დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დევნიან ქუთაისში საჯარო მოხელეებს?
დევნიან ქუთაისში საჯარო მოხელეებს?
ავტორი: ლიკა ჩახუნაშვილი
სულ ნანახია 1532
ავტორი:
ლიკა ჩახუნაშვილი
მსგავსი სიახლეები

თუ ჩემთან არ ხარ, ჩემი მტერი ხარ

 

 

საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება არაერთხელ გამხდარა დავის საგანი. დღეს კი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორი დავით ბახტაძე საუბრობს. იგი აღნიშნულ თანამდებობას 2011 წლის ოქტომბრიდან იკავებს. თანამდებობიდან სამომავლო გათავისუფლებას კი პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.

 

 

„ჩვენთან თანამშრომლის საშუალო ხელფასი შეადგენს 200 ლარს. ანუ ხელზე არის 150 ლარის ფარგლებში. ეს არის საარსებო მინიმუმზე დაბალი. საარსებო მინიმუმი საერთოდ შეიძლება იყოს პენსია, აქედან გამომდინარე, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანისთვის, არა მგონია, იყოს მისაღები. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა შეხვედრები საკრებულოში, მაგრამ გარკვეული პერიოდი გაიწელა ეს თემა. გვქონდა საუბარი ქალაქის ვიცე-მერთან, ბატონ ნოდარ მიქიაშვილთან. ორი ფაქტორი იყო განმსაზღვრელი, რომ ჩვენ დავწერეთ წერილი სპორტის გაერთიანებიდან გამოყოფის შესახებ. მიზეზი იყო ის, რომ ფერხდებოდა სპორტის სასახლის ეფექტურად მართვა, არ ხერხდებოდა ნორმალური მუშაობა, რამდენი რამ დაგვჭირდებოდა, უნდა დაგვეწერა წერილი და გაგვეგზავნა გაერთიანებაში, შემდეგ იქიდან უნდა მიგვეღო პასუხი და შესაბამისად გვემოქმედა. მოკლედ რომ ვთქვათ, მაგალითისთვის: ჭანჭიკი რომ დაგვჭირვებოდა, აქაც ოფიციალური მიმართვა უნდა გაგვეკეთებინა, გვექმნებოდა სერიოზული პრობლემები. ამ მიზეზთან ერთად იყო ასევე ფინანსური მომენტიც. თუ ბიუჯეტი არ გაიზრდებოდა, ჩვენ დამოუკიდებლად შევძლებდით ჩვენი თანამშრომლებისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ცხადია, სპორტის სასახლის მუშაობაც წარიმართებოდა ეფექტურად. ეს იყო წინასწარი კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ ქალაქის მერიაც და სპორტის სამსახურიც. მათ გვითხრეს, რომ დაგვეწერა მიმართვა და ამ საკითხს განიხილავდა საკრებულო. ეს შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, ცხადია, ჩვენ, ჩვენს საწინააღმდეგოს არაფერს გავაკეთებდით. 21 თებერვალს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სპორტის სასახლე გამოყოფილიყო აიპ-ს. პარალელურად, მოგვთხოვეს განცხადებების დაწერა, მიზეზად რეორგანიზაცია დაგვისახელეს.“

 

სპორტის სასახლის დირექტორი დავით ბახტაძე ღიად აცხადებს, რომ ეს არის სუბიექტური მიზეზი. ის, რომ სპორტის სასახლემ მუშაობას თავი ვერ გაართვა, ან რაიმე ღონისძიება ჩავარდა, მსგავს გარემოებებს იგი ღიად გამორიცხავს.

 

„ჩემ შემთხვევაში, საქმე ეხება ჩემს პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, იმას, რომ მე ვარ დეპუტატ გიორგი თევდორაძის ახლო მეგობარი, ეს საკითხები არაერთხელ იყო „წამოტივტივებული“. უბრალოდ, დეკლარირებული და გაჟღერებულიც კი არ არის, თუ რატომ უნდა დავწერო მე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტერმინი მათი მხრიდან რეორგანიზაცია არის მიზეზი. მერიაში ვერსად ვერ ვნახე დოკუმენტი, სადაც ბრძანებაა ჩემი გათავისუფლების შესახებ. მაშინ, როცა გაფრთხილება ერთი თვის წინ უნდა მოგვსვლოდა. ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი შეტყობინება და თან არაერთხელ.“

 

დავით ბახტაძე აცხადებს, რომ განცხადების დაწერას არ აპირებს და ეს ყოველივე სამომავლოდ აქციის სახეს მიიღებს. სპორტის სასახლის თანამშრომლები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და არ აპირებენ პოზიციების დათმობას.

 

ნუგზარ გულუბიანი: „ჩვენი ხელფასი 160 ლარია. სიტყვიერად გვპირდებიან დიდი ხანია, მოგიმატებთო, მაგრამ მომატება კი არა, სულ გვიშვებენ, მგონი, სახლში.“

 

 საკითხთან დაკავშირებით ქალაქის ვიცე-მერს, ნოდარ მიქიაშვილს ვესაუბრეთ.

 

ნოდარ მიქიაშვილი: „ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ქუთაისის სპორტის სასახლე სპორტის გაერთიანებას მათივე მოთხოვნით გამოეყო, ყოველივე ამას კი მოჰყვა რეორგანიზაცია. საუბარია გაბერილ საშტატო განაკვეთზე. დიახ, არ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ უახლოეს მომავალში სპორტის სასახლეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება და ეს უახლოესი მომავალი, შესაძლოა, იყოს დღეს ან ხვალ. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები სამომავლო კანდიდატთან.“

 

აღნიშნულ თემას ეხმაურება დეპუტატი, ქალაქის ყოფილი მერი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი თევდორაძე, რომელიც აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა საჯარო მოხელეებზე.

 

„გულუბრყვილობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და ყველაფერი რეორგანიზაციის შედეგია. დავით ბახტაძე არის ჩვენი პარტიის წევრი ოფიციალურად 2014  წლის იანვრიდან. დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედება ახალი არაა. არ უარვყოფ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო მსგავსი მაგალითები, მაგრამ ასე მასშტაბურად არა.“

 როგორც ჩანს, ყველა ხელისუფლებისათვის აქტუალურია დევიზი: „თუ ჩემთან არ ხარ, ჩემი მტერი ხარ.“

 

 

 ლიკა ჩახუნაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია