დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არაჩვეულებრივი ბიჭი
არაჩვეულებრივი ბიჭი
ავტორი: მარუსა ხურციძე
სულ ნანახია 1814
ავტორი:
მარუსა ხურციძე

„როცა შეიგრძნობ ყოველივეს, წამის მშვენებას, სულ უბრალოშიც აღმოაჩენ მშვენიერებას“

 

გაიცანით ზურა ჩახუნაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მეორე კურსის  სტუდენტი, ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი, თავისი არაჩვეულებრივი ცხოვრებით, რომლის საიდუმლოც ყველაფრის ჩვეულებრივობის, მარტივი იდეოლოგიის ძიებაშია.


ზურა დაიბადა წყალტუბოში, 1994 წლის 9 მაისს, ჰყავს მშობლები და ორი ძმა. ლექსების წერა 13 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა უკვე ერთი წელია, რაც  პოეზიიდან პროზაში გადაინაცვლა.

 

„მაშინ  ძალიან მომწონდა ლექსების წერა, მაგრამ ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა, ჩემი შეხედულებები, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე. შეიძლება ეს გარდატეხა ფილოსოფიის დამსახურებაცაა. ძველ ლექსებს თვალს როცა ვავლებ, მგონია, რომ სულ სხვა ადამიანის დაწერილია. ეგ ტალღა მორჩა, შემდეგში კიდევ თუ დავუბრუნდი ამ საქმეს, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა იდეით იქნება დატვირთული ლექსები. შეიძლება წარსულის შემოქმედების აბსოლუტურად საწინააღმდეგოც იყოს, რადგან ჩემ გონებაში მოხდა გადაფასება და სულ სხვა რამე გახდა ჩემთვის მნიშვნელოვანი. დღესდღეობით მოთხრობებს ვწერ და მგონია, რომ ამის მიმართ არ შემეცვლება დამოკიდებულება და მომავალშიც გავაგრძელებ ამ სტილით წერას, თუმცა არაფერია გამორიცხული. ვერც იმას ვიფიქრებდი, თუ ლექსების წერაზე უარს ვიტყოდი, მაგრამ ასე მოხდა...“ - ამბობს არაჩვეულებრივი ბიჭი ზურა.

 

მისი პირველი, ღრმად ფილოსოფიური პროზაული ნაშრომის სათაურია „ტიპი, რომელიც სამყაროს შეუერთდა“. 


ზურას ჰობს მხოლოდ წერა არ წარმოადგენს, იგი 14 წლიდან სპექტაკლებში იღებს მონაწილეობას. პირველი ნაბიჯები თეატრისკენ სკოლაში გადადგა და დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის თეატრალურ დასში ლევან კვატაშიძის ხელმძღვანელობით აქტიურად არის ჩართული თეატრალურ ცხოვრებაში. დასი სპექტაკლებს ქალაქგარეთაც მართავს.

 

ზურა ჩახუნაშვილი, ყველაფერთან ერთად, გატაცებულია ხატვითაც. უპირატესობას მოდერნიზმს ანიჭებს. მისი სურვილია, ფილოსოფიის შემდეგ დაეუფლოს რეჟისურას. ნამდვილი კინოგურმანია. როგორც თვითონ ამბობს, „ფილმი ეს ის ერთ-ერთი თემაა, რომელზეც ამოუწურავად შემიძლია ვისაუბრო“.

 

მიუხედავად სირთულისა, მაინც დამისახელა 3 დიდი რეჟისორი, ვინც დიდი როლი ითამაშა კინოსადმი მისი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ფრანსუა ტრიუფო, სერ ალფრედ ჰიჩკოკი და სტენლი კუბრიკი.

 

 უყვარს მუსიკა, განსაკუთრებით კი ბლუზი. მისი დევიზია: „სიამოვნების განცდა მარტივად“.  

 

მარუსა ხურციძე

 

 

წარმოგიდგენთ ზურა ჩახუნაშვილის რამდენიმე ლექსს:

 

სონეტი 4

არსებობა არარსებობის საწინდარია,

აზრი ცხოვრების უპასუხო კითხვების გროვა,

კაცთა გონება დაფიქრებამ ოდეს არია

და ზოგიერთი ამ კითხვების გაგვიხდა მონა.

მე მწამს, შევიგრძნო ნეტარების ყოველი წამი

და ყოველ დილით გავიღვიძო  ახალშობილი,

შევიგრძნო ღამე, განთიადი და დილის  ნამი

როცა დროებას მოწყვეტილი მთა-ბარს მოვივლი.

არ დავიტანჯავ თავს კითხვებით, ცრუ იმედებით,

იმაზე ფიქრით, თუ რა მელის, როცა მოვკვდები

და ამ გუბეში, სადაც ბოღმა ივსება ქებით,

შევიგრძნობ ყოველს და სასწაულს დაველოდები.

ახალი დილა საწყისია შურის, ტყუილის,

მაგრამ ღირს ბრძოლა, თუნდ მცირედი, კარგის გულისთვის!

 

 

ყოფნა მთვარეზე

 

ცარიელ სახლში მარტოდმარტო,  შენ და შენ ერთად

ჩუმ დიალოგში გაბნეულნი საზღვრების მიღმა,

ღამის რითმები მდუმარებით ფიქრებს რომ ერთვის

და ვერცხლის შუქი სარკმელიდან თითქოს რომ ყინავს.

იგივ სარკმლიდან მონაბერი       ზაფხულის სუნთქვა,

ცივ სხეულზე რომ ნეტარებად  მოგეფინება

და განსხვავებით, საუკუნე გალიო უქმად,

საუკუნეებს წამში აქცევ შეგრძნების მცნებად.     

თავისუფალი, მეტად ვიდრე ყოფილა ვინმე

ოდესმე, ვისაც უმზერია სითბოთი ცივად,

ოდეს აბსურდით შეპყრობილი ქაოსს რომ იტევს,

უკვე მხოლოდღა სილამაზის საწყისს  რომ იცავ.

ყოფიერების სიმსუბუქით ამჩატებული,

ყოფნა არ ყოფნას განსხვავებით ხედავ სხვებისგან,

უგრძნობი გონით, ყოვლის მცოდნე, გრძნობად სხეულით

მეტად არსებობ ვიდრე ვინმეს უარსებია.

 

სონეტი 2

მიჯნურს, სახელად პიროვნებას, გრძნობა ეწვია,

გრძნობა წყეული, გზა რომ სისხლით გაუვლია და

სული ფაქიზი, უნებურად შემოეწირა

და ხორცი, ცოდვით დასერილი, დაუჭიანდა.

ბრალი არ დასდეს, ოდეს ძლიერს და აწ დაცემულს,

რადგან მსაჯული, ვერა კაცი ვერ იქნებოდა,

რადგან იმგვარვე, უფრო მეტიც –  გადაჭარბებულს,

ცოდვას იტევდა ყოველივე, და ნებდებოდა.

და ვისაც სურდა განეხილა კაცთა სიმართლე,

ჯერ სამართალი თავის თავში უნდა ეპოვა,

მაგრამ სიბნელით შემოსილი როდი ინათებ?

როცა ნათელი ირგვლივ ყველას გამოეტოვა.

მონანიებას ეძახიან ცრუ აღსარებას

 

და ცვლას კარგისკენ სიფაქიზის გადაგვარებას.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია