დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„პატრიოტები“: „ქართული ოცნება“ ცდილობს, პოლიტიკურ ველზე მარტო დარჩეს“
„პატრიოტები“: „ქართული ოცნება“ ცდილობს, პოლიტიკურ ველზე მარტო დარჩეს“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1971
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილი „პატრიოტთა ალიანსის“ რღვევა დაიწყო,  „პატრიოტებმა“ ღიად დაიწყეს საუბარი, რომ უშიშროება მათზე ზეწოლას ახდენდა.


როგორც აღმოჩნდა უშიშროების ზეწოლას „ძლიერებმა“ გაუძლეს და „სუსტებმა“ კი ალიანსი დატოვეს და სახელდახელოდ ორი ახალი ფრაქცია შექმნეს.

 

„პატრიოტებზე“  ზეწოლას არც უშიშროება და არც მმართველი გუნდი არ ადასტურებს. თუმცა, ვითარება არც ამით დასრულებულა და ამჯერად „პატრიოტების“ პროტეჟეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის დატოვება დაიწყეს.

 

26 თებერვალს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა ვიცე-მერმა გია შარაბიძემ. შარაბიძე აღნიშნულ პოსტზე მაშინ დაინიშნა, როდესაც ქალაქის მერობა დიმიტრი კოპალიანმა იკისრა. შემდეგ კი გარკვეული პერიოდი მმშ-ს პოსტსაც იკავებდა. აღსანიშნავია, რომ  ნავიცემერალი შარაბიძე „პატრიოტთა“ ალიანსის კადრს წარმოადგენდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ შარაბიძე მედიასთან ყოველგვარ ზეწოლას უარყოფდა, მისი წასვლა მაინც პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მონათლეს. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ტარიელ მესხის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, პოლიტიკურ ველზე მარტო დარჩეს, სწორედ ამიტომ გაუშვეს შარაბიძე, შემდეგ კი საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის „პატრიოტ“ თავმჯდომარედ, გოგიტა გოგელაშვილს შეუჩერეს უფლებამოსილება.

 

„ამ წლების განმავლობაში არასოდეს, თავისი ფუნქცია ასე კარგად არ შეუსრულებია საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიას, როგორც ახლა, მაგრამ, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს არ მოსწონს, მათ დირექტივებს ბრმად  რომ არ ასრულებენ. მათი სურვილია, პოლიტიკულ ველზე მარტონი დარჩნენ,“ - განაცხადა მესხმა.

 

საკრებულოს რიგით 83-ე სხდომაზე წარმოდგენილ საკითხთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერება. საკრებულოს უმრავლესობამ გოგელაშვილი აკაკი სიხარულიძით შეცვალა.

 

თანამდებობიდან მის გაშვებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს გოგიტა გოგელაშვილი. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მასზე ზეწოლას უშიშროება და იმერეთის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი ახდენდა.

 

„მეფარიშვილი ფლობს მთელ მერიას, ის და მურღულია განაგებენ და აკონტროლებენ ყველაფერს. მათ არ მოეწონათ, მათი მითითებები რომ არ შევასრულე, ამიტომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით, კერძოდ კი პარკირების საკითხის შეუსრულებლობის გამო, გამათავისუფლეს. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, მეფარიშვილს და მურღულიას არ უნდათ მოწინააღმდეგეები, ამიტომ ცდილობენ მათ მოცილებას.“

 

გოგელაშვილმა აღნიშნა, რომ უშიშროება მისგან „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვებას მოითხოვდა, რაზედაც უარი განაცხადა. გოგელაშვილი შარაბიძის წასვლასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვიცე-მერის გადადგომის ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია.

 

 

***

 

პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უარყოფს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.

 

„არანაირ პოლიტიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, უმრავლესობას ერთი ხმა არაფერს უცვლიდა. 10 დღით ადრე შევიტანეთ განცხადება და მოვითხოვეთ, მარგველაშვილთან ერთად, გოგელაშვილის გადაყენებაც და ეს გარდაუვალი იყო. მიზეზი კი პარკირების ჩავარდნილი საკითხი გახდა, რომელზეც პასუხისმგებლობაც იმ კომისიაზე მოდიოდა, რომლის თავმჯდომარეც გოგიტა გოგელაშვილი იყო,“ - განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

 

როგორც აღმოჩნდა, შარაბიძის დაუგეგმავი განცხადება გადადგომის თაობაზე, მოულოდნელი არ აღმოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ შარაბიძეს შემცვლელი იმავე დღეს მოუძებნა და ვიცე-მერის პოსტზე მერიის ყოფილი თანამშრომელი კოტე ქავთარაძე დანიშნა. როგორც აღმოჩნდა, ქავთარაძეს რეკომენდაცია თავად მურღულიამ გაუწია.

 

„მე უშუალოდ შოთა მურღულიას რეკომენდაციით დავინიშნე“ - აღნიშნა ვიცე-მერმა „P.S.“-სთან საუბარში.

 

წავიდა თუ არა მერიიდან „პატრიოტების“ პროტეჟე ზეწოლით,  ამ დრომდე უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ „პატრიოტების“ კაცი „ოცნების“ კაცმა შეცვალა.

 

მმართველი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქუთაისის ვიცე-მერის პოსტზე ძველი კადრებიდან მხოლოდ ნიკო კაჭკაჭიშვილი დარჩა, რომელმაც მურღულიასთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, მერის მოვალეობის შემსრულებლის შეთავაზებულ პოსტზე უარი თქვა.

 

რა კავშირი აქვს შარაბიძის წასვლასა და გოგელაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილს, ამის გარკვევას გუბერნატორთან შევეცადეთ, მაგრამ ზაზა მეფარიშვილი ქალაქში არ იმყოფებოდა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მეფარიშვილთან ვერც სატელეფონო კომენტარის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია