დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჭიათურელი ოთარაანთ ქვრივი
ჭიათურელი ოთარაანთ ქვრივი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 10335
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ჯონი თორღვაშვილის გმირობის ამბავი

 

ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში უცნობმა ქალბატონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. „სურვილი მაქვს, რომ ივანიშვილს მადლობა გადავუხადო გაზეთის საშუალებით და მინდა, რომ ჩაწეროთ,“ - მითხრა ომახიანად უცნობმა. დელიკატურად ავუხსენი, რომ გაზეთი ასეთ რამეს ვერ დაბეჭდავდა. ეს ადამიანი პოლიტიკურად აჟიტირებულად ჩავთვალე და მინდოდა, ჩვეული დიპლომატიური სვლებით გადამეფიქრებინა „გაგაზეთება“, თუმცა მის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადების შემდეგ მივხვდი, რომ 21-ე საუკუნის ოთარაანთ ქვრივთან მქონდა საქმე.

 

დაგეგმილი შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა 22 მარტს, უჩვეულოდ თბილ დღეს დავთქვით ადგილი, სადაც შევხვდებოდით და ჩავწერდი ერთი ოჯახის ტრაგედიის ამბავს, რომელსაც გულგრილად ვერასდროს ვერავინ წაიკითხავს.

 

თორღვაშვილის ქუჩა ჭიათურის განაპირასაა. გზად გამომეგება ლალი (ლოლა) თორღვაშვილი, საოცრად მსუბუქად მოაბიჯებდა, ასაკის, ქვრივობისა და შვილმკვდარი  დედის პირობაზე. „სახლში ჩემთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუ ეღირება გამოქვეყნებად, გამოაქვეყნეო“, - მითხრა. მორჩილად გავყევი და წამიერად მომაცდევინა მაღაზიის წინ, საიდანაც მცირე პარკით შოკოლადები გამოიტანა. მივხვდი, რომ ეს იმერული მასპინძლობის ერთ-ერთი ელემენტი იქნებოდა და ავიწურე: სულაც არ მინდოდა ღია თალხ ტანსაცმელში გახვეული რესპონდენტი შეწუხებულიყო.

 

 ვიდრე მის ბინას მივადგებოდით, რამდენიმე კითხვა პირაქეთ დამისვა და სასიამოვნოდ მაკვირვებდა ყველა შემხვედრის მისალმება: გამარჯობა, ლალი ბებია! გამარჯობა, ლალი! გამარჯობა, ლალი დეიდა! ყველა შემხვედრის პოზიცია მოწიწებულობას გამოხატავდა და მეც, ჩემდა უნებლიედ, მოკრძალებამ დამრია ხელი. ყველა თაობის ადამიანი თითქოს მას გზასაც უთმობდა და ღრმა პატივისცემას გამოხატავდა მისალმებისას. მორიგი გაოცება იმან გამოიწვია, ბინის გასაღები კორპუსის ფასადის შვერილიდან რომ აიღო. ესე იგი, არც ბინის გატეხვა-გაძარცვის ეშინია! - გავიფიქრე. ლალიმ სამოთახიანი ბინის კარი ყურთამდე გააღო და მიმიწვია. მომცრო ოთახი, ალბათ, 12 კვადრატული მეტრის ფართის იქნება. ორი კედელი გარდაცვლილი ახალგაზრდის მასშტაბური ფოტოებით თითქმის გავსებულია, კედელზე საბჭოური ხაკისფერი სამხედრო პერანგი ჰკიდია. მასზე რამდენიმე მედალი თუ ორდენია. პერანგს მტვერი ადევს, ოღონდ, მერე მივხვდი, რომ მტვერი საპატიო იყო და არა სიზარმაცის. ვეძებ კითხვას, რომელიც რესპონდენტს მთავარ სათქმელს ათქმევინებს, თუმცა, ლალი ბებო თავად იწყებს: „სამი ვაჟიდან ერთს ჯუმბერი დავარქვით. სხვა მინდოდა მის სახელად, მაგრამ არ მომცეს ნება. ჯონი მინდოდა, მაგრამ ეგ საზღვარგარეთული სახელია და დაბადების მოწმობაში ვერ გავატარებთო. ვითომც მსგავსობის გამო ჯუმბერი ვარჩიე ბოლოს. ალბათ, გაინტერესებს, რატომ ჯონი! ფეხმძიმობის დროს მესიზმრა: 25 წლის ჭაბუკი გამომეცხადა და მითხრა, რომ ვაჟი შემეძინებოდა, რომლისთვისაც ჯონი უნდა დამერქმია. ნასიზმრევი ახალგაზრდა ისეთი განსაკუთრებული გარეგნობის იყო, რომ ძილშივე ვფიქრობდი, თუკი სადმე შემხვდა, აუცილებლად ვიცნობ-მეთქი. მართლაც, ვაჟი შემეძინა და ყოველწლიურად ვატყობდი, რომ ნასიზმრევ ჭაბუკს ემსგავსებოდა ჩემი შვილი. 25 წლამდე 19 დღე აკლდა ჩემს შვილს, აფხაზეთში ნაღმზე რომ აფეთქდა...“

 

ალბათ, განსაკუთრებულადაც ზრდიდით, - ჩავურთე საუბარში. - სულაც არა. სამი შვილი კიდევ მყავს, ჯონის გარდა, მაგრამ ჯონი ბუნებით იყო გამორჩეული, არასდროს დამჭირვებია მასთან ზედმეტი საუბარი, იყო ბუნებით გაწონასწორებული, სამართლიანი და ძლიერი. ძლიერი არა მარტო ფიზიკური ძალით, არამედ - სულიერადაც. სულაც არ იყო ზორბა და ხორციანი, მოხერხებული და ჭკვიანი იყო.

 

 

***

 

 

1968 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა და არ მახსენდება, რომ მას ჩემთვის, თუნდაც, ერთი პატარა გულისტკივილი მოეყენებინოს. ელექტროტექნიკოსი იყო განათლებით, მაღაროში არ მინდოდა დაეწყო მუშაობა, მაგრამ მაინც დაიწყო. არ უყვარდა სხვის ხარჯზე არსებობა და ცხოვრება. ჩემი გაოცება მას ყოველთვის შეეძლო თავისი დამოკიდებულებით. გეცოდინებათ,  ავღანეთში კომუნისტების დროს რომ გაჰყავდათ ჯარისკაცები, ჩემი შვილიც იქ მოხვედრილა, მაგრამ იქიდანაც კი მიფრთხილდებოდა: მატყუებდნენ მისი დავალებით, რომ მონღოლეთში იყო. ერთხელაც მეზობლის ქალები იყვნენ შემოსულები და ჯონის მიერ გამოგზავნილ ფოტოებს ვათვალიერებინებდი. ერთმა თათრის ქალმა უცებ თქვა: ლალი, ეტა ავგანისტან! ელდა მეცა, მაგრამ მეზობლის ქალებმა შემოსძახეს, რას ამბობ, მონღოლეთშიც ასეთი ადგილებია, ისიც უდაბნოაო! ბოლოს სიმართლე მაინც გავარკვიე. თუმცა, უკვე თითქმის ყველანაირი საშიშროება ჩავლილი იყო. დაბრუნდა ავღანეთიდან ჩემი შვილი. არ ვამბობ ტრაბახით და ისეთი გარეგნობა ბევრ ადამიანს არ ექნება! გორბაჩოვის ხელმოწერილი სიგელებიც აქ მაქვს შენახული (საგულდაგულოდ დაკეცილ ფურცლებს რუდუნებით ალაგებდა მცირე მაგიდაზე). ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო ჯონი მოსკოვში წაიყვანეს ფსიქორეაბილიტაციისთვის. ავღანეთში ნამსახურევ ადამიანებს ეს მკურნალობა აუცილებლად ესაჭიროებოდა და ერთი წელი იქ დაყო. მერე ჭიათურის კომისარიატში უნდოდა მუშაობის დაწყება, მაგრამ მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ  ჩოლოყაშვილის  ბატალიონში გაამწესა, ჭიათურის კომისარიატისთვის ზედმეტი ფუფუნება იქნება შენნაირი მეომარიო. ბატალიონის უფროსის მოადგილე იყო და ორჯერ აიღო მხოლოდ ხელფასი, მერე კი მომიკვდა გმირულად აფხაზეთში!

 

სიკვდილიცაა და სიკვდილიც. ქართველებს გმირობით ვერ გააკვირვებ. მარტო ჭიათურიდან 30 სამხედრო დაიღუპა აფხაზეთში და ორიც უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება... ალბათ, ასეთმა ადამიანებმა მოიყვანეს ჩვენი ქვეყანა აქამდე. ჯონის მე გმირად არ ვზრდიდი, ის ასეთი ბუნებით იყო!

 

 

ნაღმზე აფეთქებული ბიჭები

 

 

თითქოს ამით უნდა    დასრულებულიყო  საუბარი, მაგრამ ქალბატონმა ლალიმ მითხრა, ეგებ გაინტერესებთ, როგორ გარდაიცვლა ჩემი შვილიო. გულისყურით ვუსმენდი ტრაგიკულ ამბავს: - აფხაზეთში ბრძოლის დროს ჩემს შვილს გასაოცარი სიმამაცე გამოუჩენია თურმე. თანამებრძოლებს უთქვამთ, თუ როგორ გამოიყვანა სამშვიდობოზე უმეთაუროდ დარჩენილი კასპის ბატალიონის ბიჭები და სხვა ბევრიც, მაგრამ თავად როგორ აღესრულა, ეს არის ტრაგედია და სიამაყე ჩემთვის, რომელსაც, არ გაგიკვირდეთ და სიხარულიც ახლავს! აფხაზური მხრიდან ანდრონიკ ხაჩატუროვი დაუჭრიათ და ჩემს შვილს სამშვიდობოზე გამოუყვანია, მაგრამ მეორედ შებრუნებულა, რადგან თანამებრძოლი ლერი ბაინდურაშვილიც დაუჭრიათ. ჩემი შვილი კიდევ არავის სტოვებდა გასაჭირში. დაჭრილი ზურგზე მოიკიდა და რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა სამშვიდობოს, როცა ფეხი დაადგა ნაღმს! ლერისთვის უთქვამს, ლერი, დროზე ეცადე და მომშორდი, მე რომ აქიდან ფეხი გადავადგა, ავფეთქდებით ორივეო! ლერიმ კი, აბა, როგორ ვიცხოვრებ, ჩემი გადამრჩენელი ნაღმს რომ შეგატოვოო. ასე აფეთქდნენ ერთ ნაღმზე თავდადებული ბიჭები! ამას თამებრძოლები რამდენიმე მეტრის დაცილებიდან უყურებდნენ და უსმენდნენ. ისე, რამდენჯერმე მივედი ლერის ოჯახში, თავად კი არ ისურვეს ჩემთან მოსვლა და მეც თავი დავანებე მათთან სიარულს, ასაკმა და ოპერაციებმა ჯანი დამისუსტეს (მაჩვენებს ხელთათმანიან ხელს, რომელსაც დეფორმაცია აქვს მიღებული უხეიროდ ჩატარებული ოპერაციის გამო). მერე ისიც გაიხსენა ლალი ბებომ, თუ როგორ სცემა ჯონიმ სამი მოძალადე მილიციელი ქალაქის ცენტრში. ვიღაც ახალგაზრდას სამივე სცემდა და გამოესარჩლა, რა დააშავა ასეთი, სამი კაცი ერთს რომ სცემთო. მილიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჯონის და წამში სამივე ასფალტზე ეყარნენ. თვალიც კი ვერ მოვასწარი, როგორ დაცვივდნენ ისინი ძირს. მილიციაში დაიბარეს თანამშრომლების ცემის გამო, მაგრამ ამირან გაფრინდაშვილმა (მილიციის უფროსის მოადგილე) შეაქო: ვაჟკაცი ყოფილხარ, ეს სამივე კი გასაყრელები არიანო!

 

 

***

ჩამოსვენებიდან ათი დღის განმავლობაში მოსამძიმრეთა ნაკადი არ წყდებოდა, მაგრამ მერე მოსახდენი მოხდა - დავკრძალე შვილი და შვილმკვდარი დედის მძიმე ბედით დავდივარ ამქვეყნად, თავი ვერ მოვიკალი, საკურთხის გამკეთებელი ხომ მაინც სჭირდებოდა ჩემს შვილს? ჩემი ჯონი სიცოცხლეში წარდგენილი იყო გამოჩენილი მამაცობის გამო გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე, თუმცა თავდაცვის სამინისტროში მესამე ხარისხის მედალი მოგვცეს (ორდენის მოწმობა ?00262 ხელმოწერილია შევარდნაძის მიერ და გაცემულია 1994 წლის 14 თებერვლის ბრძანებულების საფუძველზე). ძალიან მეწყინა, რომ მითხრეს, სინამდვილეში ჯონის ორდენით სხვამ ისარგებლა, - ამოიოხრა ლალიმ.

 

ჩვენი საუბრის ფინალი მეგონა მალე მოახლოვდებოდა, მაგრამ ქალბატონმა ლალიმ გულისტკივილით ისაუბრა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზეც. კაპიკების ფასი პენსია არანაირად არ მყოფნიდა და სამჯერ გავუგზავნე წერილი პრეზიდენტს, ყურადღებაც არ მოუქცევია. ისიც კი უთქვამს, შევარდნაძის დროს დაღუპულებს კი არა, 2008 წლის ომის დროს დაღუპულებს თუ მივხედე, ისიც კარგიაო. ამ ქუჩას ადრე გიუნაშვილის სახელი ერქვა, მერე ჩემი შვილის სახელი მიანიჭეს, თუმცა ტრაფარეტები ჟანგიან მასალაზე იყო დამზადებული და კარგა ხანი ჩემს სახლში ინახებოდა. მერე საშველი დააყენეს მის გაკვრას და ახლა ძლივს იკითხება ნომრები მასზე, რადგან ჟანგმა ამოჭამა საღებავი. ჭიათურის ყოფილი გამგებლის, ჩიკვილაძის მმართველობის დროს მემორიალური დაფაც გააკეთეს, მაგრამ ის დაფა არ გავაკვრევინე და ვუსაყვედურე: იმ ტრაფარეტების მსგავსად ეგეც მალე გადაიცრიცება და არ მინდა ეგეთი-მეთქი (საღებავით იყო „გაკრასკული“ დაფა). მერე დაფა შეცვალეს, ფოტოც კარგი ამოტვიფრეს, მაგრამ უხეირო ადგილას დადგეს მისი შინაარსიდან გამომდინარე. დაფა ზუსტად ჩემს სახლთან უნდა იყოს (ან სახლზე) და არა ასიოდე მეტრის დაშორებითო... (ამ საკითხზე დავეკითხეთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სულხან მახათაძეს, რომელმაც აღგვითქვა, რომ ლალის სურვილის მიხედვით დადგამდნენ მემორიალურ დაფას).

 

- რატომ მითხარით, რომ ივანიშვილისთვის გინდოდათ მადლობის თქმა? - არ შეიძლება, სიტყვის კაცს არ დაუფასდეს თავისი ღვაწლი. ქუთაისში დიდი მიტინგი რომ ჩაატარა ბიძინამ, მაშინ მატარებლით ჩავედი ჭიათურიდან ქუთაისში. იქ თქვა: თავდადებულ გმირებს ღვაწლი უნდა დავუფასოთ და 2014 წლის 1 იანვრიდან 500 ლარი და 2015 წლიდან კი 1000 პენსიასთან ერთად უნდა მივცეთ მათ მშობლებსო. აასრულა კაცმა თავისი სიტყვა. ამით ჩემი შვილი კი არ გაცოცხლებულა, მაგრამ დიდი სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგან უყურადღებობა ყველაზე დიდი სატკივარია ჩემნაირებისთვის!

 

- დანარჩენი შვილები თქვენთან არ ცხოვრობენ? - არა, ისინი თბილისში არიან, ერთ ჩემს შვილიშვილს ჯონი დაარქვეს, თუმცა გამოვტყდები და ჩემი ჯონის სიკვდილის მერე დანარჩენების ერთად დანახვა არ შემეძლო, რადგან შაბათ-კვირას ადრე ერთად იყრიდნენ თავს და ჯონის ტრაგედიის მერე სამის დანახვა ტკივილს მიმძაფრებდა! ხუთი წელი ვერ ბედავდნენ ერთად მოსვლას ჩემამდე... აქამდე ძალიან ხელმოკლედ ვიყავი, შვილები და სიძე თან მყვებოდნენ, მაგრამ ახლა ჩემი ჯონის დამსახურებით არავის ხელის შემყურე აღარ ვარ! ამ ოთახში ჩემს შვილს უყვარდა ყოფნა, არაფერი შემიცვლია აქ. მხოლოდ ფოტოები დაემატა მისი გარდაცვალების მერე. სამხედრო ფორმაც არ გავრეცხე, არ შემიძლია. ეს ნაკეთობები მისი ნახელავია, რასაც აქ ხედავ. ეს იარაღი (თუ არ ვცდები, რევორველია ან პისტოლეტი) აქ დევს და არ ვიცი, რა უნდა ვუყო! ჩემს შვილს მისი ტარების უფლება ჰქონდა (იარაღის ტარების უფლება ?291, რესპუბლიკის მთავარსარდლის ხელმოწერით).

 

 

***

 

რამდენჯერმე ვცადე, რომ დამესრულებინა შეხვედრა, თუმცა არ გამომდიოდა. ფილატელისტის, ოფიცრის, ხელოვანისა და, რაც მთავარია, კარგი შვილის შესახებ სურდა დედას საუბარი და მეც მოვალეობით კი არა, ინტერესით ვუსმენდი. მაინც დადგა დაშორების დრო და ვერ გაგიშვებ ეგრეო. სასწრაფოდ ლიქიორი გამოიღო კარადიდან, შოკოლადები კოხტად ცალი ხელით თეფშზე დაალაგა და უნდა დალიოო. ვინც ჩემს დამოკიდებულებას იცნობს ალკოჰოლისადმი, იცის, რომ მასთან დაახლოებული არ ვარ, მაგრამ ერთბაშად თავმოყრილმა ემოციებმა თავისი ქნა და შოკოლადიც დავაყოლე „საშობაო ლიქიორს“. წამოსვლისას თეფშიდან ყველა შოკოლადი ჯიბეში ჩამიტენა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა! კარგა დიდ მანძილზე გამომაცილა რესპონდენტმა, თან უკვე ჭკუას მარიგებდა, ოჯახს მოეკიდე, სიცოცხლე უნდა გაგრძელდესო. რომ დაიბეჭდება, რამდენიმე ეგზემპლარი შემახვედრეო. ფულს მაძლევდა, მაგრამ არ გამოვართვი. დაცილებისას ერთ კორპუსზე მიმითითა, ამ ბინაში ავადმყოფი დედა-შვილი ცხოვრობენ, დღეს მე, თავად ხელნატკენმა, საჭმელი უნდა გავუკეთოო. მივხვდი უკვე, რომ 650 ლარს სადაც ხარჯავდა ჭიათურელი ოთარაანთ ქვრივი. მკურნალობა და ქველმოქმედება ამ ფულს მუსრს ავლებდა, მაგრამ ორივე საჭიროა, ერთი ხორცისათვის, მეორე - სულისათვის.


ჭიათურის იმ უბანს, ნაგუთი რომ ჰქვია, მარტის მზე ბარაქიანად ანათებდა და ათბობდა. ვინ იცის, რამდენჯერ შეგებებია ჯონი თორღვაშვილი სიხარულით მნათობს. თავად ჯონი კი ახლაც უთბობს ცივსა და ტკივილიან ცხოვრებას დედას, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებს შვილის ფოტოებთან დაფიქრებული.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია