დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ ემუქრება ქუთაისს სიკვდილი ავტობანის გახსნისა და პარლამენტის გადატანის შემდეგ
რატომ ემუქრება ქუთაისს სიკვდილი ავტობანის გახსნისა და პარლამენტის გადატანის შემდეგ
სულ ნანახია 2115
ავტორი:

„პოსტსკრიპტუმის“ რედაქციამ მიიღო ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხაზინის განყოფილების ხელმძღვანელის, ბატონ რევაზ რობაქიძის ძალიან საინტერესო წერილი, რომელშიც ბატონი რეზო მეტად მნიშვნელოვან მოსაზრებებს გამოხატავს ქუთაისის მოსალოდნელ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამ კრიზისის დაძლევის რეკომენდაციებსაც გვთავაზობს.


„თუ გავიხსენებთ მსოფლიო მანქანათმშენებლობის დედაქალაქად წოდებული „დეტროიტის“ შემთხვევას, რომელიც დღეს გაკოტრებულად გამოცხადდა, ქუთაისმა იგივე ბედი, როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიზიარა. ქუთაისის მოსახლეობა ინდუსტრიული ქალაქის დაბრუნების მოლოდინშია, რომლის პერსპექტივაც რეალობასაა მოწყვეტილი. თუ გავაანალიზებთ იმ პროექტებს, რომლებიც ქუთაისში უნდა განხორციელდეს, მათი რეალიზება მიმდინარე ეტაპზე აუცილებელი მინიმალური საჭიროებების გადაწყვეტას მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს.

 

მიმდინარე წელს ქუთაისის ბიუჯეტიდან სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაიხარჯება 64 მლნ. ლარი, რაც ერთ სულ მოსახლეზე წლიურად შეადგენს - 355 ლარს, ხოლო თვის მანძილზე - 29 ლარს. ამასთან, თუ შევადარებთ აღნიშნულ ხარჯების ოდენობას უცხოეთიდან მოსახლეობაზე ტრანსფერების ჩარიცხვას, სურათი ასეთია; ყოველწლიურად ტრანსფერების სახით უცხოეთიდან ქუთაისში შემოედინება საქართველოს მასშტაბით ჩამორიცხული მთლიანი ტრანსფერების, დაახლოებით, 6%-ი, რაც თანხაში შეადგენს, დაახლოებით 87 მლნ. ლარს, ე.ი. წლის მანძილზე ქუთაისის ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით 483 ლარი შემოედინება უცხოური ტრანსფერების სახით, რაც თვის განმავლობაში ერთ სულზე - 41 ლარს შეადგენს. საზღვარგარეთიდან შემოსული ტრანსფერები თითქმის 13 მლნ-ით მეტია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასაწევ ხარჯებზე. რომ არა უცხოური ტრანსფერები, ქალაქის საერთო ეკონომიკური სიტუაცია უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან ტრანსფერების უმეტესობას მოსახლეობა იყენებს მოხმარებაზე, პირველადი საგნების შეძენისა და სხვადასხვა  საჭიროებებისათვის, რომლებიც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე ეფექტურ გავლენას ახდენს. წარმოდგენილი სურათი ქმნის შთაბეჭდილებას ქუთაისის, როგორც  ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ და კრიზისების მომლოდინე  ქალაქზე. კრიზისული მდგომარეობის დაძლევა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომელსაც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მენეჯმენტი მარტო ვერ შეძლებს.

 

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად,  უახლოეს პერიოდში დასრულდება ქუთაისის ამვლელი გზის - ავტობანის ექსპლუატაციაში გაშვება, ქალაქის ჩრდილოეთით 2-2.5კმ. დაშორებით. ამას ემატება ყველა ქუთაისელისთვის მტკივნეული თემა - პარლამენტის გადატანა თბილისში, რომელიც გადაწყვეტის ფაზაშია. ფაქტობრივად, ქუთაისი  ავტობანის ამოქმედებისა და პარლამენტის გადატანის შემთხვევაში, ორი უკიდურესობის წინაშე აღმოჩნდება, რასაც შედეგად ეკონომიკური აქტივობის შემცირების პარალელურად, შესაძლებელია, მოყვეს ქალაქიდან ადამიანური რესურსების გადინება.  პრობლემების დაძლევის შესახებ დაწყებული მსჯელობა, დისკუსია, წინადადებების შემუშავება შესაბამის სამუშაო ჯგუფებში  უნდა გაგრძელდეს. თუ პარლამენტი ქუთაისში გააგრძელებდა მუშაობას, ინტელექტუალური ინსტიტუტების არსებობა ხელს შეუწყობდა დღემდე არსებული ეკონომიკური აქტივობის ოდნავ შენარჩუნებას. რეალურად პარლამენტის გადატანა გადაწყვეტის ფაზაშია შესული და პროცესის შეჩერება მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მოსაზრებები იმის შესახებ, რომ პარლამენტის შენობა მომავალში გამოყენებულ იქნას საუნივერსიტეტო დაწესებულებად, უცხოური წარმომადგენლობისათვის, ანდა გადაკეთდეს „ოლიმპიკ არენად,“ ჯერჯერობით, მხოლოდ მოსაზრებებია. ამდენად, პარლამენტის შენობის დატვირთვის გზები და საშუალებები გადატანის შემთხვევაში უფრო გამოიძებნება. მაგრამ, რაც შეეხება ავტობანის ამოქმედებას, ეს ქალაქის საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობის აქტივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ვიდრე პარლამენტის შენობის უფუნქციოდ დატოვება. გამოდის, რომ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ  დაშვებული შეცდომა მეორდება, როცა რკინიგზის მთავარი მაგისტრალი აარიდეს ქუთაისს. მაშინაც  ქალაქის საზოგადოება  მხოლოდ იმ დროს  გააქტიურდა, როცა ქუთაისი ქვასატეხებიდან, სასაკლაოს, სასწორების, ფარეხების და ხიდების იჯარით გაცემის შედეგად ამოღებული თანხების იმედად დარჩა. რა ღონისძიებებია საჭირო კრიზისული  მოლოდინის შესაჩერებლად?

 

 1.  თუ გავითვალისწინებთ განვითარებული ქვეყნების ქუთაისის მსგავსი ახალი ტერიტორიული განლაგების (ავტობანთან სიახლოვე) ქალაქების სიტუაციას, მათ ინფრასტრუქტურის განვითარება და გაფართოება მოახდინეს შემოვლით გზასთან - ავტობანთან ახლოს, რამაც ასეთ ქალაქებს შეუნარჩუნა ეკონომიკური აქტივობა, შეაჩერა ადამიანური რესურსების გადინება და ქალაქი უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა.

 

2. გასაზრდელია ქალაქში თავისუფალი ეკონომიკური ზონების რაოდენობა, რისი მასშტაბებიც ქალაქს გააჩნია.

 

3. წინადადება, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ითვალისწინებს რიონჰესის დასახლებაში არსებული ხელოვნური ტბის, როგორც დასასვენებელი ადგილის, მოწყობას (ლოპოტის ტბის მსგავსი ინფრასტრუქტურით). ჩვენს მიერ მოპოვებულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მისი აღდგენა სავსებით შესაძლებელია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასურველია, გაშენდეს თანამედროვე ტიპის ტურბაზის კომპლექსი ან სასტუმროები, გაიწმინდოს და სასარგებლო დანიშნულება მიეცეს წყალსაცავს, რომელიც საცურაო და მოყვარული მეთევზეებისათვის სათევზაო ადგილად გადაიქცევა. პროექტის პრაქტიკულად განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა ფონდების ჩართულობით   თანადაფინანსების პრინციპით.

 

 4.  მოსაფიქრებელია  პატარა ლოკალური პროექტები, რომელიც ავტობანის სიახლოვეს განხორციელდება.  ყველა პროექტი უნდა შეიცავდეს მცირე საწარმოთა ამოქმედებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 5.  ვიზიარებთ ერთ-ერთ მოსაზრებას,  პარლამენტის გადატანის შემთხვევაში - შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის „ოლიმპიკ არენად“ შესაძლო მოწყობის შესახებ.

 

 6.  ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის რეალურად ჩამოყალიბება შესაძლებელია, ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის არსებული ბაზის რეაბილიტაცია-გაფართოებით, რაზეც შესადგენია პროექტი, რომელიც  განსახილველად უნდა წარედგინოს შესაბამის სტრუქტურებს.

 

 7.  ახალ რეალობათა გათვალისწინებით დასაჩქარებელია ქუთაისის ქალაქდაგეგმარების პროგრამის შედგენა.

 

ეს  ჩამონათვალი მცირედი ნაწილია  წინადადებათა პაკეტებისა და  ვფიქრობთ, საზოგადოების ფართო ჩართულობის შემთხვევაში ბევრი საინტერესო და საქმიანი პროექტი გამოჩნდება, რაც მნიშვნელოვნად წაადგება როგორც  ახალი რეალობის გათვალისწინებით  ქალაქდაგეგმარების პროგრამის შედგენას, ასევე ქუთაისის მომავალ პერსპექტივას.“

 

რევაზ რობაქიძე

 

 

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხაზინის განყოფილების ხელმძღვანელი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია