დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომაა ცუდი დაბალი თვითშეფასება
ავტორი: ქეთევან უგლავა
სულ ნანახია 6010
ავტორი:
ქეთევან უგლავა
მსგავსი სიახლეები

რატომაა ცუდი დაბალი თვითშეფასება

 

ძალიან მოკლედ და მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეფასებას, რომელსაც ვაკეთებთ საკუთარი თავის შესახებ, თვითშეფასება ეწოდება. თვითშეფასებას შეუძლია ძლიერი გავლენის მოხდენა აზრზე, გუნება-განწყობილებასა და ქცევაზე. დაბალი თვითშეფასების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს მსოფლიოში. იგი ქმნის ერთგვარ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ადამიანს წარმატებასა და წინსვლაში. ამ საკითხზე იშვიათად  საუბრობენ ღიად, თუმცა კი  მრავალი კითხვა შეიძლება ჰქონდეთ ამასთან დაკავშირებით.

 

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ნეგატიურად ფიქრობენ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე. არ  აქვთ საკუთარი თავის რწმენა, ეშინიათ სიახლეების და ცხოვრებისეული გამოწვევების. ხშირად ირჩევენ ირეალურ მიზნებს, ან საერთოდ უარს ამბობენ მათზე, განსხვავებით  მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ თავს ყოველთვის დადებითად აფასებენ, სჯერათ საკუთარი თავის, შეუძლიათ რთული სიტუაციიდან წარმატებით გამოსვლა, აქვთ ნათელი წარმოდგენა მათ პიროვნულ თვისებებზე.

 

დაბალი თვითშეფასების ორ ძირითად კატეგორიას გამოყოფენ: ნამდვილი და ფარული დაბალი თვითშეფასება. პირველ  შემთხვევაში ადამიანებს  ნამდვილად ეტყობათ, რომ არიან შებოჭილები, ეშინიათ შეფასებების, არიან  დაძაბულები. დაბალი ფარული თვითშეფასება კი, რომელიც, ძირითადად, დამახასიათებელია თინეიჯერებისთვის, განსაკუთრებით გამომწვევი და თავხედური საქციელის უკან იმალება.  ვლინდება ისეთ ქცევებში,  როგორიცაა: პირსინგის, ტატუს გაკეთება, თმების გამომწვევად შეღებვა, უცნაური ვარცხნილობა, ნარკოტიკების მიღება. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ხშირად მიმართავენ თვითუუნარობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეჭვი ეპარებათ ამოცანის შესრულების საკუთარ უნარში. ამ სტრატეგიის მიზანია, წარუმატებლობის შემთხვევაში, ჰქონდეთ გამზადებული საპატიო მიზეზი, რომელიც არ გულისხმობს უნარის ნაკლებობას (Higgins et al.H 1990* Jones & BerglasH 1978).

ასე რომ, თუ გეშინიათ იმის გაგება, იცით თუ არა ის, რაც საჭიროა მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარებისთვის, შეიძლება, მეცადინეობის ნაცვლად, მეგობრებთან გაატაროთ დრო. ამ გზით თქვენ თუ წარმატებას არ მიაღწევთ, შეგეძლებათ ამის მცირე ძალისხმევაზე გადაბრალება იმის გამოკვლევის გარეშე, გქონდათ თუ არა სინამდვილეში წარმატების მიღწევის უნარი (გერიგი. ზიმბარდო, გვ. 587). ეს სტრატეგია ერთგვარ თვითდაცვით სტრატეგიას წარმოადგენს, მაგრამ ამით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებთ იმის ნაცვლად, რომ გაიგოთ რეალურად რა შეგიძლიათ.

 

დაბალი თვითშეფასების ადამიანები არიან ძალიან წინდახედულები. სანამ გადადგამენ  ნაბიჯს, ბევრს ფიქრობენ. იმდენად ბევრს, რომ ბოლოს შეიძლება უარი თქვან და დაკარგონ რეალური შანსი წინსვლისა და წარმატებისა. ისინი თავის თავს უქმნიან წინაღობას არარეალური და ალოგიკური წარმოდგენებით, რის გამოც უჭირთ თვითპრეზენტაცია და სხვებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა. ასეთი ადამიანები წარმატებას ხშირად იღბალს მიაწერენ, ხოლო წარუმატებლობის მიზეზს ყოველთვის  საკუთარ თავში ეძებენ, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს მათ თვითშეფასებას.

 

შეუძლებელია, დაბალი თვითშეფასება სიკეთის მომტანი იყოს  ადამიანისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ გზების ძიება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია თვითშეფასების ამაღლება. ფსიქოლოგების რჩევების დახმარებითაც შესაძლებელია, მოვახდინოთ საკუთარი თავის უკეთ რეალიზება სამყაროში... სოფელი ერთ დღეში ვის აუშენებია? ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, დიდ თავდადებას მოითხოვს, თუმცა საკითხისადმი სერიოზული მიდგომის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია თვითშეფასების ამაღლება და ნათელი „მე“ კონცეფციის ჩამოყალიბება. ეს კი მომავალში მრავალი წარმატებისა და წინსვლის გარანტიაა.

 

 

 

***

 

გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში: ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, ერთ კონკრეტულ სიტუაციაში განცდილი მარცხი არ ნიშნავს, რომ სხვა დროსაც, თუნდაც იმავე სიტუაციაში, იმავე მარცხს განიცდით. დროა, შეწყვიტოთ ასეთი სტერეოტიპული აზროვნება და თვალი  გაუსწოროთ რეალობას. თუ ყველაფერი ძალიან კარად არ გამოგდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდები ან უსუსურები ხართ, ყველაფერში პრობლემებს და ნეგატიურ მოვლენებს ნუ დაინახავთ, საკუთარი მიღწევები სათანადოდ  შეაფასეთ და ხაზი გაუსვით თქვენს თითოეულ წარმატებულ  ნაბიჯს. დასახულ მიზნებს უნდა შეხედოთ ოპტიმიზმით და არ თქვათ უარი ბოლო წამს. უნდა გააანალიზოთ, რომ ცხოვრებაში ყველა უშვებს ერთხელ მაინც შეცდომას და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. საჭიროა, სწორად შეარჩიოთ მიზნები. საწყის ეტაპზე უნდა დაისახოთ ადვილად მიღწევადი მიზნები  და წაახალისოთ საკუთარი თავი მათი განხორციელების შედეგად, რაც დაგიცავთ დაბალი თვითშეფასების განცდისგან. 

 

თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისი ბუნებით და დასაფასებელია  იმ  უნარების გამო, რომელიც მას აქვს. მთავარია, მოვძებნოთ მათი რეალიზებისათვის ხელსაყრელი გარემო და დრო. ჰარმონიული და ბედნიერი გრძნობების განცდისთვის აუცილებელია, ხაზი გავუსვათ ჩვენს  ძლიერ და დადებით მხარეებს და მათში ვიპოვოთ საკუთარი თავი.

 

ახლა თქვენი გადასაწყვეტია, გაბედავთ და გადალახავთ ამ ბარიერს, თუ კვლავ დარჩებით მის მორევში, სადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არასრულფასოვნების გრძნობა გექნებათ იმის გამო, რომ ეს ერთხელ არ გააკეთეთ!

 

 

 

***

 

გაინტერესებთ თქვენი თვითშეფასება?

 

გთავაზობთ კითხვარს. კითხვებზე პასუხის გაცემისას მიუთითეთ, რამდენად ხშირად ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში: 0-ქულა - არასდროს, 1 ქულა - იშვიათად, 2 ქულა - ზოგჯერ, 3 ქულა - ხშირად, 4 ქულა - ძალიან ხშირად.

 

მიღებული ქულები დააჯამეთ. კითხვარის ბოლოს გთავაზობთ, როგორ გამოთვალოთ თქვენი თვითშეფასების დონე.  გირჩევთ, ჯერ არ წაიკითხოთ,  რათა საბოლოო პასუხი არ გამოვიდეს ხელოვნური და არ მოატყუოთ საკუთარი თავი.

 

1. ხშირად ვღელავ ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

 

2. ძალიან მჭირდება ახლობლების მხრიდან მუდმივი გამხნევება.

 

3. მეშინია, გამოვჩნდე სულელად.

 

4. ვღელავ ჩემს მომავალზე.

 

5. სხვა ადამიანები გარეგნულად გაცილებით უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე მე.

 

6. ძალიან მაღელვებს, რომ ბევრს არ ესმის ჩემი.

 

7. ვგრძნობ, რომ არ მეხერხება ადამიანებთან სწორი ურთიერთობა.

 

8. ადამიანები ჩემგან ძალიან ბევრს მოითხოვენ.

 

9. თავს შეზღუდულად ვგრძნობ.

 

10. მეჩვენება, თითქოს რაღაც უსიამოვნება უნდა შემემთხვას.

 

11. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა აზრი.

 

12. ვგრძნობ, რომ ადამიანები ჩემ შესახებ  ზურგს უკან საუბრობენ.

 

13. თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ.

 

14. არავინ მყავს გვერდით ისეთი, ვისაც შემიძლია, ჩემი აზრები გავუზიარო.

 

15. ადამიანები მაინც და მაინც არ ინტერესდებიან ჩემი მიღწევებით.

 

 

10 ქულაზე მეტი - ზედმეტად მაღალი თვითშეფასება გაქვთ. დროა, გათავისუფლდეთ იმგვარი შეფასებებისგან, რომ გარშემომყოფთა შორის ყველაზე აღმატებული ხართ. ღრმად ჩაიხედეთ თქვენს თავში და გააანალიზეთ, რომ მხოლოდ თქვენ არ ხართ სამყაროში.

 

10-30 ქულა - თქვენი თავის შეფასება  ადეკვატურია, რაც თქვენს ფსიქოლოგიურ სიმწიფეზე მოწმობს და მჟღავნდება თვითგამოხატვის ადეკვატურობაში. თქვენ მიერ დასახული მიზნები არის ადეკვატური და გაქვთ ძალა, აკეთოთ სერიოზული საქმეები.

 

30 ქულაზე მეტი - თქვენი თვითშეფასება არის დაბალი. არ გაქვთ საკუთარი თავის რწმენა. თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებში არ ხართ დარწმუნებული, თავს უფრო ნეგატიურად აფასებთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ, თუმცა თქვენ გაქვთ შანსი გათავისუფლდეთ ამგვარი გრძნობებისგან და ირწმუნოთ საკუთარი თავის.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია