დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
21-ე საუკუნის სიღარიბის შვილები
21-ე საუკუნის სიღარიბის შვილები
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1945
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

მამა, ეს რა არის, რომ ანათებს? - შუქია, შვილო!

 

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის 18 ნომერში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. მათი განცხადებით, არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არ  არის შუქი, საპირფარეშო და მუდმივი ანტისანიტარიის პირობებში უწევთ ცხოვრება.

 

 

ყოფილ სამხატვრო სკოლაში  თვითნებურად შესახლებული, დაახლოებით, 23 სოციალურად დაუცველი და ორი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ყოველგვარ საარსებო პირობებს მოკლებულ 15 მოზარდს თვალით არ უნახავს ტელევიზორი, 9 წლის ბავშვმა კი არ იცის, რა არის შუქი და გზაზე ნანახი განათებებით გაოგნებული უცნაურ კითხვებს სვამს:

 

„- მამა ეს რა არის?

 

- შუქია, მამა!“

 

ხოლო ერთი წლის ანასტასიას პირველი წინადადება, რაც გამართულად თქვა, ეს იყო: „ბინა მინდა მე“ და მას შემდეგ ამას ხშირად იმეორებს.

 

ყოფილ სკოლაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ადგილობრივი, ქუთაისის მოქალაქეები არიან.

 

„აქამდე ქირით ვცხოვრობდით, მაგრამ არანაირი შემოსავალი არ გვქონდა, ბინის ხარჯებს ვერ ავუდიოდით და იძულებული გავხდით, დაგვეცალა სახლი, დავრჩით ქუჩაში და შემდეგ ამ შენობას გადავაწყდით. რა მექნა, ბავშვებს ღია ცის ქვეშ ხომ ვერ დავაძინებდი და აქ დავსახლდით. თანდათანობით სხვებიც შემოვიდნენ და უკვე 2 წელზე მეტია, ამ კედლებში გვიწევს ცხოვრება. აქ გაჩნდნენ ბავშვები, რომლებსაც თვალით არ უნახავთ შუქი, ჭრაქებზე გაიზარდნენ. ზამთარი ძლივს გადავატარეთ, საწოლებს აქეთ-იქეთ დავატარებდით, მძინარე ბავშვები რომ არ დასველებულიყვნენ,“ - აცხადებს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი მალხაზ მამაგეიშვილი.

 

სამხატვრო სკოლაში შესახლებულების თქმით, ისინი ოფიციალურად ჩაწერილები არიან სკოლის შენობაში და საცხვობრებელ ადგილად მითითებული აქვთ აბაშიძის ?18 (ყოფილი სამხატვრო სკოლა).

 

ყოფილი სამხატვროს სამსართულიანი შენობა დაზიანებულია, არ აქვთ შენობაში შესასვლელი ნორმალური კარი და ყოველი ქარის დროს უწევთ მისი ფიცრებით აჭედვა, ჩამტვრეულია მინებიც,  არ არის საპირფარეშო, აბანო, გათბობა, ძველი კედლებიდან კირი ცვივა, რის გამოც ალერგია მათი მუდმივი პრობლემაა...

 

მოსახლეობის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ შენობაში შესახლდნენ, დახმარება არაერთხელ  სთხოვეს მერიას, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მომხდარა:

 

„ერთადერთი, რასაც ვითხოვდით, ის იყო და არის, რომ შუქი გაგვიკეთონ, ზოგჯერ  სანთლის საყიდელი ფულიც კი არ გვაქვს. 21-ე საუკუნეში ბავშვები სიბნელეში უნდა გვყავდეს?  გაყვანილობა არ არის წესრიგში და დენს ვერ შემოგიყვანთო გვითხრეს, შეიძლება გამოიწვეთო და ამიტომ 2 წელი უკუნეთში გვამყოფებენ, წერილი მივწერეთ ივანიშვილს, ეკა ბესელიას, მაგრამ დღემდე ასე ვართ,“ - აცხადებენ სოციალურად დაუცველები.

 

პირადად დავათვალიერე აღნიშნულ შენობაში შესახლებული ადამიანების საცხოვრებელი პირობები და ნანახმა აღმაშფოთა, წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ როგორ ზრდიან იქ  ბავშვებს, მოზარდებს, რომლებმაც არ იციან რა არის შუქი, ტელევიზორი და გართობის ერთადერთი საშუალება მათი ოთახებიდან ჩამოვარდნილი მინის ნამსხვრევებით კედლებზე ხატვაა.

 

9 წლის ელამ ჩემს კითხვაზე, თუ რა არის მისი ბავშვური ოცნება, რას ნატრობს ყველაზე მეტად,  მიპასუხა: „მე არ მინდა არც ველოსიპედი, არც თოჯინა, არც ნაყინის ჭამას არ ვნატრობ, ჩემი თანატოლების მსგავსად, მე სახლი მინდა მქონდეს, სადაც ჩემს ოჯახთან ერთად მშვიდად  შევძლებ ცხოვრებას.“

 

აბაშიძის ?18-ში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა, გასულ კვირას, მერიის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს.

 

„არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ან საერთოდ წაგვართვან ეს შენობა, ან დაგვიკანონონ და ხელი შეგვიწყონ, ნორმალურ პირობებში გავზარდოთ ჩვენი შვილები. გაუსაძლის  პირობებში ვზრდით ანგელოზივით ბავშვებს, ისღა დაგვრჩენია შვილები მერიის წინ დავტოვოთ და მერიამ აიღოს მათზე პასუხისმგებლობა,“ - აცხადებდნენ სოციალურად დაუცველები.

 

აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კახა დალაქიშვილი ესაუბრა.

 

დალაქიშვილის განცხადებით, ყოფილ სამხატვრო შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები უკანონოდ არიან შენობაში შეჭრილები, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ.

 

 

დალაქიშვილსა და სოციალურად დაუცველებს შორის შეთანხმება შედგა. მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

 

„ამ ხალხს დავემხარებით და დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას - ელექტროენერგიას მივაწოდებთ. ამასთან დაკავშირებით „ენერგო პრო ჯორჯიაში“ განცხადება გვაქვს დაწერილი. ამ დრომდე მხოლოდ იმიტომ ვერ მოვახერხეთ დახმარება, რომ ისინი ყოფილ სამხატვროს შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილი,“ - განაცხადა კახა დალაქიშვილმა.

 

მისივე თქმით, ასეთი ოჯახი ქუთაისში 700-მდეა და თითოეულ მათგანს უამრავი პრობლემა აწუხებს.

 

დალაქიშვილის თქმით, შემდგომში მერია  ქუთაისში საბინაო ფონდის შექმნის კუთხითაც იმუშავებს.

 

ყოფილ სამხატვრო სკოლაში შესახლებული სოციალურად დაუცველები დანაპირების შესრულების მოლოდინში არიან, ისინი იმედოვნებენ, რომ ევროპელობის ამბიციით გაჟღენთილი საქართველოს  შვილები შემდეგში, სინათლის დანახვისას არ იკითხავენ, თუ რა არის ის რაღაც, რაც გზას უნათებს. თუმცა,  ეს „რაღაც“  მათთვის ასეთი სანატრელი გამხდარა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია