დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რას წერდა „საბჭოთა აფხაზეთი“ ქართველი მეთევზეების შესახებ
რას წერდა „საბჭოთა აფხაზეთი“ ქართველი მეთევზეების შესახებ
ავტორი: ნინო ბაბუნაშვილი
სულ ნანახია 2553
ავტორი:
ნინო ბაბუნაშვილი

ეძღვნება აფხაზეთის მკვიდრ როლანდ ხარჩილავას ხსოვნას

 

აფხაზეთის ომის შესახებ ბევრი რამ გვსმენია, დღემდე საკამათო თემაა იძულებით გადაადგილებული ოჯახების დაბრუნება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იმედის თვალით ხედავენ მომავალს, ისინი თვლიან, რომ უფროსი თაობა თუ არა, ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილები გამრავლებული და გაასმაგებულები დაბრუნდებიან მამაპაპისეულ მიწაზე.

 

„ღმერთმა გვაღირსოს, ბებო, აფხაზეთში დაბრუნება“, - ამბობს 85 წლის მოხუცი ქალბატონი ეთერ ჟვანია-ხარჩილავა.

 

2011 წლის შემოდგომაზე, როდესაც ეთერი ბებოს უსაყვარლესმა შვილიშვილმა, მამუკა (მამანტი) ხარჩილავამ დაოჯახება გადაწყვიტა, მითხრა, რომ პირველად ჩვენს სანათესაოში ყველაზე უფროს და საყვარელ ბებოს გამაცნობდა, მე კი იმერულად ვუპასუხე: ჟვანიას ქალბატონმა რომ არ დამიწუნოს, შეხვედრისთანავე მეგრულ ენაზე მოვიკითხავ და მოვესიყვარულებითქო.

 

ბებომ ძალიან თბილად მიგვიღო, მიმიხვდა იმერულ ხუმრობას და ისიც გამხიარულდა ჩვენთან ერთად. მანაც გაიხსენა ახალგაზრდობის ტკბილი თუ სევდიანი თავგადასავლები. ძალიან ვიხალისეთ, როცა ყვებოდა, მამუკას მამას, როლანდ ხარჩილავას როგორ შეურჩია საცოლე. როლანდის მესამე შვილის, ვაჟის, მამუკას დაბადებას როგორ ზეიმობდნენ სოხუმში. ბებო იხსენებს: ჩემმა მეუღლემ - იმენია ხარჩილავამ - ისეთი დიდი სუფრა გაშალა, სოხუმი და მთელი სანათესავო 3 დღის განმავლობაში ქეიფობდაო, თითქმის ეს სუფრა ქორწილის ტოლფასი იყოო.

 

ბებო ყოჩაღი ქალბატონი იქნებოდა და ამიტომაც ზრდიდა 5 შვილს: 3 ვაჟს და 2 ქალიშვილს.

 

ამ ხუმრობაში ბებოს თვალზე ცრემლიც მოადგა და ჩაფიქრდა: ეს ცხოვრება ვის რას უმზადებს, რას გაიგებ. გაიხსენა სოხუმის კარ-მიდამო, მაიაკში, ბზიფის მე-2 შესახვევი ?9, რომელსაც ომის დროს შეგნებულად არ ტოვებდნენ, რადგან უცხო პირებმა მათი ერთი ვაჟი, გიორგი (ჟორა) ხარჩილავა, თავზე ტომარაჩამოცმული, საკუთარი ეზოდან გაიტაცეს. შვილის მოლოდინში აფხაზებს მისი ხელით ჩაულაგეს, თუ რაიმე ქონება გააჩნდათ ოჯახში, იმის იმედად, რომ შვილს ცოცხალს დაუბრუნებდნენ. მაგრამ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ეთერი და იმენია ხარჩილავები იძულებული გახდნენ, რომ გადმოსულიყვნენ სამშვიდობოს. ნაწამებმა და განადგურებულებმა აფხაზეთის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ დატოვეს სოხუმი. მხოლოდ  ოჯახის სამახსოვრო ალბომი და ჩანაწერები გადაარჩინეს.

 

ბებომ მწუხარებით გაიხსენა მეორე შვილი, როლანდ ხარჩილავა, რომელიც ომამდე, 40 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა, ყვებოდა მის წარმატებაზე, თუ როგორი რთული გზა გამოიარა  მეთევზეობიდან კაპიტნობამდე, მაგრამ გემზე ცუდად გამხდარს სანაპირომდე ძლივს მიუღწევია და საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაცვლილა ეს ორმეტრიანი, კალათბურთელივით ასხლეტილი, გიგანტი ვაჟკაცი. მის დაკრძალვაზე მთელი სოხუმი ფეხზე იდგა თურმე და მოქალაქეებთან ერთად, 100-მდე გემი მოადგა სხვადასხვა საპორტო ქალაქიდან სოხუმის სანაპიროს. გემების შემზარავი ყვირილის ხმით მიაცილებდნენ გემის კაპიტანს, როლანდ იმენიას ძე ხარჩილავას გურლიფში, სამუდამო განსასვენებლისკენ.

 

ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იმ დროის გმირები იყვნენ და ნამდვილად უნდა დარჩნენ შთამომავლობას ლეგენდად.

 

4 თვის წინ, ეთერი ბებომ გადმომცა 1976 წლის 18 მარტს დაბეჭდილი გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“, სადაც როლანდ ხარჩილავას და მის გუნდზე საინტერესო ნარკვევია გამოქვეყნებული   „მეთევზეები ხმელეთზე დაბრუნდნენ“. მისი თხოვნაა, რომ ამ გახუნებული გაზეთიდან კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ადამიანები, რომელთა შესახებაც  ამ ნარკვევშია საუბარი.  მიცვალებულთა ხსოვნის კვირაში ამ ადამიანების გახსენება, უდავოდ, აუცილებლობას წარმოადგენს.

 

მეთევზეები ხმელეთზე დაბრუნდნენ

ნარკვევი

 

კალათბურთელივით ასხლეტილი, ბარე ორი მეტრი სიმაღლის რომ იქნებოდა, სოხუმის მეთევზეთა კოლმეურნეობაში  გამაცვნეს. ბრიგადის წევრებს შორის იდგა გიგანტივით კაცი, ცალი ხელი ჯიბეში ჩაეყო, მეორეში კი სიგარეტი ეჭირა და იშვიათად თუ გაიჩრიდა კბილებში, მაგრამ ისე ღრმად ურტყამდა ნაფაზს, გეგონებოდათ, სიგარეტს დიდი ხნის მონატრებულიაო. ეზოში არნახული ფაციფუცი იყო, როგორც ჩანდა, 2-3 დღის უამინდობის შემდეგ მეთევზეებს შინ უსაქმოდ ჯდომა საშინლად მოყირჭოდათ. ყოველდღე შრომას მიჩვეულ კაცს, მართლაც აგექავება ხელის გულები. ყველა გამრჯე ვაჟკაცს ემართება ეგრე, მეთევზეებს კი ზღვაზე გასვლის მოუსვენარი ჟინი მუდამდღე უღრნის გულს, სიმშვიდეს უკარგავს.

 

ვიღაცამ დაიყვირა, აბა, მოვემზადოთო. მეთევზეები საგარდერობო შენობას მიაწყდნენ, აჩოჩქოლდნენ, გამხიარულდნენ. პატარა რიგიც შეიქმნა. ერთმანეთს არ აცლიდნენ კარებში შესვლას, ჩქარობდნენ. მატარებლის გასვლის წინ მგზავრებმა რომ იციან, ისე. იმ გიგანტმა, კალათბურთელს რომ ჰგავდა, ხელი დამიქნია. უკან გავედევნე. დინჯად მიალაჯებდა. რიგი გაარღვია. უცხო რომ დამინახეს, გზა დამითმეს. ვიღაცამ ხუმრობით გასძახა მეგარდერობეს: - არ შეგეშალოს და როლანდი ხარჩილავას ტანსაცმელი სხვას არ მიაწოდოო, სახლში წაიღებს და ერთის მაგივრად ორს გამოჭრისო.

 

დაბამბული შარვალი ჩავიცვი, ბუშლატი მოვირგე, მერე რეზინის ჩექმებიც. ზედ მეთევზის ლაბადა მოვისხი. როლანდ ხარჩილავაც გამოეწყო მეთევზის ტანსაცმელში, მას ულვაშებში ეღიმებოდა. მივხვდი, რაზედაც ეღიმებოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ისე გავიჯგიმე „ახალ ამპლუაში“, თითქოს ჭიპი ზღვაზე მომეჭრას და გამოცდილი მეთევზე ვყოფილიყავი. კაპიტან-ბრიგადირი ამირან ქაროსანიძე, მისი 12 ამხანაგი და ერთი ახალბედა მეთევზე, ე.ი. მე, სეინერზე მოვთავსდით. ოთხის ნახევარი იყო, რბილი ნიავი უბერავდა, მარტის მზე უნიათოდ ლიცლიცებდა მრუმე ზღვის ტალღებზე.  ნავმისადგომის ბოძიდან ბაგირი ახსნეს. სეინერზე წყალი ადგაფუნდა, ეს ხმა გახურებული თუნუქის სახურავზე მტრედების გუნდი რომ შემოჯდება, იმ ხმაურს  ჰგავდა. სეინერმა კოდორის მიდამოებისკენ აიღო გეზი, უკან დარჩა გრძელი და ლურჯი ბილიკი. იმ ბილიკზე თოლიები ისხდნენ, ნელ-ნელა გავცდით სანაპიროს. აქედან უფრო მკაფიოდ მოჩანდა ალაგ-ალაგ თოვლის თეთრი ზოლებით დასერილი მთები.

 

კაპიტან-ბრიგადირი ბოგურაზე ავიდა. ზედაპირს გახედა. ბიჭებიც ავიდნენ ზევით, კაპიტანს გვერდში ამოუდგნენ. მე გემბანზე დავრჩი, როლანდი კაპიტნის ბუგურიდან მალე დაბრუნდა, არ მოიწყინოო, - მითხრა.

 

- საინტერესო პროფესიაა, - ვთქვი მე. როლანდიმ მიპასუხა, საინტერესო კი არის, მაგრამ მეტისმეტად ძნელიაო.

 

- მაინც რითია  ძნელი?

 

- დღე და ღამე ზღვაში ხარ, იღლება კაცი!

 

- დაღლა სულაც არ გეტყობა, ალბათ, ახალი მოსული ხარ კოლმეურნეობაში.

 

- ახალიო? არა! 1969 წლიდან ვმუშაობ... ჰო, თუმცა ორი წელი არმიაში ვიმსახურე, იქიდან 1968 წელს დავბრუნდი და ისევ მეთევზეობას მივყავი ხელი. თორმეტი წლის სტაჟი მაქვს...

 

- რას ამბობ! მე უფრო ახალგაზრდა მეგონე. რა იყო, შე კაცო, აკვნიდან პირდაპირ აქ მოხვედი?

 

- აკვნიდან არა, მაგრამ 8 წლიდან  კი. არ დაგიმალავ, სწავლაში ვერ ვიყავი მაინცდამაინც გამორჩეული, მამაჩემს შეეშინდა, უსაქმურებს არ აჰყვესო. თვითონ მუშაობდა, დურგალი იყო, ახლა პენსიაზეა და მამაჩემმა მომიყვანა.

 

- არ გაგიჭირდა მუშაობა?

 

- გამიჭირდა რომელია, გაქცევაზე მეჭირა თვალი. მერე და მერე შევეჩვიე აქაურობას. ახლა ერთი დღეც არ შემიძლია ბიჭების გარეშე.

 

ცოტა აცივდა. მზე დაშვებულიყო და ცის კიდური მარწყვისფრად შეეღება. ლაბადაში გავეხვიე. ქალაქი უკვე აღარ ჩანდა. როლანდიმ თავი უკმაყოფილოდ  გადაიქნია, მერე მომიბრუნდა და სინანულით მითხრა: ცის დასავალი ძალიან რომ გაწითლდება, გაავდრებაა მოსალოდნელიო. დასავლეთის მხარეს გავხედე. იქიდან ღრუბლები მოზოზინებდნენ. მათ უკვე გაეხვიათ ჩამავალი მზე თავიანთ  ბლონდში. ამინდს, მართლაც, არ უჩანდა კარგი პირი.

 

- თევზს ბევრს იჭერთ ხოლმე?

 

- ბევრს. მე-9 ხუთწლედის გეგმა ჯერ კიდევ 1973 წლის თებერვალში შევასრულეთ. ახლა 1978 წლის ანგარიშში ვმუშაობთ.

 

ვიღაც უცნობი მოგვიახლოვდა. როლანდიმ მკლავი მხარზე გადადო მოსულს, ჩემი სკოლის ამხანაგიაო, მითხრა.

 

შოთა ბობოხიძე - გამეცნო ახლად მოსული. - შოთაც 8 წლიდან მოვიდა? ვკითხე მე - ჰო, 8 წლიდან.  8 კლასის დამთავრების შემდეგ აქ ვმუშაობთ, თან საღამოს სკოლაში ვსწავლობდით. დიდი ხანია, რაც სკოლა დავამთავრეთ.

 

- ვერ მოვიცალეთ, თორემ არც ინსტიტუტში სწავლაც გვაწყენდა. როლანდი საკაპიტნო კურსებზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. როლანდიმ ბიჭებს გასძახა, მერე მომიბრუნდა და მეუბნება, მაგარი ბიჭები არიან, ნამდვილი მეზღვაურები: იმედი ფოჩხუა, მურმან შაუთიძე, გიორგი ბახტიაროვი. დანარჩენებს დრო არ ჰქონდათ, სეინერის უკანა ნაწილზე კიჩოზე იდგნენ და ბადეს დასტრიალებდნენ.

- ერთი რამ მაინტერესებს - ვეკითხები როლანდის: შვილებს თუ მოიყვან სეინერზე?  მეთევზედ თუ გაზრდი მემკვიდრეებს?

 

- შვილებსო? - გაიცინა მურმანმა. - როლანდის ორი გოგო და ერთი ბიჭი (მამანტი ხარჩილავა) ჰყავს. ბიჭს, ალბათ, მოიყვანს... - გოგოები არ დამანახო აქ, თუ ძმა ხარ, როლანდ. დაამატა იმედა ფოჩხუამ. გოგოებს სეინერზე რა უნდათ. პიანინოზე დაკვრა ასწავლე, ღომის მოზელვა ასწავლე, სიმღერა, ცეკვა... და ფეხის წვერებზე შედგა, ცეკვა დაუარა, აი, „გედის ტბაში“ მომაკვდავი გედის ცეკვას რომ ასრულებენ,ისე. 

- ასეა ძმაო,  - ალაპარაკდა როლანდი, - აქ ნამდვილი ვაჟკაცებია საჭირო. ამ ბიჭებს რომ უყურებ, პირველი კვარტლის ნორმა აქვთ შესრულებული.

 

- ისე ამბობ - თქვა შოთამ - თითქოს შენ შორიდან გვიცქეროდე, - მერე შოთა მომიბრუნდა, - კარგი მეთევზეა. 1973 წელს კომუნისტური შრომის დამკვრელის წოდება მიანიჭეს, განა ისე მიანიჭეს, ტყვილა... ორი კაცის საქმეს აკეთებს.

- კარგი, კარგი, თუ ძმა ხარ! - ხმაში ბრაზი დაეტყო როლანდის. - ეგეთები არ იყოს, ქება და დიდება რად გვინდა!

 

თითქოს ჯიბრში ჩაუდგაო, ახლა იმედი ფოჩხუამ გააგრძელა, - შარშან სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულის ნიშნით დაჯილდოვდაო.

 

კაპიტან-ბრიგადირს ჩვენი საუბარი არ ესმოდა, მაგრამ, ალბათ, გუმანით მიგვიხვდა და  ბიჭებს ჩამოსძახა, ეგ უცხო კაცი მოახედეთო. რომ მივტრიალდი, ცერა თითი ზე აწია, როლანდიზე მიმანიშნა, მაგარი ვინმეაო.

 

კაპიტან-ბრიგადირმა ხელი დაგვიქნია. როლანდი წინ გაგვიძღვა. ზევით ავედით, კაპიტნის ბუგურაზე, იქიდან მშვენივრად მოჩანდა, თუ როგორ შრიალით მიაპობდა სეინერი ჩაკუპრებულ ზღვას. ანძაზე, კიჩოსა და ბოგურაზე ნათურები ციმციმებდნენ, კაპიტანი ზედაპირს გასცქეროდა, იქვე იყო თევზსაძებნი აპარატი, რომლის ციფერბლატზე შავი ისარი შეუჩერებლივ ტრიალებდა. ჯერჯერობით, თევზი არ ჩანდა.

მოიღრუბლა.

 

- თოლიები მომრავლდნენ - მეუბნება როლანდი, - ჯგროდ რომ დასხდებიან  წყალზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლოს თევზია...

 

ისარი ნელ-ნელა ჩერდება.

 

- თევზია, თევზი! - აღმოხდათ ბიჭებს.

 

ვიჩქაროთ, ამინდი ფუჭდება! - თქვა კაპიტანმა და განკარგულება გასცა, ბადე გადააგდეთო. სეინერმა სვლა შეანელა, მერე შედგა. როლანდი მეუბნება, სეინერი 3 საათი უნდა იდგეს ადგილზეო. ამ  ხნის განმავლობაში ბადე თევზით გაივსებაო. მეთევზეები გემბანზე დგანან, სახეები უბრწყინავთ, გიორგი ბუხტიაროვი კაპიტანს მიუახლოვდა, ეუბნება: ხმელეთიდან  გადმოგვცეს, ხარიშხალია მოსალოდნელიო. კაპიტანს სახე მოეღუშა. განკარგულება გასცა, კიჩოსკენ გასწით ბიჭებოო.

რას ნიშნავს ეს განკარგულება? - ვეკითხები როლანდის.

 

- უამინდობის დროს ამწე კოშკურა ვერ ერევა სავსე ბადეს, ჩვენ უნდა წავეხმაროთ.

ქარიშხალი უცაბედად ამოვარდა. ჯერ ტალღები აფაფრა, ნაპირისაკენ გაირეკა, მერე მძლავრად აგუგუნდა და სეინერი შეაქანა, ააჭრიალა.

 

კაპიტან-ბრიგადირი კიჩოზე იდგა. ბიჭები ბაგირებს ექაჩებოდნენ. ბლოკი ტრიალებდა და ღრჭიალი გაუდიოდა, ბაგირს მძიმე-მძიმედ ახვევდა. მეთევზეები დაძაბულნი და სახე გამეხებულნი ებრძოდნენ სტიქიას.

 

- ვიჩქაროთ, ბიჭებო, თევზი არ დავღუპოთ, - ომახიანად გასძახა როლანდიმ ბიჭებს, - ბადე არ დაგვიხიოს ქარიშხალმა, - და ვეება ხელები ბაგირს ჩასჭიდა. ბადე ღრმად ჩაეშვათ წყალში და ახლა მძიმე-მძიმედ ამოჰქონდათ, დიდი გაჭირვებით და ვაებით.

„თევზის დაღუპვა“ რას ნიშნავს-მეთქი, ვკითხე როლანდის. ამიხსნა - ბადის ჩაშვების შემდეგ ქარიშხალი თუ ამოვარდა, მისი ზედაპირზე ამოზიდვა მეტად საძნელო საქმეა, უმეტეს წილად თევზს ზღვაში ტოვებენ მაშინ, ამას „თევზის დაღუპვა“ ჰქვია,თურმე, მეთევზეთა ენაზე.

 

შორს გაჩირაღდნებული დიდი გემი მიაპობდა ზღვის აბობოქრებულ სტიქიას. იქიდან მუსიკის ჰანგები მოისმოდა. ასეა ყოველთვის, ხმელეთთან მიახლოებისას ეკიპაჟს განსაკუთრებული სიხარული და საზეიმო განწყობილება ეუფლება.

 

გემი თვალს რომ მიეფარა, პატარა სეინერი გამოჩნდა. როლანდიმ ჩაილაპარაკა, ალექსანდრე აქსიონოვის სეინერი ხომ არ არისო; იქნებ, რაიმე უჭირთო. ვინ აქსიონოვია-მეთქი, ვკითხე. სეინერის კაპიტანიაო,მითხრა. ერთმანეთს ვეჯიბრებითო. ალბათ, მოასწრეს „თევზის აღება“ და ნავმისადგომში ბრუნდებიანო, ჩვენ კი ბედმა არ გაგვიღიმაო. - წუხდა როლანდი. ვიგრძენი, რომ არაფერია ისე მტკივნეული მეთევზისათვის, ვიდრე ნაპირზე უთევზოდ დაბრუნება.

 

სამი საათი  დასჭირდათ მეთევზეებს. ოფლში გაიღვითქნენ, სტიქიას მაინც არ დაანებეს თევზი. ასეთ ამინდში თევზით სავსე ბადე წყალს რომ გამოსტაცონ, მართლაც წარმოუდგენელი ვაჟკაცობაა. როგორც იქნა, ბადეს ზედაპირზე ამოაყოფინეს თავი. კაპიტანმა მურმან შაუთიძეს ტრუნის გახსნა დაავალა. გახსნა კიდევაც მურმანმა. თევზით სავსე წყალი თქრიალით წავიდა. მომცრო ქაფში თევზები სასიამოვნოდ ახტუნავდნენ, 50 ტონიანი ტრუნი პირთამდე იყო გავსებული.

 

გაგიღიმათ ბედმა! - ვეუბნები როლანდის. - თუმცა, ბედი რა შუაშია, თქვენი სიმარჯვით გადარჩა თევზი. როლანდის გაეღიმა.

 

კიდევ ერთი დიდი ბრძოლა უკვე გადახდილი იყო.

 

საჭიროდ არ ჩავთვალე, შეკითხვებით თავი მომებეზრებინა როლანდისათვის. მისთვის არ მიკითხავს: სად დაიბადა, სად გაატარა ბავშვობა, რა ჯილდოები აქვს მიღებული, რამდენი პროცენტით ასრულებს დღიურ ნორმას და როგორი იყო მისი პირადი წვლილი მე-9 ხუთწლედში... ან კიდევ: რომელი მწერალი უყვარს, რომელი მსახიობი  ან სპორტსმენი. როლანდისთვის  არც ის მიკითხავს, არჩეულია თუ არა რომელიმე ორგანოში, კომკავშირის ან პროფკავშირის კომიტეტის წევრად, არის თუ არა სახალხო რაზმეულის კედლის გაზეთის რედკოლეგიის წევრი და სხვა ამისთანა.

 

დღევანდელი გამარჯვება, დღევანდელი შემართება ნათელს ჰფენდა გუშინდელ დღესაც, მერმისსაც. მე უკვე კარგად ვიცოდი, როგორი იყო იგი გუშინ  და როგორი იქნება იგი ხვალ...

 

ქარიშხალი ოდნავ მიწყნარებულიყო და ძველებურად აღარ მძვინვარებდა. შორს, სანაპიროზე ამინდი თანდათან იცრიცებოდა. სეინერი ნავმისადგომისაკენ მიცურავდა. სივრცეში იკვეთებოდნენ ვიწრო სანაპიროს ჯერ ისევ ბუნდოვანი კონტურები.

როლანდ ხარჩილავა, კალათბურთელივით გიგანტი რომ ვუწოდე, გემბანზე იდგა და ზღვის დაბინდულ ზედაპირს გასცქეროდა.

 

როლანდი ხარჩილავას მეგობრები, ზღვის სტიქიით მოღლილნი და დადინჯებულნი, თვალებგაბრწყინებულნი შესცქეროდნენ მომავალი დღის განთიადის ზეცას.

მათ მშვიდი იერი ჰქონდათ.

 

არა არის რა ზღვასთან ჭიდილში გამარჯვებით მოპოვებულ სიმშვიდეზე უფრო თბილი გრძნობა.

 

... კოლმეურნეობის ეზოში მეთევზეები მოგროვილიყვნენ, ბიჭებს გაზეთი გაეშალათ და ხმამაღლა კითხულობდნენ სკკპ XXV ყრილობის მასალებს. როლანდ ხარჩილავა და მისი მეგობრები მეთევზეებს შეუერთდნენ...

 

ასე ისახება მეთევზეების გრძელი და ნათელი გზები.

 

ანზორ გვარამია

გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“

18 მარტი, 1976 წ.

 

P.S. როლანდ ხარჩილავა, რომელიც გარდაიცვალა 27 წლის წინ, დღეს ეთერი ბებოს თხოვნით გადმოსვენებულია თბილისში, გლდანის სასაფლაოზე, მისი მამის, იმენია ხარჩილავას გვერდით. ასევე ბებოს თხოვნით, აფხაზეთის ომში დაკარგულ გიორგი (ჟორა) ხარჩილავას, როგორც შინმოუსვლელ შვილს, საფლავზე ქვა დაუდგეს.

სამწუხაროა ისიც, რომ წლინახევრის წინ, მოულოდნელად გარდაიცვალა ბებოს გამორჩეული შვილიშვილი მამანტი (მამუკა) ხარჩილავა. მეომარი აფხაზეთში დაბრუნებას ვერ მოესწრო და ბაბუასა და მამას შორის დაასაფლავეს.

დღეს ეთერი ბებო ებრძვის ავადმყოფობას, გული უფრო მეტად სტკივა, როცა ვერ ახერხებს მისი ოჯახის უსაყვარლესი წევრების საფლავის მოფერებას.

ის დღესაც სიამაყით გულში იკრავს 1988 წელს გამოცემულ  ილუსტრირებულ წიგნს  „საქართველოს ბარაქა“-ს, რომელშიც შემთხვევით აღმოაჩინა სურათი,  სადაც როლანდ ხარჩილავა მეთევზეებთან ერთადაა თავის  სეინერზე გადაღებული. სურათი როლანდის გარდაცვალების შემდეგაა დაბეჭდილი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის გარდაცვლილი გიგანტი ხარჩილავები, ეთერი ბებოს და მის ოჯახის წევრებს კი ჯანმრთელობა და გამძლეობა არ მოაკლოს უფალმა..

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია