დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ექმნება თუ არა საფრთხე ქართველების უცხოეთში დასაქმებას?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1672
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ექმნება თუ არა საფრთხე ქართველების უცხოეთში დასაქმებას?

 

 

რადიოკომპანიებითა  და ელექტრონული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში აღარ სურთ ქართველი ქალბატონების შინამოსამსახურეებად აყვანა და მათ დასაქმებას საფრთხე შეექმნა, მტკნარი სიცრუეა, - აცხადებს ემიგრანტულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის დამფუძნებელი ინა ასანიძე.

 

ეს კომენტარი ქალბატონმა  ინამ ვინმე ნუგზარ სულაშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომლის პოსტიც მედიასაშულაბებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. 

 

„მე არ ვიცი, სად ნახეს ამის შესახებ ინფორმაცია. თუ ბატონ სულაშვილს დავუჯერებთ, ცივილიზებულ სამყაროში სამარცხვინო იმიჯით ვიმკვიდრებთ სახელს ქართველები. ვისაც ამერიკასა და ევროპაში მძიმე ემიგრანტული ცხოვრებით უცხოვრია, იცის, რომ ქართველებს ძალიან დიდ პატივს სცემენ უცხოეთში იმ ბუნების გამო, რაც ჩვენში ზის.

 

როცა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში შრომითი მიგრანტი მიდის, მისი დასაქმება ადვილი არ არის, თუმცა ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ მოხუცის მომვლელად აყვანის დროს მოსამსახურეების შერჩევა მკაცრი წესებით მიმდინარეობს. ეს არის ზუსტად ისეთივე „კასტინგი“, როგორიც შეიძლება იყოს ნებისმიერ კარგ სამსახურში აყვანის დროს. ყოველგვარი ეროვნული მეტიჩრობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხუცების მომვლელებად ურჩევნიათ ქართველი ან თავად ამერიკელი.

 

მინდა გამოვეპასუხო ბატონ სულაშვილს, რომელიც თურმე ფეისბუქსა და რამდენიმე მედიაგამოცემაში ტირაჟირებს ამ საკითხით - ქართველების დასაქმებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ მოსახლეობასო. მინდა შევახსენო მას, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტების 75% ქალია, რომლებმაც დიდი სტრესი ისედაც გადაიტანეს, რადგან ოჯახები და სამშობლო მიატოვეს და ახლა უკვე ნოსტალგიით შეპყრობილთ სულაშვილი ლამის კრიმინალებად ნათლავს.

 

ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ვინმეს ილუზია, რომ ქართველთა შორის ვინმე არ მოიპარავს ან პროსტიტუციას არ მისდევს, ან კიდევ სხვა კრიმინალს არ სჩადის, მაგრამ ეს ეროვნულობის მიხედვით არ ხდება. ქურდი და ნარკომანი ყველა ერშია, თუმცა ეს არ ქმნის ერის დისკრედიტაციის საფუძველს.

 

გადავამოწმე რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ არცერთგან არ დასტურდება პოლიციის მიერ ქართველი შინამოსამსახურეების დასაქმებაზე ასეთი მითითება. თუ ემიგრანტი ლეგალურ ცხოვრებას ეწევა, მას ვერცერთი ქვეყნის პოლიცია ვერ აუკრძალავს დასაქმებას. მით უფრო, დასავლური ღირებულებები ვიწროეროვნულ და შოვინისტურ გამოხდომებს არ იცნობს! თუნდაც გაფრთხილება იყოს, ამის უფლება პოლიციას არ აქვს, მით უფრო - რომელ დაკანონებაზეა საუბარი?!“

 

რამდენიმე ემიგრანტს ჩვენ დავუკავშირდით ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ისინი ამდაგვარ გაფრთხილებას პოლიციის მხრიდან არსად არ შეხვედრიან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ემიგრაციული ნაწილის გაღიზიანების მცდელობა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება: თითქოსდა ემიგრანტები არც საქართველოში „სჭირდებათ“ და საზღვარგარეთაც მათი მდგომარეობა სავალალოა.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია