დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„რატომ არ ვიმსახურებთ სერთიფიკატებს - ეს მაინც ხომ უნდა აგვიხსნან? იქნებ, სულაც არ ვაპირებთ დირექტორობას?“
„რატომ არ ვიმსახურებთ სერთიფიკატებს - ეს მაინც ხომ უნდა აგვიხსნან? იქნებ, სულაც არ ვაპირებთ დირექტორობას?“
ავტორი: ეთერ ბალაძე
სულ ნანახია 2377
ავტორი:
ეთერ ბალაძე

განათლების სამინისტროს მიერ სკოლის დირექტორების სერთიფიცირების  შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მოქმედი დირექტორი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სერთიფიკატს ვერ მიიღებს.

 

 

რა  გახდა სერთიფიცირების შეჩერების ნამდვილი მიზეზი, სკოლის დირექტორებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელუია. ფაქტია, რომ  რაღაც მოსაზრებების, შეხედულებების  თუ პოლიტიკური გემოვნების  გამო მათ უარი უთხრეს მუშაობის გაგრძელებაზე.

 

ბუნებრივია, ამ ფაქტმა სერტიფიცირებაშეჩერებული სკოლის დირექტორების უკმაყოფილება გამოიწვია, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, მიუხედავად მაღალი ქულებისა, მათ არავინ აუხსნა სერთიფიცირების შეჩების ნამდვილი მიზეზი. სწორედ ამ მიზეზის მოსმენას ითხოვდნენ ისინი განათლების სამინისტროს წინ გამართული აქციის დროს. აქციაზე იმყოფებოდნენ დირექტორები გორიდან. რუსთავიდან, საგარეჯოდან, ქუთაისიდან, თბილისიდან.

 

აქციაზე მყოფ 80-მდე სკოლის დირექტორთან შეხვედრა გამართა განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა. სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.

 

ჩვენ აქციის მონაწილე სკოლების დირექტორებს გავესაუბრეთ სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდეც და შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამავე დროს, ჩავწერეთ მინისტრის მადგილის, ლია გიგაურის კომენტარიც.

 

 

ლალი ერქომაიშვილი, რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი:

 

- იმდენად არაერთგვაროვანია სერტიფიცვცირების გარეშე დარჩენილი დირექტორების შემადგენლობა, რომ ვერც იმას ვიტყვი, რომ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არიან სერტიფიკატჩამორთმეული დირექტორები-მეთქი, რადგან მათ შორის ისეთი დირექტორებიც არიან, ვინც „ოცნების“ თავგადაკლული მომხრე იყო.

 

ჩემს შემთხვევაში ეს პირადი შეხედულებისამებრ მოხდა. არადა, თავად კომისია ჩემს მიმართ დადებითად იყო განწყობილი და მადლობაც კი გადამიხადეს. გასაუბრებაზე მხოლოდ განვლილი მუშაობის შესახებ მეკითხებოდნენ. საკმაოდ მაღალი ქულა ავიღე და სიმართლე გითხრათ, არც კი ველოდი, თუ ვერ გავიდოდი.

 

- რას აპირებთ ახლა?

 

- ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი კომპეტენცია,  გასაუბრებაზე ფსიქოლოგიც უნდა ყოფილიყო და შევეფასებინეთ, რომ ჩვენ გაწონასწორებული ადამიანები ვართ, დღეს შეურაცხყოფილი ვართ განათლრების სამინისტროსაგან და მინდა, ამიხსნას განათლების მინისტრმა, თუ რატომ არ მეკუთვნის 20 წლის სტაჟის მქონე დირექტორს სერტიფიკატი?

 

- თქვენი აზრით, რეალურად რა მოხდა?

 

- მეც და ჩემმა კოლეგებმა საუკეთესო ქულები მივიღეთ, 88 ქულის ზემოთ, მე პირადად 97, უმაღლესი ქულა 105 იყო, დღეს ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოვხვდი სიაში.

 

 

მარიამ ბარქაია, რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის დირექტორი:

 

- რა ხდებოდა ტესტირების და გასაუბრების დროს?

 

- პირველ რიგში, გვეკითხებოდნენ იმას, თუ რას ვაკეთებდით წინა წლების განმავლობაში, თუ როგორ ვმუშაობდით, რაიმე სტანდარტი არ იყო დადგენილი, რომელიც უნდა დაგვეკმაყოფილებინა. გარდა ამისა, როგორც მერე გავიგეთ, წინაწარ იყო დადგენილი, ვინ უნდა გასულიყო და ვინ - არა.

 

- განათლების სამინისტროსაგან რას ითხოვთ?

 

- ვითხოვთ იმას, რაც დავიმსახურეთ, მივიღოთ სერთიფიკატი. ადრეც გავიარე ტესტირება და მივიღე სერთიფიკატი, ახლა კი, თურმე არ ვყოფილვარ ღირსი. მაშინ, როცა საუკეთესო სკოლა გვაქვს, არაერთ კონკურსში გამარჯვებული და არაერთი მადლობა მიგვიღია. ვცდილობდი, მაგალითი მიმეცა სხვა პედაგოგებისათვის და სკოლა ყოფილიყო წარმატებული, ახლა არ ვიცი, რა ხდება, არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაკრავს.

 

იმდენად უსუსურია ჩვენი შეფასებები, რომ მოვითხოვ, დადგინდეს სიმართლე. ეს ქვეყანა ძალიან პატარაა და აქ ყველაფერი ჩანს, აქ საუბარია პედაგოგის ღირსების შელახვაზე და ამას ვერ შევეგუებით და ვიბრძოლებთ ღირსების აღსადგენად.

 

მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

 

- დღეს ჩვენ ქუთაისიდან ჩამოვედით 14 სკოლის წარმომადგენელი, განათლების მინისტრთან შესახვედრად. თუმცა, მინისტრი არ შეგვხვდა. 7 წელია, დირექტორი ვარ და ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ღირსების შემლახავია სერთიფიკატის მიუღებლობა.

 

აქ ლაპარაკი არ არის სკამსა და თანამდებობაზე, ლაპარაკია ზოგადად, სერთიფიცირებაზე. რატომ არ ვიმსახურებთ სერთიფიკატებს, ის მაინც ხომ უნდა აგვიხსნან? იქნებ, სულაც არ ვაპირებ დირექტორობას? ეს ღირსების საკითხია, უპირველესად.

 

თანაც, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გასაუბრებები ძალიან გაუმჭვირვალედ და ფაქტობრივად, დახურულად ჩატარდა, არც შეფასების არანაირი კრიტერიუმები არ ყოფილა ცნობილი.


მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ლია გიგაურთან შეხვედრის შემდეგ კი კიდევ უფრო გაწბილებულები და შეურაცხყოფილები გამოვედით. ჩაგვთვალეს ისეთ ადამიანებად, რომლებიც ჩაჭიდებული არიან მხოლოდ დირექტორის სკამებს. დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენი ღირსება მათ არ ანაღვლებთ. ვერ გაიგეს ჩვენი მოთხოვნა, ვერ ხვდებიან, რომ სერთიფიცირებაზე უარის თქმით ჩვენს სახელს და ღირსებას დაუმსახურებლად ადგება ჩრდილი. ჩვენ ვითხოვდით ობიექტურობას, საქმეების გადახედვას და არ ვითხოვდით აუცილებლად დირექტორის სკამებს!

 

გვეუბნებიან, ოქმები გამოითხოვეთ და გაასაჩივრეთო, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ გასაუბრებების ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, რა გარანტია გვაქვს, რომ ოქმები გაყალბებული არ არის?


სწორედ ამიტომ აწყობდათ დახურული გასაუბრება და გააკეთეს კიდეც. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, საქმის ყურში ჩავაყენებთ პრემიერ-მინისტრსაც და პარლამენტის ხელმძღვანელობასაც და კვლავ მოვითხოვთ გასაუბრების შედეგების გადახედვას.

 

გურანდა სირბილაძე, რუსთავის მე-17 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

- მე ვიცი რუსთავის სკოლების შესახებ, რომ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებული სკოლების დირექტორები, რომლებმაც სერთიფიცირების პირველ ეტაპზე მაღალი ქულები დაიმსახურეს, გასაუბრების შემდეგ სიებში ვერ მოხვდნენ. რუსთავიდან ასეთია 16 დირექტორი. ამ სკოლებს არაჩვეულებრივი შედეგები აქვთ როგორც ეროვნულ გამოცდებში, ასევე - ოლიმპიადებსა თუ სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში და არც სამინისტროდან არასოდეს არცერთი შენიშვნა არ მიუღიათ. მაშ, რა მოხდა ახლა? რატომ ვერ მივიღეთ სერთიფიკატები?

 

ქალბატონმა ლია გიგაურმა გვითხრა, გამოვითხოვოთ ოქმები და წერილობით წარმოვადგინოთ ჩვენი პრეტენზია.

 

უკვე დავწერეთ ოქმების გამოთხოვაზე განცხადებები. იმედია, მოგვცემენ. ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, საერთოდ, გასაუბრების კომისიის კომპეტენციას და ოფიციალურად ვითხოვთ ამ საკითხის გადახედვას.

 

 

აქციის მონაწილე სკოლის დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ ასევე განათლების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ლია გიგაურს.

 

 

ლია გიგაური: „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ საკითხებსა და პრეტენზიებზე, რაც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ. კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც კომისიის წევრების მიმართ აქვთ კონკრეტული პრეტენზია, შეუძლიათ, წერილობით მოგვმართონ და არგუმენტირებულად დაასაბუთონ, რატომ უცხადებენ კომისიის ამა თუ იმ წევრს პრეტენზიას. გასაჩივრების მსურველებმა კი საქალაქო სასამართლოში უნდა შეიტანონ სარჩელი. დირექტორთა სერტიფიცირების ახალი კონკურსი მარტში გამოცხადდება და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ დაიწყება დირექტორების შესარჩევი კონკურსი.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია