დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა უკვე მიიღო
საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა უკვე მიიღო
სულ ნანახია 1612
ავტორი:

„ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, თუმცა, სასურვევლი იქნებოდა, კიდევ რამდენიმე საკითხი ასახულიყო კოდექსში“

 

 

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. რამდენიმე პრინციპულ საკითხზე უმრავლესობა-უმცირესობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეთანხმება მოხერხდა, თუმცა, დარჩა საკითხები, რომელიც კოდექსში ვერ აისახა.

 

საარჩევნო კანონმდებლობის გარდა, ცვლილებები გახორციელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში.

წარმოდგენილი ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება.დამტკიცებულ პროექტში აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების, თვითმმართველ თემში - გამგებლის, ხოლო თვითმმართველ ქალაქში - მერის პირდაპირი არჩევის წესია განსაზღვრული. მათ 50%-იანი საარჩევნო ბარიერით, ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

 

ამავე ცვლილებებით, თვითმმართველი თემის საკრებულოს პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობა 5-ით იზრდება და 15 ხდება.

ასევე, მუნიციპალიტეტების საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 4%-მდე მცირდება და თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის დადგენილ საარჩევნო ბარიერს უთანაბრდება.

 

საარჩევნო სიების დაზუსტება მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ პირთა ფოტოსურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანით და ფოტოსურათების ურთიერთშედარებით, ამომრჩეველთა გაორების გამოსარიცხად.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირებისთვის და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოხდება საარჩევნო უბნების ადაპტირება. წინასაარჩევნო რეკლამა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო-თარგმანით.

 

ამასთან, უახლოეს დღეებში პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი კიდევ ერთი ცვლილებების პროექტი წარედგინება. ახალი ცვლილებები საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციასთან და წინასაარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

 

ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტარ ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის საკითხი (ამომრჩევლის იდენტობის დადგენა) ცესკო-ს დადგენილებით უნდა განსაზღვრულიყო, მაგრამ ცესკო-ს რეკომენდაციაა, რომ საკითხი „საარჩევნო კოდექსში“ აისახოს.

 

„ცესკო-ს აქვს შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაში უნდა მიეცეს საარჩევნო ბიულეტენი ამომრჩეველს და რა შემთხვევაში - არა.   ვერიფიკაციის     თაობაზე       „საარჩევნო კოდექსში დამატებით იქნება ინიცირებული ცვლილებები“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, თუმცა არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც სასურველი იქნებოდა აღნიშნულ კოდექსში ასახულიყო:

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში მერებისა და გამგებლების არჩევისას დასაწესებელი ბარიერი იყო, რაზეც საბოლოოდ გადაწყდა, რომ 50% იქნება. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა მრავალმანდატიანი ოლქების დაკომპლექტება და მერებისა და გამგებლებისთვის ალტერნატიული კენჭისყრის შემოღება. ალტერნატიული კენჭისყრა თავის თავში ორ ტურს მოიცავს, სადაც მოხდებოდა პრეფერენციების დასმა ამომრჩევლების მხრიდან. შესაბამისად, ეს მეორე ტურების ალბათობას გამორიცხავდა. თუმცა, იმ შენიშვნების გათვალისწინება, რომელიც ძირეულად შეცვლიდა სისტემას და უფრო სამართლიანს გახდიდა, არ მოხდა. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება კოდექსში ისაა, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიები ფოტოსურათებით იქნება, რაც გაორებებს გამორიცხავს. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული იყო, რომ ბიომეტრიული მონაცემებით უნდა მომხდარიყო ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება და ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია განხორციელებულიყო. ის ამომრჩეველი კი, რომელიც ბიომეტრიულ რეგისტრაციას ვერ გაივლიდა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიღებდა. ამ შემთხვევაში ცვლილებები განხორციელდა და ინიცირების დროს პროექტში განისაზღვრა, რომ მოხდება არა ბიომეტრიული ფოტოების გადაღება, არამედ, სერვისების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ბაზაში არსებულ ამომრჩეველთა უკანასკნელ ფოტოს გადაიყვანს ციფრულ ფორმატში და სიას დაერთვება. ეს კი გაორებებს გამორიცხავს. თუმცა, ეს იქნება მხოლოდ სამაგიდო ვერსიაში და არა საჯარო კედლის სიაში“, - აღნიშნავს პავლიაშვილი და განმარტავს, რომ პრობლემა არც იმ ამომრჩევლებს შეექმნებათ, რომლებსაც პლასტიკური პირადობის მოწმობები არ აქვთ.

 

„იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით გააციფრულებს ნებისმიერ ფოტოს, რაც ბაზაშია მითითებული. ძველი პირადობის ფოტოსაც კი გადაიყვანენ ციფრულ ფორმატში. ამის შემდეგ ჩაერთვება უკვე ადამიანური ფაქტორი, კორექტორები შეამოწმებენ ფოტოსურათებს და გამორიცხავენ გაორებას. მომდევნო ეტაპზე ტერიტორიული ორგანოები გადაამოწმებენ სიას და აღმოჩენის შემთხვევაში, გაორებას გააბათილებენ. როგორც აგვიხსნეს, გაციფრულების პროცესში სწორედ ბიომეტრიულ მონაცემებს მიექცევა ყურადღება, ყურებს, ნიკაპის მოყვანილობას, თვალებს შორის მანძილს და ა.შ. ერთადერთი განსხვავება ამ შემთხვევაში ის არის, რომ ბიომეტრიული სიების შედგენისას დამატებითი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო წინასწარი რეგისტრაცია, რაც ახლა გამორიცხულია“, - ამბობს პავლიაშვილი.

 

ამ ცვლილებებთან ერთად, იურისტი კიდევ რამდენიმე საკითხს გამოყოფს, რასაც დადებითად აფასებს.

 

„მნიშვნელოვანია ასევე, პოლიციის თანამშრომლებისთვის ხმის მიცემის საკითხის განსაზღვრა. ეს ეხება შსს-ს თანამშრომლებს (გასამხედროებულ ნაწილებს), რომელთა რეგისტრაციის ადგილი განსხვავდება დისლოკაციის ადგილისგან. მათ არ აქვთ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ასევე საკრებულოების და მერების არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. გარკვეულწილად, ეს ლოგიკურიც არის და მათი უფლებები არ იზღუდება, რადგან თუ ერთი ან რამდენიმე წელი არ ვიმყოფები ჩემი რეგისტრაციის ადგილზე, მაშინ არ უნდა მივიღო მონაწილეობა იმ თვითმმართველობის დაკომპლექტებაში, სადაც არ ვარ. თუ პირის რეგისტრაციის და დისლოკაციის ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, ის არჩევნებში მონაწილეობას ჩვეულებრივ მიიღებს. გარდა აღნიშნულისა, კოდექსში კიდევ რამდენიმე ცვლილება შევიდა, რაც ეხება საარჩევნო უბანში ბეჭდებზე ნაკვეთურების გაუქმებას, ამასთან დაწესდა მედიარეგულაციები, რაც უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ეხება. ასევე, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 3%-ზე მეტ ხმას დააგროვებს, ერთჯერად დაფინანსებას - 500 ათას ლარს მიიღებს.

 

ცვლილებებია დავების განხილვასთან დაკავშირებით: საჩივარი აქამდე 3 დღის ვადაში განიხილებოდა, შემდგომ ოლქში იგზავნებოდა. ახლა ორი დღის გასაჩივრების ვადაა კოდექსში და ცესკო-ს ინიციატივით, 2 დღე დაემატა განხილვისთვის“, - აღნიშნავს პავლიაშვილი.

 

რაც შეეხება საკითხს, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება მერობის კანდიდატი ასევე საკრებულოს პირველი ნომერი იყოს, იურისტი აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა კანონიერია და მათთვის მისაღებია.

 

„როდესაც ეს საკითხი შევაფასეთ, მივიჩნიეთ, რომ ეს ლოგიკური შეზღუდვა იყო. თავდაპირველად, შეზღუდვა მხოლოდ თბილისის მერის არჩევისას წესდებოდა - მერობის კანდიდატი საკრებულოს პირველ ნომრადაც კენჭს ვერ იყრიდა. რომ არ მოხდეს ერთი და იგივე კანდიდატურის დაყენება, ლოგიკური შეზღუდვაა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გამგებელი/მერი და საკრებულო სხვადასხვა ორგანოებია - აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი.

 

 მნიშვნელოვანი იქნებოდა მერების და გამგებლების კანდიდატურის დაყენების უფლება საინიციატივო ჯგუფებსაც მისცემოდა, რაც, სამწუხაროდ, კანონმდებლებმა არ გაითვალისწინეს. ახლა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აქვს კანდიდატურის წარდგენის უფლება. თუმცა, ეს შეზღუდვა საკრებულოზე არ ვრცელდება და საინიციატივო ჯგუფს იქ შეუძლია დამოუკიდებელი კანდიდატურის დაყენება. ეს საკითხი ვენეციის კომისიის დასკვნაშიც იყო წარმოდგენილი, მაგრამ ამის გათვალისწინება არ მოხდა“, - აცხადებს პავლიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად საქართველოს პრეზიდენტმა 15 ივნისი დაასახელა, თუმცა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე, მის დამტკიცებამდე და პრეზიდენტის ხელმოწერამდე თარიღი ოფიციალურად დანიშნული არ არის.

 

 

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ინიშნება საკრებულოს უფლებამოსილების ამოწურვამდე არაუგვიანეს 60 დღისა. ეს ვადა კი 17 აპრილს იწურება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია