დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მეორადი ცხოვრების პირობები სოფელ „მეორე ფერსათში“
მეორადი ცხოვრების პირობები სოფელ „მეორე ფერსათში“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1673
ავტორი:
ეკა შალამბერიძე
მსგავსი სიახლეები

მთელი ზამთარი დავდივარ ბაღდათის გამგებელსა და რწმუნებულს შორის,  პასუხის ღირსად კი არავინ მაგდებს!


21 საუკუნის ქართული სოფელი - ცხოვრება ყველანაირი საცხოვრებელი პირობის გარეშე. ბაღდათის რაიონ სოფელ „მეორე ფერსათში“ გზა, გაზი და წყალი ის უცხო ხილია, რომელიც აქაურებმა წელიწადის ვერცერთ დროს ვერ „დაკრიფეს“.

 

სოფლის სახელის მსგავსად, აქ ყველაფერი მეორადია, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და სასმელი წყალიც კი. ეზოებში ონკანები არ აქვთ და სოფელი წყალს ურმებით ეზიდება, გზა სახლსა და წყალს შორის გრძელია, მარაგი კი - ცოტა, ამიტომ წყლის ყველა წვეთს აქ ოქროს ფასი აქვს.

 

სოფელში დამკვიდრებული „მეორადი წყლის“ ცნება ასე აგვიხსნეს - ხელის ნაბან წყალს გადასაქცევად ვერ იმეტებენ და პირუტყვის საკვებს ამზადებენ; სასმელ წყალთან ერთად, სოფელ მეორე ფერსათში გაზიფიცირებაც აუხდენელი ოცნებაა. ამბობენ, რომ გარშემო სოფლებში გაზი გაიყვანეს, მათი დასახლება კი გაურკვეველი მიზეზით გამოტოვეს. წინასაარჩევნოდ გაცემული უამრავი დაპირებების მიუხედავად, სოფლის ბედით არავინ დაინტერესებულა.

 

 

გიორგი ლილუაშვილი სოფელ მეორე ფერსათის მკვიდრია, მეზობლების რთულ პირობებს შორის კიდევ უფრო ურთულესი ცხოვრებით. ოჯახი, სადაც პირველი სტუმრობისთანავე ჩნდება განცდა, რომ აქ დრო წლების წინ გაჩერდა. ერთოთახიანი პატარა ფიცრული დიდ ოჯახს დიდი გაჭირვებით იტევს. თავად სახლს იმისთვის, რომ ქარმა არ წააქციოს, ბიჯგებით დიდი ხის მორები ამაგრებს. სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 200-ლარიანი დახმარებაა, რომელსაც კრედიტის გამო, მომდევნო სამი თვე ვეღარ აიღებენ.

 

 

ოჯახში 2 მცირეწლოვანია. 8 წლის ნოდარისა და 10 წლის გიორგისთვის საშობაო არდადეგები ჯერაც არ დასრულებულა, გზა მათ სახლსა და სკოლას შორის გრძელია და ფეხით ასავლელი. ფეხმარდებს ფეხს უფეხსაცმელობა უბოჭავთ, ამიტომ სურვილის მიუხედავად, სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ.

 

პატარები ოცნებებშიც მოკრძალებულები არიან  გვითხრეს, რომ ბედნიერებისთვის ორი რამ სჭირდებთ: თბილი ფეხები და თბილი სახლი.

 

სოფელში ტყის მოჭრა ეკრძალებათ, გიორგისა და ნოდარის მამას კი შეშის საყიდელი სახსრები არ აქვს. ამიტომ ცივ ზამთარში მათ სახლში ღუმელი მხოლოდ პერიოდულად ინთება, ისიც მეზობლების ნაწყალობევი შეშით. პატარები პატარა ხელებით ნახევრადჩამქრალ ღუმელთან თბებიან.

 

ოჯახის უფროსის თქმით, სოფელში ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისთვის 200 ლარიანი ვაუჩერები დარიგდა, მათ რიცხვში ლილუაშვილების უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ვერ მოხვდა. „მთელი ზამთარი დავდივარ ბაღდათის გამგებელსა და რწმუნებულს შორის, მინდა მივიღო პასუხი კითხვაზე: ვინ არის სოფელში ჩემზე გაჭირვებული, რომ ის ერთჯერადი დახმარება მე არ მომცეს? შვილები სიცივით მიწყდება, პასუხის ღირსად კი არავინ მაგდებს,“ - ამბობს სოციალურად დაუცველი გიორგი ლილუაშვილი.

 

იმავე კითხვაზე პასუხის მიღება ფერსათის თემის რწმუნებულისგან ტატო ჯიხვაძისგან ვცადეთ: ჯიხვაძემ დაგვიდასტურა, რომ სოფელში 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარებები ნამდვილად გაიცა, მაგრამ უკიდურესად გაჭირვებულებზე...

 

 ლილუაშვილების ერთოთახიანი, ბიჯგებით გამყარებული ფიცრული, სადაც არც წყალია, არც სითბო და არც საკვები, როგორც ჩანს, გარედან დანახული თვალით იმდენად მდიდრულად გამოიყურება, რომ შემწეობას არ საჭიროებს. არადა, ამ ოჯახს დახმარება ნამდვილად სჭირდება, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ლილუაშვილების მესამე ვაჟი, რომელიც სამყაროს სულ რამდენიმე დღის წინ მოევლინა, უფროსი ძმებივით სიცივესა და შიმშილში არ გაიზარდოს.

 

P.S. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია. ფაქტია, რომ  რწმუნებულს, ჯერჯერობით, არ ესმის, რომ ის სწორედ ლილუაშვილისნაირმა, თუნდაც ინტრიგანმა  ადამიანებმა დაიქირავეს და ხელისუფლებაში დასვეს იმიტომ, რომ  მათგან ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებასა და ნორმალურ მომსახურებას ითხოვენ. ჯერჯერობით კი,  საქებარი ნამდვილად არაფერი აქვთ ლილუაშვილების ოჯახიდან.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია