საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სკოლა და მათემატიკის ოლიმპიადები
სკოლა და მათემატიკის ოლიმპიადები
სულ ნანახია 6193
ავტორი:

მათემატიკურ შეჯიბრებს თუ ორთაბრძოლებს დიდი ხნის ისტორია აქვს... ჩვენამდე მოუღწევია ლეგენდად ქცეულ ამბავს შუა საუკუნეებიდან - თითქოს ერთ-ერთი ასეთი ორთაბრძოლის დროს, რომ არ დამარცხებულიყო, ცნობილი იტალიელი მათემატიკოსი ნიკოლო ტარტალია იძულებული გამხდარა, ეპოვნა თუ აღმოეჩინა მესამე ხარისხის ალგებრული განტოლების ზოგადი ამონახსნი...

 

 

მეცნიერული აღმოჩენები ღვთის წიგნის იმ ფურცლების წაკითხვას ჰგავს, ყველას რომ არ ძალუძს და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, რომელთაც ღმერთმა ნიჭიც მიჰმადლა და შრომისმოყვარეობაც, რათა ცხოვრების წუთისოფელში ერთხელ მაინც დაეძახა არქიმედესეული - „ევრიკა“, - აბანოდან გამოქცეული, შიშველი რომ ამცნობდა ყველას საკუთარ აღმოჩენას...

 

 

...XX საუკუნის ოცდაათიან წლებში მოსკოვში, ლენინგრადსა და თბილისში პირველად ტარდება სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადები. II მსოფლიო ომის შემდეგ კი, 1959 წლიდან, რუმინეთის ინიციატივით, მაშინდელ სოციალისტურ ბანაკში ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადები(IMO), რომელშიც ყოფილი საბჭოეთი ერთვება 1963 წლიდან, კაპიტალისტური ქვეყნები - კიდევ უფრო მოგვიანებით. 1961-66 წლებში საბჭოთა კავშირში ტარდება სრულიად რუსეთის, ხოლო 1967 წლიდან (პირველად თბილისში) ჩატარებას იწყებს საკავშირო მათემატიკური ოლიმპიადები, რომლებიც 1992 წლამდე ტარდება (ბოლო, რიგით 26-ე საკავშირო ოლიმპიადა ჩატარდა ალმა-ატაში, საქართველოს ნაკრებს მასში მონაწილეობა არ მიუღია. შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ყველა რესპუბლიკა დამოუკიდებელი გუნდით ასპარეზობს საერთაშორისო ოლიმპიადაზე).

 

საქართველო 1993 წლიდან დამოუკიდებლად ერთვება მსოფლიოს ამ ფორუმში და, აი, უკვე 22-ე წელიწადია, მასში მონაწილეობს.

 

იმისათვის, რომ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოხვედრილიყო, 1992 წლამდე ქართველი მოსწავლე საკავშირო ნაკრებში 8 საუკეთესოში (1980 წლიდან 6-ეულში) უნდა შესულიყო. ეს შრომატევადი, მძიმე ამოცანა იყო, რასაც თავის დროზე წარმატებით გაართვეს თავი, მაგალითად, ძმებმა ამირან და მურმან ამბროლაძეებმა (1976, 1979 წწ).

 

საკავშირო ოლიპიადაზე საქართველოდან ყოველწლიურად 3-4 მოსწავლე იგზავნებოდა, VIII, IX და  X კლასიდან (მოგვიანებით IX,  X და XI კლასიდან). პირობითად, ვიდრე ჩვენი სკოლის სტატისტიკას მივყვებოდეთ, შეგვიძლია დავყოთ ისტორია ორ ნაწილად, 1992 წლამდე (ანუ საბჭოეთის ეპოქა) და 1993 წლის შემდეგ, ანუ დამოუკიდებლობის ეპოქა...

 

ავღნიშნოთ ასევე, რომ ამ ტიპის ოლიმპიადების მიზანმიმართულად ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ისეთ პროფესორებს და აკადემიკოსებს, როგორებიც იყვნენ: ბორის დელონე, ანდრეი კოლმოგოროვი, ისააკ გელფანდი, ავთანდილ ბენდუქიძე და სხვები...

 

1974 წლიდან, ანუ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატის დაარსებიდან (ამჟამინდელი სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ?41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა), მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას კურირებდნენ ბატონები ზურაბ ხმელიძე და ივლიანე ნაჭყებია, ვახტანგ ჯავახაძე და აგლაია აბზიანიძე, სასწავლო ნაწილის გამგე ალიოშა გოგელიას კურირებით, მიზანმიმართულამა შრომამ რა ნაყოფიც გამოიღო იქედან ჩანს, რომ სკოლის პირველი გამოშვებიდან ოცეულზე მეტია მაღალი რანგის მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

 

ჩვენ შევეცდებით, არცერთი გამოგვრჩეს შემდგომ სტატიებში, დღეს კი მხოლოდ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს ჩამოვთვლით, თანაც მხოლოდ საკავშირო თუ საერთაშორისო ასპარეზზე...

 

1981 წელს პირველად კვალავს საკავშირო ოლიმპიადის გზას სკოლის VIII კლასის მოსწავლე გია შარიქაძე (პედაგოგი ზურაბ ხმელიძე), შემდეგ 1982, 1983 და 1984 წლებში ზედიზედ სამჯერ საკავშირო ოლიმპიადაზე იმარჯვებს გენადი მარგველაშვილი... (პედაგოგი ივლიანე ნაჭყებია).

 

1987-1988 წლიდან სკოლაში მუშაობას იწყებს მათემატიკის წრე სკოლის კურსდამთავრებული ბატონი გოჩა გოქაძის ხელმძღვანელობით, შემდგომი წარმატებები (1994-1995 წლამდე) ამ წრის აღსაზრდელების დამსახურებაა.

 

სწორედ ამ წრის აღზრდილია ბატონი გიორგი ონიანი (პედაგოგი აგლაია აბზიანიძე), რომელიც საკავშირო ოლიმპიადაზე ზედიზედ სამჯერ იმარჯვებს,  ასევე  ხდება  ჟურნალი „კვანტი“-ს კონკურსის გამარჯვებული (1988, 1989, 1990 წ.წ საკავშირო ოლიმპიადები).

 

1989 წელს რიგაში ჩატარებულ საკავშირო ოლიმპიადაზე სკოლიდან ერთბაშად ორი მოსწავლე წავიდა - გიორგი ონიანთან ერთად ამ ოლიმპიადაზე წარგზავნილია აგრეთვე სკოლის IX კლასელი ჯეირან ლიფარეიშვილი (პედაგოგი ნანა გაბადაძე).

 

 შეიძლება აღვნიშნოთ, რომ აქ ამოიწურა პირველი, ე.წ. საბჭოთა ეპოქა, როცა სკოლის მოსწავლეები ჯერ ვერ ხვდებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიადაზე. დავძენთ, რომ ბატონმა გიორგი ონიანმა, შემდეგში ყველაზე ახალგაზრდამ ქართველ მათემატიკოსთა შორის, დაიცვა სადოქტორო ხარისხი, რამდენიმე წელი წარმატებით უძღვებოდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ასევე წარმატებულად აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას (ამ სტატიის ავტორმა, სწორედ ბატონი გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია).

 

1993 წელს სტამბოლში  საქართველოს ნაკრები პირველად გამოვიდა საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი გუნდით (გუნდი 6 მოსწავლისგან კომპლექტდება) და ამ გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩვენი სკოლის მოსწავლე დათო გაბელაიაა.

 

1994 წელს ექვსეულში უკვე ორი ჩვენი სკოლელია, დათო გაბელაია (ბრინჯაოს მედალი) და ლაშა ჯიქია (ორივე მათგანის წრის ხელმძღვანელი გოჩა გოქაძე).

 

1995 წლიდან გოჩა გოქაძე ტოვებს სკოლას, წრის მეცადინეობები კი მიჰყავთ პროფესორ გახა ონიანს და გენადი მარგველაშვილს (სამწუხაროდ, გახა ონიანი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში, იგი ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, I გამოშვება).

 

სწორედ მათი ხელმძღვანელობით 1999 წელს რუმინეთში ჩატარებულ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც საიუბილეოა (რიგით 50-ე), ამ წერილის ავტორმა ბრინჯაოს მედალი ავიღე, ხოლო 2000 წელს მე და მიხეილ მებონია (პედაგოგი გენადი მარგველაშვილი) უკვე ერთად ვმონაწილეობდით სამხრეთ კორეის ქალაქ ტაჯონში გამართულ 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

 

განსაკუთრებულ წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ 2001 წელი, როცა 6 მონაწილეს შორის 4 ჩვენი სკოლიდანაა (თუმცა მიხეილ მებონია, ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, უკვე თბილისშია გადასული საცხოვრებლად). ესენია მიხეილ მებონია - ვერცხლის მედალი, შოთა ღვინეფაძე - ბრინჯაოს მედალი (პედაგოგები პაატა მაღლაკელიძე და ზურაბ ხმელიძე), ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი (პედაგოგი ბაჩუკი ხიზანეიშვილი) და შალვა სახელაშვილი (პედაგოგი გენადი მარგველაშვილი) (ოლიმპიადა ჩატარდა ვაშინგტონში, აშშ).

 

2002 წელს ნიკამ და შოთამ ამჯერად შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ბრინჯაოს მედლები აიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ წელს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ონიანია, რომელიც რექტორად დანიშვნის გამო ვეღარ მიჰყვება გუნდს შემდეგ წლებში.

 

2003 წელს ნიკა ჯიმშელეიშვილმა ტოკიოში (იაპონია) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2004 წელს ათენში (საბერძნეთი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ავთანდილ რუხაძემ (პედაგოგი ავთანდილ ჯიშკარიანი).

 

2006 წელს ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა საერთაშორისო ოლიმპიადიდან აკაკი მამაგეიშვილი (პედაგოგი ბაჩუკი ხიზანეიშვილი), ხოლო გიორგი ნადირაძემ (პედაგოგი გენადი მარგველაშვილი) სიგელი აიღო.

 

2007 წელს გიორგი ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო.

 

2008-2009-2010 წლებში საერთაშორისო ოლიმპიადაზე სამჯერ იყო ცოტნე ტაბიძე (პედაგოგები გენადი მარგველაშვილი და ნანა გაბადაძე), აქედან ორჯერ იგი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა, ხოლო ერთხელ სიგელი მოიპოვა.

 

2010 წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე სიგელი აიღო ნოდარ ამბროლაძემ (პედაგოგი გენადი მარგველაშვილი). 2011 წელს კი თორნიკე აბულაძემ (პედაგოგი ავთანდილ ჯიშკარიანი).

 

2011-2012-2013 წლებში სამჯერ მიიღო საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა აკაკი მარგველაშვილმა (პედაგოგი გენადი მარგველაშვილი), აქედან ორჯერ ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ერთხელ კი სიგელით. აღსანიშნავია ასევე, რომ აკაკიმ ორი მედალი (ოქრო და ვერცხლი) ჩამოიტანა ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში სკოლებს შორის და რომლებზეც მოგვიანებით სხვა სტატიებში მოგახსენებთ.

 

ასე რომ, თუ 1993 წლიდან ვიანგარიშებთ, სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადებზე მოიპოვეს 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი. ეს მხოლოდ მათემატიკაში.

ასევე ორი საერთაშორისო გამარჯვება ხვდა წილად სკოლის მოსწავლეებს საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც დაჯილდოვდნენ სკოლის კურსდამთავრებულები - გურამ შვანგირაძე (ვერცხლის მედალი, ალმა-ატა, ყაზახეთი) და რევაზ ხურცილავა.

 

ამჯერად მათემატიკურ წრეებს სკოლაში ატარებენ ავთანდილ ჯიშკარიანი, პაატა მაღლაკელიძე, ლერი ბანცური, გიორგი ბრეგვაძე, გენადი მარგველაშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, მაგდანა პაპიძე, მაია ყურაშვილი, თინათინ სვანიძე, ნელი თედორაძე. მეცადინეობები მიმდინარეობს მე-3-დან მე-11 კლასის ჩათვლით, როგორც საკვირაო სკოლაში, ასევე მათემატიკის წრეზე.

 

გვყავს იმედისმომცემი მოსწავლეები.

 

დაე, მათმა წარმატებებმაც არ დაახანონ, გამარჯვებები ვუსურვოთ მათ.

 

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ სტატია მხოლოდ ოლიმპიადის ბოლო ეტაპზე (საკავშირო თუ საერთაშორისო) გამარჯვებულებს მივუძღვენით, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე გამოდიოდა წარმატებით, ასეთები ასეულზე მეტია, მათ შორის კი ფრიად წარმატებული პროფესორები და საზოგადო მოღვაწენი.

 

მათზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა სტატიებში მოგითხრობთ.

 

ლერი ბანცური

მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

შოთა ღვინეფეძე

მიხეილ მებონია

აკაკი მარგველაშვილი

ლერი ბანცური

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია