დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წმინდანთა საფლავები
წმინდანთა საფლავები
სულ ნანახია 2294
ავტორი:

გასულ კვირაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა წმინდანად შერაცხულთა საფლავების გახსნა.

 

 

ჯერ ბეთანიაში, 20 თებერვალს, მამა გაბრიელის სულიერი მოძღვრების, ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნა და  დასვენდა ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, ხოლო შემდეგ, 22 თებერვალს მცხეთში მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. აღმოყვანებული იქნა სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის (ურგებაძე) წმინდა ნაწილები, რომელიც ჯერ დასვენდა სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, ხოლო საღამოს გადასვენდა სვეტიცხოველში.

 

საპატრიარქოს განცხადებით, 24 თებერვალს, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, ერთი კვირის მანძილზე იქნება აქ დაბრძანებული და მრევლს ექნება საშუალება, პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში.

„XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში წმინდა სინოდის მიერ წმინდანად ბევრი პიროვნება შეირაცხა. თუმცა, წმინდანთა საფლავის გახსნა პირველად ხდება,“ - განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

 

მისივე თქმით, საფლავის გახსნის დროს წმინდანად შერაცხვისთვის სხეულის უხრწნელობა ერთადერთი მტკიცებულება არ არის. „უხრწნელება არ არის ერთადერთი მტკიცებულება ადამიანის წმინდანობის დასადგენად. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ მთლიანი თემის, რასაც კანონიზაცია ჰქვია. შეიძლება უხრწნელი არ დაგვხვდეს, შეიძლება უხრწნელიც იყოს. საფლავის გათხრის შემდეგ, ჩვენც ასეთ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რა მდგომარეობა დაგვხვდება იქ, უხრწნელი იქნება თუ გახრწნილი იქნება სხეული, ამით არ განისაზღვრება წმინდანობა. ეს არ არ არის ერთადერთი მტკიცებულება,“ - დასძინა მამა მიქაელმა.
მამა მიქაელის  თქმით, პიროვნების თუ სასულიერო პირის წმინდანად შერაცხვა წმინდა სინოდის მიერ ხდება. სინოდის მიერ შექმნილი კომისია სწავლობს პირის კანონიზაციის საკითხს. კერძოდ, ხდება წმინდანად შესარაცხი პირის ცხოვრების შესწავლა. შეისწავლიან მისი ცხოვრების წესს ან შრომებს, თუ სასულიერო პირია ქადაგებებს, რათა იქ არ იყოს ისეთის ცდომილება, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ან ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. საფლავზე განხორციელებული სასწაულები კი ამა თუ იმ პიროვნების კანონიზაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია.

 

 

***

 

საზოგადოებას  მამა გაბრიელის მოღვაწეობისა და სასწაულების  შესახებ შედარებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მისი მოძღვრების თაობაზე. ამიტომ ამჯერად გთავაზობთ ინფორმაციას ღირსი მამების, არქიმანდრიტ იოანესა და არქიმანდრიტ გიორგის შესახებ.



არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. ვასილს ბავშვობიდანვე კარგად ეხერხებოდა ყოველგვარი საქმის კეთება. იგი თორმეტიოდე წლის ყმაწვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს, მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე), რომელმაც 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე.

 

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება. ღვთის უსაზღვრო სიყვარულითა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებით აღჭურვილი წმიდა მამა ყოველნაირად ცდილობდა სათნოყოფოდა ღმერთს და მოყვასისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო მისი ცხოვრება (უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება გაჰყვა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე, წმიდა ათონის მთიდან უკანონოდ გამოდევნისა და შემდგომში ათეისტური ხელისუფლებიდან სასიკვდილოდ გაწირვის მიუხედავად, წმიდა იოანე ყოველთვის საოცარ კაცთმოყვარეობას იჩენდა ყველასადმი).

 

წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა. საქართველოში დაბრუნებული წმიდა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ღვთისმებრძოლ ბოლშევიკების დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ მონასტერში მისულმა შეიარაღებულმა ჩეკისტებმა ბერები ძალით წაიყვანეს, გზაში ხევის პირას ორივე ბერს ტყვია დაახალეს ზურგში. ხევში გადაცვენილი ბერები ჩეკისტებმა მკვდრად ჩათვალეს. ღვთის განგებით შედარებით მსუბუქად დაჭრილი ბერი გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდის. იპოვეს ცოცხალ-მკვდარი იოანეც და სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს.

 

გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი მღვდელმონაზონი სპირიდონი. სულ მალე სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა.

 

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა. მამა იოანემ და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ-მუნჯი, მათთან მიჰყავდათ სხვადასხვა უკურნებელი სენით დაავადებულნი და ბეთანიაში რამდენიმე დღის დარჩენის შემდეგ (ამით მამები თავიანთ სასწაულთქმედების ნიჭს მალავდნენ) ავადმყოფები იკურნებოდნენ. მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოს თვითონ ასრულებდა და ძალიან წუხდა მამა გიორგიზე, რომელიც სუსტი ჯანმრთელობისა იყო. მაგრამ ამ ქვეყნიდან ის უფრო ადრე გავიდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

 

 

***

 

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და  გარკვეული დროის მანძილზე, წმიდა ილია მართალთან მსახურობდა პირად მდივნად, ხშირად ხვდებოდა წმ. ილიას მოძღვარს წმ. ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), მღვდელმოწამე ნაზარს (ლეჟავა) და ახლოს იცნობდა მისი დროის თითქმის ყველა გამოჩენილ პიროვნებას.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, იგი მღვდელმოწამე ნაზარიმ აღკვეცა. უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

 

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ. ოჯახში დროებით თავშეფარებულს კი უფრო მტკივნეული წყენა მიაყენეს ათეისტური მსოფლმხედველობით მოწამლულმა საკუთარმა ძმებმა, რომლებმაც მძინარე ბერს ისევ შეკრიჭეს წვერები (შემდგომში ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი ცოლთან ერთად დახვრიტეს).

 

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

 

მამა გიორგი წინასწარმეტყველებისა და კურნების ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა, გამჟღავნების შემთხვევაში კი იყოველმხრივ ცდილობდა ყოფითი მოვლენებით აეხსნა მომხდარი. ერთხელ მან სახელით უხმო მონასტერში მისულ უცხო კაცს და ამით გაოცებული სტუმარი დაამშვიდა, როცა ამა და ამ ეკლესიაში გნათლავდნენ, მეც იქ ვიყავიო, ნათლობა კი ოცდაათი წლის წინ მომხდარა, როცა ეს კაცი ორი თვის იყო. მამა გიორგიმ წინასწარ სულით იგრძნო, როცა მის ძმისშვილს მასთან ორმოცდარვა წლის უნახავი დები მიჰყავდა და მიუხედავად დიდმარხვის ბოლო კვირისა, თევზი გაუმზადა დებს ტრაპეზად.

 

მამა გიორგისა და მამა იოანეს ლოცვით განიკურნა მონასტერში მიყვანილი მამა გიორგის ძმისშვილი, რომელიც ტვინის ანთებით იყო სასიკვდილოდ განწირული. მონასტერში მიიყვანეს ყრუ-მუნჯი ბავშვი, რომელსაც სმენა დაუბრუნა მამების ლოცვამ, მოჰყავდათ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილნი და განკურნებულები მიჰყავდათ შინ.

 

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა, მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. მარტო დარჩენილ გიორგი-იოანეს მთელი მონასტრის სიმძიმე დააწვა და კიდევ უფრო შეურყია ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მის მოსავლელად ქალაქიდან ადიოდნენ სულიერი შვილები. მონასტერში ოციოდე წლის ქალიშვილი მისულა, რომელსაც საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა. ვიღაცას ერჩია ბეთანიის მონასტრის წყალი განგკურნავსო და მართლაც მონასტერში ერთი კვირის ცხოვრების შემდეგ სრულიად განიკურნებულა. მამა გიორგი-იოანეს რვა კილომეტრის მანძილზე გაუცილებია ქალიშვილი.

 

მამა გიორგის ჰქონდა ღვთისმშობლის გამოცხადება: ყოვლადწმიდა ქალწულმა აუტანელი ტკივილებისაგან გატანჯული მოწამე განკურნა. წმიდანს გამოეცხადა პირველმოწამე თეკლა და ყურძნის მტევანი მიართვა ძღვნად. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე მოძღვარი ქალაქში იმყოფებოდა, სადაც მას ანგელოზი გამოეცხადა, მოახლოებული აღსასრული აუწყა და უთხრა მონასტერში დალოდებოდა ამ ქვეყნიდან გასვლას.

 

წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით. გიორგი თევზაძე:

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია