საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სკოლის მოსწავლეთა 80% ბულინგის, ანუ ჩაგვრის მსხვერპლია
სკოლის მოსწავლეთა 80% ბულინგის, ანუ ჩაგვრის მსხვერპლია
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 11515
ავტორი:
ეკა შალამბერიძე

მოზარდმა სათვალესა და ჟღალ თმაში თავი სრულფასოვან პიროვნებად უნდა იგრძნოს

 

ბულინგი - იგივე ჩაგვრა, ადამიანზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, - ტერმინი, რომელიც თავისი შინაარსით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, თუმცა ნაკლებად ყურადღებამიქცეული პრობლემაა.

 

2012 წელს „იუნისეფის“ კვლევებმა სკოლებში არსებული ძალადობის შემთხვევები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ საქართველოში გამოკითხული ბავშვების 80%-მა ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

სტატისტიკა ცალსახად შემაშფოთებელია და ამ მიმართულებით დღესაც რომ არსებითად  არაფერი გაუმჯობესებულა, გამოკითხული რესპონდენტებით დასტურდება. მოსწავლეები სკოლებში ჩაგვრის არაერთ შემთხვევებზე საუბრობენ.

 

 

***

 

11 წლინ ნიკა მე-5 კლასელია. ის ასაკი აქვს, როცა ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა  გააჩნია.  ღირსებაშელახულს სხვა სკოლაში გადასვლა სურს. მიზეზი ასეთია: „ხუთი წლიდან სათვალეს ვატარებ, ახლომხედველი ვარ, ამხანაგები ადრე ბრუციანს  მეძახდნენ, მე ვუთხარი მათ, რომ მწყინდა ასე მომართვა, მერე ერთმა მითხრა: კაი, ბრუციანი თუ არ მოგწონს, შურიკას დაგიძახებთო, ამისთვის ბევრჯერ მიტირია.  აღარ მინდოდა სათვალის გაკეთება, მაგრამ დედამ დამარწმუნა, რომ ეს ჯერ აუცილებელია. სკოლიდანაც მინდოდა გადასვლა, მაგრამ ორმა კლასელმა ბიჭმა გამამხნევა და მითხრა, რომ მათ ყურადღება არ მივაქციო. მე მაინც ძალიან მტკივა გული.“

 

ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ადამიანები, რომლებიც ამართლებენ რაღაცის მოპოვებას სხისი ჩაგვრის ხარჯზე.

 

2008 წელს „უსაფრთხო სკოლის კონცეფციასთან“ ერთად, განათლების სამინისტრომ მანდატურის სამსახური შემოიღო, რის შემდეგადაც ფიზიკური ძალადობის შემთხვევებმა სკოლებში იკლო. როგორც ჩანს, ბულინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, სახელმწიფომ მანდატურის სამსახურის შემოღება საკმარისად ჩათვალა, თუმცა, რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში, ოფიციალური კვლევა საქართველოში დღემდე რა ჩატარებულა.

 



სკოლებში ჩაგვრის შემთხვევებს პედაგოგებიც ადასტურებენ და მანდატურის სამსახურის შექმნასთან ერთად, სკოლებში სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

მაია აფრიდონიძე, პედაგოგი: „დაწყებით კლასებს ვასწავლი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩაგვრის შემთხვევები ამ ასაკის მოზარდებშიც ხშირია. მე-4 კლასელი გოგონა მყავდა,   ჟღალი გრძელი თმით, სულ გრძელი ნაწნავით დადიოდა და ძალიან უხდებოდა. ერთხელაც გაკვეთილზე შემოვიდა და ვერ ვიცანი, თმა ბიჭურად გაუკრეჭია, მომბეზრდაო   თქვა. არადა, თურმე, მეზობლის ბავშვები რიჟას ეძახდნენ და ატირებულს თმა თავისი ხელით შეუჭრია.

 

 რა არის აგრესია? რა თქმა უნდა, დაგროვილი უარყოფითი ენერგია. ამიტომ აუცილებელია სკოლებში მეტი აქტივობების განხორციელება იმისთვის, რომ მოსწავლე ყოველგვარი უარყოფითი ენერგიისგან ბოლომდე დაიცალოს. კარგი იქნება თავად პედაგოგებსაც ბულინგის თემაზე ტრენინგები თუ ჩაგვიტარდება.“

 

 

***

 

ფონდი „სოხუმი“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. შიდა დონეზე ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, მოზარდებში ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების ფაქტების სიმრავლეზე ამავე ფონდის წარმომადგენელი, ხათუნა აბშილავა გვესაუბრა:

 

„ჩვენ საქართველოს 6 რეგიონში ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ ბულინგის შემთხვევები მოზარდებში ძალზე აქტუალურად დგას, ხშირად მოზარდები ამას თავადვე აღიარებენ და დაგროვებული უარყოფითი ენერგიის დახარჯვის სურვილით ხსნიან. ასეთ შემთხვევებს სკოლებში სხვადასხვა აქტივობების დანერგვის აუცილებლობისკენ მივყავართ. ბულინგის პრევენციის საქმეში, ოჯახთან ერთად,  სახელმწიფო პოლიტიკას გადამწყვეტი როლი ეკისრება, რადგან ბევრი კრიმინალური დანაშაული ზრდასრულ ასაკში სწორედ რომ ბავშვობიდან, არასწორი ცხოვრებიდან იღებს სათავეს. სახელმწიფო ამ მხრივ მოდუნებულია, რადგან ოფიციალური სტატისტიკაც კი არ არსებობს, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე.“

 

 

***

 

მოზარდებში ძალადობის და ჩაგვრის ფაქტები ფსიქოლოგების პრაქტიკაშიც ხშირია.  თეა მუშკუდიანი რამდენიმე წელია უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობს. კითხვაზე, რამდენად ხშირია მომართვიანობა პაციენტებისა, რომლებიც მჩაგვრელები ან დაჩაგრულები არიან და რა შეიძლება იყოს წინაპირობა ბულინგის წარმოშობისა, გვპასუხობს: „ფიზიკური დეფექტები, სოციალური სტატუსი, განსხვავებული რელიგიური მრწამსი, განსხვავებული შეხედულებები ხშირად მოზარდებში დამამცირებელი მოპყრობის, სიძულვილის ენით ურთიერთობის და ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის მიზეზიც კი ხდება. ყველაფერი ეს სათავეს მაინც არასწორი აღზრდიდან იღებს, რაშიც ოჯახი მოიაზრება, თუმცა, გარემო ფაქტორებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

 გამოირკვა, რომ ბულინგის გახშირების ხელისშემწყობი ფაქტი კომპიუტერული თამაშებიც არის. განსაკუთრებით პრობლემური ასაკი 10-დან  18 წლამდეა. არც თუ იშვიათად, ბავშვი, რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი, იგივეს იმეორებს სხვა სივრცეში. ამიტომ ბულინგის პრევენციისთვის დასჯა გამოსავალი არ არის. საჭიროა ისეთი პოლიტიკა ოჯახებშიც და სკოლებშიც, რომელიც კონფლიქტს არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის.“

 

ზოგჯერ თავად მშობელს ჰგონია, რომ ბულინგი სასკოლო ოინია, არადა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტესობა, ვინც მოზარდობაში ჩაგვრა განიცადა, შემდეგში თავადაც კრიმინალურ გზას ირჩევს, რადგანაც მასში დალექილი აგრესია უკვალოდ არ ქრება.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების,  ოჯახების  და სახელმწიფოს მხრიდან  გაკეთებულზე ბევრად მეტის  გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ ჩაგვრა საზოგადოებისთვის  მისაღებ ქმედებად,  ნორმად არ იქცეს და, რომ მოზარდმა სათვალესა და ჟღალ თმაში თავი სრულფასოვან პიროვნებად იგრძნოს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია