დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სკოლა და ინფორმატიკის ოლიმპიადები
სკოლა და ინფორმატიკის ოლიმპიადები
სულ ნანახია 9660
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ინფორმატიკის წრემ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში (ამჟამად ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა) ფუნქციონირება 1997 წელს დაიწყო. იმ პერიოდში ინფორმატიკის ოლიმპიადებს განათლების სამინისტროში კურირებდა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გიორგი (გოჩა) მანდარია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დარგის განვითარებაში. სწორედ მისი თხოვნით დაიწყო ბატონმა ივლიანე ნაჭყებიამ ფიქრი ინფორმატიკის წრის ჩამოყალიბებაზე. იმ წლებში სკოლას მძიმე დროება ედგა, ბატონმა ივლიანემ შემოიკრიბა სკოლის კურსდამთავრებულები და მათთან ერთად ცდილობდა სკოლის აღორძინებას. სწორედ ერთ-ერთ მათგანს, სკოლის ამჟამინდელ დირექტორს, გენადი მარგველაშვილს მოუვიდა იდეა ჩემი მოწვევისა. ბატონ ივლიანეს ჩემი გახსენება არ გასჭირვებია, რადგან მას სკოლის დაარსებიდან დღემდე (მალე 40 წელი სრულდება) ყველა კურსდამთავრებული ახსოვს არამარტო სახელით და გვარით, არამედ ხასიათით, ქცევით და აკადემიური მოსწრებით. მარტო ეს ფაქტიც მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა მხოლოდ სკოლა კი არა, განათლების ტაძარი იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ძალზე დაკავებული ვიყავი, დიდხანს არ მიყოყმანია. მუდამ მიმაჩნდა და დღემდე მიმაჩნია, რომ რაზმაძის სახელობის სკოლაში გატარებულმა ოთხმა წელმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და რადგან „ვალის დაბრუნების“ საშუალება მომეცა, შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. პირველ რიგში მოსაგვარებელი იყო ტექნიკური ბაზის საკითხი. სკოლაში მხოლოდ ერთი მოძველებული კომპიუტერი იდგა. ამას ემატებოდა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა და სასწავლო პროცესი ეფექტს კარგავდა. რადგან სკოლები ბიუჯეტიდან ძალზე მწირად ფინანსდებოდნენ, ბატონმა ივლიანემ ორიენტაცია სოროსის ფონდის გრანტებზე აიღო და ნელ-ნელა თავი მოვუყარეთ 20 ახალ კომპიუტერსა და გენერატორს. დღეს ეს სათქმელად თითქოს იოლია, მაგრამ მაშინ ძალზე დიდი ენერგია დაიხარჯა ამ გრანტების მოსაპოვებლად და, როგორც მახსოვს, სულ მცირე 50-ჯერ მაინც გახდა საჭირო თბილისში ჩასვლა.

 

    

ლეგენდარული „ACDV“ –  

სხედან: ალექსანდრე ღვინეფაძე,

ვასილ მელქაძე, დანიელ რატიანი,

დგას – ცეზარ თვალოძე

 

კომპიუტერული კლასის შექმნის პარალელურად სკოლამ ადგილი შეიცვალა და მოსწავლეთა ნაკადიც გაიზარდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. პედაგოგთა და კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილს უჭირდა ძველი შენობის დატოვება, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული გარკვეულ მოგონებას უკავშირდებოდა. თითქოს ამით ხელვყოფდით ვანო მაღლაფერიძისა და ალიოშა გოგელიას ნამოღვაწარს, მაგრამ ახლა, წლების გადასახედიდან, ნათლად ჩანს, რომ ეს სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. დალაგებულ სახელმწიფოში მსგავსი სკოლის არსებობა გარეუბანში აჯობებდა, მაგრამ მაშინდელ სიტუაციას ძნელად თუ უწოდებდი დალაგებულს. რაც მთავარია, არ ფუნქციონირებდა პანსიონი, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით ქალაქის ცენტრში გადასვლას ბევრი დადებითი რამ ახლდა თან.

 

ინფორმატიკის წრის გახსნას თავიდან დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია სკოლაში. მხოლოდ ოთხმა მოსწავლემ გამოიჩინა ნებისყოფა და სრულიად უცხო საგნით დაინტერესდა. ესენი იყვნენ დანიელ რატიანი, ალექსანდრე ღვინეფაძე, ცეზარ თვალოძე და ვასილ მელქაძე. აქვე დავძენ, რომ შემდგომში სამი მათგანი ბოლომდე გაჰყვა პროგრამირებას და დღეს საქართველოს წამყვან კომპანიებში მუშაობენ ამ მიმართულებით. მათგან ყველაზე დიდ წარმატებას დანიელ რატიანმა მიაღწია, რომელიც მოხვდა მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრებში და 1998 წელს მონაწილეობა მიიღო  საერთაშორისო ოლიმპიადაში (პორტუგალია). მომდევნო წელს კი იგივე შედეგი გაიმეორა მერვეკლასელმა შოთა ღვინეფაძემ (თურქეთი).

 

პირველმა წარმატებებმა მოსწავლეებში ინტერესი გააღვივა. ამასთან, სკოლაში მოვიდა ვახტანგ შეკიშვილი - უაღრესად ნიჭიერი და მშრომელი ადამიანი, რომელმაც რამდენიმე სხვა სპეციალისტისაგან განსხვავებით, სწრაფად აუღო ალღო საოლიმპიადო თემატიკას. ვახტანგი გამუდმებით სკოლაში იყო, რის გამოც ინფორმატიკაში მეცადინეობა გაცილებით ინტენსიური და პროდუქტიული გახდა. ამავე პერიოდში შემოგვიერთდა ოთარ შენგელია - მაღალი დონის პროფესიონალი, რომელმაც პროგრამირების გარდა კომპიუტერული არქიტექტურა და ქსელური ტექნოლოგიებიც კარგად იცოდა. ყოველივე ამის შედეგად 2000 წელს უკვე ერთბაშად სამი „რაზმაძელი“ მოხვდა ნაკრებში (ინფორმატიკის ნაკრებში სულ 4 წევრია): შოთა ღვინეფაძე, გიორგი ბოჭორიშვილი და დავით კოტიშაძე. მოგვიანებით ეს სამეული უგამოცდოდ ჩაირიცხა მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში. დღეს სამივე საქართველოშია და დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში. ერთდროულად სამი მოსწავლე ნაკრებში უკვე სერიოზული წარმატება იყო, მაგრამ ვერც 2000 წელს და ვერც მომდევნო 2001-ში (შოთა ღვინეფაძე, ლაშა ბანძელაძე) ჩვენმა მოსწავლეებმა ვერ შეძლეს მედლების აღება საერთაშორისო ოლიმპიადებზე. ამის უმთავრესი მიზეზი იყო მასალების სიმწირე, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით. მე და ვახტანგი ხშირად მოსწავლეებთან ერთად ვითვისებდით ახალ თეორიებს. ცოტა იყო საერთაშორისო ოლიმპიადების დონის ამოცანებიც (აქ არ შემიძლია არ გავიხსენო მათემატიკის მასწავლებელი ბეჟან მარდალეიშვილი. ის ხშირად გვეხმარებოდა რთული ამოცანების თარგმნაში, რომლებსაც ტექსტის თავისებურების გამო ინგლისურის კარგი სპეციალისტებიც კი ვერ უგებდნენ თავს და ბოლოს).


    

ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი

 

პირველი მედალი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან სკოლას ნიკა ჯიმშელეიშვილმა მოუტანა. ეს მოხდა 2002 წელს, სამხრეთ კორეაში. იმ წელს ჩემი დებიუტიც შედგა ნაკრების თანალიდერად (ნაკრების ლიდერი მანამდეც და დღესაც გოჩა მანდარიაა) და აღებულ ვერცხლის მედალზე არანაკლებ სამახსოვრო იყო დახვედრა თბილისის აეროპორტში, სადაც ლამის მთელი სკოლა ჩამოსულიყო ქუთაისიდან ბატონი ივლიანეს მეთაურობით. ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა საზაფხულო ბანაკმა, რომელსაც ჩვენი სკოლა აწყობდა ხოლმე სოფელ სალხინოში (მარტვილის რაიონი). სწორედ აქ გაიარა შეკრება გუნდმა (სადაც ორი თბილისელი მოსწავლეც იყო) კორეაში გამგზავრების წინ. 

 

მინდა საგანგებოდ შევჩერდე ნიკა ჯიმშელეიშვილის ფენომენზე, რადგან ვთვლი, რომ საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს მისი მიღწევების შესახებ. მომდევნო 2003 წელს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკა ოქროს მედლის აღებას შესძლებდა, მაგრამ ზუსტად ოლიმპიადის წინ ავად გახდა და ერთი თვის განმავლობაში საერთოდ ვერ იმეცადინა. მიუხედავად ამისა, ბრინჯაოს მედალი მაინც აიღო. სამაგიეროდ, მან ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია მომდევნო წლებში, როცა თსუ-ს გუნდი სტუდენტთა მსოფლიო პირველობის ფინალში გაიყვანა (გუნდში მის გარდა ასევე რაზმაძის სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ლეკვეიშვილი და თბილისელი ელდარ ბოგდანოვი იყვნენ) და იქ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ჭიდილში. ამ წარმატებიდან რამდენიმე წელიწადში კი პროგრამისტთა არაოფიციალურ მსოფლიო პირველობაზე (მხედველობაში მაქვს ტოპკოდერის შეჯიბრი, რომელზეც არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ასაკის ან წოდების მიხედვით) აბსოლუტურ მესამე ადგილზე გავიდა. ეს იმდენად დიდ წარმატებაა, რომ აზრი ეკარგება პირველი ადგილების ჩამოთვლას სამხრეთ კავკასიის თუ აშშ-ს მოსწავლეთა ღია პირველობებზე. დღეს ნიკა აშშ-ში მუშაობს პროგრამისტად, ე.წ. „სილიკონის ველზე“. საზღვარგარეთ წასვლამდე იგი აქტიურად მონაწილეობდა მომდევნო თაობების აღზრდაში და ახლაც ხშირად გვეხმიანება დისტანციურად, ისევე როგორც სხვა ყოფილი ოლიმპიელები.

 

ნიკას მედლებს მოჰყვა ირაკლი ხომერიკის ბრინჯაოს მედალი საბერძნეთში, 2004 წელს და ამით დასრულდა „რაზმაძელ“ ინფორმატიკოსთა მესამე თაობის (ნიკა ჯიმშელეიშვილი, ირაკლი ხომერიკი, რეზო ხურცილავა) ხანა, რომელმაც სკოლაში ინფორმატიკის ნამდვილი ბუმი გამოიწვია. მომდევნო თაობაში იმდენი ნიჭიერი მოსწავლე გამოჩნდა, რომ უკვე სკოლის შიგნით შეიქმნა სერიოზული კონკურენცია: გიორგი ლეკვეიშვილი, დავით თვალჭრელიძე, გიორგი ნადირაძე, აკაკი მამაგეიშვილი, ირაკლი მანაგაძე, გიგა მაღლაკელიძე (დღეს ყველა მათგანი წარმატებით მოღვაწეობს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში). პირველ წარმატებას მათგან გიორგი ნადირაძემ მიაღწია, რომელმაც ბრინჯაოს მედალი აიღო 2005 წელს, პოლონეთში, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება მომდევნო წელს, მექსიკაში გველოდა. ნაკრებში ერთდროულად ისევ 3 „რაზმაძელი“ მოხვდა და სამივემ მედალი აიღო: დავით თვალჭრელიძემ - ვერცხლი, გიორგი ლეკვეიშვილმა - ბრინჯაო, გიორგი ნადირაძემ - ბრინჯაო. ამას დაემატა თბილისელი მოსწავლის, ზვიად მეტრეველის ვერცხლი და ეს შედეგი დღემდე საუკეთესოა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებისათვის ინფორმატიკაში. იმ წელს 4 მედალი სულ 12 ქვეყანამ აიღო და ყველა მათგანის დელეგაცია გამოვკითხე. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ 2006 წელს ინფორმატიკის მოსწავლეთა ოლიმპიადაზე აღებული მედლების რაოდენობით  რაზმაძის სკოლა მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონი გახდა სკოლებს შორის, ხოლო ქუთაისი - ქალაქებს შორის!

 

იმავე სამეულს ეკუთვნის კიდევ ერთი გუნდური მიღწევა. რუსეთი საკუთარი სკოლებისათვის ყოველწლიურად ატარებს ათეტაპიან ღია ინტერნეტ-შეჯიბრს. სხვადასხვა ქვეყნიდან 2006 წელს ამ შეჯიბრში 200-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა. „რაზმაძელებმა“ იმხელა უპირატესობით გაიმარჯვეს, რომ ბოლო ორი ეტაპის წინ უკვე განაღდებული ჰქონდათ პირველი ადგილი. 2007 წელს, ხორვატიაში  დავით თვალჭრელიძემ და გიორგი ნადირაძემ კიდევ თითო ბრინჯაოს მედალი აიღეს და ამით დაასრულეს თავიანთი საოლიმპიადო მოღვაწეობა. დღეს გიორგი ლეკვეიშვილი „გუგლში“ მუშაობს, დავით თვალჭრელიძე „სილიკონის ველზეა“ კერძო კომპანიაში, გიორგი ნადირაძე კი გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის დოქტორანტურაში აგრძელებს სწავლას.

 

    

ცოტნე ტაბიძე

 

2008 წლიდან ასპარეზზე ცოტნე ტაბიძე გამოჩნდა. მან სამივე სინჯის მედლის მოპოვება მოახერხა და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო ოქროს მედლის აღება. მისი შედეგი - მეშვიდე ადგილი, საუკეთესოა ქართველ ოლიმპიელთა შედეგებს შორის არა მარტო ინფორმატიკაში, არამედ ყველა საგანში. აქვე აღვნიშნავ, რომ ცოტნემ კანადაში გაუსწრო ოთხივე ჩინელ და ოთხივე რუს მონაწილეს, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისათვის დაუჯერებელი შედეგია. ამჟამად ცოტნე ინფორმაციული ტექნოლოგიების მექად წოდებულ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობს და დარწმუნებული ვარ, რომ მისი წარმატებების შესახებ კიდევ ხშირად გავიგონებთ. (სხვათა შორის, ამ წერილის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე მეორე „რაზმაძელიც“ მიიღეს იმავე სასწავლებელში - აკაკი მარგველაშვილი, რომელიც 2009 წელს ინფორმატიკის და მათემატიკის ნაკრებებში ერთდროულად მოხვდა და რადგან იმ წელს ეს ოლიმპიადები პარალელურად ტარდებოდა, იძულებული გახდა, ინფორმატიკის ნაკრებზე უარი ეთქვა). იმავე წლებში ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე კიდევ ორი რაზმაძელი მონაწილეობდა: ნოდარ ამბროლაძე (2010 წელი) და ანი მარგველაშვილი (2011 წელი). გარდა ნაკრების წევრებისა, სკოლის კიდევ ბევრმა კურსდამთავრებულმა აირჩია თავის მომავალ პროფესიად ინფორმაციული ტექნოლოგიები, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

 

ზემოთ თქმული რომ შევაჯამოთ, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე სულ მოპოვებული აქვთ 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი. იმედია, რომ ეს მონაგარი უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტად გამდიდრდება.

 

ზაზა გამეზარდაშვილი 

 

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების თანალიდერი ინფორმატიკაში

 

 

მთავარ ფოტოზე, მარცხნიდან: გოჩა მანდარია (გუნდის ლიდერი): დავით თვალჭრელიძე: ზვიად მეტრეველი: გიორგი ლეკვეიშვილი: გიორგი ნადირაძე და ზაზა გამეზარდაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია