დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გვჭირდება თუ არა ხუდონჰესი?
გვჭირდება თუ არა ხუდონჰესი?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 2179
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

ხუდონჰესის აშენების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ადგილობრივ მოსახლეობასა და ინვესტორ კომპანიას შორის შეთანხმება ჯერ კიდევ შედგა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სვანები ხუდონჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან.

 

„ხაიშელები უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან“ - განაცხადა ენერგეტიკოსმა მირონ ფირცხელანმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ დისკუსიაზე.

 

„მე იქ გახლდით, დილას ჩამოვედი სვანეთიდან. გუშინ გამართულ შეკრებაზე სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. საქმე კინაღამ სისხლისღვრამდე მივიდა - თემების დაპირისპირებამდეა მისული. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ შეკრებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს,“ - განაცხადა მირონ   ფირცხელანმა.   სასტუმრო    „თბილისი    მერიოტში“ ენერგეტიკოსები, ეკონომისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხუდონჰესის აშენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობდნენ.

 

ხუდონჰესის თემამ დაპირისპირება გამოიწვია სახალხო დამცველსა და ენერგეტიკის მინისტრს შორის. სახალხო დამცველს, ხაიშის მოსახლეობის წარმომადგენლებმა, საკუთარი უფლებების დაცვის თხოვნით,  რამდენიმე თვის წინ მიმართეს განცხადებით. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი უკვე რამდენიმე თვეა სწავლობს აღნიშნულ განცხადებას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებს მიმდინარე პროცესებზე. დეტალურ ანგარიშს კი უჩა ნანუაშვილი საზოგადოებას მარტში წარუდგენს.

 

 „ქართული საზოგადოებისთვის ცხადია, რომ, ერთი მხრივ, სვანეთის საზოგადოებისა და ხაიშის თემის, ხოლო მეორე მხრივ, ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორი კომპანიის  პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს რადიკალიზაციის პროცესი უფრო და უფრო ღრმავდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის საკითხი ადამიანის უფლებების სრული დაცვითა და მხარეთა შორის კონსტრუქციული დიალოგით უნდა გადაწყდეს. სახალხო დამცველის შეფასებით ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორი კომპანიის (ტრანსელექტრიკ ჯორჯიას) უარი ხაიშის თემისა და სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მოლაპარაკებაზე ხელს შეუშლის წარმოქმნილი ვითარების განმუხტვასა და პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვას“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

ენერგეტიკის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისის განცხადებებს მაშინვე გამოეხმაურა და ომბუდსმენი ენერგეტიკის სამინისტროს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

 

„სამწუხაროდ, ბოლო აღარ უჩანს სახალხო დამცველის მხრიდან ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის სამინისტროს დისკრედიტაციის  მცდელობას. გულისტკივილით აღვნიშნავთ ბოლო პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროს დაუმსახურებელ კრიტიკას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის - „ხუდონჰესის“ ირგვლივ, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და მას დაემატა სამინისტროს დადანაშაულება ამ საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე უარის თქმაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

უჩა ნანუაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა თავად ენერგეტიკის მინისტრმაც.  კახა კალაძის განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება სახალხო დამცველის ის ბრალდება, რომ  თითქოს ენერგეტიკის სამინისტრო და ინვესტორი კომპანია ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრას თავს არიდებს.

 

„ყოველთვის, როდესაც გვაქვს საშუალება და მე მიხდება ტელევიზიით გამოსვლა, ვცდილობ, მარტივად ავუხსნა საზოგადოებას თუ რა მნიშვნელობა აქვს ხუდონის პროექტს,“ - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში კახა კალაძემ  და  დასძინა: „ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან. ძალიან ხშირია განცხადებები, თითქოს სამინისტრომ და ინვესტორმა უარი განაცხადეს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ეს არის სიცრუე, სრული პასუხისმგებლობით მინდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით განცხადება.“ ენერგეტიკის მინისტრი უახლოეს მომავალში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას აპირებს:


„რაც შეეხება საბოლოო პაკეტს, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ უნდა გავაცნოთ, თუ რა იქნება თანხა იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების განსახლება. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ აი, მივცეთ ამ ადამიანებს რაღაც გარკვეული დიდი ანაზღაურება და წავიდნენ და სვანეთი დატოვონ. პირიქით, ჩვენ ვეუბნებით, რომ იქვე გამოინახება ტერიტორია, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ იქვე შეგვეძლება ერთი პატარა სოფელი ავაშენოთ, ხაიშში, რომელიც ინფრასტრუქტურულად ძალიან გამართული და ყველანაირად მოწყობილი იქნება. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ პროექტის განხორციელებაში მიიღოს მონაწილეობა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მათ ექნებათ მუდმივი სამუშაო ადგილები.

 

„ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკური, ისე ენერგოდამოუკიდებლობის ზრდის თვალსაზრისით“ -  აცხადებს „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტზე ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სწორი აქცენტი გაკეთდეს და მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიცია საქართველოს ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში, რომელიც 1 200 000 000 დოლარის ინვესტიციას მოიცავს. საჭიროა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთოს ამ პროექტის განხილვაში.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია