დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპამ შეიძლება, თავად უბიძგოს პუტინს, უკრაინის შემდგომი დანაწევრებისაკენ...
ევროპამ შეიძლება, თავად უბიძგოს პუტინს, უკრაინის შემდგომი დანაწევრებისაკენ...
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 2616
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი

ევროპა უძლურია რუსეთთან?!

 

რუსეთის აგრესიულმა ქმედებამ ყირიმთან დაკავშირებით და დასავლეთის რეაქციამ ამ აგრესიულ ქმედებაზე, უკვე გააჩინა კითხვა - ხომ არ არის უძლური ევროპა რუსეთთან? ვლადიმერ პუტინმა  მოაწერა ხელი ბრძანებას და ყირიმი რუსეთს ოფიციალურად მიუერთა. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამით ყირიმის ანექსია მოახდინა. ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ვლადიმერ პუტინს ემუქრებიან და მოუწოდებენ, რომ შეჩერდეს სანამ გვიან არ არის, თუმცა ამას, ჯერჯერობით, შედეგი არ მოჰყოლია.

 

 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, განაცხადა, „უკრაინაში მდგომარეობის უფრო დაძაბვა არავის ინტერესებში შედის, მიზანი კი დეესკალაცია და არა სიტუაციის გართულება უნდა იყოს.“  კერის აზრით, ამ სიტუაციას არ უნდა შეეწიროს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სირია, ირანი, ავღანეთი; საკითხები, სადაც მხარეებს შორის თანამშრომლობა შედგა.  როგორც ჩანს, დასავლეთი ჯერ კიდევ ფრთხილობს და იმედი აქვს, რომ რუსეთის პირველ პირს  რადიკალური ზომების გარეშე „მოიყვანს ჭკუაზე.“ თუმცა, ამ სიფრთხილემ უკვე კითხვის ნიშნები გააჩინა - ხომ არ არის დასავლეთი უძლური დაიცვას თავისი მოკავშირეები რუსეთისგან?!

 

„ამერიკას სურს ამ საკითხების ირგვლივ თანამშრომლობა. აშშ არ დაუშვებს კანონის საბოლოოდ დარღვევას, არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგისა და საერთაშორისო სტრუქტურის ნგრევას, ერთი რომელიმე ქვეყნის მოქმედებით. პრეზიდენტ პუტინზე და რუსებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტენ მოქმედებას. ჩვენ მზად ვართ, დამატებითი, სერიოზული დარგობრივი სანქციების დაწესებით ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკანონო მოქმედებებს - მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის გადაკვეთას და სუვერენული ტერიტორიის ფარგლების დარღვევას გააგრძელებენ,“ - განაცხადა   კერიმ     „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

 

ექსპერტი კავკავსიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი აცხადებს, რომ დასავლეთის უმოქმედობით შესაძლოა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს განადგურება დაემუქროს.  მისი თქმით, დასავლეთი მოქმედებს და იმოქმედებს, ოღონდ ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით. ამასობაში, ჩვენ შეიძლება, დავინგრეთ.

 

„ახლა მე მაგალითს მოგიყვანთ, გავიხსენოთ ავღანეთის ამბავი, როდესაც მთელი მსოფლიო ყალყზე დადგა და ჯიმი კარტერი, რომელიც ძალიან რბილი ადამიანი იყო და, სხვათა შორის, საბჭოთა კავშირს გათვლილი ჰქონდა, რომ კარტერისნაირი პიროვნება მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამდა, თუმცა კარტერი მაშინ აიძულა სენატმა და ამერიკულმა პოლიტიკურმა ისტებლეიშენმა, რომ აქტიური ყოფილიყო. თუმცა, დასავლეთის აქტიურობა ავღანელების დაცვის თვალსაზრისით, წლებში გაიწერა. პრაქტიკულად, ისინი გონზე მოსვლას მოუნდნენ სამი-ოთხი წელიწადი და სამ-ოთხ წელიწადში ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს. ანუ დასავლეთს არ ჰყავს ისეთი ლიდერები დღეს, რომლებიც მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. თუმცა, ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკა მიწასთან გაასწოროს. დასავლეთისთვის გადატვირთვის პოლიტიკა დამთავრდა, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა რუსეთის გონზე მოყვანის პოლიტიკა და ამასობაში ჩვენ შეიძლება დავინგრეთ. არამარტო ჩვენ, არამედ ბევრი პოსტსაბჭოტა ქვეყანა,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

 

ევროპა უძლურია რუსეთთან?!

 

როგორც ჩანს, რუსეთის წინაშე ევროპის უძლურებაზე საუბრობენ თავად ევროპაშიც. ფრანგული გამოცემა Le Monde აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ევროპა უძლურია რუსეთთან.“ როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინს ყველა საფუძველი აქვს თვითკმაყოფილებისათვის. ევროპელების რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის დანაშაულზე ყირიმში მინიმალური იყო. მოსკოვმა მიითვისა უკრაინის, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი, მაგრამ ევროპამ საჭიროდ არ მიიჩნია, რამე ეღონა. ძალიან სახიფათო სიტუაცია იქმნება.

 

სანქციების პირველ ტალღას ევროკავშირის 28 წევრის მხრიდან, რომელიც მოიცავს ვიზების და ინვესტიციების შეჩერებას, 17 მარტს მეორე მოჰყვა. მაგრამ ისიც კოსმეტიკური ხასიათისაა. ყველაფერი დაყვანილია კონკრეტულ ზომებამდე 21 ადამიანის მიმართ. ესენი არიან რუსი დეპუტატები და სამხედროები, ასევე კრემლის მიერ ხელდასმული ყირიმის ახალი ხელისუფლება. აშშ ამ გზაზე ოდნავ შორს წავიდა, მიიღო რა ზომები პუტინის უშუალო გარემოცვის ადამიანთა წინააღმდეგ.

 

როგორც ეს ხშირად ხდება საგარეო პოლიტიკაში, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება განსხვავებულ მოსაზრებათა საერთო ნიშნულად იქცა. სამხრეთ ევროპა საბანს ერთი მიმართულებით ქაჩავდა (არაფერი რუსეთის საწინააღმდეგო), ჩრდილოეთ ევროპა კი აბსოლუტურად სხვა მხარეს (მკაცრი პოზიცია პუტინთან დიალოგში). გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სადღაც შუაში აღმოჩდნენ და მკაფიო არჩევანი ვერ გააკეთეს.

 

 

საზღვრების შეცვლა და ნაციონალიზმის აღზევება

 

Le Monde-ს სარედაქციო სტატიაში წერია, რომ აღნიშნულ სიტუაციაში, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პარამეტრები, რომელთა გაუთვალისწინებლობა უბრალოდ არ შეიძლება. ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ გაზზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, რუსეთი, სადაც, ფაქტობრივად, არაფერს არ აწარმოებენ ჰიდროკარბონის, იარაღის და არყის გარდა, შესანიშნავი ბაზარია ევროპელი ექსპორტიორებისათვის.


შედეგად, უკვე მეორედ, საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა ძალით შეცვალა საზღვრები ევროპაში, და ეს მნიშვნელოვან ფასადაც კი არ დაუჯდა. ეს ყველაფერი ევროპელებს იმისკენ უბიძგებს, რომ დღეს, როგორც მინიმუმ, მტკიცედ დადგნენ კიევის მხარეს.

 

ყირიმი, ისტორიულადაც და მოსახლეობის თვალსაზრისითაც, დიდწილად მართლაც რუსული მიწაა. მაგრამ ძალისმიერი გადატრიალება მაინც გადატრიალებაა, იმ შემთხვევაშიც, თუკი მას რეფერენდუმით ამყარებენ. შიშველი ფაქტები მოგვითხრობს უსიამოვნო სინამდვილეზე: რუსეთმა უარი უთხრა უკრაინას უფლებაზე, დამოუკიდებლად აირჩიოს სავაჭრო ალიანსები, შემდეგ კი დასაჯა ის, ძალით წაართვა რა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი.

 

საქმე ეხება 1994 წელს მოსკოვის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას უკრაინული საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ. ეს ყველა საერთაშორისო წესს ეწინააღმდეგება. და ბოლოს, ყველაფერი ნაციონალიზმის აღზევების ატმოსფეროში მიმდინარეობდა, რომელსაც კრემლი მხარს უჭერს ხელისუფლების სამსახურში მყოფი მედიის დახმარებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ის ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ახალი სამხედრო ავანტიურებისათვის, მაგალითად, უკრაინის აღმოსავლეთით, რუსულენოვან რეგიონებში.

 

„ევროკავშირის თქმით, ის ცდილობს, მოსკოვთან დიალოგის შესაძლებლობის შენარჩუნებას უკრაინის მომავალზე. თუმცა, კრემლმა ასეთი სირბილე შეიძლება სისუსტის ნიშნად აღიქვას. ამიტომ ევროპამ შეიძლება, თავად უბიძგოს პუტინს, უკრაინის შემდგომი დანაწევრებისაკენ,“ - მიიჩნევს Le Monde-ს სარედაქციო სტატიის ავტორი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია