დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დაგვეხსენი, ჩრდილოელო!
დაგვეხსენი, ჩრდილოელო!
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1878
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი

უკრაინის მოვლენები ყველაზე მწვავე საკითხია დღეს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში. უკრაინელი ხალხის ბრძოლა ევროპული ღირებულებების დასაცავად უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის საქმე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკრაინაში ყველაზე მწვავედ გამოვლინდა ის კონფლიქტი, რაც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს.  ხშირად ისმის საუბარი იმაზე,  რომ რუსეთი დღეს ცდილობს, უკრაინა საბოლოოდ ჩამოაშოროს ევროპას! ხომ არ იქნება შემდეგი საქართველო?!

 

 

ალბათ, სიმბოლურია ისიც, რომ უკრაინის მოვლენები თებერვალში ხდება. საქართველოსთვის ეს თვე რუსულ ოკუპაციასთან ასოცირდება. სწორედ  1921 წლის 25 თებერვალს მოახდინა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს სრული ოკუპაცია და სახელმწიფოებრიობის გაუქმება.

 

 საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელი გახდა, თუმცა საბჭოთა კავშირის რეანიმაცია, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტის პირად დღის წესრიგში კვლავ არის. ვლადიმერ პუტინი კი უკვე დიდი ხანია, არ მალავს, რომ მისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო და აპირებს მის რეანიმაციას, რა თქმა უნდა, სხვა სახელწოდებით - ეს არის ევრაზიული კავშირი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ევრაზიული კავშირის შექმნა უკრაინის გარეშე  უტოპიური იდეაა. ამის თაობაზე არაერთ სტატიაში დაწერილა. როგორც ჩანს, 2014 წლის თებერვალში, ვლადიმერ პუტინმა უკვე აქტიური მოქმედება დაიწყო იმისათვის, რომ მისი ოცნება აუხდენელი არ დარჩეს.

 

თუკი დაახლოებით ასი წლის წინ, თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობას შეუქმნა საფრთხე რუსულმა იმპერიულმა საგარეო პოლიტიკამ, დღეს ეს უკრაინაში ხდება.

 

როგორც პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს,  ახალი რეალობა არის ასეთი:  21-ე საუკუნეში კვლავ აქტიურია საბჭოეთის რეანიმაციის იდეა, სადაც ძალით უპირებენ შეყვანას მთელ რიგ ქვეყნებს, მათ შორის - საქართველოს და უკრაინას. „დღეს, უკრაინაზე გადის ცეცხლის ხაზი. ხაზი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს და საბჭოეთის რეანიმაციას შორის  არსებობს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

უკრაინის მოვლენებში რუსეთის გამარჯვება რომ საფრთხეს საქართველოსაც შეუქმნის, ამაზე ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ  უკრაინა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და დაიწყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესი. მან  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გააკეთოს უფრო ხმამაღალი განცხადებები უკრაინის მხარდასაჭერად, რადგანაც, თუ დღეს უკრაინას უჭირს, შესაძლოა, ხვალ მის ადგილას საქართველო აღმოჩნდეს.

 

 

***

 

ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს ასევე უკრაინის სახალხო მოძრაობისა და პარტია „რუხის“ თანათავმჯდომარე ივან ზაიაცი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. 

 

 „რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში დესტაბილიზაციით. ჩემი აზრით, რუსეთი ახლა ასეთი სცენარით მოქმედებს - თუ მას არ გაუვიდა მთლიანად უკრაინის გადაყლაპვა, მაშინ იგი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სეპარატისტული განწყობების გაღვივებას შეუწყობს ხელს და შეეცდება უკრაინისთვის აღმოსავლეთ რეგიონებისა და ყირიმის ჩამოშორებას. საქართველომ ეს გზა უკვე გაიარა. მოსკოვმა თქვენთან ჯერ სეპარატისტები წააქეზა, შემდეგ თქვენც და მათაც იარაღი მისცა, მერე კი მშვიდობისმყოფელად მოგევლინათ და როგორ დამთავრდა ყველაფერი, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით.  კრემლი უკრაინაში იგივეს გაკეთებას შეეცდება. ევროპასა და ამერიკას უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა საკვანძო ქვეყანაა და ევროპის მომავალი სწორედ უკრაინაზეა დამოკიდებული,“ - ამბობს ივან ზაიაცი.

 

მისივე თქმით,  რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპას არ სურს პასუხიმგებლობა აიღოს აღმოსავლეთ ევროპაზე და თვლის დაახლოებით ასე - პოსაბჭოთა სივრცეზე პრეტენზიები პუტინს აქვს და ეს პრობლემებიც მან გადაწყვიტოს. ამგვარი მიდგომით დასავლეთი უკრაინაში დიდ გეოპოლიტიკურ შეცდომას უშვებს.                „ევროპა დღეს მკვეთრად გამოკვეთილ და ძლიერ ლიდერთა ნაკლებობას განიცდის“ - აცხადებს ზაიაცი.

 

ყველაფერი კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს მოჰყვა.

 

მაშინ, როდესაც საქართველომ აღნიშნული ხელშეკრულების მხოლოდ პარაფირება მოახდინა, უკრაინას ხელი უნდა მოეწერა, თუმცა,  პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელმოწერაზე და შესაბამისად, ქვეყნის ევროპულ ორიენტაციაზე უარი განაცხადა. მაშინვე გაისმა შეფასებები, რომ ეს პირადად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  „დამსახურება“ იყო და ევროპას ამისათვის პასუხი უნდა გაეცა. თუმცა, სანამ ევროპა ფიქრობდა, პუტინს პასუხი უკრაინელმა ხალხმა გასცა. ქვეყნის დედაქალაქში დაიწყო პოლიტიკური დემონსტრაციებით და გაგრძელდა ნამდვილი სახალხო აჯანყებით.

 

ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინელთა პროტესტის ჩახშობა, დიდი მსხვერპლის ფასადაც კი. სიტუაცია იმდენად ჩიხური გახდა, რომ იანუკოვიჩი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და 2004 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას დათანხმდა.  უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დარეგულირებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

 

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერას გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, ასევე საფრანგეთის წარმომადგენელი. პუტინის წარგზავნილი რუსეთის წარმომადგენელი ვლადიმერ ლუკინი იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში არ იმყოფებოდა. 

 

უკრაინული მედიის ცნობით, მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას, რომელიც საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილებას. შეიძლება ითქვას, რომ პირველი რაუნდი უკრაინელი ხალხის გამარჯვებით დასრულდა, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც გამარჯვებით.

 

ოფიციალური ინფორმაციით, კიევში ძალადობრივი დაპირისპირებების შედეგად, ამ დროისთვის დაღუპულია 25 ადამიანი, ხოლო დაშავებულია - 351. 241 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. დაღუპულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. გავრცელებული ინფორმაციით, კიევის მოვლენების დროს დაიღუპა ორი საქართველოს მოქალაქე.

 

 

***

 

უკრაინის მოვლენებზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს დააკისრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. მან მექსიკაში ვიზიტისას პრესკონფერენცია გამართა და მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის გავლენა სირიისა და უკრაინის მოვლენებში.

 

„ამ სიტუაციაში ერთი ქვეყანა რუსეთის სატელიტ სახელმწიფოს წარმოადგენს, მეორის ხელისუფლებაზე კი რუსეთი გავლენას ახდენს. ამ ქვეყნების მცხოვრებლებს კი თავიანთი ქვეყნების მომავალი სულ სხვანაირად წარმოუდგენიათ. უკრაინელები და სირიელები აცნობიერებენ თავიანთ  ძირითად თავისუფლებებს - ესაა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სამართლიანი  და თავისუფალი არჩევნები - ეს ის ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც ყველას სურს, ჰქონდეს...

 

იანუკოვიჩსა და უკრაინის მთავრობას ხაზგასმით ვეტყვით, რომ მათი უპირველესი მოვალეობაა იმ საზარელი ძალადობის აღკვეთა, რაც კიევში ვნახეთ. მათ უნდა გაიყვანონ სამართალდამცველები ქუჩებიდან, ითანამშრომლონ ოპოზიციასთან, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და ადამიანის ღირსება“ - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

 

უკრაინაში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. მან მწუხარება გამოხატა ტრაგიკული მსხვერპლის გამო და უკრაინის პრეზიდენტის მდგომარეობის განმუხტვისკენ მოუწოდა. „სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს გამოეყენებინა პოლიტიკური მოლაპარაკება, ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მე მოვუწოდებდი პრეზიდენტს, რომ მას მიეღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და შეეჩერებინა ეს მდგომარეობა. ევროპის ლიდერების ჩარევით ჯერ კიდევ არის საშუალება, რომ უკრაინა არსებული ჩიხიდან გამოვიდეს,“ -  აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

უკრაინელებს სამძიმრის წერილით მიმართა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ჩვენს თვალწინ ყოველდღე ფეხქვეშ ითელება ცივილიზებული სამყაროს უდიდესი მონაპოვარი - ადამიანის უფლებები. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი გარანტორი, დღეს უკრაინაში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები გვევლინებიან ამ უფლებების მთავარ დამრღვევად. მომიტინგეების მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტებით პასუხი სცდება საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.

„უკრაინელი ერის ისტორიის ამ მეტად მძიმე წუთებში მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს საუკეთესო საშუალება, უთხრას არა ძალადობას, დაპირისპირებასა და ხალხის ნების თავისუფლად გამოვლენის შეზღუდვას... ვუსამძიმრებ თითოეული დაღუპულის ოჯახს, უკრაინელ ხალხს. ვუსამძიმრებ საქართველოს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს“ - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

***

 

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ, ფოიეში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით: „25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღე.“  ეს  დღე ჩვენს ქვეყანაში 2012 წლიდან აღინიშნება და ამის ინიციატორი წინა ხელისუფლება იყო. 

 

ის, რომ ჩრდილოეთიდან საფრთხე კვლავ მოდის, ამას ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც ამბობენ.

 

დღეს უკრაინაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვენი უსაფრთხოების წითელი ხაზი გადის. უკრაინის შემდეგ ჩვენი ჯერი დადგება. ჩვენ ამაზე  საჯაროდ ლაპარაკს ვერიდებით და მე მინდა, ვთქვა, მინდა ქართველმა ხალხმა იმ საფრთხეების შესახებ იცოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ.

 

როგორც ჩანს, ცარიზმის რუსეთის მისამართით ნათქვამი აკაკი წერეთლის ფრაზა - „დაგვეხსენი ჩრდილოელო!“ - ვლადიმერ პუტინის რუსეთსაც ეკუთვნის და ეს „მოწოდება,“ თითქმის ორი საუკუნის შემდეგაც კი,  ქართული საგარეო პოლიტიკისათვის ძალაში რჩება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია