დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობისგან მიტოვებული გიორგი მარგველაშვილი, რუსეთ-ევროკავშირი და პოზიცია-ოპოზიციის შეფასებები
მთავრობისგან მიტოვებული გიორგი მარგველაშვილი, რუსეთ-ევროკავშირი და პოზიცია-ოპოზიციის შეფასებები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1923
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

საქართველოს ახალი პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით პირველად წარსდგა

 

21 თებერვალს, პრეზიდენტის რანგში პირველად, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა გიორგი მარგველაშვილი. საკანონმდებლო ორგანოში მარგველაშვილმა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა, რაც საქართველოს წინაშე დგას.

 

პარლამენტში  პრეზიდენტის  მოხსენებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სინოდის წევრები დაესწრენ. მათ შორის იყო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე.

 

თუმცა, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ  პრეზიდენტის პირველი ანგარიშის წარდგენისას საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებოდნენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და მთავრობის წევრები.

 

აღნიშნული ფაქტი საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტის უპატივცემულობად მონათლა. უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი გაბაშვილის შეფასებით, მთავრობის დაუსწრებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაუფასებლობას მიუთითებს.

 

იმის გამო, რომ პრეზიდენტს არ ექვემდებარება მთავრობა, არ ნიშნავს იმას, რომ პატივი არ უნდა სცენ ხალხის არჩეულ პირველ პირს და ასეთი გულგრილობით და დაუსწრებლობით გამოხატონ თავისი დამოკიდებულება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წინაშე. არ ჩათვალოთ, რომ მე თქვენი პოლიტიკური გულშემატკივარი ვარ, იცით, რომ ეს ასე არაა, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც უნდა სცე პატივი და პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში არის მოვლენა, სადაც თავი უნდა შეიწუხონ ბატონებმა ხადურებმა, ღარიბაშვილებმა, ალასანიებმა, წულუკიანებმა და სხვებმა და აქ უნდა ისხდნენ. არ არის საჭირო, რომ დისკუსიაში ჩაერთონ და გამოხატონ პოზიცია, მაგრამ ასეთი ხაზგასმული უპატივცემულობა, კარგი არაა,“ - განაცხადა გაბაშვილმა.

 

მთავრობის დასაცავად ოპონენტებს უმალვე გამოეხმაურნენ უმრავლესობაში და პარლამენტში მთავრობის არ მისვლა შემდეგნაირად ახსნეს:    „დიახ ბატონებო, აქ არ იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები, რადგან  ამ წუთებში სწორედ ქვეყნისთვის მუშაობენ.“

 

 

***

 

გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური ანგარიში უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებით და  დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.

 

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი ლიდერების ჩართულობით დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება. მანვე მოუწოდა პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გადამწყვეტი პოლიტიკური და არა ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფალმა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის ერთიანობა.

 

პრეზიდენტმა მოხსენებაში გასული წელი შეაფასა. მარგველაშვილის განცხადებით, 2013 წელი მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა რეფორმებით, მედიის და სიტყვის თავისუფლების მხრივ, ასევე მოხდა ბიზნესის გათავისუფლება, მაგრამ მთავარ გამოწვევად საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, დემოკრატიის ნორმების სრული დაცვით ჩატარდა.

 

მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე, საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. მან  ამავდროულად, ვრცელი სიტყვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთთან ურთიერთობას დაუთმო.

 

საქართველოს პრეზიდენტის გან-ცხადებით, ქვეყანა ცდილობს, აჩვენოს, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით, რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება.

 

„ჩვენ ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რომ საქართველოში პრობლემების შექმნით, რუსეთში არც ერთი პრობლემა არ გვარდება, არამედ, შესაძლოა, პირიქითაც. ვცდილობთ, ვაჩვენოთ დალაგებული, ეკონომიკურად სტაბილური საქართველო.  საქართველო, რომელმაც გააკეთა თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანებას, ჩვენ ვაშენებთ მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანას, რომლის მიზანიც კეთილმეზობლობაა. ოღონდ, იმის საფუძველზე, როდესაც დაცული იქნება ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამ ღირებულების პატივისცემის ფონზე. ამ რაციონალური მიდგომით ჩვენ შევცვალეთ წინა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა, რომელსაც არანაირი შედეგი არ ჰქონდა.

 

ჩვენი დასავლურობა ჩვენ არა ვინმესთან დაპირისპირებით, არამედ, საკუთარ, უნიკალურ ევროპულ იდენტობაზე ავაგეთ. ამ პროცესში ჩვენ შარშან გავხსენით დიალოგის ახალი ფორმატი რუსეთთან, სადაც საუბარი ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე იყო. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესებში გარკვეული წინსვლა შეიმჩნეოდა. თუმცა, მავთულხლართების მშენებლობამ და 11-კილომეტრიანი საზღვრის ზონის გადმოწევამ ამ პოზიტივს სერიოზული ზიანი მიაყენა.

ამავე დროს, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმაოთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რუსეთთან დიალოგი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად. ასევე, საქართველოს ეროვნული ინტერესების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ ვაპირებთ  გადავჭრათ ეს ურთულესი პრობლემები. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული გზა არის, მაგრამ ამავე დროს ეს ერთადერთი გზაა,“  - აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

მანვე აღნიშნა, რომ  საქართველოში ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება და რომ  2014 წელს უნდა გარღმავდეს და განმტკიცდეს თანამშრომლობა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან.

 

21 თებერვლის პრეზიდენტის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თვითმმართველობის ახალ კოდექსს.

 

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის მიღებას მიესალმება. მისი თქმით, თვითმმართველობის ახალი კოდექსი ჩვენნაირი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული  ქვეყნისთვის უმიშვნელოვანესია.

 

მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც გააკეთა აქცენტი, და არჩევნების ჩატარების თარიღად მიმდინარე წლის 15 ივნისი გამოაცხადა.

 

მარგველაშვილის ერთსაათიანმა ანგარიშმა საკანონმდებლო ორგანოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, რაც მოსაწონი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის,  მიუღებელი იყო უმცირესობისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მარგველაშვილმა ამომწურავი და დეტალური ანგარიში წარუდგინა პარლამენტს. უმცირესობის თქმით, კი პრეზიდენტი და უმრავლესობა კვლავ „ოცნებებში“ დარჩნენ.

 

„პრეზიდენტმა ნათელი მოჰფინა იმ ახალ საკონსტიტუციო მოდელს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს უფლებები შემცირებული აქვს. ასევე, მან ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზე, უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც დაასახელა. მე არ მახსენდება არცერთი არჩევნები, როცა პრეზიდენტს ამდენი ხნით ადრე დაესახელებინოს არჩევნების თარიღი,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მანანა კობახიძის განცხადებით, კი თუკი ოპოზიციას პრეზიდენტის გამოსვლა არ მოეწონება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კრიტიკის გარეშე არ შეუძლიათ.

 

„რა დაგამახსოვრდათ ამ გამოსვლიდან, რა სიახლე გაიგეთ? ისევ და ისევ ოცნებები და ფრაზები. თუმცა, ერთი რამ მაინც გავიგე, თურმე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიო ბანკს დაუგეგმია. ეკონომიკას უნდა გეგმავდეს სახელმიწფო და არა მსოფლიო ბანკი, ჩვენ არც გვქონია დიდი მოლოდინი ამ გამოსვლის, თუმცა ახლა უფრო მძიმე შთაბეჭდილებები შეგვექმნა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია