დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცრურწმენებს მეგობრობით დაამარცხებთ!
ცრურწმენებს მეგობრობით დაამარცხებთ!
სულ ნანახია 1759
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ადამიანისათვის დამახასიათებელი ყველა სისუსტიდან არცერთს არ გააჩნია ისეთი დამანგრეველი ძალა, როგორც ადამიანის ღირსებისა და სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინასწარ შექმნილ ცრურწმენებს. ცრურწმენის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ დამახინჯებულია სოციალური რეალობა. ადამიანის გონებაში შექმნილია სიტუაცია, რომელსაც შეუძლია, დაამციროს და გაანადგუროს სხვა ადამიანების ცხოვრება.

 

ცრურწმენა წინასწარ დასწავლილი დამოკიდებულებაა სამიზნე ობიექტის მიმართ, რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებსა და შეხედულებებს, რომლებიც ამართლებენ არსებულ დამოკიდებულებებსა და ქცევით განზრახვებს. ცრურწმენები გარკვეული ფილტრის როლს ასრულებენ, რომელიც ყოველთვის მიჯნავს ადამიანებს სხვა ადამიანებისაგან.

 

ცრურწმენის ერთ-ერთ საწყისი შეიძლება ის სიმარტოვე იყოს, რომელიც ადამიანებს უარყოფითად განაწყობს უცხო ადამიანებისადმი. ცრურწმენებმა ადვილად შეიძლება მიგვიყვანოს რასიზმამდე - ადამიანის დისკრიმინაციის ფორმამდე, რომელიც დაფუძნებულია კანის ფერზე ან ეთნიკურ წარმოშობაზე და სექსიზმამდე - ადამიანის დისკრიმინაციის ფორმამდე, რომელიც დაფუძნებულია სქესობრივ ნიშანზე.

ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ ცრურწმენებისადმი დაქვემდებარებულობის მაღალი ხარისხი, უფრო მეტად მსჯელობენ იმის შესახებ, ადამიანებიდან ვინ რომელ კატეგორიას ეკუთვნის. ისინი, ვისაც ცრურწმენები არ აქვთ, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ადამიანებს შორის განსხვავებებს.

 

ცრურწმენების გავლენის ასახსნელად ყოველდღიურ ცხოვრებაზე საჭიროა სტერეოტიპების არსებობის ახსნა. სტერეოტიპები წარმოადგენენ ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებულ განზოგადებებს, რომლებიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელ ჯგუფს.

 

შეიძლება, დარწმუნებული იყოთ, რომ არ გახასიათებთ ცრურწმენები, თუმცა, სავარაუდოა, რომ თქვენც გაქვთ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. ამ სტერეოტიპების ცოდნამ, შესაძლოა, არაცნობიერ დონეზე მათი გამოყენებისაკენ გიბიძგოთ. იმ ადამიანებმაც კი, რომელთა შეხედულებებიც თავისუფალია ცრურწმენებისაგან, შესაძლოა, მაინც განახორციელონ ავტომატური აქტები, რომლებიც წარსულ და აწმყო გარემოცვის მრავალი წყაროდან მიღებულ გაუცნობიერებელ ცრურწმენებს გულისხმობენ. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცრურწმენის შექმნა ადვილია, დაძლევა კი ძნელი, თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს.

 

ცრურწმენების დასაძლევად წახალისებულ უნდა იქნეს ადამიანების ერთმანეთზე დამოკიდებულება და საერთო მიზნები. ადამიანები სოციალურ სამუშაოს ორ ჯგუფად ყოფენ: შიდა და გარე ჯგუფებად. შიდა ჯგუფებთან ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, გარე ჯგუფებთან კი - არა. აღმოჩნდა, რომ გარე ჯგუფის წევრთან მეგობრობას ცრურწმენების გაქრობამდე მივყავართ. მეგობრობა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მეტი გაიგონ გარე ჯგუფის წევრების შესახებ და მათთან იდენტიფიკაციაც კი მოახდინონ. ამ შემთხვევაში, მეგობრობა ეფექტური ხერხია. როცა ადამიანები მეტს იგებენ გარე ჯგუფის ნორმებისა და ჩვეულებების შესახებ, ისინი ნაკლებ „პროვინციულები“ ხდებიან საკუთარ შიდა ჯგუფებში მიმდინარე პროცესების კორექტულობასთან მიმართებაშიც.

 

მინიმალური მანიშნებელიც კი საკმარისია მავნე ტენდენციის ჩამოყალიბებისათვის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია, თუნდაც ისეთი მარტივი ფორმით, როგორც მეგობრობაა.

 

ბაია კუბლაშვილი

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიის მიმართულების II კურსის სტუდენტი  

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია