დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინტერესთა კონფლიქტს შეწირული კიდევ ერთი მერი
ინტერესთა კონფლიქტს შეწირული კიდევ ერთი მერი
ავტორი: მარი პატარაია
სულ ნანახია 2237
ავტორი:
მარი პატარაია
მსგავსი სიახლეები

გიორგი თევდორაძე:ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა!

 

ქუთაისის რიგით მეათე მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებიდან დაბრუნების პირველსავე დღეს, 11 სექტემბერს, თანამდებობიდან გადადგა. სამთვიანი საქმიანობის შემდეგ კოპალიანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და პოსტი განმარტებების გარეშე  დატოვა.

 

სპეციალურად ქუთაისის მერობისთვის ამერიკიდან ჩამოყვანილმა წამყვანმა  IT სპეციალისტმა, ლოურენსისა და მიჩიგანის უნივერსიტეტების პროფესორმა, მისივე მხარდამჭერების განცხადებით, დაკისრებულ მოვალეობას თავი  ვერ გაართვა.

„ყველას აზრს ისმენდა და ამის გამო ძალიან დაიბნა. მისი პრობლემა ის იყო, რომ ვერ შეძლო გუნდის შექმნა, რომელსაც დაეყრდნობოდა, რადგან   შიდა გარემოცვაში ჰყავდა ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებებს. ასეთ პირობებში იგი დიდხანს ვერ გაძლებდა და ქუთაისის ისტორიაში დარჩებოდა, როგორც სუსტი მერი. ახლა კი მისი იმიჯი არ შელახულა, პირიქით პატიოსანი ადამიანის სახელი შეინარჩუნა,“ - მიაჩნია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მღვდელაძეს, რომელიც ღიად ამბობს, რომ  კოპალიანი კოალიციის კადრი იყო.

ქალაქის მერის გადადგომას მწვავე კრიტიკით შეხვდა ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“   „ქართული   ოცნება“ ღალატში ჯერ კიდევ მაშინ დაადანაშაულა, როცა დიმიტრი კოპალიანი დაანონსებულ იმპიჩმენტამდე ერთი დღით ადრე შვებულებაში გავიდა. ახლა კი ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კოპალიანს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ინტენსიური ზეწოლის პირობებში მიაღებინეს.

კოპალიანის გადადგომას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გიორგი თევდორაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქუთაისის ხელისუფლებისგან ქალაქის მერის პოსტის დატოვებასთნ დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოითხოვა.

„როგორც ჩანს, ქუთაისში იწყება ეპოპეა მერების სწრაფი ცვლის. დიმიტრი კოპალიანის მოსვლა და ორ თვეში წასვლა მხოლოდ ამაზე მეტყველებს. მე მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოიყვანეს კოპალიანი ქალაქის სათავეში, საზოგადოებისთვის უნდა გააკეთონ განმარტებები ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა? რა ხდება ამ ქალაქში. ადგილობრივი ხელისუფლების ამ საქციელის შემდეგ გაბითურებულია არამხოლოდ კოპალიანი, არამედ სრულიად  ქუთაისი,“ - განაცხადა  გიორგი თევდორაძემ.

რა გარემოებაში დატოვა კოპალიანმა პოსტი,  წავიდა თუ აიძულეს, წასულიყო? თავად იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატებიც კი პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ კოპალიანი „პატრიოტებთან“ ინტერესთა კონფლიქტს შეეწირა.

 

2003 წლიდან დღემდე ქუთაისმა 10 მერი გამოიცვალა

 

სხვადასხვა გარემოებაში, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ დაანონსებული, ხანაც კი შემდგარი იმპიჩმენტის გზით თანამდებობებს ტოვებდნენ  სახელისუფლებო პარტიებისა თუ  კოალიციის  კადრები. ქალაქის მერის პოსტი მერსა და ქალაქში მმართველ სხვა ძალას შორის ინტერესთა კონფლიქტის დაწყების პარალელურად ხდებოდა ვაკანტური.  

შესაბამისად, არასტაბილურ გარემოში, მუდმივი შიდა დაპირისპირებებისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა არამყარი პოზიციების პირობებში, ქალაქს          „ორთვიანი“ და „სამთვიანი“ მერები მართავდნენ. მერის დანიშვნა გადაყენების საკითხი კი არა ადგილობრივ დონეზე, არამედ მუდმივად „სხვა ძალების“ კაბინეტებში წყდებოდა.

„ვარდების რევოლუციის“ პირველი ხუთწლეული განსაკუთრებით არასტაბილური იყო. 2007 წლამდე ქალაქს 6 მერი მართავდა: ნუგზარ ფალიანი, გია გიორგაძე, ბესიკ გულორდავა, გიგა ჩოგოვაძე, ბაკურ ბალანჩივაძე და ნიკო კაჭკაჭიშვილი ასე გამოიყურება ქალაქის 5 წლიანი ისტორიის მერების  ჩამონათვალი. მათგან ბაკურ ბალანჩივაძე, რომელსაც ქალაქის მართვა არასრულ ერთ წელს მოუწია (იგი ძვირადღირებული სახელმწიფო მანქანის შეძენას შეეწირა), სულ ცოტა ხნის წინ მერობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო, თუმცა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მისი სამოქმედო გეგმა  დაიწუნა და  პოსტზე აწ უკვე ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი დანიშნა.

პირველი ხუთწლეულის ბოლო მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი კი, რომლის სახელსაც 2007 წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული მასშტაბური რეორგანიზაცია უკავშირდება, საპასუხისმგებლო თანამდებობას დღემდე  ინარჩუნებს. კაჭკაჭიშვილი, რომელმაც  პარლამენტის წევრის  აკაკი ბობოხიძის რეკომენდაციით  ქუთაისში მოღვაწეობა ვიცე-მერის პოსტიდან დაიწყო, კვლავ ვიცე-მერია.

შედარებით სტაბილურად დაიწყო „ვარდების რევოლუციის“ 10 წლიანი მონაკვეთის მეორე ხუთწლეული. 2007 წლის ოქტომბერში მერის პოსტზე დანიშნული ნუგზარ შამუგია (რომელიც ნინო ბურჯანაძის კადრი იყო) მის მომდევნო მერს გიორგი თევდორაძეს თანამდებობრივ სტაბილურობაში მხოლოდ ერთი თვით ჩამორჩა. შამუგიას მმართველობა, რომელიც  2 წელი და 8 თვე გაგრძელდა, ნიკეას ნაგავსაყრელის დღემდე მოუგვარებელმა პრობლემამ შეიწირა.  საქართველოს პრეზიდენტის   მიხეილ სააკაშვილის  მიერ   ტელეკამერების წინ  „დატუქსული“ შამუგია ქალაქის ისტორიას „ნაგავს გადაყოლილი მერის“  სტატუსით შემორჩა, თუმცა,  მაშინ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის ქუთაისში ვიზიტი და  შამუგიას უმოქმედობაში  საჯაროდ მხილება,  ქუთაისის ახალი მერის დანიშვნისთვის წინასწარი  საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ემსახურებოდა.

მალევე, 2010 წლის ივნისში, ქუთაისის მერის პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი გიორგი თევდორაძე იკავებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის ქუთაისის ყველაზე სტაბილური მერი აღმოჩნდა, თუმცა, მისი  მმართველობის თითქმის სამწლიანი მონაკვეთი კი ადგილობრივი მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე პერიოდი იყო.

დიმიტრი კოპალიანისგან განსხვავებით, დაანონსებულ იმპიჩმენტს ვერ გადაურჩა ქუთაისის რიგით მეცხრე მერი ბესიკ ბრეგაძე. ქუთაისის საკრებულოს   „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი საკუთარმა თანაგუნდელებმა  მერის პოსტზე ორთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, თანამდებობიდან იძულების წესით გადააყენეს.

ქუთაისი კვლავ ახალი, რიგით მეთერთმეტე მერის მოლოდინშია.

***

მერის არჩევამდე მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა 13 სექტემბრის მდგომარეობით უცნობია. იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილმა ვიცე-მერმა კოტე რატიანმა მერიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო და იგი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს თანამდებობაზე, გამორიცხული არ არის, მერის მოვალეობის შესრულება სწორედ მას დაეკისროს, კოტე ლომიძეს კი, რომელმაც თავის დროზე რატიანი ჩაანაცვლა, შესაძლოა, პოსტის დატოვება მოუწიოს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია