დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უთავო ქალაქის გენერლები
უთავო ქალაქის გენერლები
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 2072
ავტორი:
ეკა შალამბერიძე

ერთ დროს სავარდო და სამაისო ქალაქად წოდებული ქუთაისი კარგა ხანია, შერაცხეს „უთავო ქალაქად“, ამ სიტყვის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.

 

 

 პოლიტიკური სკანდალები და „სიურპრიზები“, იმპიჩმენტები, მერების წასვლა-მოსვლები და ახალ-ახალი მმშ-ები აქ აღარავის უკვირს. თუმცა, გასულ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა ამ მხრივ სრული რეკორდი მოხსნა.

 

მას შემდეგ, რაც „პატრიოტებმა“ საკრებულოს უმრავლესობა, პოზიციებთან ერთად, დათმეს და ქუთაისის პირველ პირად ზედმეტად „პატიოსანი“ დიმიტრი კოპალიანის შემდეგ, „შესაძლებლობებში ღრმად დარწმუნებული“ და ერთი შეხედვით,  ქალაქის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კარგად გარკვეული ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია მოგვევლინა. „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისური ოცნების საბოლოოდ ახდენა და „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გასტუმრება ირწმუნა, ხოლო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ქუთაისის „აღორძინების ეპოქის“ დასაწყისი.

 

 

ნაადრევად ნაზეიმარი გამარჯვების პირობებში, ქალაქში ახალი „ცივი ომის“ დაწყების შესახებ შეიტყვეს, რაც შოთა მურღულიას თანამდებობიდან გადაყენებაში გამოიხატა. აშკარა გახდა, რომ  გასული კვირის უიარაღო ომებმა ქუთაისის ოპერის თეატრიდან მერიაში გადაინაცვალა.

 

 

ფრონტის წინა ხაზის მეომრად საკრებულოს თამჯდომარე თამაზ მარგველაშვილი მოგვევლინა, მთავარსარდლის ტიტული კი კვლავაც „პატრიოტ“ გოჩა თევდორაძეს მიანიჭეს და მარგველაშვილის „თავხედობა“, მურღულიას გადაყენების სახით, თევდორაძის დაკვეთად ახსნეს.

 

 

ნებით თუ დაკვეთით, კანონით თუ უკანონოდ, მაგრამ მაინც გასაიმპიჩმენტებლად განწირულმა მარგველაშვილმა წინ გაიყოლა დედაქალაქიდან „სამთავრობო კერპად“ წარმოდგენილი ქალაქის მეთაური და მეტოქის კარში გადამწყვეტი გოლის გატანით ქუთაისი კიდევ ერთხელ „უთავოდ“ დარჩა. 

 

 

მურღულიასთვის წითელი ბარათის მიცემა კი პოლიტიკური თამაშების „მარიონეტმა“ საკრებულოს თავმჯდომარემ ასეთი თანმიმდევრობით ახსნა

 

· ჩააგდო კომისისი შედეგები;

 

· არ აქვს ურთიერთობა დეპუტატებთან;

 

· ერთპიროვნულად წყვეტს ყველა საკითხს;

 

· არ გვაყენებს საქმის კურსში სამსახურებს;

 

· ზოგიერთი საკითხი შემოდის მოუმზადებლი;

 

· ქალაქის სტუმრებთან აქვს ურთიერთობა მარტოს;

 

· მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ერთპიროვნულად და თავისი შეხედულებებით;

 

· არ აქვს კონსულტაციები და ხშირად ფაქტების წინაშე გვაყენებს გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს დეპუტატებს.

 

„კერპად“ თუ არა, არც კენტად დატოვეს და უფლებაჩამორთმეულ მურღულიას თანამოაზრეებმა მერიის წინ მასშატაბური აქციით თანადგომა გამოუცხადეს. დღის მეორე ნახევარში კი მარგველაშვილს, ეს როგორ „იკადრეო“, და კაბინეტის კარი, რომელიც ერთ დროს ყველასთვის „ღია“ იყო, აუჭდეს. უკომპრომისობაში ქუთაისური ენამოსწრებულობაც ჩართეს და აჭედილი კარი გარითმული  წარწერებით დაამშვენეს: „გოჩაიას გოშია“; „თამაზა, წადი ლამაზად!“

 

ფრონტის გარე პერიმეტრიდან „ნაციონალებმა“, „ჩვენი მაინც რა მიდისო“ და გული ბოლომდე მოიფხანეს. „ოცნება“ თავის თავს გოიმურ აქციებს უწყობსო თქვეს და სეირის მაყურებლის პოზიციაში დარჩნენ.

 

პარალელურად,  კულუარებში კარგა ხნის დაწყებული საუბრები „მურღულიასა და იმერეთის მხარის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილს შორის შავი კატის გარბენაზე“,  გაუყოფელ „ატკატებზე“ ისევ დაიწყო. მურღულია ძალოვანმა გუბერნატორმა პატრიოტების და მარგველაშვილის ხელით დასაჯაო.

„ბოროტი ენების“ გაჩუმება დღის ბოლოს თავად ძალოვანმა გუბერნატორმა სცადა. ის თავის თავსა და მურღულიაზე, როგორც ერთ გუნდზე, ალაპარაკდა და აქციის მონაწილეებს მურღულიას მხარდაჭერისთვის მადლობაც კი გადაუხადა.

 

თუმცა მტყუან-მართლის, სახელისუფლებო „ვაი-ვიშის“ პირობებში გუბერნატორის მიერვე დასახელებული „ერთი“ გუნდი დღეს სულ მცირე, ორად დაშლილია, ქვეყნის მეორე დედაქალაქი კი ისევ პირველი პირის გარეშეა დარჩენილი.

 

პოლიტიკური მარიონეტული სპექტაკლის ფარდის დაშვებამდე, ამ აურზაურის შემოქმედი და ხელმომწერი მთავარი გმირი, „გოჩაიას გოშიად“ შერაცხული საკრებულოს თავმჯდომარეც გადადგა თანამდებობიდან.

 

ახლა ქუთაისი ამ „გოშიას“  მიერ ფურცელზე დანიშნული მერის მოვალეობის მუდმივი შემსრულებლისა და „ნაციონალი“ კაკო ბობოხიძის დროინდელი კადრის, ნიკო კაჭკაჭიშვილის იმედადაა დარჩენილი. თუმცა, თავად კაჭკაჭიშვილსაც უკვე დაწერილი აქვს განცხადება გადადგომაზე, რომელიც მარგველაშვილს უნდა დაეკმაყოფილებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო.

წავიდა და დაგვიტოვა ნიკო...

 

ორ-სამ დღეში, ალბათ, ნიკოც წავა, მერე ისევ შოთა მოვა, ან... ვინმე მოვა...


მანამდე კი, სავარდო და სამაისო ქუთაისი კვლავაც მყარად ინარჩუნებს „უთავო ქალაქის“ სტატუსს.


გაუთავებელ პოლიტიკურ ომებს კი მოსახლეობის მშვიდობა ეწირება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია