დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგონათა გასხვისება ცხოველების სანაცვლოდ - 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს
გოგონათა გასხვისება ცხოველების სანაცვლოდ - 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს
სულ ნანახია 1769
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 16 წლის გოგონა მამამ 45 წლის მამაკაცზე 10 ძროხის სანაცვლოდ გაათხოვა, თუმცა იმის გამო, რომ გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თემებში გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ, დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 18 წელს მიუღწეველი, დაახლოებით, 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი 30 წამში. საქართველოში არსებული სიტუაცია არანაკლებ მძიმეა.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა.

 

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შესწავლის შედეგების მიხედვით, გოგონათა მიერ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი გათხოვებაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

 

სტატისტიკური მონაცემებით, განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში: კაბალში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი); ყარაჯალასა (თელავის მუნიციპალიტეტი) და იორმუღანლოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).

 

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლე გოგონები, მაგალითად, კაბალის საჯარო სკოლაში არ დადიან, რადგან დიდია მათი მოტაცების რისკი.

 

სკოლის დირექტორმა ალიშან ისმაილოვმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, რომ 2014 წლის იანვარ-თებერვალში მოტაცების 3 ფაქტი, ბოლო პერიოდში კი 20-ზე მეტი ადრეული ქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა.

 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მაღალია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, გოგონათა მოტაცება და გარიგებით ქორწინება.

 

ომბუდსმენი განათლების შეწყვეტის და ადრეული ქორწინების მაღალი მაჩვენებლის შესახებ 2012 წლის ანგარიშშიც საუბრობდა, თუმცა უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები, სამწუხაროდ, არ გადადგმულა.

 

„მთავარ პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო ყურადღება. კაბალის თემში არ იციან, ვის უნდა მიმართონ ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში. გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ ამ თემში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაცია. მნიშვნელოვანია გააქტიურდეს სოციალური სამსახური, პოლიცია და საგანმანათლებლო დაწესებულებები“, აცხადებს სახალხო დამცველი.

 

2014 წლის 18 მარტს, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, 16 წლის გოგონამ თავი იმის გამო მოიკლა, რომ არ დაეთანხმა მამის გადაწყვეტილებას მის გათხოვებასთან დაკავშირებით და ვერც წინააღმდეგობის გაწევა შეძლო.

 

აი, რა გვიამბო სკოლის დირექტორმა ელზა აშიროვამ: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გოგონას ძალით ათხოვებდა მამა, რომელიც ყაზახეთში ცხოვრობს. გოგონა არ იყო თანახმა, ვერ შეძლო მამისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ჩვენი თანასოფლელებისთვის მთავარია მატერიალური მდგომარეობა. თუ ბიჭი შეძლებულია, ან საშუალოდ შეძლებული, გოგოს თანხმობას მშობლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, უნდა გათხოვდეს. იმდენად მორიდებული იყო, ვერ მოვიდა ჩემთან. იქვე ახლოს ცხოვრობს ბებია, მასთან მისულა, მაგრამ სამწუხაროდ, ბებიამ ვერ შეძლო ეტყობა დახმარება. ჩვენთან გათხოვება მასობრივად ხდება სწორედ მშობლების ზეწოლით. ზოგიერთი შემთხვევა ასე მთავრდება, ასე გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, განცდებს და უკმაყოფილებას“.

 

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ზუსტად იგივე მიზეზით, სოფელში თვითმკვლელობა 2013 წელსაც მოხდა. ამ შემთხვევაშიც მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვი თანასოფლელ მამაკაცზე გაეთხოვებინათ. გოგონა, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლე იყო, გათხოვებაზე უარს ამბობდა.

2012 წელს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მე-8 კლასის მოსწავლის გადარჩენა შეძლეს. 13 წლის გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. გოგონას შეყვარებული ჰყავდა, მშობლებს კი მისი გათხოვება სხვა, ეკონომიურად შეძლებულ მამაკაცზე უნდოდათ.

 

„თუ ბიჭი შეძლებულია, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეების სათხოვნელადაც რომ მივიდნენ, მშობელი თანხმდება და ათხოვებს. გასულ წელს გვქონდა ასეთი შემთხვევა, 13 წლის გოგონა გაათხოვეს. ამ ასაკიდან იწყება. შარშან 5 გოგო არ გამოუშვეს სკოლაში, გათხოვების მიზნით“, აღნიშნა ელზა აშიროვამ, ყარაჯალის სკოლის დირექტორმა.

 

თვითმკვლელობამდე მიყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დასჯადი დანაშაულია და ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის მიუხედავად, სტატიაში მოცემულ თვითმკვლელობის არცერთ ფაქტზე პოლიციას გარდაცვლილთა მშობლები პასუხისგებაში არ მიუცია.

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული აქტივობები. ომბუდსმენი რეკომენდაციას უწევს შს სამინისტროს, მოხდეს ადრეული ქორწინების შემთხვევაში არასრულწლოვანთა დაცვა მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან, ბავშვის უფლებების დამრღვევთა მიმართ ამოქმედდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვთა ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების შესახებ შესაბამის უწყებებს ინფორმაცია მიაწოდონ.

 

თამარ მოდებაძე,

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

 

სურათზე: სნიკერსიანი ძროხა (გაზეთ „სპექტრის“ ფოტო) - გადაღებულია საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში. სოფელში ტრადიციული ადათ-წესები დღემდე აქვთ შემონახული. სასიძო და მისი მეგობრები გოგოს ოჯახში საპატარძლოს დასანიშნად (გამოსასყიდად) მიდიან. ახალგაზრდა მამაკაცებს ქალის ოჯახში პირუტყვი მიჰყავთ. საქონელი წითელი ბაფთებითა და შოკოლადებით საგანგებოდ არის მორთული. ძროხას ყელზე „სნიკერსი“ და „ალპენ-გოლდი“ აქვს შებმული, რაც სიმბოლურად ოჯახში სიტკბოს შეტანას ნიშნავს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია