დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაყურებლის ქარ-ცეცხლში
მაყურებლის ქარ-ცეცხლში
ავტორი: მარიამ ხურციძე
სულ ნანახია 2203
ავტორი:
მარიამ ხურციძე
მსგავსი სიახლეები

თინა მახარაძე: მე ამაყი ვარ, რომ მეც ვარ ბოზი

 

„ის ხალხი აღელდა, ვისაც სექსი საერთოდ არ აქვს“

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის მთავარი გმირი ახალგაზრდა მსახიობი, თინა მახარაძე იყო. ვიდრე მთელი მსოფლიო უკრაინის და რუსეთის სამხედრო კონფლიქტის გამო შფოთავდა, საქართველოს ინტერნეტსივრცე სწორედ თინას მიერ გავრცელებულ „ორალური სექსის“ გაკვეთილებს განიხილავდა და მისი გაკიცხვით იყო დაკავებული.

 

და მაინც, რით დაიმსახურა 24 წლის ახალგაზრდა მსახიობმა „ასეთი პატივი“? თუ ვინმე დარჩა საქართველოში ისეთი, რომ ამის მიზეზი არ იცის, გაცნობებთ, რომ თინა მახარაძემ ჯერ იყო და „მძიმე კაცთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „ორალური სექსი მოსული პონტია“, ხოლო შემდეგ, მაია ასათიანის „პროფილში“ ბოზობის თემას შეეხო და განაცხადა:  „მე არ მესმის, რას ნიშნავს მსუბუქი ან მძიმე ყოფაქცევა და არ მესმის ასეთი დეფინიცია ბოზი, იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენს სოციუმშია დამკვიდრებული.... თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ქალი, რომელიც მოქმედებს თავისი სურვილის და კეთილი ნების გათვალისწინებით, ის არის ბოზი, მაშინ მე ამაყი ვარ, რომ მეც ვარ ბოზი.  მე ვიქცევი ისე, როგორც მე მინდა, თუმცა ჩემთვის ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ირღვევა სხვისი პირადი სივრცე. შესაბამისად, მე ჩემი საქციელით არ უნდა შეურაცხვყო არავინ, არც მორალურად და არც ფიზიკურად. ჩემი ქმედება არ უნდა არღვევდეს სხვის კეთილ ნებას. ანუ ჩვენი კეთილი ნების გადაკვეთა არ უნდა ხდებოდეს.“

 

გარდა ზემოთაღნიშნული თემებისა, თინა მახარაძემ სხვა საინტერესო საკითხებზეც გამოხატა თავისი თამამი პოზიცია.

 

მან გადაცემაში „მძიმე კაცთან“ უბრალოდ, მარტივად და სრული გულახდილობით გასცა ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი (ამ შემთხვევაში, სექსის, მარიხუანასა და იესოს თემას არ ვეხები, იყო ინტერვიუში ბევრი რამ, რის შესახებაც თინამ ისაუბრა, მაგალითად, ქართველი ერი, მეზობლების ინსტიტუტი, ქართველი ქალის/გოგოს როლი, ახალგაზრდები, ტრადიციად ქცეული ჩვევები და ა.შ. სამწუხაროდ, ამ თემებს ნაკლები ყურადღება მიექცა და მხოლოდ პირველ სამ თემაზე გამოთქმული აზრის მიხედვით შეაფასა თინა საზოგადოებამ). საქმე ისაა, რომ ეს პასუხები აბსოლუტურად განსხვავდებოდა დანერგილი, რუტინული პასუხებისგან და მოსაზრებებისგან.

 

ერთი რამ გამორჩა თინას, როცა საკითხი რელიგიურ თემას ეხება ქართველი განსაკუთრებით დაუნდობელი კრიტიკოსი ხდება - ეს გასათვალისწინებელი იყო. თუმცა, თუ ამას განვიხილავთ, როგორც წინასწარ, პოპულარობის გაზრდის მიზნით, დადგმულ ნაბიჯს, ეს კარგი მარკეტინგული გათვლა იყო. ხალხის გაღიზიანებამ და გამოწვევამ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა.

 

მე ინტერვიუ ავიღე სხვადასხვა პროფესიის თუ მომავალში სხვადასხვა  პროფესიის მქონე ადამიანებისგან, რამაც მიჩვენა, რომ ხალხის აზრი თინა მახარაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სამად იყოფა, ერთნი მას ერის გამრყვნელად მოიხსენიებენ, მეორენი - საღად მოაზროვნედ, მესამენი კი ოქროს შუალედს იკავებენ, ანუ მოსწონთ მისი მსჯელობა, თუმცა ბევრ რამეში არ ეთანხმებიან.

 

„იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანი ქართულ მენტალობას გასცდა და გათავისუფლდა იმ ჯაჭვისაგან, რომელიც აწუხებდა (ეს ჯაჭვი ნებისმიერ ქართველს აქვს, მენტალობის და ტრადიციების სახით, მაგრამ პირადად, არ მაქვს მისი გაწყვეტის სურვილი და თავს ნაკლებ განვითარებულად არ მივიჩნევ). თან, გარკვეულ საკითხებში მართლა კომპეტენტურია და თავისუფლად შეიძლება, დავეთანხმო. ბევრ პრობლემას შეეხო და არც ისე ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვებია ჩემზე, ზოგადად, მაგრამ მე მიხარია, რომ ზუსტად მისნაირად არ ვაზროვნებ,“ - საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი.


„რთულია, დაამატო რაიმე სხვა, როდესაც ყველაფერი ნათქვამია. ძალიან მომეწონა თინა მახარაძის ინტერვიუ, რადგან სრულიად იდენტური აზრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით... ეს აგრესია, ალბათ, იმის ბრალია, რომ ჩვენი ცხოვრება არ გაგვაჩნია და დღემდე ვერ მივედით იმ დასკვნამდე, რომ წარსულს კი არა, მომავალს უნდა ვუყუროთ. მათ აქვთ თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ, მგონია, არ იციან მისი მნიშვნელობა. ეს ჩაკეტილობა ხდის ამ ხალხს აგრესიულსს...“ არქიტექტურის სტუდენტი. 

 

„კარგია, რომ ასე თავისუფალია და მომწონს მისი ლაპარაკი „ბოზებთან“ დაკავშირებით, მაგრამ რელიგიასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი მოუვიდა. კარგია, რომ ხარ თავისუფალი და განათლებული, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოების აზრს უნდა აჰყვე, რადგან შენ ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ხარ.“  სამართლის სტუდენტი.

 

„განათლებული ადამიანია, რაც საშუალებას აძლევს, მისი აზრი მყარი არგუმენტებით გააჯეროს. არის რაღაც დეტალები, რაც უხეშად მომხვდა ყურში ინტერვიუს მსვლელობისას. ვეთანხმები, რომ ინტიმური ცხოვრება პირადია და არაა საჯარო, რომ მეზობელს არ უნდა დავეკითხოთ აზრი, უნდა ვაკეთოთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს. სიუჟეტის დამთავრებამდე ვფიქრობდი, ალბათ, როგორ მოეწონა ახალგაზრდებს თინას მსჯელობათქო და როგორც კი კომენტარები წავიკითხე, იმედები გამიცრუვდა. ძალიან შემრცხვა იმ კომენტარების წაკითხვა. მრცხვენია, რომ თავისუფლება ბოზობად ითვლება. არ შეიძლება, გვქონდეს ევროპელობის ამბიცია და თავისუფლებას გმობდე. არ ვთვლი, რომ თინა უნდა გვეამაყებოდეს, მაგრამ მის ნახევარს მაინც რომ ვაზროვნებდეთ დღევანდელი თაობა, ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა,“ - გეო-ტურიზმის სტუდენტი.

 
„ჩემი აზრით, ღმერთზე ცოტა მოკრძალებულად უნდა ესაუბრა იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არაა, რომ ტიპად მოიხსენიო, ღმერთია. დანარჩენს არ გავუღიზიანებივარ, მისი ცხოვრებაა და როგორც უნდა, ისე წარმართავს,“ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი.

 

„არის საკითხები, რაშიც შემიძლია, დავეთანხმო, მაგრამ გათვალისწინებით იმისა, რომ გარკვეული თვალსაზრისით კონსერვატიული შეხედულებით გამოვირჩევი, „თამამი“ შეხედულებები მიუღებელია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ მეც ოცდამეერთე საუკუნის თინეიჯერ თაობას მივეკუთვნები... ერთის მხრივ, მისი შეხედულებები „ამერიკულ მოდელზეა“ აგებული და ცდილობს, საქართველოს შეუსაბამოს... საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ თინა მახარაძის ეს ინტერვიუ ნამდვილად კრიტიკის საკითხია... კიდევ არაერთი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ გახდა ეს ინტერვიუ აგრესიული რეაქციის მიზეზი,“ საჯარო მმართველობის სტუდენტი.

„ჩემი აზრით, იმდენად შებოჭილი და ჩარჩოებში ჩასმული ეჩვენება „საზოგადოება“, რომ ასეთი შეფასება მისთვის ნორმაა. ვფიქრობ, ამოვარდნილია ქართული აზროვნებიდან, ესაა მაგის პრობლემა და ლაპარაკის შედეგიც. ქართული აზროვნებაა მოყოლილი კომენტარები.  მე არაფერი გამკვირვებია მაგის ლაპარაკში, არც მომწონებია და არც ვლანძღავ. ერთადერთი, რაც მომეწონა, ისაა, რომ პატარაობიდან კითხულობს,“ - ჟურნალისტიკის სტუდენტი.

 

„საკუთარ თავს გაუკეთა პოპულარიზაცია. სკანდალური და ასეთი უაზრო გამოხტომებით ცდილობს, გახდეს ცნობილი და უნდა, მის თაობაში დანერგოს ის რეჟიმი, სადაც ლიდერად თვითონ გამოჩნდება,“ სამართლის კურსის სტუდენტი.

 

„ეს გოგო არის ლიბერალური ადამიანი, ადამიანი, რომელიც მაგალითია დემოკრატიული სახელმწიფოსი, ანუ ასეთი ადამიანებია საჭირო საქართველოში, რათა გავხდეთ დემოკრატიული და ლიბერალური.


ჯერ ერთი - ჩვენი საზოგადოების განათლების დონე ძალიან დაბალია, აქედან გამომდინარე, თავს ვერ აღწევენ წარსულს და ვერ ფიქრობენ რაციონალურად აწმყოზე და, რა თქმა უნდა, მომავალზეც, კიდევ აქედან გამომდინარე: არ გააჩნიათ თავიანთი პირადი და საინტერესო ცხოვრება - თითქმის ყველასი ერთნაირია და ვერაფერს ნახავ მათ ყოველდღიურობაში უცხოს, კრეატიულს, სულიერს ვერ ეგუებიან სხვებს, რომლებიც ასე არ ცხოვრობენ, მეტს რომ ფიქრობენ, აზროვნებენ, აცნობიერებენ არსს და რომ ცდილობენ, რომ მათი არსებობა და არსი ერთმანეთის თანხვედრი იყოს. ეს გოგო კი ამ ყველაფერს ახერხებს, იცის - რა უნდა, იცის - რას უნდა მოელოდეს, ეძიებს და ინტერესდება. მე მომეწონა ეგ გოგო. დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი მასთან. უფრო ჰუმანური, მოწესრიგებული და ჩამოყალიბებული იყო, ვიდრე ისინი, ვინც მას ჰკიცხავს...“ ფილოსოფიის სტუდენტი.

 

„ბევრ რამეში ვეთანხმები, რაც თქვა. მაგრამ ვერ ამბობს სწორად. ისე ამბობს, რომ არ სიამოვნებს ხალხს. ისე, მასეთი თავისუფალი გოგო ნამდვილად სჯობს ისეთ პატიოსანს, ქმარს ნაცარს რომ შეაყრის თვალებში, კუზანოვის კლინიკიდან ახალი გამოსული რომ არის,“ ელექტრო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი.

 

„თინა მახარაძე, ერთი შეხედვით, საყვარელი გოგონა, რომელიც ცდილობს, მისი უაზრო ლაპარაკით ქართული მენტალიტეტი შელახოს... ეს ადამიანი არის საქართველოს სირცხვილი, რადგან იმ დიდ ისტორიას, რომელსაც ქართველი ერი ატარებდა, ერთი ხელის მოსმით აქრობს და ქმნის იმ უაზრობას და სიბილწეს, რომელშიც თვითონ ცხოვრობს და სურს, რომ ახალგაზრდა თაობა ჩაითრიოს,“ სამართლის სტუდენტი.

 

„მისი მჯელობა და მოსაზრებები დასაბუთებულია ლოგიკურად, ამიტომ მისაღებია. ჩემში არ იწვევს აგრესიას არანარიად, ხალხი საქართველოში რომ დაუნდობლად ეპყრობა ადამიანის პირად ცხოვრებასა და მოსაზრებებს, მე მგონი, სიახლე არაა,“ მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სტუდენტი.


„პროგრესულად მოაზროვნედ ვთვლი, უბრალოდ, ის ვერ გაითვალისწინა, რომ ჩვენ საზოგადოებას პირში მთქმელი და თავისუფლად მოაზროვნე აღიზიანებს. ქართველებს ვითომ პატიოსნება და ფასადები იზიდავს,“ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი.

„ერთი უბრალო გოგოა, მოდას აყოლილი, რომელსაც ერთგვარად გაუმართლა ცხოვრებაში და შეეცადა         „დაემსხვრია“ სტერეოტიპები. სტერეოტიპები, მისნაირების აზრით, თორემ, მაგ სტერეოტიპებს ქართველები ტრადიციებს და ღირსებას ვეძახით,“ სამართლის სტუდენტი.

 

„ამ გოგონას სურვილია საკუთარი თავის წამოწევა და დაპიარება... მე არ მაქვს ამ გოგოზე დადებითი შეხედულება... ქართველ ხალხს აქვს უზარმაზარი ტრადიცია, რის დამსხვრევას მასა არ გაპატიებს. სახალხოდ ამ თემაზე არ შეიძლება აფიშირება. ხალხის აგრესია არ მიკვირს, რადგან ყველა საკუთარ თავზე, საკუთარ შვილზე ფიქრობს და ძალიანაც არ მოსწონთ, როცა მათი შვილები მსგავს თემებზე ლაპარაკს უსმენენ,“ - გერმანული ენის პედაგოგი.

 

„ამ გადაცემას ხშირად ვუყურებ, რა თქმა უნდა, თინას სტუმრობაც ვნახე, მაგრამ მეორედ ვუყურე მაშინ, როდესაც აჟიოტაჟი ატყდა და ვიფიქრე, რომ რაღაც გამომრჩა. რა თქმა უნდა, არაფერი გამომრჩენია და არც არაფერზე გამიმახვილებია ყურადღება. ადამიანს კითხვა დაუსვეს და საკუთარი აზრი გასცა პასუხად, რაა ამაში საგანგაშო? ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხში განათლების დონე ნულია, ჩვენ ვართ ჭორიკანა ერი, რომლებიც ვინტერესდებით სხვისი ცხოვრებით, აი, სწორედ ამან გამოიწვია აჟიოტაჟი ბრბოში. ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩახვიდე, ვერსად ვერ ნახავ ადამიანებს, რომლებიც სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკობენ,“ - პოლიტოლოგი ზაალ კუხიანიძე.

 

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი. როცა მოვისმინე, არაფერი გამკვირვებია, რადგან იგივე რამ მეც ხშირად მითქვამს. რა იყო აქ ასაღელვებელი, მართლა ვერ მივხვდი. ვფიქრობ, ის ხალხი აღელდა, ვისაც სექსი საერთოდ არ აქვს. ძალიან გაუნათლებლები ვართ, აი, ძალიან. ვერც თინას მამაცობაზე ვისაუბრებ. არ მგონია, ამის თქმა მამაცობა იყოს, მაგრამ, რაც შემდეგ მოვლენები განვითარდა, ფაქტია, რომ უმამაცესია. მე ვთვლი, რომ იგივეს ყოველთვის ვამბობდი. სხვათა შორის, ამის გამო ქუთაისში არავინ მესხმის. გამიკვირდა თბილისელების ეს რეაქცია,“ - დავით ლიკლიკაძე, ჟურნალისტი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია