საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
არაერთსულოვანი საპარლამენტო რეზოლუცია უკრაინის მხარდასაჭერად
არაერთსულოვანი საპარლამენტო რეზოლუცია უკრაინის მხარდასაჭერად
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1109
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი

საქართველოს პარლამენტმა  უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე.  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობას ტექსტი დაუწუნა და პარლამენტს თავისი ვარიანტი შესთავაზა. ეს უკანასკნელი კი საპარლამენტო უმრავლესობას არ მოეწონა და კენჭისყრისას ჩააგდო. საბოლოოდ, პარლამენტმა უმრავლესობის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტს დაუჭირა მხარი, ხოლო  საპარლამენტო უმცირესობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ხელისუფლებამ ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რომ უკრაინის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებდა. 

 

რეზოლუციის მიღებას წინ ტექსტის რამდენიმედღიანი განხილვა უძღოდა. საპარლამენტო უმცირესობამ ათპუნქტიანი რეზოლუცია წარმოადგინა, რომელსაც უმრავლესობა არ დაეთანხმა. მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოლაპარაკებების მიუხედავად, რომელიც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შორის ერთობლივ ტექსტზე შეთანხმების მიზნით იმართებოდა. თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ტექსტის მხარდაჭერაზე და სანაცვლოდ რეზოლუციის საკუთარი პროექტი დააყენა კენჭისყრაზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ 27 ხმით 6-ის წინააღმდეგ ჩააგდო. უმრავლესობის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ტექსტი კი პარლამენტმა 74 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მთავარი  უთანხმოება  უკავშირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ტექსტში შესულიყო ის პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად“. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ „სანქციების“ ხსენებას „პრინციპული“ მნიშვნელობა ჰქონდა.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ზოგადი განცხადებების გაკეთებას აზრი არ აქვს და ვთვლიდით, რომ აუცილებელი იყო სანქციების დაწესება მაშინ, როცა ამ საკითხებზე აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებიც საუბრობენ“. უმცირესობის წევრმა, ასევე, აღნიშნა, რომ იმ ტექსტში, რომელსაც კონსულტაციების დროს უმრავლესობა სთავაზობდა, საუბარი არ იყო უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობაზე, რუსეთის იზოლაციის აუცილებლობაზე და რუსეთის იძულებაზე უკრაინის ტერიტორიის დატოვებაზე. მისივე თქმით, კარგია, რომ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ საბოლოო ტექსტში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მაინც მოხვდა, თუმცა უმცირესობას ერთი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა უმრავლესობა, რომ საქართველოს დეოკუპაციის საკითხის ხსენება საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში მნიშვნელოვანი და ბევრის მანიშნებელია.

 

უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი პარლამენტის წევრებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ წარუდგინა, რომელმაც ერთობლივი დოკუმენტის შეუჯერებლობის მიზეზებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელი მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკის გატარებას რიტორიკისა და შოუების საფუძველზე არ აპირებს.

 

„სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი სიტყვა და არა შინაარსი იქცა პროცესის ჩაშლის მიზეზი. ბევრი ისაუბრეთ ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ასე შემდეგ. არ დავიწყებ ახსნა-განმარტებას და სწავლებას, რას ეფუძნება რეზოლუცია და როგორ დგება დოკუმენტები. მე მაინტერესებს, ეს დოკუმენტი იყო უკრაინაზე, თუ იყო საქართველოზე? ოკუპაცია თუ ეთნიკური წმენდა რა დოზით არ არის წარმოდგენილ დოკუმენტში? თქვენ რა პრინციპით არ ეთანხმებით მას? ეს არის უკრაინისადმი შედეგზე ორიენტირებული და მიზანმიმართული რეზოლუცია? - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც დებატები დახურა, განაცხადა, რომ ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაემახვილებინათ ყურადღება, დეპუტატებმა მათი დროის უმეტესობა ურთიერთბრალდებებს დაუთმეს.

 

„გთხოვთ ყველას, ერთი წუთით შევხედოთ საკუთარ თავს რიგითი უკრაინელი მოქალაქის გადმოსახედიდან. წარმოიდგინეთ, გვისმენდა რიგითი უკრაინელი, რომელსაც ვეუბნებით, რომ ორი თუ სამი დღეა ჩვენ ვცდილობთ, ვმუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლითაც დაგეხმარებით. თუმცა, შემდეგ ნახა ეს ყველაფერი და მოისმინა. არ ჭირდება ბევრი ფიქრი, თუ რა ხასიათზე დადგება ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ამას უყურებდა,“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი განცხადებით, მაშინ, როცა პარლამენტში ამ თემებზე მიმდინარეობს კამათი, აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველდღიურ კონტაქტზეა კიევთან, ბრიუსელთან, ვაშინგტონთან და ევროსაბჭოში გაგზავნილია სათანადო ტექსტები სანქციების მოთხოვნით.

 

 

„დღეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ამ პარლამენტის კედლებში და მე ვერ ვარ ამაყი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი“, განაცხადა უსუფაშვილმა თავის სიტყვაში და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ტექსტი და მისი ფორმულირება აბსოლუტურად სწორია. მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ 5 მარტს, მოლაპარაკებების დასრულებამდე ცდილობდა, რომ ერთობლივი ტექსტის შედგენისთვის ხელი შეეშალა.

 

„უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ“ რეზოლუციის ტექსტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული აგრესიული ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს მეგობარ უკრაინას, არამედ - საქართველოს და მთელს ევროპას.


„საქართველომ 2008 წელს უკვე იწვნია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და მსგავსი ქმედებები (რუსული პასპორტების დარიგება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება, საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით სამხედრო ინტერვენცია და სხვა), რაც ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციით და ეთნიკური წმენდით დასრულდა. დღეს უკრაინასაც იგივე ემუქრება“ - აღნიშნულია პარლამენტის რეზოლუციის პრეამბულაში. საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია და მოთხოვნები  რეზოლუციაში 8 პუნქტად არის ჩამოყალიბებული, მათ შორის: საქართველოს პარლამენტი გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ორმხრივი შეთანხმებების დარღვევით განხორციელებულ ყველა სხვა ქმედებას;  მიმართავს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და, საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მოძმე უკრაინელ ხალხს;  მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომლებიც იქ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით იმყოფებიან და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წანააღმდეგ მიმართული ქმედებები; მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად; მოუწოდებს ევროპის კავშირსა და ნატოს, დააჩქარონ ამ ორგანიზაციებში იმ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ინტეგრაციის პროცესი, რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომელთა თავისუფალ არჩევანს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია