალისწინოს საკრებულოების, მაჟორიტარი დეპუტატების, განსაკუთრებით, გორისა და ახალციხის საკრებულოების პოზიცია და მთავრობას ამ მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის დამატებითი განხილვა და შესაბამისი წინადადების წარდგენა მოსთხოვოს.“

 

 

ხელს აწერს 65 არასამთავრობო ორგანიზაცია

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია