დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო...
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო...
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 2091
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედგა.

 

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიწვია.როგორც „ახალი  მემარჯვენეების“ წევრმა მამუკა კაციტაძემ სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში განაცხადა, „აშშ-ში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან აშშ საქართველოს აღიარებული სტრატეგიული პარტნიორია და ბუნებრივია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტუმრობა, მართალია დაგვიანებული, არის კარგი და დადებითი მოვლენა.“ 

 

დაგვიანებული ვიზიტი კი, როგორც ჩანს, წარმატებული გამოდგა საქართველოს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრისთვის. პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენთთან, მოულოდნელად, პრეზიდენტი ბარაკ ობამაც შეუერთდა. როგორც ავტორიტეტული  ამერიკული გამოცემა „Wall Street Journal (WSJ)“ წერს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ხვდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. გამოცემის ინფორმაციით, როგორც ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აღნიშნავს,  ეს მოულოდნელი დისკუსია უკრაინაში მიმდინარე ძვრების ფონზე გაიმართა.

 

„ბატონ ობამასთან შეხვედრა მიზნად ისახავდა იმის ხაზგასმას, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო მაგალითია ისეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისა, რომელმაც წარმატებულად განახორციელა დემოკრატიული გარდაქმნები და დასავლეთს უახლოვდება“ - აღნიშნულია „Wall Street Journal“-ის სტატიაში. ამერიკული გამოცემა, ასევე, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით,  წერს, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაზრდის შესაძლებლობაც განიხილეს.

 

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ქართულ დიასპორასთან, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელთან, კონგრესის უმცირესობის ლიდერთან ნენსი პელოსთან, სიტყვით გამოვიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და ა.შ. თუმცა, პრეზიდენტ ობამას შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრა. საინფორმაციო სააგენტო „როისტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარება აღუთქვა საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაში, რათა ხელი შეუწყოს  დასავლეთთან უფრო მეტად ინტეგრაციაში.

„დღეს მე განვაცხადე, აშშ-ის სურვილს და ნებას, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვაში, კონკრეტულად კი დაეხმაროს, რომ საქართველომ მიაღწიოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას და მინიმუმამდე შეამციროს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციით მიყენებული ზიანი“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისთანავე. თუმცა, „როიტერი“ იქვე აღნიშნავს, რომ კერის არ უსაუბრია კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ დასავლეთთან ვაჭრობისა და ინვესტირების გაზრდის მიზნით.

 

ხელისუფლების შეფასება -  ვიზიტი იმაზე მეტად წარმატებული, ვიდრე დაგეგმილი იყო...

 

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემთვის პირადადაც, აღმოჩნდა გაცილებით წარმატებული, ვიდრე გვქონდა დაგეგმილი, ან შეგვეძლო, წარმოგვედგინა.  მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ეკონომიკური საკითხები შემოვიდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის დღის წესრიგში და ეს სერიოზული თემაა სამომავლოდ. ის ვითარება, რაც დღესაა ჩვენს რეგიონში, საჭიროებდა სწორედ ამ ტიპის ძალიან დემონსტრირებულ მხარდაჭერას, ეს მიღწეულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის კურსი, რაც გვაქვს,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

 

პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დადებითად და წარმატებულად შეაფასა ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პირდაპირი ჩართვის დროს.  ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყო და პრემიერს თან ახლდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სთხოვა, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ერთ-ერთი მთავარი საკითხი აშშ-რუსეთის დიალოგის დროს, რასაც ამერიკული მხარე დაეთანხმა.

 

„უკრაინის მოვლენებმა გავლენა იქონია, მაგრამ უკვე აბსოლიტური ერთსულოვნებაა ჩამოყალიბებული, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს“ - განაცხადა პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერის მიერ შეერთებული შტატების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან - პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას რუსეთთან ურთიერთობაზე მთავარი აქცენტის დასმა და ამ კუთხით საერთაშორისო დიპლომატიური დახმარების საჭიროება ამერიკულმა მხარემაც გაიზიარა. 

 

 

გიგა ბოკერია - იმედი მაქვს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი უკეთ იყო მომზადებული...

 

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრას აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ღარიბაშვილი ამ შეხვედრისთვის მომზადებული იყო.

„ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტ ობამასი, რომ ასეთ მომენტში, როდესაც რუსეთის ფედერაცია კვლავ წევს საოკუპაციო ხაზს ჩვენი ქვეყნის სიღრმეში, უკრაინის მოვლენების ფონზე, მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი თავისუფალი არჩევანის მიმართ. მე იმედი მაქვს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი უკეთ იყო მომზადებული ამ შეხვედრისთვის, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაზე. ჩვენ გვაინტერესებს მისგან კონკრეტიკა, თუ რა საკითხები დასვა შეხვედრაზე. ეს მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტს მოვისმენთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც. მისი აზრით,  ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა, განსაკუთრებით უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. 

 

„ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, განსაკუთრებით იმ ტრაგიკული მოვლენების ფონზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში განვითარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს ის განსაკუთრებული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა წლებში ჩამოყალიბდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს ის მთავარი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ მოდიოდა პრეზედენტ ობამასგან, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას სჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და არა დაპირისპირება და კონფრონტაცია,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

პრემიერის ვიზიტის ამერიკული რეზონანსი...

 

გარდა „Wall Street Journal (WSJ)“-სა, ქართული დელეგაციის ვიზიტს სხვა ამერიკული გამოცემაც გამოეხმაურა. „THE HILL“ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ წერს.  სტატიაში სათაურით „ობამა და ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ“ ავტორი პირველივე აბზაცში აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსკოვთან ისედაც ძალიან მყიფე ურთიერთობებისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდებიან.

 

„ობამასა და ღარიბაშვილს შორის საუბარმა 20 წუთს გასტანა. ამერიკულმა მხარემ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ კმაყოფილება გამოხატა“ - წერს გამოცემა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უფროსის ციტატა მოჰყავს, სადაც ნათქვამია, „ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიმართ არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.“

 

ოფიციალური განცხადება გაავრცელა მისურის სენატორმა როი ბლანტმა, რომელმაც ქართულ დელეგაციას  უმასპინძლა. სენატორის თქმით, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მზადაა, საქართველოს მხარში ამოუდგეს.

 

შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თეთრი სახლის ადმინისტრაციამაც გამოაქვეყნა. განცხადებაში განსაკუთრებულად ხაზგასმითაა აღნიშნული ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ასევე, მიმოხილულია საქართველო-ამერიკის სამომავლო სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გამყარება.

 

 

 

გამოხატული ყურადღება ქართული დელეგაციის მიმართ და ცალსახა პასუხი რუსეთს...

 

 

როგორც პოლიტოლოგი  ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, ამერიკელი პარტნიორებისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე არლინგტონის სასაფლაოზე საპატიო ყარაულის უპრეცედენტო შემადგენლობაც მეტყველებს.

„ცალსახად შეიძლება, რომ ეს ვიზიტი ძალიან წარმატებულად შევაფასოთ, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია შეხვდა თითქმის მთელ ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას. არ შეიძლება, არ გამოვყოთ პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან. როგორც ვიცით, მან თითქმის 20 წუთი დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. დავინახეთ, რომ საქართველოს დელეგაციის მხრიდან პრემიერთან შეხვედრის ინტერესი ძალიან დიდი იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ამ შეხვედრებზე, განსაკუთრებით, ამერიკელების მხრიდან, იგივე ეკონომიკური დახმარების თვალსაზრისით, უსაფრთხოების მიმართულებით“ - აცხადებს პოლიტოლოგი სააგენტო „პირWელთან“ საუბარში.

პოლიტოლოგის აზრით, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკა ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ძალიან კარგადაა ინფორმირებული. მოიხსნა საკითხი, რომ საქართველოში მიმდინარეობს ოპონენტების პოლიტიკური დევნა, იმიტომ, რომ ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა და თუ იყო, ძალიან გაკვრით.

 

„აქედან გამომდინარე, ეს არის ცალსახად დასტური იმისა, რომ ამერიკული მხარე აღარ ეგება „ნაციონალური მოძრაობის“ საინფორმაციო პროვოკაციებზე. თვითონ სიმბოლურ მხარეს რომ მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენად საპატიო დახვედრა მოუწყო ამერიკულმა მხარემ ქართულ მხარეს, ამის ერთ-ერთი დასტური ისაა, რომ არლინგტონის სასაფლაოზე საპატიო ყარაულის თითქმის უპრეცედენტო შემადგენლობა იყო. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ეს სიმბოლიკა ბევრის მთქმელია“ - აცხადებს  ბექა ნაცვლიშვილი. ის, ასევე, მიიჩნევს, რომ ქართული დელეგაციის მიმართ გამოხატული ყურადღება რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული.

 

„ეს კომპლექსური საკითხია. ერთია, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე ეს იყო ცალსახა პასუხი რუსეთის მიმართ, რომ აშშ საქართველოს განიხილავს, როგორც მის მეგობარ ქვეყანას და ეცდება, გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველოს ინტერესები გონივრულ ფარგლებში იყოს მაქსიმალურად დაცული. „გონივრულ ფარგლებზე“ იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ აშშ-ის ახლანდელი ხელისუფლება განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, რომელიც ცოტა გაუაზრებლად კონფრონტაციული იყო რუსეთთან მიმართებაში. ასეთი ფრაზაც კი გაისმა, რომ ამერიკის ხელისუფლება არ აპირებს ნულოვან-ჯამოვანი თამაშის წესებით თამაშს დიდ გლობალურ მოთამაშეებთან, რომელთაც ჩვენთან აქვთ შეხება, მაგრამ მათ მოგვცეს გარანტია, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს ინტერესებს აუცილებლად დაიცავენ,“ - აცხდებს პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი.

 

ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებელი იყო, ფაქტია. ასევე, უდაოა ისიც, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრისთვის და ზოგადად, ახალი ხელისუფლებისათვის, რადგან ამით კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპონენტების არგუმენტი, რომ ახალი ხელისუფლება პროდასავლური კურსის ერთგული არ არის. იქნება თუ არა წარმატებული ეს ვიზიტი საქართველოსთის, ამაზე საუბარი კი, ალბათ, უფრო გვიან შეიძლება - როდესაც ვიზიტის დროს მიღებული დაპირებები და ზოგადი განცხადებები საქართველოს ეკონომიკაზე ან საერთაშორისო ურთიერთობებში, კონკრეტულ შედეგებში აისახება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია